მაკარონი აზიურად – თამუნა მუსერიძისგან
დაძაბული დღის რეჟიმის და „გადარბენების“ გამო, ხშირად მიწევს კვების რეჟიმის დარღვევა. თუმცა, იმისთვის, რომ შევინარჩუნო სხეულის ფორმა, არ მოვიმატო წონაში ზედმეტად და თან ჯანმრთელობაც შევინარჩუნო, ზომიერად ვიკვებები. აზიურად მომზადებული მაკარონი, რომლის რეცეპტსაც ახლა გეტყვით, დაბალკალორიული კერძია, არც ზედმეტი კილოგრამების მომატებას იწვევს და, თან, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები: 20 გრამი ნედლი ჯანჯაფილი, 0,5 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 1 კონა ქინძი, 2 სადილის კოვზი მოხალული მარილიანი მიწის თხილი, 200 გრამი გრძელი მაკარონი, 3 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი თხელი თაფლი, 200 მილილიტრი ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქვაბში აადუღეთ წყალი. ჯანჯაფილი გაფცქვენით და გახეხეთ. 4-5 ღერი ქინძი და წიწაკა დაკეპეთ. მოხალული მიწის თხილი მსხვილად დაფქვით. მაკარონი ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ, ამოიღეთ და დაწურეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ჯანჯაფილი, წიწაკა და ქინძი. 1 წუთში დაუმატეთ თაფლი და ფორთოხლის წვენი. როდესაც ადუღდება, დაასხით სოიის სოუსი და მოაყარეთ მარილი. მოხარშულ მაკარონს აურიეთ მომზადებული მასა და მოაყარეთ მიწის თხილი. მორთეთ ქინძის ფოთლებით.