სძულთ თუ არა ცოლებს მოღალატე ქმრებზე მეტად მეტოქე ქალები
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჯერ კიდევ გუშინ შეყვარებულ ადამიანებს სამუდამოდ შესძულებიათ და სასიკვდილოდაც კი არ დაუნდიათ ერთმანეთი. ერთი შეხედვით, ეს სრულიად გამაოგნებელია, თუმცა, ფსიქოლოგები ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ, რადგან, ცვალებადია ადამიანების ბუნება და მისთვის უცხო არ არის ისეთი გრძნობები, როგორიც არის აგრესია, ეჭვი, ბოღმა... ძნელია, წინასწარ გამოიცნო, რას მოიმოქმედებს ქალი, რომელსაც უღალატეს... ან, რას ჩაიდენს კაცი...
უფრო ხშირად, მათი აგრესია მოღალატე პარტნიორს კი არა, მეტოქეს დაატყდება ხოლმე თავს...
თეონა (41 წლის): ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოყვარული ცოლ-ქმარი სრულიად სულელური მიზეზის გამო შორდება, თითქოსდა უმტკივნეულო სიტუაციებში კი მტრად გადაეკიდებიან ხოლმე ერთმანეთს, თუმცა, მერე ისევ რიგდებიან. არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული იმაში, რომ განსაკუთრებული ქმარი მყავდა. კაცი ყველა კაცია და ზომიერად სულ ვეჭვიანობდი მასზე.
– ქორწინების პირველივე დღიდან?
– დიახ, ქორწინების პირველივე დღიდან. არ მითხრათ, რომ ეს ნორმალური არ არის. 33 წლის გავთხოვდი და საკმაოდ ბევრი მაგალითი მქონდა იმის, რომ ასპროცენტიანი ნდობით თავი არ მომეტყუებინა. ყველა ქალი სულელია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქმარი მას არასდროს უღალატებს. მე ამის ილუზია არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი არ მალავდა თავის გრძნობას, პირიქით, სულ ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მისთვის ერთადერთი ვიყავი.
– როგორ აკეთებდა ამას, სიტყვით?
– არა მხოლოდ სიტყვით, ქმედებებითაც. მოჰქონდა ჩემთვის პატარ-პატარა სუვენირები... საჩუქრები, ყვავილები; ჩემი თანდასწრებით ხამივით არ აცეცებდა თვალებს; არ ფეთდებოდა დეკოლტეებზე და მოკლე კაბებზე; ვყავდი ყურადღების ცენტრში, მეუბნებოდა კომპლიმენტებს.
– იდეალური ქმარი გყოლიათ...
– იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მით უმეტეს – კაცები. სიტუაცია შეუქმენი და, ყველაზე ერთგული კაციც კი გიღალატებს – ეს აქსიომაა და, ამიტომ, არ უნდა მოეშვა, მუდმივად ტონუსში უნდა იყო შენც და ისიც უნდა გრძნობდეს ამას.
– ასეთ რეჟიმში ცხოვრება რთული არ არის?
– ცხოვრება, საერთოდ, რთულია, ნამდვილად არ არის ადვილი. მარტო ყოფნას თავისი სირთულეები აქვს, მარტოხელა დედობას – თავისი. ცოლობა და ოჯახის შენარჩუნებაც სერიოზული თავსატეხია. მე რეალისტი ვარ. უბრალოდ, ცოლები ხშირად არასწორ პოზიციას ვირჩევთ – ქმრებს ვუთმობთ ვიღაც ქალს, რომელიც სწორედ ამისკენ მიილტვის.
– ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდათ ამით?
– იმას, რომ, პირადად მე ოჯახის მთავარ მტრად მიმაჩნია „ის ქალი“. კაცს ჭკუა არ აქვს – შევთანხმდით ამაზე და სიტუაციას სულ სხვანაირად დავინახავთ.
– ანუ, კაცს პასუხი საერთოდ არ უნდა მოეთხოვოს?
– მაგას არ ვამბობ, მაგრამ, „ისეთი ქალები“ რომ არ არსებობდნენ, ქმრები ხომ ვეღარ გვიღალატებდნენ? დამეთანხმეთ, რომ არის ამაში ლოგიკა. დიახ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არსებობდნენ და კვლავაც იარსებებენ, მაგრამ ოჯახის დამანგრეველი, სხვების ქმრებზე მონადირე ქალები მაინც სხვა ფენომენია.
– ამბობენ, რომ მესამე არ ანგრევს ოჯახს.
– როგორ გეკადრებათ... ეს იმ „დამანგრევლების“ მოგონილი ბლეფია. კაცი არ არის გმირი, გეუბნებით, „სიტუაციის ცხოველია“. ოღონდ, კი არ ვლანძღავ, ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ. რეალობა ესაა. მთავარია, მომენტი არ ჩაუვარდეთ, თორემ, შანსის გამოყენებაზე რომელი კაცი იტყვის უარს?! თქვენ იცნობთ ასეთს? ყველაფერზე წამსვლელი ქალები კი იმაზე გაცილებით ჭარბად არიან, ვიდრე ვისურვებდით. „პერეხვატზეა“ ყველა და, ამ დროს, ჩვენ რას ვაკეთებთ? – ქმრებს ვუწყობთ განკითხვის დღეს და იძულებულს ვხდით, სახლიდან წავიდეს. იმათაც, იმ ქალებს, ხომ ეს უნდათ?
– როგორც ვხვდები, თქვენ ქმარზე კი არა, იმ ქალზე გაქვთ აგრესია, ვისთანაც ქმარმა გიღალატათ.
– აბსოლუტური სიმართლეა. როგორც ზაფხულში თოვლი, ისე დამეცა თავზე ვიღაც ქალი – უტიფარი, ნაგლი და მტაცებელი. ვერ ვიტყვი, რომ შოკის მომგვრელი სილამაზის იყო, ამაში არ არის საქმე – გარეგნობა საერთოდ რა შუაშია... დღეს ჩემს ქმარს რომ ჰკითხო, გეტყვის, ჭკუა არ მქონდა თავში, რატომ ავიტეხე შარიო, მაგრამ, ახლა ამასაც რა მნიშვნელობა აქვს. იმას მძიმე პერიოდი აქვს და ისევ მე უნდა მოვითმინო. ეს ჩემი არჩევანი იყო – არ გავაგდე, როცა მართლა იმსახურებდა ამას. მე მიმაჩნია, რომ არ დავუშვი შეცდომა. დიახ, მძულს ის ქალი, რომელთანაც ჩემმა ქმარმა მიღალატა. ამ ეტაპზე ასე ვარ და, მერე, რაღაც დრო რომ გავა, შეიძლება, ამ გრძნობამ გამიაროს.
– ანუ, მოღალატე ქმარი არ გძულთ?
– არანაირად, თორემ, მასთან შერიგებასა და ისევ ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებდი. თან, ისიც უნდა ვითამაშო, რომ მისი ავტორიტეტი ისევ ძლიერია და, შევძლებ, ისევ მჯეროდეს მისი. მაშინ არ მჯეროდა ბოლომდე, როცა ღალატში ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული და, ახლა – მით უმეტეს. სულ ვფიქრობ, გამუდმებით, რომ მომხდარი უკვე წარსულია და ჩავლილია, მაგრამ, ძნელია, ძალიან ძნელი – ჩემი შინაგანი სამყარო ხომ დაინგრა... ამ ხნის განმავლობაში შეძენილი ჩვევები და ტრადიციები ცოტა არ არის. ოჯახი იმდენი კომპონენტისგან შედგება, ერთი შეხედვით ამის წარმოდგენა ძნელია. ყველა ძაფს ერთბაშად ვერ გაწყვეტ და არც უნდა გაწყვიტო. იცით, ამ სასიყვარულო სამკუთხედში, რომელსაც მე „ჯოჯოხეთის სამკუთხედს” უფრო ვუწოდებდი, რომელი კითხვაა ყველაზე მეტად მტკივნეული? – სწორედ ის, რომელსაც ამ ორ „წერტილს“ შორის არაფერი ესაქმება. ხვდებით ხომ, ვისაც ვგულისხმობ?.. რატომ ხდება ასე, რას გვერჩიან ეს ქალები ცოლებს, რა უნდათ ჩვენგან?! ჩემს ქმარს რომ ვუყურებ, ზოგჯერ სურვილი წამომივლის, ჩავულაგო თავისი ტანსაცმელი და მივაბრძანო სახლიდან. თქვენ გგონიათ, ვაპატიე და მორჩა? არ არის ასე. ის მშველის, რომ მთელი აგრესია მართლა იმ ქალისკენ მაქვს მიმართული. ცოლებმა უნდა მოვითმინოთ და ავიტანოთ მარტო იმიტომ, რომ „ისინი“ არ გავახაროთ – ლანგრით არ მივართვათ ჩვენი მოვლილი და ნაფერები ქმრები.
– აბა, რა ვქნათ, ომი გამოვუცხადოთ?
– ცუდი აზრი არ არის... და, უნდა მოვიგოთ ეს ომი, აუცილებლად. არ არის ძნელი. მთავარია, არ ავყვეთ შიშველ ემოციას, არ ვიხელმძღვანელოთ გულის კარნახით და ვიფიქროთ არა იმაზე, რას ვგრძნობთ, არამედ იმაზე, როგორ არ უნდა გავახაროთ მტერი.
– მთავარი ხომ გრძნობაა?
– შეიძლება, მაგრამ, გააჩნია, რა ეტაპზე. თუ თქვენ მარტო დარჩენა და ცხოვრების ტირილში გატარება გინდათ, მაშინ, რა პრობლემაა – გააგდეთ ქმარი, მიართვით ვიღაც ქალს თუ ქალებს, მერე კი დაჯექით მარტო, სვით ყავა, მოწიეთ სიგარეტი და იწუწუნეთ თუ იგლოვეთ თქვენს გაუხარელ წუთისოფელზე. ჩემი ქმარი დღეს დასჯილი და დამნაშავე ბავშვივით იქცევა – აღარ იცის, ჩემი გული როგორ მოიგოს. შეყვარებული თვალებით მიყურებს და ცდილობს, სულ ჩემ გვერდით იყოს, რომ არ მაეჭვიანოს. მე არ მჯერა, რომ გამოსწორდა და, თუ მომენტი ჩაუვარდება, არ მიღალატებს. სულელი და გულუბრყვილო არა ვარ, მაგრამ, ყველაფრის „დალაგება“ შეიძლება. უნდა გადააფასო რაღაცეები და მიხვდე, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის. ერთგული ქმრები არ არსებობენ. მაგრამ, როგორი საცოდავები არიან! ნაკლებად არ წვალობენ და იტანჯებიან. მამაკაცების უმრავლესობას არც თამაში შეუძლია, არც ორმაგი ცხოვრება – ეს მათთვის ძალიან მძიმეა. ამიტომ ცოლებმა ომი მათ კი არ უნდა გამოვუცხადოთ, არამედ „შემცდენელებს“. ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომელიც დადის და ეძებს საყვარელს, ეს ქალები ახდენენ მათ პროვოცირებას – იწყებენ ფლირტს და „შეაბამენ” ხოლმე. ისიც ხომ ფაქტია, რომ „შეუბმელი” კაცი არ არსებობს?!.
– ქალი არსებობს „შეუბმელი”?
– ეგ მამაკაცებს უნდა ჰკითხოთ, მე ნაკლებად მაინტერესებს ეს ამბავი. ვიცი ის, რომ ქმარს არავის დავუთმობ, არც სიცოცხლეს გავუმწარებ – თავისი უბედურებაც ეყოფა. ადვილი არ არის დამძიმებული სინდისითა და დანაშაულის განცდით ცხოვრება. ანუ, შეიცოდეთ ქმარი და შეიძულეთ მისი შემაცდენელი!..