„მრჩეველი“
კაცობა – ლარ-დოლარ-ევროში
გასულ კვირას სრულიად საქართველოს მოსახლეობამ და, განსაკუთრებით, მისმა 60 წელს გადაცილებულმა მოსახლეობამ, ფრიად გაიხარა, როდესაც შეიტყო, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება.
თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც 10 ლარიც დაიწუნეს და მომავალი წლის სექტემბერიც, ან კი როგორ არ დაიწუნებდნენ, როდესაც პატიოსან გვამთა ხელფას-დანამატებთან 10 ლარი სახსენებელიც არ არის (იმიტომ რომ, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმოყვარე დუპატატი ან მთავრობის არანაკლებ თავმოყვარე წევრი დავარდნილი 10-ლარიანის ასაღებად თავის ძვირფას წელს არც კი გაატოკებს).
მეორე მხრივ, ვერც ის არის დიდი შეღავათი, რომ პენსიონერთა რაოდენობა 850 000-მდეა (რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ლარით პენსიის გაზრდა ყოველთვიურად ბიუჯეტისთვის დამატებით რვა-ნახევარი მილიონი ლარია), ბიუჯეტით გამოკვებილ მაღალხელფასიან ჩინოვნიკთა რაოდენობა კი – გაცილებით ნაკლები.
თანამემამულეთა დამუნათების მიზნით (იმაში დასარწმუნებლად, რომ 10 ლარიც ფულია), ხალხის რჩეულმა ტყემალაძემ წელიწადის ფრაზა თქვა (რითაც ისე ავნო საკუთარ თავს, ასზე მეტი მტერიც რომ ვერ დაუშავებდა): 160 ლარი კი არ უნდა ეყოს კაცს, კაცი უნდა ეყოს 160 ლარსო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ კონკრეტული დეპუტატის მიერ სულ ბოლოს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ბ-ნ ტყემალაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად, ჰქონდა: 20 000 აშშ დოლარი, 5 000 ევრო და 85 000 ლარი, იბადება კითხვა – რამდენ აშშ დოლარზე, ევროსა და ლარზე ჰყოფნის კაცობა?!