„ამპარტავანსაი ჰგევხარო“
ანუ „მოხდა, არ მოხდა – საკითხავი აი, ეს არის“
მართალია, ძველებს კრეატივში ვერ უსწრებენ, თუმცა მახათების სიმცირით ვერც ახლები დაიწუნებიან. ჰოდა, რაკი ვერ დაიწუნებიან, საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტი შეიმუშავა, რის მიხედვითაც, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების ახლებული წესი განისაზღვრება.
ამ დადგენილებით, ამიერიდან, სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას ქუდის მოხდა სავალდებულო აღარ იქნება. კერძოდ: თუკი აქამომდე სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულო იყო ფეხზე ადგომა, ასევე, მამაკაცებისთვის ქუდის მოხდა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა), აწ უკვე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულო მხოლოდ ფეხზე ადგომა იქნება.
მეორე მხრივ, დადგენილების პროექტის მიუხედავადაც, ხალხის რჩეულნი ვერ თანხმდებიან, დაიტოვონ ქუდი თავზე სახელმწიფო ჰიმნის მოსმენისას თუ მაინც მოიხადონ?!
დეპუტატთა ნაწილი თანახმაა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქუდის მოხდა-არმოხდის ქუდის პატრონის სურვილის ამარა დატოვება არასახელმწიფოებრივი მიდგომაა.
ერთი სიტყვით, რაკი ჩვენს რჩეულებს უჭირთ ქუდთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, იქნებ ამომრჩევლები, რათა კანონმდებლებმა ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიიღონ, საკითხის განხილვისას პარალმენტის შენობასთან შევკრებილიყავით და დაგვეღიღინებინა: „ქუდი გვერდზე დაგიხურავს, ამპარტავანსაი ჰგევხარო“?! –