რა საფრთხეს უქმნის ადამიანს საიტებზე გამომზეურებული ფოტოები და შესაძლებელია თუ არა ამ გზით გათვალვა და წარმატების დაბლოკვა
ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს, ის ადვილად ხვდება, გარშემო რა ხდება, საიდან ელის საფრთხე, როგორ მიაღწიოს წარმატებას, საით გადადგას ნაბიჯი, რომ გაუმართლოს და ასე შემდეგ; ბევრი კი ბედზეა მინდობილი, ყოველდღიური ცხოვრებით კმაყოფილდება და არც წინ იხედება და არც იმას დარდობს, რა მოხდება ხვალ. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნაირა ამბობს, თუ ფხიზელი თვალით შეხედავ გარემოს, ადვილად დაინახავ, რა გელის, როგორ უნდა იმოქმედო, რისგან დაიცვა თავიც და საკუთარი ახლობლებიც.
ნაირა: მიყვარს დაკვირვებული ადამიანები, რომლებიც, კონკრეტულ ნაბიჯს გააზრებულად დგამენ და, შესაბამისად, პრობლემებსაც ადვილად არიდებენ თავს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისე ვერავინ გიბოროტებს და გავნებს, როგორც საკუთარი თავი. ამ სიტყვებში უდიდესი სიმართლეა. ბევრი მეკითხება, მომავლის განჭვრეტა რთულია და ამას ვერავინ შეძლებს, მაგრამ, როგორ დავგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და თითოეული ნაბიჯი, რომ მომავალში წარმატებულები და ბედნიერები ვიყოთო. როგორ და, ცოტა გამოცდილ ხალხსაც უნდა დაუჯეროთ, ბატონო, ცოტა საკუთარ ინტუიციას ენდოთ, ცოტაც პარაფსიქოლოგიური რჩევები გაითვალისწინოთ და, რაც მთავარია, უანგაროდ აკეთოთ ბევრი სიკეთე – ეს არის ჩემი პასუხი.
– დღეს საიტებზე უამრავ ფოტოს დებენ და მათი ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პირად საუბარში აღნიშნეთ, ეს ძალიან სახიფათოა ადამიანისთვისო. რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, იქნებ, კონკრეტულად განმარტოთ?
– დიახ, დღეს მოდაშია სხვადასხვა პოზაში გადაღებული, საკუთარი ფოტოების ინტერნეტით გამომზეურება. ისინი, შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა ნახოს და შეაფასოს, რაც ძალიან საშიშია. მას, შესაძლოა, ისეთი თვალი მოხვდეს, რომელიც ცხოვრებაში ხელს მოგიცარავთ, უკან დაგხევთ და წარუმატებლობისკენ გიბიძგებთ. ბავშვების სურათების საიტებზე დადებას კი საერთოდ გიკრძალავთ, თუ თქვენი შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა გსურთ. საერთოდ, ფოტოსურათი ძალიან სათუთი რამაა. ის უბრალო გამოსახულება ნუ გგონიათ, მასზე მთელი თქვენი განცდა, აურა და ხასიათიც კი გადადის და, შემდგომ, შესაძლოა, ის თქვენი ცხოვრების წინასწარმეტყველიც კი გახდეს. საოჯახო ალბომი, რომელიც ყველა სახლში ინახება, უამრავ სახესა და ისტორიას ინახავს, გვახსენებს ბედნიერ დღეებს, წუთებსა და წამებს, ზოგი მათგანი კი სევდასაც გვგვრის. ის, რასაც თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, სურათზე ვერ ამჩნევთ, პარაფსიქოლოგების თვალთახედვას არ ეპარება – მათი დაკვირვებული თვალი ყველაფერს ხედავს და ამჩნევს. ვაკვირდები უცნობი ადამიანების ფოტოებს და უამრავ საიდუმლოს მიმხელენ ისინი – ყოველი მათგანი თითოეული ადამიანის ენერგეტიკული ასლია. ფოტო იჭერს და აფიქსირებს კიდეც პარალელურ განზომილებებს გადაღების მომენტში და შემდეგ მას ფოტოზე მინიშნებების სახით აღბეჭდავს.
– ამ მინიშნებების ფოტოსურათზე ამოკითხვა ჩვენც შეგვიძლია?
– რასაკვირველია, შეგიძლიათ, თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ. ეს მინიშნებები ლაქებისა და უცნაური ფორმების სახით ჩნდება დაბეჭდილ სურათზე. ასეთი ბევრი მინახავს მობილური ტელეფონით გადაღებულ სურათებზეც და, მას, როგორც წესი, მისი პატრონი ყურადღებას არ აქცევს – ჰგონია, გადაღების დეფექტია, მაგრამ, ცდება. ეს სერიოზული მინიშნებებია, ოღონდ, მისი ამოკითხვა და გაშიფვრა უნდა შეგეძლოს, მაგალითად, რომელ კუთხეშია, რომელი ადამიანის თავზე, სხეულზე, ან სიახლოვესაა და რომელი მხრიდან. როგორც გითხარით, ფოტოზე აღბეჭდილი უცნაური გამოსახულებები და ლაქები სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას ასახავს. ფირი ხანდახან თვალით უხილავ სამყაროს აფიქსირებს. მეცნიერები, ეზოთერიკოსებთან და პარაფსიქოლოგებთან ერთად, უკვე წლებია, ამ საკითხით დაინტერესდნენ და იკვლევენ არაერთ მსგავს შემთხვევას. მართალია, ჯერჯერობით დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან, ახალ-ახალი ფაქტები და მოვლენები ყოველდღიურად ხდება. დაკვირვებები არ დასრულებულა, გეტყვით, რომ, ერთი საკითხია – დაკვირვება ფოტოზე, მეორეა გააზრება და დაჯერება და მესამეა – ახდენა. თინეიჯერი გოგონა მყავს, ნანა. ამ ზაფხულს თანაკლასელთან ერთად იყო დასასვენებლად წასული სოფელში. მისი თანაკლასელის ბებია კახეთის ერთ-ერთი რაიონიდანაა, კარგად ვიცნობ ამ გოგონას ოჯახს და, ისე გავუშვი, არც მინერვიულია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად დაისვენეს ბავშვებმა და ორ კვირაში ჩამოვიდნენ. ჩემი გოგონა მიყვებოდა, როგორი დრო გაატარა, სად დადიოდა, რას აკეთებდა, ვინ გაიცნო. მეც ვუსმენდი. ამ მოყოლის დროს, თან მობილურით გადაღებულ სურათებს მაჩვენებდა. უცებ, ერთ-ერთ სურათზე, მისი მეგობრის თავზე, შევნიშნე პატარა შავი ბურთულა. არ მესიამოვნა. დავაკვირდი და მივხვდი, რაღაც პრობლემასთან მქონდა საქმე. ვთხოვე ჩემს გოგონას, ეს სურათი დაბეჭდე და მომიტანე-მეთქი. მეორე დღესვე დაბეჭდა. დავაკვირდი და მივხვდი, რომ მის მეგობარს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ჩემს გოგონას ვკითხე, ანასტასია თავს ხომ არ იტკიებდა-მეთქი. მიპასუხა, თავსაც იტკიებდა და დროდადრო ცხვირიდან სისხლიც წასკდებოდა ხოლმეო. არ მითქვამს ნანასთვის, ფოტოზე არ მომეწონა შენი მეგობრის მომავალი-მეთქი, მაგრამ, თავად მიხვდა, ისეთი გამომეტყველება მქონდა. მკითხა კიდეც, რატომ დამაბეჭდინე ეს სურათიო, მაგრამ არაფერი მითქვამს. ზუსტად ერთი თვის წინ ნანა ატირებული მოვიდა, ანასტასია დღეს სკოლაში არ მოვიდა, საავადმყოფოში დააწვინეს, ძალიან ცუდად არის, თავში პრობლემები აქვსო. მართლაც, სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და, ღმერთის იმედით, მკურნალობა დაიწყეს. ეს ხომ მე არ მომიგონია? ფაქტი მოგიყევით, ანუ ის, რაც ფოტომ აღბეჭდა ლაქად, წინასწარმეტყველების ნიშნად.
– ზოგი პარაფსიქოლოგი სურათის საშუალებით ბევრ რამეს იგებს უცნობ ადამიანზე. ეს როგორ ხდება?
– ეს, რასაკვირველია შესაძლებელია. ზოგს მიაჩნია, რომ ფოტო, უბრალოდ, ფირზე, მობილურზე ან ქაღალდზე აღბეჭდილი გამოსახულებაა და სხვა არაფერი; არადა, რეალურად ის ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანის ენერგეტიკული ასლია და მასთან ურთიერთობა ლამის ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობის ტოლფასია. გირჩევთ, ფრთხილად მოექცეთ მას. ნურც არასასიამოვნო და შურიან ადამიანს ჩაუგდებთ თქვენს ფოტოს ხელში და ნურც უცხოსთან ერთად გადაიღებთ სურათს; ასევე, მოერიდეთ მის დახევას, დაწვასა და დაჭრას – ამას, შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს. თან შესაძლოა, გადაგდებულ ფოტოს თქვენი ბედიც გააყოლოთ; დაჭრილ ფოტოსთან ერთად თქვენი ბედნიერებაც შეამოკლოთ, სურათის დაწვით კი პირად ცხოვრებაში შეიქმნათ პრობლემა. ამ საქციელით, საყვარელი ადამიანების დაკარგვაც არ არის გამორიცხული. დავხედავ თუ არა ფოტოს, მაშინვე ვხვდები, ადამიანი ცოცხალია თუ გარდაცვლილი. ცოცხალი ადამიანის აურა თბილია, გარდაცვლილის კი – ცივი. ხელს რომ მოვატარებ სურათს, თუ იქიდან სითბოს ვგრძნობ, ესე იგი ცოცხალია, თუ სიცივეს – გარდაცვლილი. ერთი ქალი მაკითხავდა წლების წინ და შვილის ფოტო მოჰქონდა. რომ ვეკითხებოდი, რა პრობლემა გაწუხებთ-მეთქი, ხმას არ იღებდა, მარტო იმას მეუბნებოდა, თუ მაგარი ხარ, თავად მიხვდიო. არადა, სურათებზე მის შვილს შუბლზე რაღაც უცნაური წერტილები აჩნდა. ერთ ფოტოს ხელს რომ გადავატარებდი, სითბო მოდიოდა, მეორიდან კი – სიცივე. დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბოლოს ვუთხარი, ქალბატონო, დავიბენი, ერთი სურათი სხვა რამეზე მეტყველებს, მეორე კი სხვაზე და ვერაფერს გეტყვით-მეთქი. გამომიტყდა, ჩხუბში დაჭრეს, უკვე თვეებია, აპარატზეა შეერთებული და, მაინტერესებს, გადარჩება თუ არაო. როგორც მივხვდი, ის ბიჭი არც ცოცხლებში იყო და არც გარდაცვლილებში, თუმცა, ფოტოებზე აღბეჭდილი წერტილებით მივხვდი, რომ, სამწუხაროდ, დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ზოგჯერ სურათზე ისეთი ენერგეტიკული სუბსტანცია ჩნდება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი თვალით ვერ აღიქვამს; ასევეა ლაქებიც, რომლებიც ხანდახან რაღაც უჩვეულო ფორმას იღებს და ისე აღიბეჭდება ფოტოსურათზე. სხვათა შორის, მობილურით გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე თავად მაქვს ნანახი უცნაური დიდი შავი ლაქა, თუმცა, რატომღაც, ჩავთვალე, რომ ეს ცუდი გადაღების ბრალი იყო. ტელეფონის პატრონი კი ამტკიცებდა, რომ ფოტო არაერთხელ გადაიღო და ეს ლაქა ყველა გადაღებისას აღიბეჭდებოდა, თანაც, უცნაური ფორმა ჰქონდა. ფაქტია, ლაქა, ისევე, როგორც სუბსტანციები, ენერგეტიკული წარმონაქმნია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ადამიანის თვალისთვის უხილავ სპექტრში არსებობს. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, გადაინაცვლებს ხოლმე იმ სპექტრში, რომლის დაფიქსირებაც მობილურ ტელეფონს შეუძლია.