რატომ გახშირდა რუსულ მედიაში საქართველოს მოსალოდნელი დაშლის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს რომელ რეგიონებში მუშაობენ აქტიურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და რატომ ვრცელდება ჩრდილო ოსეთში ხმები მოსალოდნელი ომის შესახებ
ამ ბოლო კვირას, აქეთ ედუარდ კოკოევი გამოჩნდა ავანსცენაზე, ძველი მოწოდებით, დავიბრუნოთ თრუსოს ხეობა, „ისტორიული ოსეთიო“, იქით საქართველოში პერსონა ნონგრატად გამოცხადებულმა ვინმე აგასი არაბიანმა, თავისი გაუგებარი ორგანიზაციის (რუსეთში ჯავახეთის დიასპორა) დაარისხა განგაშის ზარები: „საქართველო საფრთხეშიაო“, „დაშლა და სახელმწიფოებრიობის დაშლა ემუქრებაო“. შესაბამისად, სამოქმედო გეგმაც გაუმზადებიათ: „საქართველოში გადატრიალების შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონი უნდა გამოცხადდეს სუვერენულ ტერიტორიად, შეიქმნას დროებითი ხელისუფლება ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოების ჩამოყალიბებამდე, უარი ეთქვას დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას, დაიშალოს ყველა პოლიტიკური პარტია და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნის დაშლაში.“ ეს ბოდვითი განცხადება არ იქნებოდა ყურადღების მისაქცევი, რომ არა ის, რომ, ჯერ ერთი, აგასი არაბიანი მთლად დამოუკიდებლადაც არ გააკეთებდა მსგავს განცხადებას და, მეორე, რუსულ მედიაში გააქტიურდა მასალები საქართველოს რღვევის შეუქცევადობაზე. როგორ უნდა გავიგოთ ეს გზავნილები და რა შეიძლება, იყოს პრევენცია? – თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– აგასი არაბიანის და ასეთი ტიპის ავანტიურისტების პროგნოზი კი არ არის მთავარი, არამედ სიტუაციის ანალიზი. საზოგადოებას არ აქვს იმის დრო, რომ ღრმა ანალიზი გააკეთოს, სიტუაცია კი უაღრესად მძიმეა და რომ არა უკრაინის მოვლენები, კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. დღეს მთავარ დარტყმას თავის თავზე იღებს და ამით გვიწევს ფასდაუდებელ სამსახურს.
– თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ეს ვერ დაგვიცავს.
– ვერ დაგვიცავს, მაგრამ ამ წუთას ასეთი ვითარებაა: დღეს კრემლმა აბსოლუტურად მოიშორა ნიღაბი, ყოველგვარ საერთაშორისო შეთანხმებასა და თამაშის წესზე უარი თქვა და ამიტომ ის ორმაგად სახიფათოა, თუმცა ამ ხიფათში სიცხადეც მეტია. რადგან იცი, რომ ხელს ვერაფერი შეუშლის და ყველაფრის გამკეთებელია, სხვა საქმეა, რამდენად მიიყვანს ბოლომდე და შეუძლია თუ არა საქართველოს წინააღმდეგ რეალურად განახორციელოს ფართომასშტაბიანი აგრესია. დღეს ამის არც დრო აქვს რუსეთს და არც თავი. შეიძლება, თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ის უზარმაზარ რესურსს ხარჯავს უკრაინაში როგორც ადამიანურსა და სამხედროს, ისე ფინანსურს. ამდენად, დღევანდელ შეჭირვებულ ვითარებაში რუსეთისთვის რთულია კიდევ ერთ ავანტიურაში თავის გაყოფა, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი.
– როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩრდილო ოსეთში დადის ხმები, რომ კვლავ ომია მოსალოდნელი. ფაქტია, ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება ხალხის განწყობას ამზადებს.
– შევაფასოთ, რა ვითარებაა თვითონ მოსკოვში: მოსკოვში გარდამავალი პერიოდია, როდესაც სურსათის ნაირსახეობა გაქრა ამ სანქციების გამო, ფულის მასა აღარ არის ხალხში და ერთგვარი ბლოკადის პირობებშია ქალაქი, დანარჩენი რუსეთის მდგომარეობა ბევრად უფრო კატასტროფულია. ზუსტად ვიცი, რომ ტოპჟურნალისტები ხელფასს ვერ იღებენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უბრალო ხალხი განაწყენებული კი არ არის ხელისუფლებაზე, არამედ მობილიზებულია, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ სწორი პროპაგანდისტული ფონი შექმნა, ჩვენ მსოფლიო გვებრძვისო.
– ძველი ლოზუნგით: დამპალი კაპიტალისტები.
– ამიტომაც არიან მობილიზებულები, აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმისა, რომ რუსეთში სოციალური აფეთქება მოხდება, არ არსებობს, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ეს საფრთხე შეიძლება, დადგეს, მაგრამ არა ახლა. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, გაღიზიანებაა ჩინეთის მიმართ, რომელიც მოკავშირეობას არ უწევს რუსეთს.
– ჩინეთი რაღა შუაშია?
– პროპაგანდა ასე იყო აგებული: კაპიტალისტები არიან ცუდები, თუმცა ჩინეთია კარგი, მაგრამ ახლა ჩინეთმაც უარი თქვა 25 მილიარდის გადახდაზე, რასაც საგაზო კონტრაქტი გულისხმობდა და ამის გამო არიან გაბრაზებულები. თუმცა მთავარი ისაა, რომ რუსეთის მოსახლეობა მობილიზებულია და მოგეხსენებათ, რომ მობილიზებული რუსი ხალხი ომისთვის მზა მასალაა და ძალიან საშიშია. რაც შეეხება სავარაუდო სცენარს, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები: მოვლენების განვითარების რამდენიმე ვექტორია. ის, რასაც ჟირინოვსკი ამბობს, რომ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ამ ეტაპზე უტოპიურია. ჟირინოვსკი ახმოვანებს კრემლის მესვეურთა სურვილს, რომ „ნატო“ დასაჯონ და ითვლება, რომ „ნატოს“ დასჯის საუკეთესო ხერხია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე შეტევა, თუმცა, ვფიქრობ, ეს კონსტრპროდუქტიულია და არაფერს მოუტანს რუსეთს.
– ყურადღების გადატანის მანევრიც ხომ არ არის? სხვა მიმართულებით აპირებს დარტყმას და აქცენტს აკეთებს ბალტიისპირეთზე?
– შეიძლება… სხვა ერთადერთი მიმართულებაა კავკასია. ჩვენ ხშირად ვამბობთ, მეც, მათ შორის, რომ, თუ საქართველო განაგრძობს „ნატოსთან“ ინტეგრაციის პროცესს, ეს მისცემს რუსეთს საბაბს, რომ საქართველოს შეუტიოს. მინდა, განსაკუთრებით, ხაზი გავუსვა იმას, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა საქართველოს დასჯა კი არ არის, არამედ – კავკასიის არდაკარგვა. ამიტომ „ნატოსთან“ საქართველოს ინტეგრაცია რუსეთს იძულებულს ხდის, ეს ნაბიჯი გადადგას საქართველოს მიმართ.
– ხომ არ აკეთილშობილებთ რუსეთის ზრახვებს?
– შემეკამათეთ და მესმის თქვენი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მეტოქის მდგომარეობაში უნდა ჩავიყენოთ თავი, რომ ვიცოდეთ მისი ინტერესები, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და თუ არ შეგიძლია შენი ინტერესების დაცვა, მაშინ მაქსიმალურად უნდა მოერიდო კონფრონტაციას, რასაც არ აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, კონფრონტაციაზე არ წავიდეს, მაგრამ მოვლენათა განვითარება იძულებულს ხდის, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ერთ-ერთი მხარისთვის, ამ შემთხვევაში, რუსეთისთვის არასასურველია.
– ცალსახაა, რომ რუსეთი სასიკვდილოდ ჩაგვეჭიდება და ამიტომ წავა ყველაფერზე, რომ არ დაკარგოს გავლენა საქართველოზე, რადგან ამის შემდეგ ის დაკარგავს მთლიანად კავკასიასაც. დასავლეთსაც ხომ ესმის ეს, ის რატომ არ მიმართავს არანაირ ქმედით აქტივობას, რომ დაგვიტოვოს თავის გავლენაში, რომ არ დაკარგოს კავკასია?
– დასავლეთი, სამწუხაროდ, არ არის ერთი პირი. დასავლეთის ტრანსნაციონალურ კომპანიებს ხშირად განსხვავებული მიზნები და ამოცანები აქვთ. ტრანსნაციონალური კომპანიები მართავენ, ფაქტობრივად, პოლიტიკურ პროცესებს. დღევანდელი პოლიტიკა რეალურად არის რესურსებისთვის ბრძოლა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთისადმი დასავლეთის შეტევა განპირობებულია იმით, რომ რუსეთის პოლიტიკა არ მოსწონთ, ცდება. ხვალ თუ ზედ მსოფლიოში რესურსული შიმშილი დაიწყება, ამიტომ საჭიროა იმ უზარმაზარი ტერიტორიის ათვისება, რასაც ჰქვია რუსეთი, რომელიც უმდიდრესია თავისი რესურსებით. დასავლეთი, ბუნებრივია, ჩქარობს, რადგან გამოჩნდა ამ რესურსების ამთვისებელი ჩინეთის სახით. ასე რომ, ან ერთის მოკავშირე უნდა იყოს რუსეთი, ან – მეორის. მაგრამ რუსეთი მოკავშირეობას არ ინდომებს და თვითონ უნდა, გახდეს ზესახელმწიფო, ამიტომაა ყველა მობილიზებული მის წინააღმდეგ. რუსეთს მიაჩნია, რომ მსოფლიო უნდა აკონტროლოს სამმა ქვეყანამ – ამერიკამ, ჩინეთმა და რუსეთმა, მაგრამ იმის თავი, იყოს ამ სამეულში ერთ-ერთი, რუსეთს არ აქვს. ამიტომ ცდილობენ, გადმოიბირონ ან შეეცილონ მას იმ რესურსების დაუფლებაში, რაც რუსეთს აქვს. თან, ეს ბრძოლა მხოლოდ ამ სამეულს შორის არ მიდის. ამ ბრძოლაში აქტიურადაა ჩაბმული ზოგიერთი სხვა ქვეყანა და რეგიონული გაერთიანება, მაგალითად, არაბები. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ და დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნავთობის ფასის ვარდნას არაბები დაეთანხმნენ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ არ არის გამორიცხული, ხვალ ისევ აწიონ ფასები ნავთობზე და რუსეთის წისქვილზე დაასხან წყალი, თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა არ განავითარონ ფიქალის გაზის მოპოვება. ერთი სიტყვით, რესურსებისთვის ბროლა განაპირობებს დღეს მსოფლიო პოლიტიკას. ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ ომში ვართ ქვიშის მარცვალი პატარა კოზირებით და ამ კოზირების გამოყენება მხოლოდ პოლიტიკური სიბრძნითაა შესაძლებელი, რის ხილვასაც ამ ქვეყანაში ვერაფრით მოვესწარით. დღეს ასეთი ვითარებაა: საქართველომ გადადგა აქტიური ნაბიჯი „ნატოსკენ“, ვგულისხმობ წინა კვირას სტოლტენბერგის ვიზიტი.
– აბა, არ ჩამოხვიდე, შე არამზადაო, ხომ არ ეტყოდნენ?
– ამიტომ მეცინება, როდესაც ოპოზიცია ან საქმეში ჩაუხედავი მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველომ კურსი იცვალა. ასე არ ხდება: დილით გავიღვიძე და რუსეთში ვარ. ვალდებულებების მთელი სისტემაა, რაც არ გაძლევს მკვეთრი მანევრის საშუალებას. პოლიტიკა ბინძური რამაა და კეთდება პრინციპით: ვინც მეტს იხდის, რაც საკმაოდ სწორი ფორმულაა. ვნახოთ, რა განსხვავებაა ამერიკელებსა და რუსებს შორის: ამერიკელები გთავაზობენ თავიანთი გავლენის დამკვიდრებას და ამაში იხდიან ფულს, რუსები გთავაზობენ თავიანთი გავლენების დამკვიდრებას და ამაში არ იხდიან არაფერს.
– ბოლო დროს დახვავდა ანტიქართული ინფორმაცია: იქით – თრუსოს ხეობის „ოსურობის“, აქეთ – არაბიანი არისხებს განგაშის ზარებს, საქართველო იშლება და გადავარჩინოთ სუვერენული სამცხე-ჯავახეთიო.
– არსებობს ჩვენთვის სახიფათო გამოწვევათა ჩამონათვალი. კერძოდ: საქართველოს ზოგიერთი რეგიონი, სადაც რუსეთის აგენტურა ძალიან ეფექტიანად მუშაობს და სიტუაციის არევა შეუძლიათ, მაგალითად, ჯავახეთი და სამეგრელოც.
– მე სამეგრელოს იმედი მაქვს!
– თქვენ მეგრელების იმედი გაქვთ და ეს სხვა რამაა. როდესაც არ არსებობს სახელმწიფო იდეოლოგია, ქვეყნის დაშლა ძალიან მარტივია. ამას გარდა, არსებობს რეგიონი, სადაც სხვა ქვეყნის პეცსამსახურები მუშაობენ აქტიურად – ქვემო ქართლი; აჭარა, კახეთის ზოგიერთი რეგიონი. საქართველოში ერთდროულად არსებობს რუსეთის ექსპანსიის, რეგიონული დეზინტეგრაციის, პოლიტიკური ისლამის პრობლემა… ამასთან, არსებობს მითიური ტერიტორიული პრეტენზიები თრუსოს ხეობასთან დაკავშირებული. საერთოდ, ცნება „თრიალეთის ოსეთი“ შეიქმნა 2000-ნების დასაწყისში და მასში იგულისხმება ბორჯომის ხეობა, სადაც ადრე ოსები ცხოვრობოდნენ, თრუსოს ხეობა და კობის ქვაბული, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ოსებთან. მაგრამ ამ იდეას მთლიანობაში ჰქვია „თრიალეთის ოსეთი“. ამ იდეოლოგიისთვის მთელი ორგანიზაციებია შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე თუ საქართველოს საზღვრებთან ახლოს, რომლებიც საქართველოს დეზინტეგრაციაზე მუშაობენ. მაგალითად, ამ იდეოლოგიის გამტარებელია ორგანიზაცია „დარიალი“ ვლადიკავკაზში, საქართველოშიც გვაქვს ასეთი ორგანიზაციები, ოღონდ ისლამისტური. ავიღოთ იგივე ჯავახეთი: იმის თქმა, რომ იქ სეპარატისტული განწყობებია, მტკნარი სიცრუეა, მაგრამ ჯავახეთში არსებობს რუსეთის გავლენის აგენტურა, რომელიც იქ დარჩა რუსეთის ბაზის გასვლის შემდეგ. სეპარატისტული განწყობა კი იმიტომ არ არის, რომ ცხოვრება შეიცვალა. არ მინდა დავასახელო, მაგრამ ერთ-ერთმა ცნობილმა იქაურმა სეპარატისტმა სესხი აიღო ბანკიდან, ფერმას აკეთებს და საერთოდ არ სცხელა სეპარატიზმისთვის. მაგრამ რუსეთს, თუ მოინდომებს, სიტუაციის შეცვლა შეუძლია და ამისთვისაა ზუსტად აგასი არაბიანის მსგავსი ორგანიზაცია. მეორე მხრივ, აგასი არაბიანს არ მიიჩნევენ ავტორიტეტად ჯავახეთში და ამიტომ სერიოზულად არც აღუქვამთ მისი განცხადება, მაგრამ, როდესაც მუდმივადაა ლაპარაკი, რომ დღეს თუ ხვალ საქართველო დაიშლება, ესეც მუშაობს. ამიტომ სახელმწიფომ კონტრღონისძიებათა წყება უნდა შეიმუშაოს და გაანეიტრალოს ასეთი გამოწვევები. პრევენციისთვის შესაქმნელია კონტრღონისძიებების პაკეტი, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, იქნებ არსებობს და ჩვენ არ ვიცითო, მაგრამ რომ იყოს, დავინახავდით, რომ სწორად მუშაობენ ეროვნულ უმცირესობებთან, სწორად იყენებენ იმ კადრებს, რომლებიც იცნობენ პრობლემას და იყენებენ ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო მართვაში.