კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნება უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრები

გიორგი ქობელაშვილი პროფესიონალი მხატვარია. მის ნამუშევრებს არაერთი საგამოფენო დარბაზი აქვს მოვლილი. ეს ნამუშევრები შესრულებულია, როგორც ავტორის მხედველობის დაკარგვამდე, ისე – მხედველობის დაკარგვის შემდეგ. დღეს გიორგი ქობელაშვილი 43 წლისაა. თვალის ჩინი 27 წლის ასაკში დაკარგა. თუმცა, პროფესიისთვის არ უღალატია. იყო მხოლოდ მცირე პაუზა... 

 

გიორგი ქობელაშვილი: ბავშვი ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე, 7 წლისამ, საავადმყოფოში ვიწექი, დიაბეტი დამემართა. მაშინ ნანახი მქონდა ფლომასტერები და ძალიან მინდოდა, ვითხოვე, რომ მოეტანათ. მართლაც მომიტანეს. ვიწექი და თან, ვხატავდი. ცხენების ხატვა მიყვარდა, მექსიკელები... ვესტერნის ჟანრი...

სკოლაში სწავლის პერიოდშიც სულ ვხატავდი – კედლის გაზეთის გაფორმება დასჭირდებოდათ, თუ რაიმე სხვა სტენდის მოწყობა... მახსოვს, სამხედროს მასწავლებელი ლოზუნგებს მაწერინებდა. გაკვეთილიდან გამიყვანდნენ და მეც მომწონდა (იცინის). პიონერთა სასახლეშიც დავდიოდი ხატვის წრეზე. 

– დარწმუნებული ვარ, აკადემიაში ჩაბარება არ გაგიჭირდებოდათ...

– აკადემიაში ჩასაბარებლად, ჩემი საბუთები რომ მიეღოთ, შემოწმება უნდა გამევლო აკადემიის ექიმთან. მან უარი განაცხადა, ხელს ვერ მოვაწერ ამ საბუთებსო. არც ვამტყუნებ იმ ექიმს, ეს მისი მოვალეობა იყო. 

– ამ პერიოდში უკვე გქონდათ მხედველობის პრობლემა?

– არა, არანაირი. ხელს იმიტომ არ აწერდა, დიაბეტიანი რომ ვიყავი. ზეთის ფერადების სუნი გავნებსო. ამ დროს ვხედავდი ძალიან კარგად. ისე, რა კი არა, საერთოდ, სათვალეც არ მჭირდებოდა.

– მერე როგორ მოიქეცით?

– რექტორთან შევიტანე ჩემი ნამუშევრები. გრაფიკაში მქონდა შესრულებული. დიდხანს ათვალიერებდა, მერე თქვა: როგორ შეიძლება, ამ ნამუშევრების შემქმნელს უარი ვუთხრათ აკადემიაში ჩაბარებაზეო. საბუთები მიიღეს და მერე ჩვეულებრივად ჩავაბარე.

 ბევრი ნამუშევარი შევქმენი სტუდენტობის პერიოდში. სახლში ვიჯექი და ვმუშაობდი. მერე ჩემი ლექტორები მომყავდა და ვათვალიერებინებდი.

– მხედველობის პრობლემამ როდის იჩინა თავი?

– ერთდოულად მომივიდა ორი რაღაც. თან ნეფრიტიც მქონდა, ვეღარ დავდიოდი გასიებული ვიყავი. ისეთი მდგომარეობა მქონდა, ექიმმა მამაჩემს უთხრა: ყველაფრისთვის მზად იყავითო. ღმერთის წყალობით, ცოცხალი ვარ. სწორედ ამ პერიოდში იჩინა მხედველობის პრობლემამაც თავი. მახსოვს, ერთხელ ფოტოებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე რომ მათზე სახეებს ვერ ვარჩევდი.... ასე ნელ-ნელა დამეწყო. ეს იყო 1997 წელი. ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რომ ვილაპარაკოთ, ვერ ვიტყვი, რომ პანიკა მიპყრობდა. ადვილი ასატანი არაა, მაგრამ რაღაც შემართებით ვიყავი. თვითონ ექიმებიც კარგად მომიდგენენ, კარგად მმკურნალობდნენ. თვალის ექიმთანაც დავდიოდი, ნემსებს მიკეთებდა თვალებში, მაგრამ მაინც ჩამოიშალა ბადურა. ბოლოს მხოლოდ სინათლეს ვხედავდი. მერე ისიც გაქრა... 1998 წლიდან უკვე საერთოდ ვეღარ ვხედავ.

მოლბერტი, ზეთის ფერადები, ყველაფერი გავაჩუქე... ტყუილა დებას...

– ხელმეორედ როდის დაიწყეთ ხატვა?

– ხელმეორედ ხატვა დავიწყე 2001 წლიდან. მანამდე საერთოდ არ ვფიქრობდი ხატვაზე, მაგრამ... მენატრებოდა. მოძღვარი მყავს, ეკლესიაში დავდიოდი, დღესაც, შეძლებისდაგვარად, დავდივარ ქაშუეთში მამა ელიზბართან. რაღაც უნდა აკეთოო მითხრა. მე მხატვარი ვარ და ხატვა მინდა-მეთქი. დამლოცა, დახატეო...

 ვფიქრობდი, როგორ დამეხატა... გამოვართვი დედაჩემს ფანქარი, ქაღალდი. წამებში მოვხაზე მეცხვარე ცხვარით. 

– პირველად, რა თქმა უნდა, დედა შეაფასებდა.

– მერე დავხატე მთავარანგელოზი, ნადირობის სცენა. მქონდა მომენტი, როცა რამდენიმე ნახატი დავხიე.

– რატომ?

– ვერ გაარჩიეს, რა დავხატე. 

– იმედგაცრუება იყო ეს თუ...

– არა, იყო ცაკლე, რაღაც ცხოვრებისეული პობლემები. ადამიანმა იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთოს, ხან რა პრობლემა იჩენს თავს, ხანაც რა... ამის შემდეგ, ჯვარცმა დავხატე. ეს იყო 2007 წელს.

ეს ნამუშევრები ნახა ჩემმა პედაგოგმა გია მარკოზაშვილმა და მოეწონა. მომიტანა ფლომასტერები. გააკეთე კიდევ რამე, დახატეო, თან იდეა მომაწოდა. შემოსაზღვრე ჩარჩო და მასში ჩადე ფურცელიო. ასეც მოვიქეცი და საქმე უფრო გამიადვილდა. ამას კიდევ მოჰყვა სხვა მიგნებები. დავუშვათ, რაიმე კომპოზიციას ვხატავ – ხეს. ვამაგრებ ჭიკარტებს თუ საით უნდა გავუშვა ტოტები და ჭიკარტების დახმარებით, ვაკეთებ მიმართულებებს. ვთქვათ, პორტრეტს ვხატავ – თვალის, ყურის, ცხვირის ადგილებში ჭიკარტებს ვამაგრებ და ასე ხდება გადანაწილება, სიმეტრია. ჭიკარტის გარეშეც შეიძლება დაიხატოს, მაგრამ ეს უფრო აბსტრაქცია გამოვა. ეგეც საინტერესოა. 

– ჯერ ჩარჩო შემოსაზღვრეთ, მერე ჭიკარტები დაიხმარეთ, ფერები როდის შემოვიდა თქვენს ნახატებში?

– ეგ არაა პრობლემა. ფერები ისედაც ვიცოდი, თუ რა რასთან, რამდენი რამდენთან უნდა შევაზავო. დედაჩემს ვეტყვი, რომელი ფერი მომაწოდოს და მაწვდის. როცა ვხატავ, დედაჩემს ვეკითხები, ტყუილა ხომ არ ვუსვამ ფუნჯს, ეტყობა-მეთქი. რომ მეტყვის, ეტყობაო, ვაგრძელებ ხატვას... მერე მეორე ფერს გადავატარებ და ასე.

– მე როგორც მივხვდი, ახლა თქვენი თვალები დედათქვენია... დედა თუ ხატავს?

– არა.

– როდესმე სიზმარში თუ გინახავთ ის, რასაც მერე დახატავთ?

– ამას წინათ ვნახე სიზმარში, ვითომ რაღაცას ვხატავდი. ისეთი სასიამოვნო ლურჯი ფერი იყო – პირდაპირ ვიყურებოდი, ცა ჩანდა. ხმელეთს ვერ ვხედავდი, მაგრამ ზევით რომ ავიხედე, ისეთი სასიამოვნო სილურჯე იყო... მეორე დღეს დავხატე. ზოგჯერ სიზმარში ზღვას ვხედავ. არადა, მაინცდამაინც ისე ხშირად არ ვყოფილვარ ზღვაზე. რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ვხატავდი...

– პირველი გამოფენა გახსოვთ?

– პირველი პერსონალური გამოფენა იყო 2000 წელს, აკადემიის დამთავრებიდან 6 წლის შემდეგ. მანამდეც იყო რაღაცეები, მაგრამ მე მას სერიოზულად არ მივიჩნევ. ბოლო პერიოდშიც არაერთი გამოფენის მონაწილე გახლდით.

– როგორ იქმნებოდა თქვენი ნამუშევრები?

– ფიქრით – როცა ვხედავდი მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც. 

– რომელი ნამუშევარი გიყვართ განსაკუთრებულად?

– დონ კიხოტის პორტრეტი – ამოკაწრული. რატომღაც მინდა, სულ პორტრეტები ვხატო. კარგი დასახატია.

– როდესმე გაგიყიდიათ ნახატი? 

– მხოლოდ ერთხელ, გაჩუქება უფრო მომწონს.

 

скачать dle 11.3