კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააარსეს ერაყის ქურთისტანში ერაყის მმართველის, ქართველი სულეიმან ფაშას სახელობის ქალაქი

ქართველ მამლუქ მმართველთა დინასტიის ჩამომყალიბებელი ერაყში იყო სულეიმან ფაშა დიდი. თუ როგორ მოხვდა იგი იქ, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში და რომელ ენაზე ლაპარაკობდა თანამებრძოლებთან, ამაზე ჩვენს სტატიაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ირაკლი თოფურიძის მასალებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ.

საქართველოს ისტორიის მეთხუთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები გამოირჩევა ისეთი მოვლენით, რომელსაც „ტყვის სყიდვა” ეწოდება. ტყვის სყიდვას მიმართავდნენ როგორც უცხოტომელი მარბიელები, ასევე, გაკოტრების პირას მდგარი ქართველი თავად-აზნაურები, რომლებიც თავიანთი ყმების მცირეწლოვან შვილებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ყიდიდნენ ახლო აღმოსავლეთის მონათა ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ტყვის სყიდვა ქართულ სამეფო-სამთავროებში დასჯად ქმედებად ითვლებოდა, არ მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებ, რომ რომელიმე ქართველი თავადი ან აზნაური რაიმე სახის პასუხისმგებლობის წინაშე დამდგარიყო ამის გამო. შედეგად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მომრავლდნენ ქართული ელემენტები, რომლებმაც შემდგომში სამკმაოდ დიდი როლი ითამაშეს ამ რეგიონის პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაში. ერთ-ერთი ამ ტყვეთაგანი იყო სულეიმან ფაშა.

რაც შეეხება მის ქართულ წარმოშობას. არაბული ისტორიული წყაროები და არაბული კვლევითი ლიტერატურა პირდაპირ მიუთითებს, რომ სულეიმანი ქართველი იყო. მისი შემდგომი მოღვაწეობა ლოგიკურად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მოსაზრება გავიზიაროთ, რადგან, ერაყის მმართველი დიდი რაოდენობით ყიდულობდა მონათა ბაზარზე მოხვედრილ ქართველ ბავშვებს, რისთვისაც საფაშოს ბიუჯეტში სპეციალური სახსრები იყო გამოყოფილი. 

სულეიმანი სულ 5-6 წლის იქნებოდა, როდესაც კახეთში შემოსულმა ლეკთა მარბიელმა რაზმმა მოიტაცა, რის შემდეგაც პატარა ბიჭი სტამბულის მონათა ბაზარზე ხვდება. იქ მას ერთ-ერთი ბაღდადელი ვაჭარი ყიდულობს და ბაღდადში ჩაჰყავს. ამ პერიოდში ბაღდადის მმართველი არის მამლუქი სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა, რომელსაც ბაღდადელი ვაჭარი ამ პატარა ქართველს ძღვენის სახით მიართმევს. სულეიმან ფაშა აბუ-ლაილა, როგორც ყოფილი მამლუქი, პატარა ქართველს მამლუქთა სკოლაში მიაბარებს, სადაც, სამხედრო დისციპლინების გარდა ისწავლებოდა არაბული, ოსმალური და სპარსული ენები, ყურანი, შარიათი, მათემატიკა და ასტრონომია. ამგვარად, პატარა ქართველი სულეიმან ფაშა „აბუ-ლაილას მონა“ ანუ მამლუქი ხდება. „მამლუქი” ხომ არაბულად „თეთრ მონას” ნიშნავს. 

რა თქმა უნდა, სულეიმანმა ისლამი მიიღო და დიდი ნიჭი გამოიჩინა ყველა იმ დისციპლინაში, რომელსაც ასწავლიდნენ, რის შედეგადაც მისმა პატრონმა იგი მონობიდან, ანუ მამლუქობიდან გაათავისუფლა და ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა თავის კანცელარიაში. ამის შემდეგ სულეიმანი სამხრეთ ერაყის დედაქალაქ ბასრაში მიემგზავრება და იქ ჯერ ბასრის გამგებლის მოადგილედ, ხოლო შემდეგ გამგებლად იწყებს მსახურებას, სადაც მას სულეიმან აღად მოიხსენიებენ.

სულეიმან აღას სახელთანაა დაკავშირებული ქალაქ ბასრის დაცვა ირანის შემოტევისგან, როდესაც ქალაქი 13 თვის განმავლობაში იყო ალყაში. საბოლოოდ სულეიმანი დანებდა მტერს და ქალაქი ჩააბარა, რის შედეგადაც ირანელების ტყვეობაში აღმოჩნდა. თუმცა, ირანში დატრიალებულმა შიდა არეულობამ აიძულა ისინი, გაეთავისუფლებინათ სულეიმანი და დაეტოვებინათ ქალაქი, რის შემდეგაც სულეიმან აღა ბრუნდება ბასრაში თავის თანამდებობაზე და ორი თვის თავზე, 1780 წელს, პრეტენზიას აცხადებს უკვე მთელი ერაყის გამგებლის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტამბულში სულეიმან აღას პრეტენზიები არასერიოზულად ჩათვალეს, მან ხსენებული წლის მარტში დატოვა ბასრა და 80-კაციანი სამხედრო შენაერთით ბაღდადში უბრძოლველად შევიდა. შიდა არეულობებით გაწამებულმა ბაღდადელებმა სიხარულით მიიღეს სულეიმანი და, შვების მოლოდინში, ერთგულება შეჰფიცეს მას. ოსმალეთის ქვეყნის ხელისუფლება იძულებული შეიქნა, დაემტკიცებინა სულეიმანი ბაღდადის ფაშას გამგებლის თანამდებობაზე. 

სულეიმან ფაშა აბუ-ლაილას გარდაცვალების შემდეგ ბაღდადი სრულმა ქაოსმა მოიცვა. სამი წლის განმავლობაში ქალაქის მმართველის თანამდებობაზე სამი კაცი შეიცვალა, რომლებიც სათანადოდ ვერ  ახერხებდნენ ბაღდადის მართვას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სტამბულიდან პირდაპირ დაინიშნა ბაღდადის მმართველი, მაგრამ, ამ პერიოდში ბაღდადში ისეთი ქაოსი სუფევდა, რომ ახალმა მმართველმა გზიდანვე განაცხადა უარი ბოძებულ თანამდებობაზე.  პრაქტიკულად, სულეიმან აღა ცარიელ ადგილზე მივიდა. 

ახალი მმართველის ერთგულმა მამლუქებმა ბაღდადსა და თითქმის მთელ ერაყში აღკვეთეს ძარცვა-ყაჩაღობა, დაუნდობლად ებრძოდნენ ქურდობას. გარდა ამისა, სულეიმან ფაშამ საფრანგეთიდან მოიწვია სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც გაიყვანა ახალი სარწყავი არხები, რასაც მოჰყვა სოფლის მეურნეობის განვითარება. ფაშამ, ასევე, ჩაახშო ქურთული და არაბული ტომების აჯანყებები, თუმცა, უშედეგოდ ებრძოდა ვაჰაბიტთა შემოსევებს, რომლებმაც არაერთხელ ააოხრეს სამხრეთ ერაყი. ქართველმა ფაშამ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა თავისი ერის წარმომადგენელთა ბაღდადში ჩამოყვანის საკითხში, რის შედეგადაც ქართველთა კოლონია ბაღდადში საგრძნობლად გაიზარდა. აშკარაა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, სულეიმან ფაშამ ქართველობა მეტ-ნაკლებად მაინც შეინარჩუნა. ეს ჩანს იქიდანაც, რომ წამყვან ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ქართველები და, გარდა ამისა, სულეიმან ფაშა თავის ქალიშვილებს მხოლოდ ქართველ მამლუქებზე ათხოვებდა, რითაც იმოყვრებდა მათ და აძლევდა კარიერული წინსვლის საშუალებას. ცნობილია ისიც, რომ, ქართველი ყმაწვილების გარდა, სულეიმან ფაშა ქართველ გოგონებსაც ყიდულობდა ოსმალეთის იმპერიის ტყვეთა ბაზრებზე, რომლებიც, როგორც წესი, ბაღდადის ელიტურ ჰარამხანებში იდებდნენ ბინას. ინგლისელი მოგზაური ბეკინგემი, რომელიც ამ პერიოდში ბაღდადში იყო სტუმრად, აღნიშნავს, ბაღდადში ყველაზე ლამაზი ქალები ქართველები არიანო. 

ქართველ მამლუქთა კორპუსმა სულეიმან ფაშას მმართველობის პერიოდში სამიდან ხუთ ათასამდე კაცს მიაღწია და საკმაოდ დიდ სამხედრო ძალასაც წარმოადგენდა. არსებობს ვერსიაც, რომ, როგორც მამლუქთა შორის, ასევე, მამლუქთა წრიდან გამოსულ და ბაღდათის საფაშოს სამსახურში ჩამდგარ ქართველებს შორის, საუბარი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ეს დასტურდება უფრო გვიანი პერიოდის დოკუმენტებით. მაგალითად, ერაყის ბოლო ქართველი მამლუქი მმართველი, დაუდ ფაშა, საქართველოში ქართულ ენაზე დაწერილ წერილებს გზავნიდა.  ალბათ, იფიქრებთ, ნუთუ არავის აღიზიანებდა ერაყის საფაშოში ქართველთა ამგვარი აღზევებაო? საქმე ისაა, რომ ქართველი მამლუქები მხოლოდ თავისთვის და ერთმანეთისთვის რჩებოდნენ ქართველებად. ისინი, გარკვეულწილად, ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკას ატარებდნენ – წარმატებულად მართავდნენ საფაშოს და პირნათლად ასრულებდნენ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ამავდროულად, ცდილობდნენ ეკონომიური და სამხედრო თვალსაზრისით გაეძლიერებინათ საფაშო, რათა შიდა პოლიტიკაში მიეღწიათ მაქსიმალური დამოუკიდებლობისთვის. 

22-წლიანი მმართველობის შედეგად, სულეიმან ფაშას საფაშოში დამკვიდრდა სტაბილურობა, შეიქმნა სამდინარო სავაჭრო ფლოტი, რომლითაც ადგილობრივ ვაჭრებს უადვილდებოდათ პროდუქციის გატანა ისეთ შორეულ ქვეყნაში, როგორიც იყო ინდოეთი.  მოხდა პოლიტიკური დამოყვრება ზოგ არაბულ ტომთან, რამაც მომავალში გამორიცხა აჯანყებების შესაძლებლობა ამ უკანასკნელთა მხრიდან. ერაყის ქურთისტანში სულეიმან ფაშას პატივსაცემად დაარსდა ქალაქი სულეიმანიე, რამაც, ასევე, ერაყელი ქურთების კმაყოფილება გამოიწვია. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, სულეიმან ფაშას ეწოდა მეტსახელი – „დიდი”. 

ავადმყოფობისგან დასუსტებულმა და ლოგინს მიჯაჭვულმა სულეიმანმა სიკვდილის წინ შეკრიბა ყველა თავისი ქართველი სიძე და ერთსულოვნება უანდერძა. მისივე გადაწყვეტილებით, საფაშოს გამგებლის ტახტი გადაეცა სულეიმანის უფროსი ქალიშვილის ქმარს – ალი აღას, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცით, რომ დასავლეთ საქართველოდან იყო.

სულეიმან ფაშა დიდი დაკრძალულია ბაღდადში, მის მიერვე აშენებულ სულთან აღას სახელობის მეჩეთის ეზოში.

скачать dle 11.3