რა ულტიმატუმი დაუკმაყოფილეს ნოდიკო ტატიშვილს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერებმა და რატომ არის ჯულიანა ბარ-გნარი მხოლოდ მისი
პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები” სულ უფრო დაძაბულ ფაზაში შევიდა. ყოველ კვირას თითო-თითო წყვილი დგება აუტსაიდერებში და ტოვებს პროექტს. ასევე, ნელ-ნელა გამოიკვეთა ფავორიტი წყვილები, რომელთა შორის არიან, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი და მოცეკვავე, უმშვენიერესი ჯულიანა ბარ-გნარი. როგორც თავად ამბობენ, გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ და, ცდილობენ, ფინალამდე დამსახურებულად მივიდნენ.
ნოდიკო ტატიშვილი: ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე მატარებდნენ, თუმცა, ცუდი პერიოდი იყო – ტრანსპორტიც კი არ დადიოდა და მამასაც ხშირად არ ეცალა ჩემთვის, რომ მანქანით გვიან მოეკითხა და სახლში წავეყვანე. ამიტომ, ცეკვას თავი დავანებე. რაც შეეხება, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს”, ყოველ სეზონზე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ, მერიდებოდა მონაწილეობის მიღება – მიმაჩნდა, რომ კარგად ვერ ვიცეკვებდი და, არ მინდოდა თავის შერცხვენა და იმ იმიჯისა და ხარისხის დაკარგვა, რაც სცენაზე სიმღერით მოვიპოვე. წელს კი ისე შემომიჩნდნენ, უარი ვეღარ ვთქვი და პროდიუსერებს ულტიმატუმიც წავუყენე.
– რა ულტიმატუმი წაუყენე?
– ვუთხარი, მივიღებ მონაწილეობას, თუ ჩემი მეწყვილე ჯულიანა ბარ-გნარი იქნება-მეთქი და დამთანხმდნენ. მე და ჯულიანა მეგობრები ვართ, კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და, თუ მეწყვილესთან გარკვეული ურთიერთობა არ გაკავშირებს, ისე რთულია ცეკვა. ჯულიანასთან კი არც ცეკვა მეუხერხულება და კომპლექსებიც მოხსნილი მაქვს. ისე ზუსტად მიხსნის და მაგებინებს ყველა ნიუანსს, რომ ეგრევე ვიგებ და ვასრულებ. ასე რომ, მგონი, ჩვენგან კარგი წყვილი შედგა.
ჯულიანა ბარ-გნარი: მე და ნოდიკო ორი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ და, ამიტომაც, არ გვიჭირს ერთად ცეკვა. ძალიან მონდომებული ადამიანია. მანამდე ვიცნობდი როგორც კარგ მეგობარსა და მომღერალს, ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ის კარგი მოცეკვავე და მეწყვილეცაა (იცინის). ყველაფერს პროფესიონალურად უდგება და გამოსდის კიდეც. ნებისმიერ ცეკვას გულით და მონდომებით სწავლობს და ეს მაყურებლის წინაშე გამოსვლის დროს ჩანს. ვფიქრობ, ჩვენ გამარჯვების ყველა შანსი გვაქვს, მთავარია, დაგვიმესიჯონ ნომერზე: 95 104! ნოდიკო ძალიან დამყოლი, თბილი და რბილი ადამიანია და ყოველთვის ითვალისწინებს იმ შენიშვნებს, რასაც აძლევენ.
ნოდიკო: ჯულიანამ ჩხუბი არ იცის, შენიშვნას ისე მშვიდად მაძლევს, როგორი მშვიდი საუბარიც აქვს. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ვიცოდი, კარგად რომ ვიცეკვებდი, მაგრამ, ასე კარგად თუ გამომივიდოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ეს კი ჯულიანას დამსახურებაა.
– როგორც ვიცი, ამ პროექტის გამო ორ გასტროლზე თქვი უარი. „ცეკვავენ ვარსკვლავები” ამ მსხვერპლად ღირდა?
– ნამდვილად ღირდა! ამ პროექტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება და გეგმები. ორ გასტროლზე ვთქვი უარი: ერთი იყო ისრაელში, მეორე კი – პოლონეთში. გასტროლები მიყვარს, ჩემი ცხოვრების წესია, მაგრამ, „ცეკვავენ ვარსკვლავების” გამო მსხვერპლი გავიღე (იცინის). პარალელურად, მეორე ალბომის ჩაწერა დავიწყე და საბავშვო სტუდია გავხსენი.
– ესე იგი, ჯულიანა შენთვის იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდა?
– ჯულიანასთან რომ ცეკვავ, უკვე იღბლიანი ხარ (იცინის). ასე რომ, ეს ადამიანი ჩემი თილისმაა და ეს ფაქტია! თან, ათი კილოგრამი დავიკელი – 89-დან 79 კილოგრამამდე ჩამოვედი. რომ მეკითხებიან – ვაიმე, როგორ გახდი, რა დიეტააო, ვპასუხობ: ამ დიეტას „ვარჯიში ჯულიანასთან ერთად” ჰქვია-მეთქი (იცინის). ასე რომ, ვისაც გახდომა გინდათ, „ჯულიანას დიეტა” უტყუარია!
– ჯულიანა, არ შემიძლია, არ გკითხო: წინა სეზონის მეწყვილესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი აგორდა, რაზეც, ფაქტობრივად, კომენტარს არ აკეთებდი. ვიცი, პირად საკითხებზე საუბარს ერიდები, მაგრამ, იქნებ, ორი სიტყვით გვითხრა, რა მოხდა?
ჯულიანა: მართალია, პირად საკითხებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ, მე თუ არ ვთქვი, სხვა ვერ გეტყვით ჩემ შესახებ. ამ პროექტით, პოპულარულები გავხდით და ჭორებიც წამოვიდა, თუმცა, ჩემ გამო არც ოჯახები დანგრეულა და არც ვინმე ვინმეს დაშორებია. რაც მანამდე იყო დანგრეული, ამაში მე არ მიმიძღვის წვლილი და მე ნუ დამაბრალებენ. იმას არ გამოვრიცხავ, რომ მეწყვილე, რომელთანაც ვცეკვავ, მამაკაცია და, გამორიცხული არ არის, გრძნობა გამიჩნდეს, მაგრამ, ეს იმას არ გულისხმობს, ვინმეს ოჯახი დავუნგრიო. ჭორები თავიდან ძალიან მოქმედებდა ჩემზე, რადგან, ტყუილს წერდნენ და მტკიოდა ამდენი სუსულელის მოსმენა და წაკითხვა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ამაზე პასუხი არ უნდა გამეცა. ჩემგან ოჯახის დანგრევა გამორიცხულია. დღეს მე და გიორგი ყიფშიძე მეგობრები ვართ და ის ჭორები აღარც არავის ახსოვს.
ნოდიკო: იცით, როგორაა? ის სამწუთიანი ცეკვა, როცა მეწყვილესთან ერთად პარკეტზე ხარ, არის სრული ინტიმი, სიყვარული და ჰარმონია. თუ ეს სამი გრძნობა არ ჩადე, ისე ვერ იცეკვებ – ეს პროფესიონალიზმია. როცა ჯულიანა და მე ვცეკვავთ „ვენურ ვალსს”, თუ სიყვარული და გრძნობა არ ჩავდეთ ამ ცეკვაში და ეს მაყურებლამდე არ მივიტანეთ, ისე არაფერი გამოვა.
ჯულიანა: ეს სიყვარული, ინტიმი და ჰარმონია, შეიძლება, კონკრეტულად ნოდიკოს მიმართ არ იყოს, მაგრამ, ეს შენში უნდა დაიბადოს – უნდა იგრძნო და გიყვარდეს.
ნოდიკო: ეს ხალხისთვის მიუღებელია, მაგრამ, დამიჯერეთ, სიმღერის დროსაც ასეა. როცა ვმღერი – მიყვარს, ვტკბები და სიმღერით ინტიმს ვგრძნობ. სიმღერის დროს ამას ხმით და ვოკალით ვახერხებ, ცეკვაში კი ეს მოქმედებით და მოძრაობით უნდა გამოხატო.
ჯულიანა: რასაკვირველია, ამასთან თან ერთვის ტექნიკა და კარგი შესრულება – ისე არაფერი გამოვა. ცეკვა გრძნობაა და ეს გრძნობა უნდა დაანახვო ხალხს. შენი აურა კარგად გადადის მაყურებელზე და ამისთვის აუცილებელია გრძნობით ცეკვა. ემოციით თუ არ იცეკვე, ისე რთულია, ვინმეს თავი მოაწონო.
ნოდიკო: როცა ვცეკვავ, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვამჩნევ, მარტო ჯულიანას შევიგრძნობ და მუსიკა მესმის. სანამ ცეკვას დავიწყებ, რამდენიმე წუთით ადრე სხვა განზომილებაში გადავდივარ, „მექანიკური” ვხდები და არითმია მეწყება. გული წამში რამდენჯერ მიცემს, ვერ ვითვლი. ის სამი წუთი კი, როცა პარკეტზე ვცეკვავ, მართლა „მექანიკური” ვარ.
– ნოდიკო, მოდი, პირდაპირ მითხარი – გამარჯვების ამბიცია გაქვს?
– როცა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე თანხმდები, უკვე გაქვს მოგების ამბიცია და, თუ ამას არ აღიარებ, მაშინ, აფერისტი ხარ! რასაკვირველია, მაქვს მოგების ამბიცია.
ჯულიანა: ამ პროექტში არასდროს გამიმარჯვია და, დიდი სურვილი მაქვს, მე და ნოდიკო გავხდეთ გამარჯვებულები. სანამ აუტსაიდერებს გამოაცხადებენ, ისე ვღელავ, ჭკუაზე არ ვარ – პირი მიშრება და ქცევებს ვერ ვაკონტროლებ (იცინის).
ნოდიკო: „ჯეოსტარზე” სამჯერ ვიდექი აუტსაიდერებში და საბოლოოდ მე გავიმარჯვე; ასე რომ, ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ, თუ მე და ჯულიანა „ცეკვავენ ვარსკვლავების” აუტსაიდერებში მოვხვდებით. მთავარია, ხალხმა დაგვიმესიჯოს: 95 104! რა ვქნა, არ მინდა, დავტოვო ეს პროექტი და მინდა გამარჯვებული გავხდე (იცინის).
ჯულიანა: რომ წარმოვიდგენ, რომ გამარჯვებული ვარ, ტირილი მინდება (იცინის).
ნოდიკო: მე კიდევ, თუ გავიმარჯვე, ჯულიანას რომ ჩავეხუტები, ვერ „გაგვწიწკნიან” (იცინის). ამ სეზონზე, უფრო სწორად, დარჩენილი ხუთი კვირის განმავლობაში, ჯულიანა ჩემია – მორჩა და გათავდა და, ნებისმიერზე ვიეჭვიანებ, ვინც მას გაეკარება (იცინის).