კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება გია აბესალაშვილი „ბულკი” და რატომ არასდროს ექნება მას ფული

ჩვენს რუბრიკაში ერთი და იმავე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფახურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს. 

– ვინ ხართ? გაგვეცანით.

– გია აბესალაშვილი, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი.

– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან...

– პირველი მძაფრი შეგრძნება ბავშვობაში მაშინ მქონდა, როცა მაგარ ავარიაში მოვყევი. იმ ავარიაში ბევრი დაიღუპა, მე გადავრჩი, ღვთის წყალობით. პატარა სათამაშო მანქანა მეჭირა, დაიფშვნა, ეტყობა, გამივარდა ხელიდან და იმას ვდარდობდი. ცხვირიანი, ძველი ავტობუსები რომ იყო, იმით მოვდიოდით დასავლეთიდან. 

სხვათა შორის. ავარიაში მოხვედრილი ვარ თითქმის ყველანაირი სამგზავრო საშუალებით, გემის გარდა, ერთხელ, გასტროლებზე მივდიოდით ცეკვიდან უჟგოროდში. სადღაც წიფის გვირაბს რომ მივუახლოვდით, მახსოვს, მასწავლებელი ლიმონათის ბოთლს მაწვდიდა, მე ეგრეთ წოდებულ, ზედა „კოიკაზე” ვიწექი და უცებ რაღაცა ძალამ გამისროლა მეზობელ „კოიკაზე.” მერე ვაგონი გადაყირავდა, ჩაქრა სინათლეები და ყველაფერი მდინარე ყვირილას ხმაურმა მოიცვა. 

ერთხელაც იყო, ციმბირში რომ ავფრინდით თვითმფრინავით, ვერ აიღო სიმაღლე და ისევ დავხტით. სალონში მთელი ჩანთები თავზე დაგვეყარა.

– დაახასიათეთ საკუთარი თავი.

– ძალიან ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. წარმოიდგინეთ, მამაჩემი იყო მერვე დედმამიშვილებში. ბიძაჩემსაც 8 შვილი ჰყავდა და 16 ბავშვი იზრდებოდა ჩვენთან ოჯახში. მიყვარს ამ ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა. კიდევ, თუ არ მომწონს საქმე – ვერ გამაკეთებინებთ – საშინელი ჯიუტი ვარ.

– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.

– მე და რუსუდან ბოლქვაძე ცოლ-ქმარი რომ ვეგონეთ ძალიან დიდხანს, ეგ ხომ არარეალურია. სინამდვილეში რუსუდანი ჩემი შვილის ნათლიაა. სხვა ჭორები არ გამიგია, ეტყობა ჩემთვის არ სცალიათ, უფრო საინტერესო ხალხი ჰყავთ საჭორაოდ.

– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?

– რა ვიცი, აბა, ვფიქრობ კიდევ... მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი მიზნები მქონდა, ვცეკვავდი, მერე უნივერსიტეტში ვაბარებდი „მატერიალური-ტექნიკური მომარაგების ეკონონმიკა – დაგეგმვაზე”, ძლივს დავიმახსოვრე ეს დასახელება. ყველაზე ნაკლები კონკურსი მანდ იყო. საერთოდ, ვხატავდი და აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ისეთი კონკურსი იყო, არც იფიქრო, იქ ვერ მოხვდებიო – მირჩიეს. მერე, სრულიად შემთხვევით, გადამიღეს ფილმში. ეს იყო „წერილები ბამიდან” და მოვხვდი ციმბირში გადასაღებ მოედანზე ხუთ-თვენახევარი. ტაიგა იყო ულამაზესი. ისე მომეწონა, ვიფიქრე, სატყეოზე ჩავაბარებ-მეთქი. ამის შემდეგ, რეზო ჩხეიძემ მომაწყო სამუშაოდ თუმანიშვილის თეატრში. მიმიღეს ჯერ გამნათებლად, მერე – რეკვიზიტორად, მერე მიცვალებულიც ვითამაშე და ბოლოს ჩავაბარე თეატრალურში. მოვხვდი თუმანიშვილთან და ნელ-ნელა შემოვრჩი ამ ადგილს. მქონდა მომენტი, როცა ვერ დამიხსნეს და ძალით წამიყვანეს ჯარში. ზუსტად იმ პერიოდში რაჭველებზე ვიღებდით ფილმს, გიორგობიანი რომ თამაშობს „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”. ეგ ფილმი დაწყებული გვქონდა და მე ვიყავი გიორგობიანის ადგილას, მაგრამ დამიჭირეს და წამიყვანეს ჯარში. ჯარში მოვხვდი მენაღმეებში და ვიყავი მოსკოვიდან 2 000 კილომეტრში – ცხინვალში (იცინის).

– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღესდღეობით?

– მხატვარი მინდოდა ვყოფილიყავი. რამდენიმე სპექტაკლი გავაფორმე და რამდენიმე ფილმიც. პრიზებიც მაქვს აღებული, ამით ვტრაბახობ ხოლმე.

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ...

– ციგით გადმოვხტი ერთხელ ბაკურიანში,  მელიების ფერმისკენ რომ პატარა ტრამპლინი იყო, იქიდან. გზაში მივხვდი, რომ ვამთავრებდი სიცოცხლეს, რადგან ციგამ, რომელზეც ვიჯექი, მე გამასწრო და ამოვტრიალდი... სასწაულად გადავრჩი. მერე რომ დავდიოდი ბაკურიანში, ყველა თითით აჩვენებდა ჩემზე: ესაა ის დეგენერატი იქიდან რომ გადმოხტაო. იქაც ვიღაცეებს ვეპრანჭებოდი და იმიტომ გადმოვხტი.

– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით  და რას გააკეთებდით?

– სადაც ვცხოვრობთ, საინტერესო დროა, მაგრამ ძალიან რთულია. აღარ დამთავრდა ეს გაუთავებელი კინკლაობა. 

– საერთოდ, ფიცხი ხართ?

– ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ თუ გავბრაზდი...

– როგორი ხართ გაბრაზებული?

– ძალიან ცეცხლოვანი. შემიძლია, დავლეწო, დავანგრიო ყველაფერი – დიდი ხნის ნაშენები ერთ წამში. თუ ვინმესგან რამე მეწყინა, არ არსებობს მობრუნება და შეგუება, გადაწყვეტილი ამბავია – იმ ადამიანს ვკარგავ. იმას კი არა, იმის გარშემოც ვკარგავ ყველას. ეს ცუდი თვისებაა.

– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?

– როცა ვხედავ ადამიანის საოცარ სითავხედეს, „ხამობას,” მაშინ მართლა ვკარგავ თავს.

– მეშინია...

– მეშინია: უფლის, ჩემი არასწორი საქციელის; უზიარებლად რომ არ წავიდე ამქვეყნიდან.

– მომწონს...

– მომწონს ის, ვინც იმას ახერხებს, რაც მე მინდა.

– მაღელვებს...

– მაღელვებს მთელი ჩვენი მდგომარეობა. ძალიან მაღელვებს.

– მაშფოთებს...

– მაშფოთებს ვიღაცეების გულგრილობა და თავხედობა, წინ და უკან რომ დახტიან პარტიიდან-პარტიაში, ერთმანეთზე ლაპარაკობენ და საერთოდ, ვერ ვიტან ტელევიზორს. იმხელა ღვარძლი და ღვარცოფი გადმოდის იქიდან... არ ვიცი, რა ხდება.

– კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...

– ვარ მონასტერში. ხშირად ჩავდივარ და იქ ვარ ბედნიერი. 

– ხშირად თუ დამთვრალხართ და როგორი ხართ ამ დროს?

– ხშირად დავმთვრალვარ, კი. კარგი სიმთვრალე მაქვს. „ბულკი” ვარ სიმთვრალეში.

– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?

– რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამომადგა ეკუთვნის მიხეილ თუმანიშვილს. მეუბნებოდა: ნუ გეგონება, რომ ძალიან მაგარი ხარ, დაიღუპები ბიჭი, დაიღუპები...

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...

– მოთმინებაა საჭირო.

– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ...

– მარტონი არა ვართ და ბევრი ვიღაც გვიყურებს, როგორც იმქვეყნიდან, ისე უფლისგან. ძალიან მჯერა სულთა კავშირის. 

– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ? 

– ჩემთვის ფინანსები დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს. არასდროს მექნება ფული, დედას გეფიცებით, იმიტომ რომ, ფულს ვერ გავაჩერებ ჯიბეში.

– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?

– კარგ ქეიფსა და მეგობრებთან ურთიერთობაზე არ ვამბობ უარს, ასევე, თევზაობაზე.

– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიგიღიათ?

– ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ჩემთან სიახლოვე არ აქვს (იცინის). მე მაქვს სპონტანური გადაწყვეტილებები... 

აი, უჭკუო გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომელზეც დღესაც დამცინიან ჩემი მეგობრები. ჯარში რომ ჩავედი, იქ ხომ მენაღმეები ვიყავით. მე და დათო გოგიაშვილი – „თავგასა” ვიწექით ერთ საწოლზე. ეს საწოლი ფერდობზე იდგა, „პალატკაში” ვიყავით და სრიალებდა ჩვენი საწოლი. ავწიე მძინარე თავგასა ღამით, საწოლს ვიწყობდი და ორი  ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი აქეთა ფეხებში დავუდე, ორიც – იქით. გავასწორე კარგად, დავწექი და გემრიელად დამეძინა. დილით მაღვიძებდა მთელი სამშობლო, რომ არ გადმოვსულიყავი საწოლიდან, – ავწევდი ჰაერში ყველაფერს. თავგასა იძახდა, მკლავდი, შე შობელძაღლო, რა გინდოდაო. 

– რას გვეტყვით თქვენი რელიგიური ცხოვრების შესახებ?

– იყო პერიოდი, საერთოდ წავედი თეატრიდან და მივედი მონასტერში. უნდა ვეკურთხებინე მღვდლად, მაგრამ მერე შემაჩერეს და უკან დამაბრუნეს. 

– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში? 

–  ჩემი შვილები დაწერენ, ალბათ, რომ მათი მამა ვიყავი. მთავარია, იქ რას იტყვიან, იქ რომ მიხვალ. იმათმა გიცნონ მთავარია, თორემ აქ ვინ გიცნობს, რა მნიშვნელობა აქვს. 

скачать dle 11.3