როგორ გამეორდა სერიალის სცენარი მეგობრის მოღალატე ქმართან დაკავშირებით სალომე შარვაძის ცხოვრებაში და რა ბედი ელით სერიალის პერსონაჟებს
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს სალომე შარვაძეს, მაყურებელი კარგად იცნობს. ის ერთ-ერთ საინტერესო პერსონაჟს – ქეთის ასახიერებს. სალომესთვის ეს როლი პირველი ნამდვილად არ არის, განსხვავებით ბახვა ბრეგვაძისგან, რომელიც იმავე სერიალში პირველად იხილა საზოგადოებამ ცოტნე ცოტაშვილის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენლის როლში.
– თქვენს პერსონაჟებს სერიალში საერთო არაფერი აქვთ, თუმცა, როგორც ვიცი, რეალურ ცხოვრებაში მეგობრობა გაკავშირებთ.
ბახვა: გარდა იმისა, რომ სერიალი გვაერთიანებს, მეორე სამსახურშიც ერთად ვმუშაობთ. მეგობრები ვართ. როგორი საყვარელიც არის ქეთი, ისეთია რეალობაში სალომე. ძალიან კარგი მეგობარია, მხიარული.
სალომე: თავიდანვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ბახვას ძალიან კარგი ხასიათი აქვს. მხიარულთან ერთად ძალიან საქმიანია და რამდენიმე ადგილას მუშაობს. თავის საქმესაც ძალიან კარგად აკეთებს და მეგობრებისთვისაც ყოველთვის აქვს დრო.
ბახვა: ოღონდ, სალომე სულ „გამძვრალია”. ძალიან არადისციპლინებული ადამიანია და სულ გვპირდება, რომ იმ კვირიდან გამოსწორდება (იცინის).
– ქეთი სერიალში არასაიმედო მეგობარია, რეალობაში როგორია სალომე?
– სინამდვილეში განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმეგობრობთ, ბევრი საერთო მეგობარიც გვყავს და ყველასთვის სანდო მეგობარია. ყველაფერი შეგიძლია, უამბო, არავის არ ეტყვის (იცინის).
– ბახვა, ეს შენთვის პირველი როლი იყო, არა?
– დიახ. მე მსახიობი არ ვარ. დამირეკეს, მითხრეს, რომ პატარა როლია შესასრულებელი. ამ სერიალის მაყურებელი ვიყავი და სიამოვნებით დავთანხმდი. ალბათ, გამომოვიდა, რადგან დამტოვეს.
– ერთმანეთის პერსონაჟებზე რას იტყვით?
სალომე: როგორც ქეთია თავისებური და ცოტა საყვარელი, გურამსაც უკვე აქვს თავის ნიშა – სულ რაღაცას ჭამს (იცინის). დადებითი პერსონაჟია, მხიარული და ერთგული.
ბახვა: ქეთი ძალიან საყვარელი და სახასიათო პერსონაჟია. წინა სეზონში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო. თავიდან ცოტა გავბრაზდი, როცა ანკას საიდუმლო გაამხილა, მაგრამ, მაინც ვაპატიე, რადგან, თვითონაც ინანა და ინერვიულა ამის გამო. კეთილი პერსონაჟია, უბრალოდ, ჭორიკანაა.
– ბახვა, როგორც ვიცი, შოუ-ბიზნესი სულ უცხოც არ იყო შენთვის.
– მარკეტინგისა და პიარის უფროსი ვარ „სარაჯიშვილში,“ ამიტომ, ამ სფეროსთან ურთიერთობა სულ მიწევდა. კამერები არ იყო ჩემთვის უცხო, მაგრამ, ეს მაინც სულ სხვაა.
სალომე: სპექტაკლშიც ითამაშა, მაგრამ, ჩვენ არ დაგვპატიჟა (იცინის). რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა პრემიერა.
– მეგობრები რატომ არ დაპატიჟე?
ბახვა: მეშინოდა, არ გამცინებოდა, როდესაც დარბაზში მათ დავინახავდი (იცინის). სალომეს რაც შეეხება, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, რაც ჯერ სერიალში არ ჩანს. ქოთქოთა რეალურადაც არის და სერიალშიაც, უბრალოდ, იქ ცოტა „ტრადიციული” ქმარი ჰყავს.
სალომე: ტრადიციული კი არა, ეგეთი ქმრები არიან ახლა, ცოლებს რომ კლავენ წარამარა. სადღაც ვარ და ვიღაც მეუბნება – აუ, რა მაგარი ქმარი გყავსო. მამუკაზე, ჩემს მეუღლეზე ვიფიქრე, მაგრამ, თურმე, ზაზაზე მეუბნებოდა.
ბახვა: ასეთი მოძალადეც არ არის.
სალომე: ზაზა ისეთი ტიპაჟია, რომ უარს არ იტყოდა ძალადობაზე – დევს მაგ პერსონაჟში ეს და მჩაგრავს. რეალურად ვინ დამჩაგრავს, მითხარი, აბა?! (იცინის).
ბახვა: ვერავინ. იქით არ დაჩაგრო სხვა (იცინის).
სალომე: ბახვას რაც შეეხება, ძალიან მზრუნველია, მამასავით არის. გოგოები „მამასახლისს” ვეძახით. ყველას პრობლემა იცის და ხელს გვიწყობს. უკვე მერიდება, იმიტომ რომ, ჩემი პრობლემები არ მთავრდება (იცინის). მაგრამ, კარგად მიცნობს და იცის, რომ ღიმილით უფრო მომიტყუებს (იცინის).
ბახვა: დილის 11 საათიდან იწყებს – „მოვდივარ“ და მოდის 3 საათზე. „ახლა გამოვედი, უკვე ჩავჯექი”... – მოკლედ, საშინლად არაპუნქტუალურია (იცინის).
სალომე: მაგრამ, გადაღებაზე ეს არ ხდება. ვრეკავ და ვკითხულობ, ვინ იღებს. მეტყვიან – „ლიფონავა“ და – ორ წუთში იქ ვარ (იცინის). ბახვას რაც შეეხება, სერილშიც ისეთივე პოზიტიური და მზრუნველია. ცოტნეს უღალატებენ, მაგრამ ეს მაინც მისი ერთგული რჩება, იდეებს აწვდის. რეალობაშიც ძალიან კრეატიული ადამიანია და ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე ერთ წამში, ჩვენ რამდენიმე დღე რომ ვიფიქროთ, ვერ მოვიფიქრებთ. ძალიან საქმიანია. ჩემხელაა და ხუთი სერიოზული სამსახური აქვს. კვების ამბებს არც აქ უჩივის და არც სერიალში (იცინის).
ბახვა: სერიალშიც და რეალობაშიც საჭმელზე განსაკუთრებით ვრეაგირებ (იცინის).
სალომე მარკეტინგის მენეჯერია და ერთ-ერთი ვარსკვლავი არის ამ სფეროში. მაგრამ, სასაცილო შემთხვევებიც ბევრი ჰქონია. ერთხელ, დაურეკა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც კვერცხებს აწარმოებს და ძალიან მხიარულად ეუბნება: რაღაც მაქვს თქვენთვის მოფიქრებული, ძალიან ლამაზი გოგოები მინდა გადავიღო თქვენს კვერცხებთან ერთადო (იცინიან). გაგიჟდა კაცი. ვერ შედგა ეს გარიგება – იმ მამაკაცს არ უნდოდა საჯაროდ, მის კვერცხებთან ერთად გადაღებული ლამაზი გოგონები (იცინიან).
– სერიოზულ რჩევებს თუ აძლევთ ერთმანეთს?
– სულ მეუბნება, გახდიო. ნუ, კომპანიაში, საქმიანობიდან გამომდინარე – თავისთავად. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, აქ გოგოები მულებივით ვართ: ეს გოგო მოგვწონს, ის – არა (იცინის).
ბახვა: სალომე გათხოვილია და, რჩევა არა, მაგრამ, ერთადერთი, რასაც მის მეუღლეს ვთხოვ – დროზე გამოუშვას სახლიდან (იცინის).
– სალომეს პირადი ცხოვრების შესახებ ვიცით, შენს ცხოვრებაში რა ხდება?
– მე დასაოჯახებელი ვარ (იცინის).
– სერიალის შემდეგ თაყვანისმცემლების რაოდენობამ არ მოიმატა? არაფერი ხდება?
– არა, სერიოზული არაფერი. ვაკანტურია ადგილი.
– როგორი უნდა იყოს გოგო, რომ მოგეწონოს?
– ქერა თუ შავგრემანი – ასეთი კრიტერიუმები არ მაქვს.
სალომე: კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს, სხვანაირად წარმოუდგენელია.
ბახვა: შარმიანი უნდა იყოს
– აი, ქეთისნაირი რომ იყოს?
– ქეთი ძალიან მომწონს, მაგრამ, ცოტა თუ გახდება, კარგია (იცინიან).
სალომე: მამუკამ (სალომეს მეუღლე, – ავტორი) დაგარიგა?
– შენ თუ იქნებოდი ზაზასნაირი ქმარი?
ბახვა: არა, ზაზასნაირი არ ვიქნებოდი, ცოტა უფრო ლიბერალი ვარ.
– თქვენი გმირების მომავალზეც ვისაუბროთ, რა ელით, მათ?
– ჩემი პერსონაჟი განაგრძობს არსებობას – ისევ უბრუნდება პოლიტიკას. ცოტნეს ძველი გუნდიდან მარტო მე ვრჩები და ცოტნესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას. იმედი გვაქვს, რომ, უკვე ამ შემთხვევაში, წარმატებებს მივაღწევთ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების გუნდთან ერთად.
სალომე: ქეთი ძალიან მოწყენილია, რადგან ნინას ახალი სამსახურის გამო საერთოდ აღარ აქვს დრო. თვითონაც განერვიულებულია, რომ სახლში ზის და ემატება ისიც, რომ ეს ზაზა აქეთ-იქით დადის ვიღაცეებთან. ბევრი ახალი ისტორია ჩნდება. დეტალებს ვერ გეტყვით. ცოტა იქითა სერიებიდან ერთვება თავისი პრობლემებით ქეთი აქტიურად.
– თუმცა, ეს პირველი არ ყოფილა ქეთისთვის, მანამდე დათოს საიდუმლოც ხომ გაამხილა.
– იცი, რომ რეალურ ცხოვრებაში ზუსტად „ქეთი” დამემართა? არცერთმა დაქალმა არ დამირეკოს ახლა და არ მკითხოს, ჩემი ქმარი ხომ არ ყოფილაო! ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო. „ბომბა” ამბავია. მაგრამ, ეს ისეთია, ვერ იტყვი. ეს რომ მოხდა, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, მეუბნებოდნენ, ახლა „ქეთი” ხარო. ზუსტად „ქეთი” დამემართა. მაგრამ, ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამე არასდროს არ უნდა ჩაერიოს და მეც არ ჩავრეულვარ. მეც რომ მითხრას ვინმემ ჩემს ქმარზე მსგავსი რამ, შეიძლება, არ ვაპატიო, მაგრამ, მე თვითონ რომ გავიგო, შეიძლება, ნელ-ნელა რაღაცნაირად ვაპატიო. ანუ, გააჩნია, გიღირს პატიება თუ არა.