ვინ ითვლება საქართველოში ღარიბად და რატომ ჰყავს მილიონ ასი ათას ოჯახს 900 000 ავტომობილი
ქართველები, რომლებიც დიდი შემოსავლებით არ გამოვირჩევით, ყველაზე მეტ ფულს სურსათში ვხარჯავთ, თუმცა ჩვენი შემოსავლების ფონზე ერთი უცნაური სტატისტიკაც გვაქვს – მილიონ ასი ათას ოჯახზე 900 000 ავტომობილი მოდის, რითაც მილიონერთა ქალაქ ჟენევასაც კი „ვუსწრებთ”. რაში იხარჯება ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები და როგორია ეს მონაცემები ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში, ამის შესახებ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სოსო არჩვაძეს გავესაუბრეთ.
სოსო არჩვაძე: საქართველოში სამომხმარებლო ხარჯების ყველაზე დიდი წილი, არანაკლებ 35%, სურსათზე მოდის. რაც შეეხება სამომხმარებლო ფულად ხარჯებს, აქ სურსათის მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებს. სურსათს სამომხარებლო ხარჯებში მოჰყვება კომუნალური და სხვა მომსახურების ხარჯები, ამას მოსდევს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების ტექნიკა. არ დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა ღარიბი და მდიდარი მოსახლეობის მონაცემებს შორის. მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში ღარიბი მოსახლეობის ფულადი წილი სურსათში მათი სამომხმარებლო ხარჯების ნახევარზე მეტია, მდიდრების შემთხვევაში – დაახლოებით 18 %. შეიძლება ითქვას, რომ ქართველები ყველაზე მეტ ფულს ვხარჯავთ სურსათში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო დაბალი ეკონომიკური განვითარების საფეხურზეა. ევროპული სტანდარტების მიხედვით, თუ ოჯახი სამომხმარებლო ხარჯების 1/3-ზე მეტს ხარჯავს სურსათზე, ის ოჯახი ითვლება ღარიბად; ამ სტანდარტის მიხედვით, საშუალო ტიპური ქართული ოჯახი შეიძლება მივიჩნიოთ ღარიბად ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების წილი, რომელთაც აქვთ საშუალება, საკუთარ თავს მისცენ ბევრი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უფლება, არ აღემატება საერთო მოსახლეობის 2-2,5%-ს, ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 23% ჩვენი სტანდარტებით ღარიბია; მათგან 9% – ღატაკი, რომელიც მხოლოდ სურსათით გადის ფონს.
– რა კრიტერიუმებით ფასდება დღეს ღარიბი, ღატაკი და საშუალო ფენები და როგორია ამ შეფასების ქართული სტანდარტი?
– თუ საქართველოში ერთი ოჯახის, იგივე შინამეურნეობის შემოსავალი 700 ლარია, მაშინ ღარიბად ჩაითვლება ის ოჯახი, რომლის მედიანური შემოსავალიც 420 ლარზე ნაკლებია. ექსპერტთა შეფასებით, ჩვენთან საშუალო ფენას მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთა შემოსავლები ოფიციალურ საარსებო მინიმუმს აღემატება 3-6-ჯერ. ევროპული სტანდარტით, საშუალო ფენას მიაკუთვნებენ იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სახლი, თითოეულ ოჯახის წევრზე დაახლოებით 20 კვადრატული; აგარაკი, 1-2 ავტომობილი, აძლევენ თავს უფლებას, წელიწადში ორჯერ დაისვენონ... მკითხველი მიხვდება, ჩვენთან ვინ ფასდება ასეთი კრიტერიუმით.
– მდიდრები?
– შეიძლება ითქვას, რომ ასეა. მას დეპოზიტზე უნდა ჰქონდეს თანხა, რომელიც 18 თვის საარსებო მინიმუმის ეკვივალენტურია. ქართველებმა მდიდრებზე ვიცით გამოთქმა „ჩაქცეული”, მაგრამ ამ სიტყვის შესატყვისი ქონების რაოდენობრივი პარამეტრი სტანდარტულად დადგენილი არაა.
– მდიდრები რაში ხარჯავენ უფრო მეტ ფულს?
– მათი დიაპაზონი ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია; მდიდრები ფულის დიდ ნაწილს ხარჯავენ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში: მოგზაურობაში, შოპინგში, გართობაში, რელაქსაციაში, სწავლა-განათლებაში, ესთეტიკურ ოპერაციებსა და პრევენციულ ჯანმრთელობაში; ფაქტობრივად, არ არსებობს სამომხმარებლო მიმართულება, რაზეც მდიდარს ხელი არ მიუწვდება ან ინტერესი არ გააჩნია. თუმცა, მათი ხარჯების მონაცემებშიც ყველაზე დიდი პროცენტული წილი სურსათს უკავია – მდიდრების სამომხმარებლო ბიუჯეტიდან ხარჯები სურსათზე 3,8-ჯერ მეტია, ვიდრე ღარიბებისა, მაგრამ, მდიდრების, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის სამომხმარებლო რაციონში სურსათს მხოლოდ 18% უკავია. მაშინ როცა ღარიბებთან ეს მაჩვენებელი მათი ხარჯების ნახევარზე მეტია. ისინი პროცენტულად უფრო ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ღარიბები, თუმცა, მოიხმარენ უფრო მაღალი ხარისხის ნედლეულითა და მოხმარების მაღალი მზაობით უზრუნველყოფილ პროდუქტს და, შესაბამისად, მათი ფასიც მაღალია. მდიდრების, ისევე, როგორც ღარიბების ხარჯებში, მეორე „ადგილი” უკავია კომუნალურ და სხვა სახის მომსახურების ხარჯებს. ამას გარდა, მდიდარს სახლში, შესაძლოა, ჰქონდეს ბევრი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, სიგნალიზაციით დაწყებული, სატელიტური თეფშებით დამთავრებული, რაც, შესაბამისად, ზრდის ხარჯს. მე სპეციალურად გავაკეთე ანალიზი და, შემიძლია, გითხრათ, რომ, თუ ღარიბ მოსახლეობაში კომუნალური და სხვა მომსახურების ხარჯები არის 21-22%, მდიდარი მოსახლეობის კომუნალური ხარჯი დიდად არ განსხვავდება მათგან და ეს მაჩვენებელი 24%-ს შეადგენს კომუნალური ჩამონათვალის უფრო ვრცელი ნომენკლატურის გამო.
– და სხვა არამატერიალური სიკეთეები: დასვენება, კულტურა, მოგზაურობა – რა თანხებს ვუთმობთ მათ?
– ამის პასუხად ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ესტონეთში მოსახლეობის რაოდენობა საქართველოს მოსახლეობაზე 3-ჯერ ნაკლებია, მაგრამ იქ გამოსული ახალი მხატვრული რომანის ტირაჟი საშუალოდ 10-12 ათასია, ჩვენთან კი დიდი ხანია, ასეთი ტირაჟებით წიგნი აღარ გამოდის და, თუ ვინმე ორ-სამ ათას წიგნს გაყიდის, ეს უკვე კარგი მაჩვენებელია. კითხვადობის ინტენსივობით ჩვენზე სამჯერ ნაკლებ მოსახლეობაში გამოცემული წიგნების ტირაჟი ოთხჯერ მაღალია. გაეროს მონაცემით, ეკონომიკური განვითარების მხრივ, ჩვენ 112-ე ადგილზე ვართ, უფრო წინა, 79-81-ე პოზიცია გვიკავია ე. წ. ადამიანისეული განვითარების ინდექსით. ბოლო ათი წელიწადია, მოსახლეობის პრიორიტეტად იქცა განათლება. საგრძნობლად მოიმატა ამ მხრივ გაწეულმა ხარჯებმა. ევროკავშირის ქვეყნებში განათლებაზე საშუალოდ იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 5,8%, ხოლო ჩვენთან – 3,2 %. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს და მოსახლეობის უმეტესობას საკმაოდ დაბალი შემოსავალი აქვს, საკმაოდ მაღალია მოსახლეობაში განათლების მიღების მოტივაცია. ქართველი შეიძლება მშიერი დარჩეს, მაგრამ ცდილობს შვილს კარგი განათლება მისცეს, რაც რა თქმა უნდა, კარგი ტენდენციაა. ხარჯების ნუსხაში ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ დაჯამებულა ბოლო მონაცემები, მაგრამ 2013 წლის მონაცემებით საქართველო არის იმ ქვეყნების პირველ ათეულში, სადაც ჯანდაცვაზე გაღებულ ხარჯებში მოსახლეობის წილი 69%-ია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კომუნიკაციების მოხმარების მაჩვენებელი. შესაძლოა, სტუდენტს საშუალო ოჯახიდან არ ჰქონდეს ტრანსპორტის ფული, მაგრამ უნდა ჰქონდეს კარგი მობილური ტელეფონი.
– თქვენი მონაცემებით, საქართველოში მილიონ ასი ათასი ოჯახია და თითქმის 900 000 ავტომობილი. ეს სტატისტიკა რაზე მეტყველებს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო იზრდება ავტომობილების კონცენტრაციის ოდენობა თითოეულ ოჯახზე. იმატებს ისეთი ოჯახების რაოდენობა, რომელთა მფლობელობაში ერთზე მეტი ავტომობილია. ევროპული სტანდარტით, განვითარებულ ქვეყნად ითვლება ის ქვეყანა, სადაც კომუნალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მოწესრიგებული და არა ის, სადაც ბევრი ავტომობილია. ამის მაგალითად მოვიყვან ჟენევას, რომელიც მილიონერთა ქალაქია და სადაც ცხოვრების დონე ძალიან მაღალია, განვითარებულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი. ჩვენი სტატისტიკა ამ მხრივ მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ჩვენ გვჭირს პროვინციული სნობიზმი; ჩვენ არც ისეთი მდიდრები ვართ, რომ ამდენი ავტომობილით მოვიწონოთ თავი (იცინის). ჩვენთან დღეს ტენდენციებად იქცა საბანკო ვალებით ავტომობილების შეძენა, იპოთეკით ქონების დატვირთვა. მე ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ერთ სტატისტიკას მოვიშველიებ – მეორე კვარტალში ჩვენმა საბანკო სექტორმა ხელში ჩაიგდო კერძო მესაკუთრეთა 86 მილიონი ლარის ქონება, საგრძნობლად გაიზარდა მოვალეთა რეესტრში შეტანილ ფიზიკურ და იურდიულ პირთა რაოდენობა. ჩვენ ვიღებთ ვალებს ისე, რომ ხშირად არ გვაქვს გაცნობიერებული მათი გადახდის გზები და საშუალებები. ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში ფონს გასვლა გვინდა იმ წესებით, რითაც არ გვიცხოვრია, ასე კი არ გამოდის.