კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს დათო ევგენიძე საქართველოს აოხრების გამო, თემურ ლენგისთვის სამაგიეროს გადახდას

კარგა ხანია, ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორსა და შემსრულებელს, დათო ევგენიძეს არ გავუნებივრებივართ კონცერტებითა და ინტერვიუებით. საქმე ისაა, რომ ის წელიწადნახევრით მოსკოვში იმყოფებოდა და სულ ახლახან დაბრუნდა. თუ რას საქმიანობდა ცნობილი კომპოზიტორი მოსკოვში, რა სიახლეებია მის კარიერაში და როდის დაგვპატიჟებს დათო ევგენიძე თავის საიუბილეო კონცერტზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

დათო ევგენიძე: მოსკოვში დროებით გავემგზავრე – ჩემი მეგობრის, ფედიას – ფიოდორ ბანდარჩუკის დაბადების დღეზე. ჯერ მეილებით, მერე ტელეფონით, მერე სკაიპით ამაფეთქეს და რატომღაც ვიფიქრე, რომ საიუბილეო თარიღი იყო. რომ ჩავედი, აღმოჩნდა რომ 47 წლის გამხდარა. ბევრი სიურპრიზი დამახვედრა. „არტ პიქჩერს” არის მათი სტუდია, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა და მართლა 24 საათი ერთად ვიყავით იმ წლებში. დაბადების დღეზე მისვლისთანავე მიკროფონში გამოაცხადა დათო იყო ერთ-ერთი ის, ვისთან ერთადაც თავის დროზე, კინოსტუდიას ვხსნიდით და დათო იქნება დღეს ამ საღამოს მთავარი პროდიუსერიო. არადა, წინასწარ არ ვიყავი გაფრთხილებული. ამ დაბადების დღეზე თავი მოიყარა მთელმა რუსულმა ბოჰემამ. 

ამის შემდეგ ესპანეთში „მარბელაზე,” ფესტივალ made in ussr-ის მუსიკალურ პროდიუსერად გამომაცხადეს. ასევე, სტუდია გაიხსნა, რომელსაც ერქვა: „სტუდია დატო ევგენიდზე ი ფიოდორა ბონდორჩუკა”. 

– რამდენ ხანს დარჩით მოსკოვში?

– წელიწად-ნახევარი (იცინის). ახლაც გადის ORT-ზე ფილმი „სუდია”, რომლის კომპოზიტორიც მე ვარ, რეჟისორი კი – ლევან კოღუაშვილი. საერთოდ, იქ ყოფნის პერიოდში 9 ფილმისთვის დავწერე მუსიკა.

– ერთ-ერთი აქაც გადის ქართულად გახმოვანებული – „უკანასკნელი მაგიკიანებიდან”. საკმაოდ შეიყვარა ეს პროდუქტი ქართველმა მაყურებელმაც.

– ეს რეზო გიგინეიშვილის ნამუშევარია. წესით ამ ფილმისთვის სუფთა სომხური მუსიკა უნდა შემექმნა, მაგრამ მე თბილისურ-სომხური გამომივიდა.

მიყვარს თბილისი. სადაც კი დავდიოდი ცხოვრების განმავლობაში, ხან კანარის კუნძულებზე დავრჩი კონტრაქტით, ხან – ესპანეთში, ხან კიდევ სად, ვერსად ვერ ვძლებდი დიდი ხნით. დრო მოდიოდა და მე ვბრუნდებოდი თბილისში. თბილისელობა იყო აზროვნების კოეფიციენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა ცოტა დანგრეული მეჩვენა. 

– საინტერესოა, წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩამოსულს, რა მოგხვდათ ყველაზე მეტად თვალში?

– ქუჩაში ძალიან ბევრ წვერიანს ვხედავ – 17-25 წლამდე, სტუდენტური პერიოდის ბიჭებს. მაგ ასაკში, ჩემს დროს, წვერს იშვიათად თუ ვინმე ატარებდა. ახლა ათიდან 8 წვერიანია. წვერი ქვეცნობიერად ასოცირდება გლოვასთან, ომთან, თვითგვემასთან, მარხვასთან. ამ ფაქტმა, ამ თაობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ჩამაფიქრა. ზუსტად არ ვიცი, რა არის მიზეზი, – მოდა თუ ფსიქოლოგიური შედეგი. მოდა ჯობია. მოდა ბევრად უწყინარია, ვიდრე სტრესული, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

– რუსეთში რა სიტუაციაა?

– რუსეთში, მით უმეტეს, ყირიმის დაბრუნების შემდეგ, ხალხში ნაციონალური და იმპერიული შეგრძნებები ძალიან გამძაფრდა. 

– ამიტომ ხომ არ წამოხვედით?

– მაგიტომ წამოვედი. პირადად ჩემს მიმართ არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდათ, ახლაც დღეში 10 პროდიუსერი მაინც მირეკავს შემოთავაზებებით. ძნელია, იყო ქართველი – მარტო დათო ევგენიძე და ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც შეიძლება, შენს ქვეყანაზე ცუდი თქვან. ეს იგივეა, რომ ჩემზე თქვან. ჩემი მეორე ქალაქია მოსკოვი. 1977 წელს ჩავაბარე იქ კონსერვატორიაში, ასპირანტურაც იქ დავამთავრე. ორმოცამდე რუსული ფილმისთვის მაქვს მუსიკა დაწერილი. ვფიქრობ, ჩვენს შორის პოლიტიკა არის ხისტი ოცდამეერთე საუკუნისთვის. 

– ერთი პერიოდი „ხვანჩკარა” და „ბორჯომი” რომ ამოიღეს ექსპორტიდან და „ჩიტო-გვრიტო” და „მიმინოც” გაუნაწყენდათ, მაინც?

– როგორც კი დაბრუნდა ქართული ღვინოები და „ბორჯომი”, ეგონათ, ვერ დაიმკვიდრება ბაზარზე ადგილს, მაგრამ იმდენად უყვართ რუსებს, რომ კარგად იყიდება. თან, საკმაოდ ძვირი ღირს ქართული ღვინო სხვა ღვინოებთან შედარებით. 

რისი ნოსტალგიაც აქვს ზოგიერთ თაობას საბჭოთა კავშირის დროიდან ის რუსეთი აღარ არსებობს. ის მოსკოვი აღარ არის. ახლა როგორაა იცით, ადრე თუ ჩადიოდა ქართველი კაცი მოსკოვში ერთი დიპლომატი კონიაკით და იქ ქარხანაში 100-მილიონიან საქმეს აკეთებდა, ახლა იქითა მხრიდან ზის რუსი ოლიგარქი, რომელსაც ოქროს უნიტაზი უდგას და ლატოია ჯექსონი და ჯენიფერ ლოპესი ჩამოჰყავს დაბადების დღეზე ჩუმად თავის აგარაკზე. 

– როგორც შევიტყვე, ვიზის გასაგრძელებლად ყოფილხართ ჩამოსული და წასვლას რომ აპირებდით, აეროპორტიდან გამობრუნებულხართ. ეს მანამ, სანამ სულ ჩამოხვიდოდით. რა იყო ამის მიზეზი?

– ამის მიზეზი იყო ჩემი დაბადების დღე. ვაპირებდი იქ გადამეხადა, მაგრამ აეროპორტში მივხვდი, რომ აქ მინდოდა და ამიტომ გამოვბრუნდი. გადავიხადე დაბადების დღე აქ, ჩემი მეგობრების გარემოცვაში და მერე წავედი. სხვათა შორის, საიუბილეო ასაკი მაქვს, 55 წლის გავხდი.

– როდის ხართ დაბადებული?

– 2 დეკემბერს და 1 დეკემბერს ვაპირებ, კონცერტის ჩატარებას. მინდა, რუსთაველის თეატრში ჩავატარო, ვნახოთ... 

– კიდევ რა სიახლეები გაქვთ?

– ახლახან ჩემი ლექსების წიგნი გამოვიდა. ჯერ გაყიდვაშიც არ არის. „საქართველოს ფოსტა” ჰქვია. 

– იმედი მაქვს, ეს წიგნი საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს წიგნის ბაზარზე.

– ვნახოთ... არსებობს ლეგენდა, ბაირონი თურქეთ-საბერძნეთის ომში რომ წავიდა საომრად, იქ მონათა ბაზარზე, ერთ-ერთი ქართველი თავადიშვილი შეისყიდა, გაათავისუფლა და ვიღაცა ბერს გამოატანა საქართველოში. ამ ისტორიას მოვაყოლე მოთხრობასავით, რომელსაც ახლა ვწერ. 

კიდევ სიახლე ის არის, რომ კინოს ვიღებ მე თვითონ, როგორც რეჟისორი. სცენარი თითქმის დამთავრებული მაქვს. მოქმედება პარიზში ხდება. ფილმს ჰქვია „ევროპა”. ეს ქალის სახელია, რომელიც ქართველ და რუს გმირს უყვარს. მომავალი წლის აგვისტოში იწყება გადაღებები. 

– მოსკოვში ოჯახთან ერთად იყავით წასული?

– კი, ერთად ვიყავით – მე და ჩემი ცოლ-შვილი. უფრო სწორად, ბიჭები მყავდა წაყვანილი, გოგოები გათხოვილები არიან. 5 შვილიშვილი მყავს, – 3 პარიზში უფროსი გოგოსგან, 2 ლიკასი – ამერიკაში.

– როგორი ბაბუა ხართ?

– ცუდი ბაბუა ვარ. ერთი შვილიშვილი მყავს მარტო ნანახი. ჩემი უმცროსი შვილი და ერთ-ერთი შვილიშვილი ტოლები არიან. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილიშვილებს ასეთი სახელები ერქმეოდათ: ესთერი, ითანი, ვიქტორია, ანა-სოფია და ალექსანდრე. იმედი მაქვს, საქართველოში მშვიდობა იქნება და ერთ დღეს ყველანი ერთად მოვიყრით თავს. ამაზე ბევრად რთული პერიოდები გვაქვს გავლილი, ჯერ მარტო თემურ ლენგის ლაშქრობები გავიხსენოთ. რვაჯერ აგვაოხრა. თემურ ლენგზე კინოს იღებენ ჰოლივუდში და მე ვწერ ამ კინოსთვის მუსიკას. იქ დავსჯი, იმ მუსიკით გადავუხდი სამაგიეროს. „უნივერსალ პიქჩერსი” იღებს, საკმაოდ დიდბიუჯეტიანი ფილმია. რამდენიმე თემურ ლენგია, სხვადასხვა ასაკში. ბოლოს, სიბერეს, ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს. რუსებმა დაიჩემეს, რომ თემურ ლენგი რუსი იყოო.

– დედით?

– არ ვიცი, ამბობენ რუსი იყოო და არც მონღოლური გარეგნობის და თვალის ჭრილი  ჰქონიაო. არადა ყველა გრავიურაზე მონღოლური გარეგნობითა და თვალის ჭრილითაა გამოსახული. თემურ ლენგის რუსობაზე თავის თეორიებსაც გვთავაზობენ.

– როგორი იქნება 1 დეკემბერს თქვენი საიუბილეო კონცერტი?

– მე ხომ კონცერტებს არ ვიმეორებ. ყველა კონცერტი ერთხელ იკვრება. ესეც ახალი იქნება, რაც აქამდე არ ყოფილა. არ ვატარებ ხშირად კონცერტებს. თუ მუსიკამ არ დაგაფიქრა... ზოგს ჰქონია, რომ მუსიკა მარტო კარგ განწყობაზე უნდა გაყენებდეს. არადა, მუსიკა ყველაზე აბსტრაქტული და კოსმიური მესიჯია.

скачать dle 11.3