რა აკავშირებდა ერთმანეთთან ზურაბ ქაფიანიძის მამას და ეროსი მანჯგალაძეს
რუსთაველის თეატრში უშტატო ახალგაზრდები ბევრნი ვიყავით და ვამხანაგობდით ერთმანეთთან. ვიდრე ინსტიტუტში გამოცდები დაიწყებოდა, ერთმა მითხრა, ეროსი მანჯგალაძემ უნდა შემამოწმოს და თუ გინდა, წამომყევიო. წავყევი. ეროსიმ გასინჯა, შენიშვნები მისცა, გაასწორეო. მერე მე მომიტრიალდა: შენც აბარებო? – კი, ბატონო-მეთქი. სადაური ხარ? – რაჭველი-მეთქი და რამე თუ იცი, წამიკითხეო. წავუკითხე. თუ მიღებაა, შენ უნდა მიგიღონო, კმაყოფილი ღიმილით მითხრა და ამის შემდეგ ეროსის უსალმოდ აღარ ჩაუვლია ჩემთვის – რაჭველს გაუმარჯოსო. მიხაროდა, ან კი იმ საქართველოში ვის არ უხაროდა ეროსის ნაცნობობა. თეატრალურ ინსტიტუტში სიების სანახავად ჩამოვიდა მამა. ნახა ლექციებზე მესამე დასვენება ნახევარსაათიანი იყო. მე და მამა საჭმელად წავედით რესტორან „თბილისში“. თეატრის წინ ეროსი იდგა. ოო, რაჭველს გაუმარჯოსო! – მეც გახარებული მივესალმე, რადგანაც მამასთან ერთად ვიყავი. მამამ მითხრა, რა ნაცნობი ხმა ჰქონდა, ვინ არისო. ეროსია მანჯგალაძე-მეთქი. რას ლაპარაკობ, მიდი, ერთი, სთხოვე, რესტორანში თუ იკადრებს, ჩემთან ერთი ჭიქა ღვინის დალევასო. მე ეროსისთან მივედი: ბატონო ეროსი, მამაჩემი რაჭიდან ჩამოსული კაცია, კოლმეურნეობის თავმჯდომარე და გთხოვათ, თუ იკადრებს ჩემთან ერთი ჭიქა ღვინის დალევასო. სად არის? – აგერ. გაიცნეს ერთმანეთი. ეროსი მომიტრიალდა და შენ აღარა ხარ საჭირო, წადი ლექციებს მიხედეო. ლექციების შემდეგ ჩავედი რესტორანში. არის ერთი გნიასი. ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო ღლონტი და ნოდარ ჩხეიძე – მამა სიცილისგან დაოსებული იყო. ცალკე გამიყვანა და მითხრა: შვილო, ფული არ გადამახდევიეს, შუა ქეიფის დროს მივედი და მებუფეტეს ფული მივეცი. ის აიღე, რასაც დავხარჯავთ, დანარჩენი დამიბრუნე-მეთქი! მაგათ მითხრეს, ამ კაცს რომ ფული გადაახდევინო, ხვალიდან მოხსნილი იქნებიო. იზამენ ეგენი მაგას! სუფრასთან მაგრად დაძმაკაცდნენ. წამოსცდენიათ, რაჭული ლორი გვიყვარსო და სანამ მამა ცოცხალი იყო, უგზავნიდა ყოველ წელს ეროსის და რამაზს ლორს და საოცარი მეგობრობა გააგრძელეს. ეროსი რომ გარდაიცვალა, ოფიციოზის სუფრა ცალკე იყო, რაც ძალიან არ მიყვარდა. ეროსის უახლესი მეგობრები ცალკე სუფრაზე გაგვიყვანეს და თამადად დამსვეს, ასე დაიბარა ამ ცხონებულმაო.
ზურაბ ქაფიანიძის ნაამბობის მიხედვით