ჭეშმარიტი სარწმუნოება
წმიდა მღვდელმთავარი და გამძვინვარებული სტიქია
ქალაქ ანკონიაში იყო თავისი ცხოვრებით სახელგანთქმული ეპისკოპოსი, სახელად მარსელინი. მძიმე ავადმყოფობამ მას ფეხები დაუსუსტა, რის გამოც სიარული აღარ შეეძლო და მსახურებს იგი საკაცით დაჰყავდათ. ერთხელ ანკონიაში ვიღაცის დაუდევრობის გამო ხანძარი გაჩნდა. ყველა შეიკრიბა და დაიწყეს მისი ჩაქრობა, მაგრამ, დიდი გულმოდგინების მიუხედავად, ხანძარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მთელი ქალაქი გადაბუგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. როდესაც ცეცხლის ალი უახლოეს შენობებზე გადავიდა და ქალაქის არცთუ მცირე ნაწილი გაანადგურა, იძულებულნი გახდნენ, ეპისკოპოსი თავისი რეზიდენციიდან გამოეყვანათ. საერთო უბედურებით გულშეძრულმა, თავის მსახურებს უბრძანა, ცეცხლის პირისპირ დაესვათ. იგი იმ ადგილას მოათავსეს, სადაც ცეცხლი განსაკუთრებით მძვინავარებდა. ყველას გასაკვირად, ხანძარი უფრო შორს აღარ გავრცელებულა და, თითქოს ამით ყველას ამცნო, რომ მას არ შეუძლია, გასცილდეს იმ ადგილას, სადაც ზის მღვდელმთავარი. ამგვარად, იმ ადგილას შეჩერებული ცეცხლის ალი თანდათანობით თავისით ჩაქრა და უკვე აღარც ერთი შენობა არ დაზიანებულა. წარმოიდგინე, საყვარელო პეტრე (წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (მეექვსე საუკუნე) მიმართავს დიაკონ პეტრეს), რა სიწმიდე ჰქონდა ამ უძლურ ადამიანს, რომ თავისი ლოცვით შეძლო, ჩაექრო საშინელი ხანძარი.
ეკრძალე და ღმრთის განკითხვამდე არავინ განიკითხო!
მამა ისააკ თებაიდელი ერთ მონასტერში მივიდა, ნახა ერთი შემცოდე ძმა და განიკითხა. როდესაც უდაბნოში დაბრუნდა, მოვიდა უფლის ანგელოზი, დადგა მისი სენაკის კარის წინ და უთხრა: „მე შენ აქ არ შემოგიშვებ.” ისააკმა ილოცა მის წინაშე და ჰკითხა, რომელი ბრალისთვის ისჯებოდა იგი. ანგელოზმა უთხრა მას: „მე შენთან ღმერთმა გამომგზავნა, რათა მითხრა, როდის მიბრძანებ, რომ შეცოდებული ძმა მასთან მივავლინო.” მამა ისააკი მყის დაემხო მის წინაშე: „ვცოდე, მომიტევე!” ანგელოზმა უთხრა: „ადექი, რადგან, ღმერთმა შენ შეგინდო; სხვა დროს ეკრძალე და ღმრთის განკითხვამდე არავინ განიკითხო!”