კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ნიშნავს ცივილიზაცია ტექნიკურ პროგრესს და რისთვის უნდა წამოუთაქო ქართველს თავში, ჟანრი ლოლაშვილის აზრით

ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო, როცა ადამიანები დიდ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, ყოველგვარი ეროვნული ნიშნის გარეშე... ერთად ნადირობდნენ და გადარჩენისთვისაც ერთად იბრძოდნენ. მერე გაიყვნენ, მონიშნეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლაც დაიწყეს და... სწორედ მაშინ მოხდა ადამიანში ძირეული ცვლილებები და სერიოზული პრობლემებიც შეიქმნა.

კი მკითხა, რა პატრიოტიზმი აგიტყდაო, მაგრამ, როცა შემხვდა, საინტერესოდ ვისაუბრეთ ქართველზე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე, ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა ნაკლითა და ღირსებით...

 

ჟანრი ლოლაშვილი: ცივილიზაცია ხშირად არ ნიშნავს ტექნიკურ პროგრესსა და ადამიანის მონაპოვარს. არსებობს კაცობრიობის გამოცდილება და მარადიული ცნებები, მაგალათად, სამშობლო, რომელიც მშობლიდან მოდის. ქართველებს კიდევ გვაქვს გამოთქმა – „ადგილის დედა“ და ეს მარტო ეტიმოლოგია არ არის. ყველა ადამიანში და, ცხოველშიც კი, რომელიც მონიშნავს ხოლმე ტერიტორიას, დევს სამშობლოსა და მისი დაცვის განცდა. საკმარისია, ცხოველს დაურღვიო მისი ტერიტორიის საზღვრები, რომ მაშინვე რთული ხდება მასთან ურთიერთობა. ასევეა ადამიანიც – ის იწყებს ომს და, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ტერიტორიებისთვის ბრძოლა დღესაც აქტიურად გრძელდება. მრწამსისა და რწმენის გამოც ყოფილა ომები – ჯვაროსნული, მაგალითად, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, უფრო მეტად გავლენის სფეროსთვის იბრძოდნენ.

თუ ქართველებზე ვიტყვი რამეს, მხოლოდ იმას, რომ, გარე მტერზე მეტ საფრთხეს ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ ერთმანეთისთვის. ერთმანეთისგან უნდა გადავრჩეთ – ეს საფრთხე რეალურად არსებობს. ლამის არის, თვალები დავთხაროთ ერთმანეთს. „იმისისტები“, „ამისისტები“... მესამე ათასწლეულში სასაცილოა, გიყვარდეს ხელისუფალი და დებილურად მიჰყვებოდე, როგორი დიადი იდეებიც არ უნდა ჰქონდეს მას. ხელისუფალზე მარტო ანეკდოტი ვიცი მე. მაგრამ, არსებობენ ავადმყოფები, რომლებსაც სჭირდებათ შეძახილი და ვიღაცისგან ჭკუის დარიგება. მერე უკვე, როცა ეს „ვიღაც” პათოლოგი აღმოჩნდება, გვიანაა.

– და, გჭირს მუდმივად იმედგაცრუება...

– მაგაშია საქმე! ეს ურაპატრიოტიზმი და გულში მჯიღის რტყმით „სამშობლო, სამშობლოს“ ძახილიც არ მესმის. მავანისა და მავანისთვის, ეს არის ზრახვები, ავი და ეგოისტური ზრახვები; მომხვეჭელობა და სკამზე მოკალათება; გამდიდრების კარგი წყარო. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ ეს მარტო ქართველისთვის არის დამახასიათებელი – ადამიანია ასე მოწყობილი. არც ღმერთის შიში შველის ამას. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ადამიანმა თავი გადაირჩინოს, იმიტომ რომ, ადამიანი ძალიან სუსტი მოვლენაა. გმირობებზე ლაპარაკი დღეს ჩემთვის სასაცილო ხდება. ხშირ შემთხვევაში, გმირობა აფექტურობის შედეგია და მეტი არაფერი.

– ჰო, მაგრამ, ჩვენ გვყავდა გმირები.

– კი ბატონო. ჩვენც გვყავდა და სხვასაც ჰყავდა – ნუ დავივიწყებთ ამას. ეს ქართველობა რა სენია, საერთოდ ვერ გავიგე, სახადია რაღაც. შეძახილი „არიქა!” უკვე ნათელს ხდის იმას, რომ კარგისკენ არ უბიძგებს ადამიანს. ბუნებრივი პირობების გამო, ჩვენ ვართ გაბრექილები – ზღვაც გვაქვს, მთაც გვაქვს, ტროპიკებიც, მაგრამ, ამას რომ მოვლა უნდა, არავის ახსენდება. მარტო ვიბრიქებით, რომ ლამაზია ეს ქვეყანა. მე სხვა ერის პოეზიაში არ მინახავს მსგავსი ფრაზა – „ნეტავ სად არის კიდევ ცა“... ამისთანა რამეს არავინ წერს, რომ – არა, არა, ჩემისთანა სამშობლო არავის აქვსო. მაქსიმალიზმის გაუგებარი გამოვლინებები და „პატრიოტნიკობა” გვახასიათებს, რაც ჩემთვის გაუგებარია. სამშობლოს სიყვარული მტკიცდება სხვანაირად – შენი საკუთარი შრომით, პატივისცემით იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებ და რასაც პროფესიონალიზმი ჰქვია... დიდი ცოდნითაც – აი, რა გამოადგება შენს ქვეყანას და შენს სამშობლოს.

სამშობლოს სიყვარული გენეტიკური მოვლენაა. ჩიტი რომ ჩიტია, იმან იცის სამშობლო, ასე რომ, აქ ბევრი არაფერია სალაპარაკო, რადგან რა ფენომენი „მუშაობს“ ამ დროს, ამას მეცნიერები დღემდე ვერ არკვევენ. თითქოსდა არაფერია ქვიშის მეტი უდაბნოში, მაგრამ, ბედუინისთვის მისია ეს და არ უნდა სხვაგან უკეთესად ცხოვრება, არ მიდის არსად. მე თუ მკითხავთ, ეს დიდი შემოქმედის კარნახია ზემოდან და ბუნებაც ბრძენია – ის იძლევა ყველანაირ რესურსს, რომ, თუ გაქვს ცოდნა და სიყვარული, იცოცხლო იქ, სადაც გაჩნდი და საქმენი საგმირონიც კი აკეთო, არ სჭირდება ამას უშიშრობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი. ჩემთვის ასევე გაუგებარია სხვის ტერიტორიაზე შევარდნა – ეს თითქოს ღვთისგან დაწესებული კანონზომიერების დარღვევაა. ამიტომაც არ მესმის რუსეთის ქმედებები. თუმცა, მარტო რუსეთი არ არის ასე, ვისაც დიდი ძალა აქვს, ყველა ასეა...

– ქართველს რატომ არა აქვს ამისი სურვილი, დიდი ძალა რომ არასდროს გვქონია?

– ბუნებრივი საშუალებები ხელს უწყობს ადამიანის განვითარებას. ყველაფერი მორთმეული ჰქონდა ქართველს – ხის ქვეშ იჯდა, ვაშლი ჩამოვარდებოდა... ზარმაცია და უყვარს პატივისცემა. ადამიანებთან ურთიერთობისთვის არის გაჩენილი ქართველი. სტუმართმოყვარეც არის და ღვთისმოსავიც; თავის გამოჩენაც უყვარს და მოსწონს...

„ფეშენს“ იყენებს ქართველი ურთიერთობებისთვის უცხოსთან. ჩვენთვის გაუგებარია შინაურთან კოჰაბიტაცია და ყოველთვის გაუგებარი იქნება. მიქელანჯელო რესპუბლიკელი იყო, მედიჩები კი, ეს იერარქიული, სასტიკი, ძალაუფლებისმოყვარე ოჯახი, შაბათობით მასთან მიდიოდნენ ხელოვნებაზე სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მისი რესპუბლიკელობის ამბავი. ასეთი აზრთა განსხვავებები კი ქართველში იწვევს მტრობასა და აგრესიას. აქედან მოდის ლოზუნგები: „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერიას“ მსგავსი. ამასვე იყენებდნენ ნაცისტებიც, კომუნისტებიც და, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არაჯანსაღი ფსიქიკიდან მოდის. ზრახვებს ძალიან შორს მიჰყავს ადამიანი და დამღუპველიც არის. „ევრიკა“ იყო ის, რასაც  ატომური ბომბი ჰქვია და, ხედავთ, რა დღეში ჩააგდო კაცობრიობა? არც ეკლესიური სიფრთხილე, არც რაღაცის შიში, არ ხდის ადამიანს კეთილსა და მიმტევებელს. ვერც ისტორიულმა გამოცდილებამ და ვერც ფილოსოფიამ ვერ უშველა ადამიანს, ვერც ჩვენ გვიშველა. გურულებმა იციან: რამეს რომ დააშავებს, შეუძლია, ბოდიში მოგიხადოს, მაგრამ, გეტყვის – ასე ვარ მინაჩოვიო!.. ყველა თავის ტრადიციაზე ცხოვრობს. ტრადიცია კი, მოგეხსენებათ, რა მოვლენაც არის – კარგს არაფერს უქადის ადამიანს.

– რატომ? ცუდია ტრადიციულობა?

– ისე, როგორც ჩვენ გვესმის, ცუდია. ტრადიციებით გვერგო ჩვენ საშინელი ქელეხები და უაზრო, ხალხმრავალი ქორწილები, რომლებიც ჩემთვის სასაცილო მოვლენაა. თუმცა, კითხვა მაინც ჩნდება: რატომ ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი ასე? გადასახედია რაღაც-რაღაცეები და ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. ვერც გლობალიზაციას ავცდებით, იმიტომ რომ, აგერ, მობილური გაქვს და ერთ წამში რეკავ ნიუ-იორკში; კიდევ სამ წამში გაიგებ, რა ღირს ყავა ბრაზილიაში... კარგია ეს, ცუდი კი არ არის, მაგრამ, ტაციობაზე რომ არის ადამიანი გადარეული და  აღარ ფიქრობს იმაზე, მის გვერდით მყოფ ადამიანს სითბო და სიყვარული რომ სჭირდება, ეს არის ცუდი... მარტოა ადამიანი. სამოცი შვილი  რომ ჰყავდეს და ოცდაოთხი ცოლი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედა ერთია, მარტოსულია მაინც – ასეა ეს... ვიშენებთ კერპებს, ვადგენთ რაღაც მოვლენებზე ჩვენს რეაქციებს, ვაწესებთ დღესასწაულებს – „ამის დღე“, „იმის დღე“... ვჯახირობთ, ვწვალობთ, რაღაცეებს ვიგონებთ, მაგრამ, მაინც ერთ ადგილს ვტკეპნით და ვართ – ადამიანის საშველი არ არსებობს. სუფრასთან კახელი მეუღლესთან ერთად ზის და, თამადა უყურებს, რომ ხანგამოშვებით წამოუთაქებს ხოლმე ცოლს თავში. ჰკითხა ბოლოს – რას აკეთებო. ამასო, დროდადრო ტრაკული აზრები მოსდის თავში და ვფერთხამ, უფანტამ, უფანტამო... ქართველსაც ძალიან სჭირდება ხანგამოშვებით წამოთაქება და დაფერთხვა. ცხოვრება არის სისულელეების ჩამონათვალი, რა დროს რა ჩაიდინო. ჩვენი ისტორიაც გადასახედია და თავიდან დასაწერი... ადამიანს რომ რამე გააკეთებინო, მწყობრიდან უნდა გამოიყვანო და გზაზე დააყენო...

 

скачать dle 11.3