როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
თოროზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა.
არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში.
1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.
მოგვიანებით, თოროზაშვილები რუსული გაფორმებით თოროზოვებად ჩაუწერიათ.
საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8 არიან სხვაგანაც.
ბაბულაშვილი
ფუძით ბაბულა დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.
ქაისხევის (ქისისხევი) მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც, მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს დაუდევთ საფუძველი ბაბულაშვილების გვარისთვის.
ქაისხევიდან დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთსა და მთისწინეთიდან ბარში გადასახლების გზა.
ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი იყო წმიდა კვირიკე.
1781 წელს ქაისხევში მკვიდრობდნენ: „ბოგანო ბაბულაშვილი, პატარკაცი“.
1873 წლის კამერული აღწერის მასალებში ბაბულაშვილები (ხუთი ოჯახი) ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლებად არიან დასახელებულნი.
საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.
ქუჩულორია
ვარაუდით, რთულფუძიანი გვარია. ქუჩულორი შედგება ორი კომპონენტის, კერძოდ, საკუთარი სახელებისგან – ქუჩუ და ლორი.
ქუჩულორია იშვიათად გვხვდება ქუჩულიას ფორმითაც.
საქუჩლორიო უბანია ფოცხოში. ნაქუჩოლორი კი ტყე – ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოეში. ნაქუჩულუ ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).
წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.
მეორე ვარიანტით, გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს, ზმნის მიმღეობა – ქუჩულორი, ანუ „აყვავებული“, „აღმოცენებული“– მიჩნეულია მეტსახელად.
მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.
საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ჭარელიძე-ჭარელი
ფუძით ჭარი ნაწარმოებია ქართული გვარები: ჭარელაშვილი, ჭარელი, ჭარელიშვილი, ჭარელიძე.
ჭარელების სოფელია შქმერი, ონის რაიონი. მეცნიერები მხარს უჭერენ ვერსიას, რომ გვარი ნაწარმოებია ტოპონიმიდან ჭარა, საიდანაც უნდა იყოს ნაწარმოები ჭარელი და ჭარელიძე. შესაძლოა, ჭარა ძირეული საკუთარი სახელის კნინობითი ფორმაც იყოს. ილია მაისურაძე წერს, რომ „დღევანდელი საინგილო ძველად ჭარ-ბელაქნად, ანუ, კაკენისელად იწოდებოდა“.
ჭარელიძეები მოიხსენიებიან სორის ტაძრის სოფლისა და სამლოცველოს წარწერაში მეთოთხმეტე საუკუნეში, როგორც რაჭის ერისთავები.
სადაურობის მწარმოებელ ელ სუფიქსით ნაწარმოებ გვარებს შორის, ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე ასახელებს გვარებს: ჭარელიძე, ჭარელიშვილი.
საქართველოში 46 ჭარელიძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 21, თბილისში – 10, ახმეტაში – 9. არიან სხვაგანაც.
49 ჭარელი: თბილისში – 32, ონში – 5, ბორჯომში – 4, არიან სხვაგანაც.
გოგაშვილი
გოგაშვილი არცთუ გავრცელებული გვარია. ის უმეტესად გვხვდება თბილისში, გურჯაანსა და სიღნაღში.
ილია მაისურაძის „ქართული გვარ-სახელების“ მიხედვით, გოგაშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – გოგა.
ეს გვარი მოხსენიებულია „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“, რომლის მიხედვითაც, „გოგაშვილი თევდორა – ერტისს მცხოვრები, ნაზარალიხანმა, იოვანე კათალიკოსთან ერთად, მისი წყალობა განუახლა ამილბარ მაღალაძეს“ (1700 წელი).
საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში – 123, სიღნაღში – 86. არიან სხვაგანაც.
ნერსეზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნერსე. ამ სახელით ბევრი პიროვნებაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში.
საკუთარი სახელი ნერსო, ნერსუა გავრცელებულია სომხებშიც. მისგან კი მიღებულია გვარი ნერსესიანი.
გვხვდება გვარი ნერსეზოვიც, რომელიც რუსული გაფორმებით ასე ჩაუწერიათ. ამ გვარის წარმომადგენლები სინამდვილეში ნერსეზიშვილები არიან, ქართველები.
საქართველოში 186 ნერსეზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, თელავში – 29, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
ათუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ათუა.
ათუა მოიხსენიება 1781 წელს, ზურაბ თუმანიშვილის მიერ გიორგი ბატონიშვილის სახელზე გაცემულ არზაში.
1831 წელს, თონეთში, ესტატე თავსუბუქმა ჯვარი დაიწერა ბერუა ათუაშვილის ასულ მარიამზე.
საქართველოში 285 ათუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 71, გურჯაანში – 53, საგარეჯოში – 49. არიან სხვაგანაც.
ბაზიერაშვილი
გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ბაზიერი, რაც ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ მწვრთნელსა და ყურისმგდებელს ნიშნავს.
1721 წლის აღწერაში მოხსენიებულია ყაფლანიშვილების მემამულე – გიორგი ბაზიერაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სოფელ ქციაში.
საქართველოში 108 ბაზიერაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, თბილისში – 29, გურჯაანში – 5.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით