რას ეძახის გოჩა კაპანაძე „სულთა გაყინვას” და ვის შემხედვარეს იპყრობს მას შიში
მას ნამდვილად აქვს ის თვისება, რითაც სამშობლოსადმი ქართველის სიყვარული იზომება. გოჩა კაპანაძისთვის ქართველობა – უპირველესად პასუხისმგებლობაა და, ისურვებდა, რომ ბევრისთვის ყოფილიყო ასე. მაშინ გაცილებით კარგ, ძლიერ და პოზიტივებით სავსე საქართველოში ვიცხოვრებდით...
გოჩა კაპანაძე: რას ნიშნავს, იყო ქართველი – ქართველისთვის უპირველესად ეს არის სიამაყის განცდა და უდიდესი პასუხისმგებლობა. თუ აცნობიერებ ამ ყველაფერს, მაშინ, სერიოზულ მოთხოვნებს უყენებ საკუთარ თავს – ცდილობ, იყო მოწესრიგებული მოქალაქე და შენი საქმის პროფესიონალი. მე ვისურვებდი, რომ ქართველობა არ იყოს აღქმული ქართველის მიერ მხოლოდ ემოციურად, არამედ, სრული შეგნებით მოვეკიდოთ მას, გავამყაროთ ინტელექტუალური ბაზითა და რესურსებით.
– რა შეიძლება გაუკეთოს ერთმა, რიგითმა ქართველმა ქვეყანას?
– რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოსთხოვ, დავით აღმაშენებელი ან ცოტნე დადიანი იყოს; არავინ ჩაეშენება ციხის კედელში... მაგრამ, ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, შეგვიძლია, კარგად ვაკეთოთ საქმე, რომელიც ვიცით. შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ისეთი შესაძლებლობები, როგორსაც ვინატრებდით, მაგრამ, საქმის კარგად კეთების სურვილი უკვე ბევრს ნიშნავს. წარმატებული ქართველი ჩემში ყოველთვის იწვევს სიამაყის განცდას, სულერთია, რა საქმესაც უნდა აკეთებდეს ის და, თეთრი შურითაც კი არ მშურს ხოლმე მისი (იღიმება). რა სჯობია წარმატებული ქართველის ყურებას! მერე უკვე შთამომავლობა მოგიჩენს ადგილს და ისტორიის თაროზე შენთვის შესაფერის ნიშაში მოგათავსებს; ის გადაწყვეტს, ერთი ჩვეულებრივი ქართველი ხარ თუ გამორჩეული. თუმცა, ჩვეულებრივი ქართველობაც ძალიან საპატიოა, თუკი ცხოვრობ და შრომობ ისე, როგორც შენს ქვეყანას სჭირდება.
– ამბობენ, ქართველი თავის საუკეთესო თვისებებს თავის ქვეყანაში კი არა, უცხოეთში ავლენსო. ეთანხმებით ამას?
– ნაწილობრივ კი. იცით, რაშია საქმე? ამ დროს ძალიან დიდ როლს თამაშობს ის, რომ უცხოეთში ყოფნისას, ფაქტობრივად, ექსტრემალურ მდგომარეობაში ხარ, უფრო მეტი ბრძოლა გიწევს გადარჩენისა და თვითდამკვიდრებისთვის; ირთვება და აქტიურდება ინსტინქტი. ქართველი სამშობლოში და ქართველი სამშობლოს გარეთ – არ არის ერთი და იგივე მდგომარეობაში. სხვა ქვეყანაში, სხვა პოლიტიკურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ გარემოში, გაცილებით მეტი ძალისხმევა გჭირდება, რომ დაამტკიცო, ვინ ხარ შენ და საკუთარ თავსაც დაუმტკიცო შენი უპირატესობა. თუ არა და, მაშინ, რისთვის მიდიხარ იმ ქვეყანაში? ცხადია, იმისთვის, რომ, მიგაჩნია, იქ გექნება შენი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. ხშირად ამიტომ ხდება, რომ იქ სწრაფად აღწევენ წარმატებას და ეს ძალიან კარგია. უცხოეთში ფასობს იდეები. იდეები, კი ძალიან ბევრი აქვს არა მარტო ქართველს, არამედ, პოსტსაბჭოურ, ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრებ ბევრ ადამიანს. შინაგანად ყოველთვის ვიყავით თავისუფლები და ვართ კიდეც, მაგრამ, ძალიან დიდხანს არ გვქონდა საშუალება, ფიზიკურად გამოგვევლინა ჩვენი ნიჭი და შესაძლებლობები. მედიცინაში როგორი წარმატება აქვთ ქართველებს, თუნდაც ინგლისში? კარგი იყო, მათი ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოხმარებოდა და ამაზე მეც გული მწყდება, მაგრამ, მსოფლიო ცოდნის სკივრშიც რომ დებენ საინტერესო და მნიშვნელოვან ფურცელს, ესეც მეამაყება. მიხარია, მსოფლიოს განებივრებული მსმენელი აღფრთოვანებით რომ უსმენს ქართველ საოპერო მომღერლებს და იცის, რომ ის ქართველია. იმედი მაქვს, ის დროც დადგება, ჩვენს ქვეყანაშიც იქნება ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს არის ფუჭად დახარჯული ენერგია და გადაყრილი პოტენციალი...
– ქართველობას გვართმევენო... – რას ფიქრობთ ამაზე?
– ვფიქრობ იმას, რომ ჩვენ ქართველობას ყოველთვის ვიცავდით და დავიცავთ კიდეც. ჩვენი სულიერება ითხოვს ამას და ასეა ბევრი სხვა, ჩვენზე დიდი ერიც. ავიღოთ, თუნდაც, ინგლისელები – ისინი ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ტრადიციებსა და იდენტურობას. მტერი ყოველთვის გვყავდა და ჩვენც ვიცავდით ჩვენს იდენტურობას, ჩვენს მეობას. საკითხი ახლაც ასე დგას და, მით უფრო მწვავეა იმ ფონზე, როცა ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია. ბევრი ჩვენზე ძლიერი ერი გაქრა ფიზიკურადაც და სულიერადაც. განგებამ ინება, რომ გადავრჩენილიყავით. ბუნებრივია, გაზულუქებული ერი ვერ შეძლებს თავისი მეობის, იდენტურობის გადარჩენას. ილია ჭავჭავაძესაც აწუხებდა ეს პრობლემა და ძალიან სტკიოდა. იმიტომაც აკრიტიკებდა თავის „ლუარსაბ თათქარიძეში“ გაზულუქებულ ქართველს. ძალიან სიფხიზლეა საჭირო და ყოველთვის დასაცავი იქნება ჩვენი ქართველობა გლობალიზაციის ეპოქაში. თუმცა, ეს პრობლემა მარტო ქართველს არ უდგას, როგორც უკვე გითხარით. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც მათ ტრადიციებს, იდენტობას, კულტურას შეჰფერის, ინგლისიც კი გამოვა ევროგაერთიანებიდან და, ასევეა საფრანგეთიც. ისე არ მინდა გაიგოთ, რომ ვინმე ევროგაერთიანების წინააღმდეგია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ჩვენი იდენტურობის მნიშვნელოვანი დეტალები არ დაიკარგოს. პატარა ერი ვართ და, ბუნებრივია, უფრო მტკივნეულად განვიცდით ამას. ქართველმა საკუთარ ქვეყანაში ქართველად უნდა იგრძნოს თავი; დაცული უნდა იყოს უფლებები, ჰქონდეს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყანა – ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც გვჭირდება. ინგლისის მაგალითზე გეტყვით ისევ: კარგი ტრადიციების დაცვაზე რომ ვილაპარაკოთ, როცა ახლახან ინგლისში ჩაატარეს გამოკითხვა, უნდა დარჩენილიყო თუ არა მონარქია, აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი დედოფალს. მიუხედავად იმისა, რომ იაფი ნამდვილად არ უჯდებათ სამეფო ოჯახის შენახვა და ხშირად აკრიტიკებენ, ვერ წარმოუდგენიათ ინგლისი მონარქის გარეშე და ასეთ რაღაცეებს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ.
– ჩვენც ხომ არ გვჭირდება ერთი „პატარა“ მეფე?
– „პატარა მეფეებს“ მე თითქმის ყოველდღე ვხედავ ჩვენს ქვეყანაში – გუბერნატორების, სახელმწიფო მოხელეების სახით და შიში მიპყრობს. მონარქია გვჭირდება თუ არა?! არ ვიცი. ამას მენტალური მომზადება სჭირდება. თუმცა, ქართველი იდეალური მეფე ძალიან კარგი იქნებოდა. მოდი, ისევ ინგლისელებს მოვიყვან მაგალითად. როცა ქვეყანას უჭირდა, ომის დროს, ინგლისის დედოფალმა სასახლეში გამორთო სინათლე და გათბობა, გამოვიდა გარეთ და დილის ექვს საათზე დგებოდა ნახშირის რიგში – მე ვალდებული ვარ, ახლა ისე ვიცხოვრო, როგორც ჩემი ქვეშევრდომები ცხოვრობენო. ასეთ მონარქს ვისურვებდი და ვინატრებდი...
– ქართველის სამი მთავარი ნაკლი...
– ზარმაცობა, ზარმაცობა და ზარმაცობა (იღიმება). თუმცა, თუ მიხეილ ჯავახიშვილს დავესესხები, რომელმაც შესანიშნავად თქვა: „სამი რამ აკლია ქართველს: ეროვნული შეგნება, რეალობის ალღო და შრომის უნარი.” ძალიან ცოტა ჰკლებია... რაღა შერჩა?! – მადა, ზარმაცობა და ოცნება... – პრობლემა სერიოზული ყოფილა მაშინაც და ახლაც...
– ის, რომ ბოლო დროს ერთმანეთის მიმართ აღარ ვართ, შემწყნარებლები და გულისხმიერები?
– მე ამას „სულების გაყინვა” დავარქვი. თუმცა, მას „სხვა” სახელიც მოუფიქრეს და „გლობალიზაცია” უწოდეს. ევროკავშირის შეკრებაზე ვერ გამოხვალ და ვერ იტყვი, ეს იმიტომ მოხდა, რომ სულები გაგვეყინაო (იცინის), მაგრამ, თქვენ ხომ მიხვდით?! რა თქმა უნდა, გვაკლია ერთმანეთის პატივისცემა, გულისხმიერება, ჩვენზე სუსტის დაცვის სურვილი, შემწყნარებლობა; ერთმანეთის ტკივილის თანაზიარები აღარ ვხდებით... ავტობუსში მოხუცს და ორსულ ქალბატონს ადგილს არ უთმობენ... მაგრამ, ეს არ სჭირს მარტო ქართველს, უბრალოდ, ზოგჯერ მეტისმეტად კრიტიკულები ვართ საკუთარი ეროვნულობის მიმართ და, შეიძლება, ეს არც არის ცუდი, მთავარია, სულები ბოლომდე არ გაგვეყინოს. ჩვენ პატარა ერი ვართ და გვაქვს ისეთი შესანიშნავი თვისებები, როგორიც არის სტუმართმოყვარეობა, ქველმოქმედება და მოყვასის მიმართ სიყვარული – ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს ჩვენში...