რა საქმიანობით იღებს 150 000 ლარზე მეტ შემოსავალს წლიურად თამარ ბერუჩაშვილის მეუღლე რემა ღვამიჩავა
აწ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 1961 წლის 9 აპრილს დაიბადა თბილისში. უმაღლესი განათლება მოსკოვის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში მიიღო (1978-1985 წლებში), სადაც ორ – ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და უცხო ენათა (ფრანგული ენის განხრით) ფაკულტეტზე სწავლობდა. 1996-1998 წლებში ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიღრმავა ცოდნა საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1998 წელს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრიც გახდა. 2002-2006 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურაშიც ისწავლა და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის კვალიფიკაცია; იმავდროულად, 2002-2006 წლებში კარლტონის უნივერსიტეტშიც გაიარა ტრენინგი კომერციულ დიპლომატიაში. უფრო ადრე, 1992-1993 წლებში ლიმერიკის უნივერსიტეტის პროფესიული ტრენინგი გაირა ევროპათმცოდნეობასა და ინგლისურ ენაში. 1991-1992 წლებში კი იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრში, თბილისში, მენეჯმენტსა და საერთაშორისო ურთიერთობებში.
მისი შრომითი გამოცდილება 1986 წელს დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1990-1992 წლებში კი უკვე საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. 1992 წელს საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში გადავიდა – ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორად. 1994 წელს კი იქვე, საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც გახდა. 1997 წლის აგვისტომდე ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისის ანალიტიკოსი იყო. 1998 წელს რამდენიმე თვით საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილედ იმუშავა. შემდეგ მინისტრიც გახდა, 2000 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; 2003 წელს – სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ; 2004 წელს რამდენიმე თვით სახელმწიფო მინისტრადაც იმუშავა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლამდე სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ ჩამოაქვეითეს. 2011 წელს – იმავე სახმინისტრის მთავარი მრჩეველი გახდა, 2012 წლის ნოემბრიდან კი კვლავ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2013 წლის 1 აპრილიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2014 წლის 11 ნოემბრიდან კი უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია.
იმ მიზეზით, რომ სტაჟიანი ჩინოვნიკია, თავისი პირველი დეკლარაცია 1998 წელს შეავსო, თუმცა საძიებო სისტემაში არ იძებნება, შესაბამისად, პირველ ინფორმაციას ქ-ნი ბერუჩაშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეობისას, 2000 წელს შევსებული დეკლარაცია გვამცნობს. მასში ოჯახის წევრებად მიუთითებდა, მეუღლეს, რემა ღვამიჩავას და ორ შვილს – 1983 წელს დაბადებულ გიორგისა და 1998 წელს დაბადებულ რუსუდანს. ოჯახის უძრავ ქონებას მხოლოდ რემა ღვამიჩავა ფლობდა: ბინასა და ავტოფარეხს თბილისში (70 000 ლარად ღირებულს) და აგარაკს წავკისში – 70 000 ლარად ღირებულს; თამარ ბერუჩაშვილს კი ჰქონდა 10 000 ლარად ღირებული ქურქი. მაშინ, როდესაც ქ-ნი ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ, მისი მეუღლე ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ცენტრში მუშაობდა. მათი შემოსავლები იმ წელს შემდეგნაირი იყო: ქ-ნი ბერუჩაშვილის მინისტრის მოადგილის წლიურმა ხელფასმა 1 482 ლარი შეადგინა, ბ-ნ ღვამიჩავას კი სამედიცინო სფეროში საქმიანობამ, საერთო ჯამში – 4 700 ლარი მოუტანა.
ქ-ნი ბერუჩაშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო (ეს დეკლარაცია იმის საშუალებასაც გვაძლევს, ვნახოთ, როგორ შეცვალა აწ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მატერიალური მდგომარეობა სახელმწიფო სექტორში უწყვეტმა დასაქმებამ).
საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას: ქ-ნი ბერუჩაშვილის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი წავკისში (1 000 კვ.მ.); რემა ღვამიჩავას კი ეკუთვნის: ბინა თბილისში, აღმაშენებელის გამზირზე (99 კვ.მ.) და ავტოფარეხი; ბინა ბათუმში (43 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე (527 კვ.მ) და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი – (1 718 კვ.მ), ოღონდ წილის მხოლოდ ნახევარი.
დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, თამარ ბერუჩაშვილს ჰქონდა 4 500 ევრო, რემა ღვამიჩავას – 60 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში თამარ ბერუჩაშვილმა, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, 80 824 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა – 13 200 ლარი. რემა ღვამიჩავამ კი, როგორც ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ქირურგმა, 22 205 ლარი, როგორც ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა, 97 391 ლარი, როგორც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, 8 604 ლარი, როგორც ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა, 25 494 ლარი, როგორც შპს „ესემოფარმინას“ მთავარმა მკვლევარმა, 15 023 ლარი. ამას გარდა, 11 280 ლარი საექსპერტო ჰონორარის სახით.
2012 წელს გასავალიც ჰქონდათ. კერძოდ, რემა ღვამიჩავას 40 000 აშშ დოლარი დაუჯდა არასაცხოვრებელი ფართის შეძენა, 4 000 აშშ დოლარი – მოგზაურობა, 5 500 აშშ – სწავლის გადასახადი. თამარ ბერუჩაშვილმა კი მშობლების დასახმარებლად 10 000 აშშ დოლარი დახარჯა, შვილის დახმარებისთვის – 9 000 დოლარი, ხოლო გერმანიაში სამედიცინო მომსახურება კი, 15 000 აშშ დოლარი დაუჯდა.