ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, რუსეთის ეკლესია კი სამჯერ ზეიმობს. პირველი დღესასწაული ხატის გამოჩინების დღეს, 21 ივლისს (ახალი სტილით) აღინიშნება.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის გამოჩინება 1579 წელს აღესრულა ქალაქ ყაზანში. ხანძარმა, რომელიც წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, დააზარალა ქალაქი. იმ ადგილას იდგა მეისრის სახლიც, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. მეისრის 10 წლის ქალიშვილს – მატრონას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და მიანიშნა ის ადგილი, სადაც დედაღვთისმშობლის ხატი იყო დამარხული და მისი ფერფლიდან ამოღება უბრძანა. გოგონამ ხილვის შესახებ დედას უამბო, მაგრამ მან ბავშვის ნაამბობს ყურადღება არ მიაქცია. როდესაც გოგონას მესამედ გამოეცხადა დედაღვთისმშობელი, გააფრთხილა, რომ თუ მის ნათქვამს არ შეისმენდნენ, მატრონა დიდხანს იავადმყოფებდა, ხოლო ეს წმიდა ხატი სხვა ადგილსამყოფელს მოძებნიდა. მატრონამ დედასთან ერთად, მინიშნებულ ადგილზე ხატი მოიძია და მართლაც მიაგნო იმ უდიდეს საუნჯეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ზედა სამოსის სახელოებში იყო გახვეული და ისე ბრწყინავდა, თითქოს ახლად დაწერილი გახლდათ. ეს ამბავი მათ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის მესვეურებს შეატყობინეს. წმიდა ხატი ლიტანიობითა და გალობით გადააბრძანეს ტაძარში, რომელშიც მღვდელი გერმონი (მომავალი პატრიარქი) მსახურობდა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხატი წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი იყო). მსვლელობის დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა არაერთი სასწაული აღასრულა. განკურნა მხედველობას მოკლებული და თვალის სნეულებებით დაავადებული ადამიანები.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ასლი (მის მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერილობასთან ერთად) მეფეს, იოანე მრისხანეს გაუგზავნეს. მისი ბრძანებით, ხატის გამოჩინების ადგილზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და დედათა მონასტერი აშენდა. ამ სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ასევე ზეიმობდნენ 4 ნოემბერს (ახალი სტილით), როცა მოსკოვი პოლონელთაგან გათავისუფლდა.
ისტორია გვაუწყებს, რომ, როდესაც მოსკოვი ალყაში იყო, ხოლო მისი ახლომდებარე რაიონები პოლონელებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ, რუსეთის დიდგვაროვანთა წარმომადგენელმა, მთავარმა პოჟარსკიმ ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში ჩააბრძანა. წმიდა ხატი ქალაქს ლიტანიობით შემოატარეს. სწორედ იმ დღეს გათავისუფლდა მოსკოვი პოლონელთა ტყვეობისგან.
პოჟარსკიმ საკუთარი სახსრებით წითელ მოედანზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება დაიწყო. აშენდა ულამაზესი ეკლესია, სადაც ეს წმიდა ხატი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა. 1811 წელს ყაზანის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი სანკტ-პეტერბურგში გადააბრძანეს, სადაც პეტრე პირველის ბრძანებით ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის უზარმაზარი ეკლესია აშენდა. ამ ხატის წყალობით რუსეთი შემდგომშიც არაერთხელ გადაურჩა შეჭირვებასა და დამპყრობელთა შემოსევებს.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის პირვანდელი სახე სამეფო საგანძურის ძვირფასი შემოწირულობებით იყო შემკობილი. ხატის ჩარჩოს 475 ბრილიანტი და ასი ალმასი ამშვენებდა. პერანგი მთლიანად ოქროსი გახლდათ. სწორედ ეს ძვირფასი შეწირულობები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1904 წლის 29 ივნისს ყაზანის სასწაულმოქმედი ხატი და მაცხოვრის უძველესი ხელთუქმნელი ხატი უგზოუკვლოდ გაქრა ხარების მონასტრიდან. ეს დიდი განსაცდელი იყო მონასტრის დედებისთვის, რომლებიც სასოებით უვლიდნენ წმიდა ხატებს და უდიდეს თაყვანს სცემდნენ მათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მონასტერი ცნობილმა ყაჩაღმა ჩაიკინმა გაძარცვა. აღიარებით ჩვენებაში მან თქვა, რომ ღვთისმშობლის ხატი ნაჯახით დაჩეხა და დაწვა, პერანგი კი გაყიდა. როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა, ბუხარში მართლაც იპოვეს რაღაც ნამწვავები... მაგრამ უფრო მოგვიანებით, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბოროტმოქმედს გამოძიება შეცდომაში შეჰყავდა, სიმართლეს არ უმხელდა მათ. ეს ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული.