კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გაუწევს საქართველო კონკურენციას წყლის იმპორტში მსოფლიო მონოპოლისტებს და რა შემთხვევაშია შესაძლებელი ექსპორტის გაზრდა 100-ჯერ

ის, რომ წყალი ნავთობზე დიდი სიმდიდრეა, მხოლოდ თეორიულად ვიცით, რადგან პრაქტიკულად წყლის უზარმაზარი მარაგების საჩვენოდ გამოყენებასაც ვერ ვახერხებთ: სასმელი წყლის ნაკლებობასაც უჩივის მოსახლეობა და სარწყავისაც. გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს წყლის საექსპორტოდ ჩამოსასხმელი ქარხნის აშენება იგეგმება. ქართული წყლის საექსპორტო პერსპექტივაში გარკვევას სანდრო თვალჭრელიძესთან ერთად შევეცდებით.

– დანამდვილებით ვიცი, რომ ჩამოსულები არიან ჩეხი სპეციალისტები, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ჩვენი არტეზიული წყლების მდგომარეობა.

– ნამდვილად ასეა… თუმცა საქართველო ჰიდროგეოლოგიურად ყველაზე კარგად შესწავლილი რეგიონი იყო მსოფლიოში საბჭოთა დროს. ძალიან ბევრი პარამეტრული ჭა არსებობდა, რომლებშიც იდგა სხვადასხვა დანადგარი წყლის წნევის, დონის შესასწავლად, ქიმიური სინჯების ასაღებად. რაც თავისუფალი საქართველო გაჩნდა, ასეთი კვლევები აღარ ჩატარებულა, რაც ძალიან ცუდია ჩვენთვის. ნავთობი კარგია, მაგრამ უნავთობოდ ადამიანი იარსებებს, უწყლოდ კი – ვერა. არადა, ჩვენ გვაქვს ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი სიმდიდრე –  მსოფლიო მნიშვნელობის წყლისა და მინერალური მიწისქვეშა წყლის რესურსი, რომელიც სეზონურად არ იცვლის თავის თვისებებს.

– წყალი სეზონურად იცვლის თვისებებს?

– ზედაპირული წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ, სხვადასხვა ხარისხისაა. მაგალითად, ბულაჩაურის წყალსაცავის წყალი კარგია, მაგრამ ჟინვალის წყლის ქიმიური შედგენილობა იცვლება წვიმის შემდეგ, იმიტომ რომ, სხვადასხვა ნატანი მოაქვს.

– თითქოს დაიწია მიწისქვეშა არტეზიულმა წყლებმა, რაც დეფიციტს შექმნისო.

– ეს არ ვიცით, პარამეტრული დაკვირვებები არ ჩატარებულა, ამიტომ დაველოდოთ შედეგებს. ფაქტია, რომ არტეზიული წყლები უნდა შევისწავლოთ, მაგრამ რისთვის გვჭირდება ჩეხები? ყველაფერი იმის ბრალია, რომ გამქრალია გეოლოგიური სამსახური. ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის გეოლოგიური სამსახურის მოსპობა. პირადად მე, ჩავდიოდი ჩეხეთში ლექციების წასაკითხად და ვასწავლიდი მათ გეოლოგიას. აბსოლუტური პასუხისმგებლობით გეუბნებით: კარლოს უნივერსიტეტში ლექციებს ვუკითხავდი ჩეხ პროფესორებსა და დოცენტებს. კარგად ვიცნობ მათ გეოლოგიურ სამსახურს. ჩეხეთის გეოლოგიურ სამსახურს აქვს ფული და არ აქვს საქმე, ამიტომ თავად აფინანსებენ ასეთ კვლევებს და თავიანთ სპეციალისტებს ასაქმებენ. მაგალითად, ჩეხებმა უნდა შეისწავლონ დევდორაკის მყინვარი. მათი სპეციალისტები არიან 22-23 წლის გოგონები, რომლებმაც გეოლოგია გუშინ ისწავლეს. აი, ასეთ სპეციალისტებს გვიგზავნიან. ამდენად, ეს იქნება ჩეხეთის მთავრობის ფულის ათვისება და რეზულტატი იქნება საკმაოდ მწირი.

– როგორია მსოფლიოში წყლის მოპოვებისა და ექსპორტის პრაქტიკა და ვინ არის წამყვანი კომპანია?

– უდავო მსოფლიო ლიდერი საფრანგეთია, რომელიც მილიონობით ლიტრი ბუტილირებული წყლის ექსპორტს ახერხებს. თავის დროზე, შემოგვყავდა კიდეც საქართველოში ფრანგული კომპანია „პერიე ვიტელი“, მაგრამ, რატომღაც, მაშინ საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ მოიგო ტენდერი და მსოფლიოში წყლის ექსპორტის ლიდერი „პერიე ვიტელი“ არ შემოვუშვით. ის ფლობს ისეთ მსოფლიო ბრნედებს, როგორიცაა „სან პელეგრინო“ იტალიაში, მთელი რუსეთის ბუტილირებულ წყლებს, მთელი ჩეხეთის ბუტილირებულ წყლებს. ჩვენ ჩამოგვყავს ჩეხი სპეციალისტები, მათ მიწისქვეშა წყლებს კი ფრანგები უვლიან. 

– რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ფრანგული კომპანიის შემოყვანა ქართული წყლის ექსპორტისთვის?

– ამ შემთხვევაში მინერალურ და მტკნარ წყლებს ჩამოასხამდა არა საქართველო-უკრაინის ერთობლივი საწარმო და წყლის ექსპორტი იქნებოდა 100-ჯერ მეტი. არავინ იცნობდა მსოფლიოში „სან პელეგრინოს“ წყალს 20 წლის წინათ. „პერიე ვიტელმა“ გაუკეთა მსოფლიო რეკლამა. არადა, გაცილებით უკეთესი წყალია „ბორჯომი“ და „მიტარბი“, მაგრამ ჩვენ იმას, რასაც აკეთებს „პერინე ვიტელი“ ვერ ვაკეთებთ. მე ამ კომპანიას კარგად ვიცნობ, ვმუშაობდი კიდეც მათ კონსულტანტად.

– იმას ამბობთ, რომ ჩვენს მტკნარ და მინერალურ წყლებს, ევროპულ ბაზარაზე შეღწევის საშუალება არ აქვს?

– ჩეხების მეშვეობით ნამდვილად არა.

– პერსპექტივაზე თუ ვისაუბრებთ?

– ამის სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ ეს საქმე უნდა მართონ პროფესიონალებმა და არა ბიზნესმენებმა, რომლებმაც არაფერი იციან ამ ბიზნესის, კარგი კონსულტანტები უნდა ჰყავდეთ და ასე შემდეგ. ვიმეორებ –  ჩეხურ მინერალურ წყლებს მართავენ ფრანგები, ჩვენ კი ჩეხებს ვანდობთ არტეზიული წყლების შესწავლას, რომლებიც, როგორც სპეციალისტები ქართველ სპეციალისტებზე უარესები არიან და უფრო დაბალი კვალიფიკაცია აქვთ.

უნდა განვასხვავოთ არტეზიული და წყაროს წყლები. დღეს ჩვენთან წყალი ისხმება წყაროებიდან, რადგან გვაქვს უამრავი წყარო, რომელიც იღვრება. წყაროს წყლის ბუტილირების შემთხვევაში, დაახლოებით, მილიარდი ლიტრის გამოშვება შეგვიძლია. და ეს არის გაცილებით კარგი ხარისხის წყალი, ვიდრე „ვიტელი“ ან შვეიცარიული წყალი. იმიტომ რომ, ევროპულ წყალში მაგნიუმის შემცველობა მაღალია. მათი კირქვები მაგნიუმის შემცველი დოლომიტებია, ჩვენთან დოლომიტები, ფაქტობრივად, არ არის. ჩვენი კირქვები უმაგნიუმოა, ამიტომაც არის ჩვენი წყალი ძალიან კარგი. პარიზში რომ ღარიბ მოსახლეობას დააკვირდეთ, განსაკუთრებით კონსიერჟებს, რომლებიც უბრალო წყალს სვამენ, ნახავთ, რომ ქვედა კბილები არ აქვთ. ეს არის წყალში ჭარბი მაგნიუმის ბრალი.

– რადგან სპეციალისტები ჩამოიყვანეს, ვიგულისხმე, რომ არტეზიული წყლების ექსპორტს აპირებენ-მეთქი.

– არ მგონია, რადგან არტეზიული წყლების ჩამოსხმა გაცილებით ძვირია, ვიდრე არსებული წყაროების წყლის ჩამოსხმა. ჩვენი მტკნარი წყლის საერთო მარაგი არის 6 მილიონი ტონა, ანუ 6 მილიარდი ლიტრი დღე-ღამეში. ეს ის წყალია, რომელიც იღვრება, რაც ნიშნავს, რომ წელიწადში მილიარდი ბოთლის გატანა შეგვიძლია. არადა, ამდენი წელიწადში საფრანგეთს ვერ გააქვს.

– ერთია რომ შეგვიძლია გატანა, მაგრამ ამდენის მუშტარი არის?

– ამას ვამბობ, რომ ძირითადია ბაზრის პრობლემა და არაფერი გამოგვივა, თუ ფრანგულ ფირმას არ შემოვიყვანთ საქართველოში. იმიტომ რომ, მსოფლიო მონოპოლია მინერალურ წყლებში უჭირავთ ფრანგულ ფირმებს და ლიდერია „პერიე ვიტელი“, რომელიც ეკუთვნის „ნესთლე ჯგუფს“ და ისინი ბაზარზე არ შეგიშვებენ.

– არც აღმოსავლეთში?

–  ჩვენებმა სცადეს საუდის არაბეთში, ემირატებში წყლის გატანა. ჩვენგან ძალიან მაღალი დონის ჩინოვნიკები ჩავიდნენ საუდის არაბეთში, მაგრამ მაშინვე ჩაფრინდა „პერიე ვიტელის“ მეხუთე თუ მეექვსე ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე და მეორე დღესვე უთხრეს ქართველებს არაბებმა, აქედან წადითო.

– რატომ, თუ უფრო იაფ და ხარისხიან წყალს სთავაზობდნენ?

– იმიტომ რომ, მაშინ საფრანგეთი წყალს გადაუკეტავდა მათ. მათ საფრანგეთი ამარაგებდა წყლით, ქართველები კი ერთი წლის შემდეგ თუ შეძლებდნენ წყლის შეტანას: ერთ წელს უწყლოდ ხომ არ იქნებოდნენ?! ვიმეორებ –  მე ვმუშაობდი „პერიე ვიტელის“ პრეზიდენტის ექსპერტ-კონსულტანტად და კარგად ვიცი, როგორ კეთდება წყლის საერთაშორისო ბიზნესი. თავის დროზე ჩამოვიყვანე და ედუარდ შევარდნაძეს შევახვედრე „პერიე ვიტელის“ ვიცე-პრეზიდენტი დომენიკ დიუვალი, მაგრამ უშედეგოდ. არადა, „პერიე ვიტელთან“ თანამშრომლობის გარეშე, საერთაშორისო წყლის ბიზნესს ვერ აწარმოებ. შეგიძლია, ცოტა წყალი გაიტანო ისრაელში, უკრაინაში, რუსეთში, რაც დღეს ხდება, მაგრამ ნორმალურ, საერთაშორისო ბაზარზე პირველი რანგის მოთამაშე ვერასდროს გახდები. სხვა თუ არაფერი, მათი პოლიტიკა ასეთია: თუ ისინი ერთ მილიონს ხარჯავენ წარმოებაზე, 37 მილიონს ხარჯავენ მარკეტინგზე. აი, ეს არის მათი თანაფარდობა, 37-ზე მეტს ხარჯავენ ბაზრის შესწავლაზე, ბაზრის მოპოვებაზე, მარკეტინგზე და ასე შემდეგ. 

– უკვე გასაგებია, რომ ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ.

– ვინ გაუწევს კონკურენციას „ნესთლე ჯგუფს“?! ის ყველაზე მდიდარი კომპანიაა მსოფლიოში.

– თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ არანაირი აზრი არ აქვს წყლის გატანას რომელიმე ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის გარეშე?

– აბსოლუტურად სწორია და ჩევნი მთავრობის ტრაგიკული შეცდომა იყო, რომ „პერიე ვიტელთან“ არ გააფორმეს კონტრაქტი, როდესაც ამ კონტრაქტის ძალიან კარგი პირობებით დადება შეიძლებოდა. ისინი უბრალოდ მოატყუეს და უარი უთხრეს.

– ახლა რა შეიძლება, გაკეთდეს?

– ახლა გაცილებით უარეს პირობებზე მაინც უნდა წავიდნენ ჩვენი მეწარმეები, თითი მოკაკვონ, მოეფერონ და სთხოვონ, იქნებ შემოხვიდეთ საქართველოშიო. თუმცა, სანამ გარემოს დაცვის სამინისტროში პროფესიონალები არ იმუშავებენ, ამას გამოვრიცხავ. მით უფრო, რომ „პერიე ვიტელმა“ სხვაგვარი სტრატეგია აირჩია: სომხური, რუსული, ჩეხური, იტალიური წყლები აიღეს და აღარ აინტერესებთ ქართული. პირველი, რაც მათ გააკეთეს, ქართულ წყლებს გასასვლელი გადაუჭრეს საერთაშორისო ბაზარზე და ეს ჩვენი ამბიციურობის, უცოდინრობისა და ქართული მენტალიტეტის ბრალია, თავი რომ კიტრად მოგვაქვს და ყველაზე ჭკვიანი გვგონია.

– აფრიკაც დაკეტილია?

– ფრანგულენოვანი აფრიკა დაკეტილია. სადაც ებოლაა, იქ შეგვიძლია შეტანა, მაგრამ იქ მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის სახითაა შესაძლებელი ნებისმიერი რამის შეტანა. მათ ფული არ აქვთ, რომ წყალი იყიდონ.

– აბა, მაშინ ქარხნები რად გვინდა?

– ეს არ ვიცი, რა იმედით აშენებენ, შეიძლება, გაიტანონ ჩეხეთში, მაგრამ ძალიან მალე შეწყვეტენ ამ პროექტს.

– ამერიკის კონტინენტებზეც ფრანგული წყლის კომპანიებია მონოპოლისტი?

– იქ შეიძლება გატანა, მაგრამ ჩვენი მთავრობა უნიათო აღმოჩნდა. როდესაც ავღანეთში ოპერაცია იწყებოდა, ქართველები ლოგისტიკურად ეხმარებოდნენ. მათ სჭირდებოდათ 5 მილიონი ლიტრი წყალი დღეში. იყო ჩემი პროექტი, რომ საქართველოდან შეგვეტანა ის წყალი. წერილი გავუგზავნეთ ჩვენს ელჩს, რომ მიეწოდებინა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ ჩვენს ქმედებებს აშკარა ობსტრუქცია დახვდა წინ ელჩის ქმედების სახით. შემდეგ ამერიკელები თავში ირტყამდნენ ხელებს, ერთი მილიარდი დოლარით მეტი დავხარჯეთო.

– ამერიკის ბაზარზე წყალს ვერ შევიტანთ? მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობების დამყარების ვალდებულება ქარტიით?

– ამერიკაში ძალიან დიდი მარკეტინგის გაწევაა საჭირო. თუ ევროპაში ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება მარკეტინგი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით მილიონი დაჯდება, იმიტომ რომ, იქ სხვა მასშტაბებია. ამდენად, ამერიკელი პარტნიორის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. უნდა დაუმტკიცო ამერიკელ პარტნიორს, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს და დღეს დახარჯოს 100 მილიონი დოლარი, რომ ამოიღოს ათი წლის პერსპექტივაში. ან უნდა მონახო ისეთი მდიდარი ამერიკელი, რომელიც გაბრაზებულია ფრანგული წყლის ბიზნესზე.

– როდესაც ამბობთ, ჩიტი ბრდღვნად ღირდესო, ჩვენი წყლის ხარისხს გულისხმობთ?

– არა, ჩვენი წყლის ხარისხი უმაღლესია. ჩვენ გვაქვს სიმძლავრეები, რომელიც საკმარისია ჩვენი ბაზრისთვის. შეგვიძლია, ვთქვათ, 5 მილიონი ბოთლის გამოშვება წელიწადში, მათ კი 5 მილიონი სჭირდებათ დღეში. ანუ 300-ჯერ უნდა გაიზარდოს ჩვენთან არსებული სიმძლავრეები, ამაში კი ამერიკელი ფულს არ ჩადებს. ასე რომ, ჩვენ ამერიკის ბაზრისთვის მზად არ ვართ.

– ევროკავშირთან ასოცირება ხომ გვაძლევს საშუალებას, შევიტანოთ ჩვენი წყალი?

– შეგატანინებს და დაგიდგამს „ბორჯომს“ სუპერმარკეტში, მაგრამ რომელი ფრანგი იყიდის?! როდესაც კაპიკებად უდგას სუპერმარკეტში საუკეთესო მტკნარი წყალი „კონტრექსი“, 900 მილიონ ლიტრს უშვებენ წელიწადში. ამ წყალს აქვს გასახდომი ფუნქციაც და თითოეული ფრანგი ქალი ყოველდღე სვამს ლიტრა-ნახევარ ამ წყალს.

скачать dle 11.3