რის გამო შეიძლებოდა მიეტოვებინა საკუთარი ნებით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მარიამ როინიშვილს და ემზადებოდა თუ არა ის ცეკვაში პროექტში მონაწილეობამდე დიდი ხნით ადრე
ის, რომ მარიამ როინიშვილი კარგი მომღერალია, ყველამ ვიცით, მაგრამ, მოცეკვავეც რომ არანაკლები აღმოჩნდა, ამაში ბოლო რამდენიმე კვირაა, ყოველ სამშაბათს ვრწმუნდებით. მასთან ინტერვიუზე ძალიან გაბრაზებული მივედი, რის მიზეზსაც ქვემოთ წაიკითხავთ, მაგრამ, ისეთი თვალებით დამხვდა, ჟურნალისტური „სიგველე” მლიქვნელობაში გადამივიდა; თანაც, რომ არა თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილობა, მთლად სანდომიანი ღიმილითა და ლამაზი თვალებით ვერ მომაჯადოებდა, თუმცა, სათქმელი, რომელიც მსუბუქი ფორმებით მაინც დავაფიქსირე, მის კოლეგებს უფრო ეხება.
– მარიამ, პირველ ყოვლისა, საყვედურებით უნდა დავიწყო ჩვენი საუბარი, რომელიც მხოლოდ შენ არ გეხება: დაგვიანება, ტელეფონზე არპასუხი, დათქმულ ინტერვიუზე არმოსვლა და, ზოგადად, ზერელე დამოკიდებულება პრესის, ჟურნალისტების მიმართ – ეს პრეტენზიების ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ნაწილობრივ შენ და შენს კოლეგებს გეხებათ.
– ასეთი რამ არასდროს მახასიათებდა და, რა თქმა უნდა, ამას სპეციალურად არ ვაკეთებ, მაგრამ, ამ ბოლო დროს ჩემი დაჭერა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რთული გახდა. თქვენ კი არა, ხშირად დედაჩემსაც ვერ ვპასუხობ ხოლმე და ამიტომ ბოდიშს გიხდით ყველას; თუმცა, კიდევ გეტყვით, რომ ეს გამიზნულად არ ხდება, დარწმუნებული ვარ, არც ჩემი კოლეგებისგან.
– რა თქმა უნდა, არც შენი კოლეგები იქცევიან გამიზნულად, უბრალოდ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ზოგადი დამოკიდებულებაა ჟურნალისტების მიმართ. მაგალითად, იოანე არაბულმა დამიბარა – რეპეტიციაზე უნდა მივსულიყავი და ჩაგვეწერა ინტერვიუ, მაგრამ, წასული დამხვდა. რომ დავურეკე, ისიც გულწრფელად შეწუხდა და მითხრა, სულ გადამავიწყდაო, მიუხედავად იმისა, რომ ორი საათით ადრე შევახსენე. ახლა კი დავუბრუნდეთ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“. განვითარების რა ეტაპზე ხარ ამ პროექტში?
– ვფიქრობ, რომ დეგრადაციის გზაზე არ ვდგავარ და, ასე ვთქვათ, უფრო პროგრესულად მიდის ჩემი საქმე. მაგალითად, პირველ ცეკვას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ უფრო დავიხვეწე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცეკვა ერთნაირად კარგი ვერ გამოვა და ყოველთვის იქნება გარკვეული ხარვეზები, მაინც ვფიქრობ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ, წინ მივდივარ. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ასე, რადგან, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ვნახოთ, რა მოხდება.
– ანუ, შეიძლება ითქვას, პიკს ჯერ ვერ მიაღწიე?
– პიკი, ზოგადად, არ არის კარგი მდგომარეობა, მით უმეტეს, ხელოვანი ადამიანისთვის. როცა ამას მიაღწევ, მერე აღარაფერი გრჩება საკეთებელი. შემოქმედებაში მიაღწიო პიკს – ნიშნავს, დაამთავრო კარიერა. კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებაში, შესაძლოა, გამარჯვება ჩაითვალოს შენი შრომის დაფასების პიკად, მაგრამ, არა განვითარების, ვინაიდან, ადამიანი ყოველდღიურად ვითარდება, იხვეწება და ილტვის პროგრესისკენ.
– თუმცა, ამას ყველა აღიარებს და, თავმდაბლობის გარეშე თუ ვისაუბრებთ, ასეა.
– სულელი ვიქნები, დავიჯერო, რომ ძალიან მაგარი ვარ. იმიტომ კი არა, რომ ამის შემდეგ ფარ-ხმალს დავყრი და უფრო მეტის გაკეთებას აღარ მოვინდომებ, არამედ, იმიტომ, რომ, რეალურად ყველა ძალიან მაგარია და რაც მთავარია, ძალ-ღონეს არავინ ვიშურებთ. ბუნებრივია, იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ქუჩაში გამვლელები მაქებენ და თბილ სიტყვებს არ იშურებენ, რაც მცირეოდენი ლიდერობის განცდას მანიჭებს, მაგრამ, ეს მხოლოდ მეტის კეთების სტიმულია.
– რედაქციაში ვთამაშობთ „შიდა ტოტალიზატორს ”და ფსონებს ვდებთ ყოველ კვირას, ვინ დატოვებს პროექტს. მოგების პრეტენდენტებად ორი კანდიდატი სახელდება – შენ და ნუცა ბუზალაძე. მიუხედავად იმისა, რომ შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ და ეს იცის ყველამ, მარიამ როინიშვილი მაინც ჩემი ტკივილია – მაინც შენზე მაქვს ფსონი დადებული და, იმედია, მოვიგებ.
– ძალიან მრცხვენია, ამას რომ მეუბნები და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. რაც შეეხება მოგებას, მაქსიმალურად ვცდილობ, ვაკეთებ ყველაფერს, ძალ-ღონეს არ ვიშურებ და, იმედი მაქვს, ეს მონდომება დამიფასდება. რაც მთავარია, მოტივირებული ვარ, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო პროექტში, თუმცა, არ ვარ ფოკუსირებული გამარჯვებაზე. უბრალოდ, ძალიან მიყვარს ცეკვა – ეს არის ის, რაც არასოდეს დამღლის. არ მინდა, ისე გამიგონ, თითქოს გამარჯვებაზე არ ვფიქრობდე – ეს რომ ვთქვა, ტყუილი იქნება და არავინ დაიჯერებს; თითოეული მონაწილე, ბუნებრივია, გამარჯვებაზე ფიქრობს, მაგრამ, იმის თქმა მინდა, რომ, ადამიანისთვის, რომელსაც ცეკვასთან არასდროს ჰქონია შეხება, ფინალში მოხვედრა უკვე მოგების ტოლფასია და დიდი სურვილი მაქვს, ფინალამდე მეც მივაღწიო.
– ცოტა ინტრიგანული კითხვა უნდა დაგისვა: ამბობენ, როინიშვილი და პროექტის ზოგიერთი მონაწილე დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ ამ პროექტისთვისო. მართალია?
– (იცინის) გულიანად გამაცინე. რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, სხვათა შორის, ეს ჭორი პირველად გავიგე და ჯერ ჩემამდე არ მოსულა – ალბათ, ახალია (იცინის). სინამდვილეში, სამეჯლისო ცეკვებთან არასდროს მქონია შეხება, ეს არის პირველი მცდელობა და, ხალხმა შეაფასოს, როგორ გამომდის.
– გამოდის, რომ ფენომენალურ ნიჭთან გვქონია საქმე?
– ვერ ვიტყოდი. ვერანაირად ვერ დავარქმევს ამას ფენომენალურ ნიჭს. პროექტში ჩემნაირი ბევრია და, ფაქტია, რომ დღემდე, ჩემსავით, არავის ჰქონია შეხება, თითქმის არავის. ზენიჭიერება არაფერ შუაშია, უბრალოდ, საჭიროა, გიყვარდეს, რასაც აკეთებ; მოინდომო და იშრომო უკეთესის მისაღწევად. რასაც ხელს ვკიდებ, თავისთავად, ნიშნავს, რომ მიყვარს და, რადგან ცეკვა მიყვარს, ამიტომაც, თავდაუზოგავად ვშრომობ.
– ამ პროექტის გამო უარი თქვი რომში გამგზავრებაზე, სადაც გამოცდები ჩააბარე. უფრო კონკრეტულად რომ მითხრა ამის შესახებ?
– ჩავაბარე სანტა ჩეჩილიას აკადემიაში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული და ყველა საოპერო მომღერლისთვის სასურველი სასწავლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ წესები შეიცვალა და შესაძლებლობა მეძლევა, წლის ნებისმიერ მონაკვეთში ჩავიდე და გავიარო მასტერკლასები, ამ ეტაპზე პროექტში დარჩენა ვამჯობინე, მაგრამ, როგორც კი დასრულდება პროექტი ან მაყურებლის გადაწყვეტილებით დროზე ადრე შევწყვეტ მონაწილეობას, მაშინვე წავალ და გავაგრძელებ სწავლას.
– გლამურული ცხოვრების შეგრძნება თუ გაქვს, თუნდაც ამ პროექტის ფარგლებში – „ცეკვავენ ვერსკვლავებს“ ვგულისხმობ?!
– გლამურული არ ვიცი, მაგრამ, ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება და არა მარტო ჩემი, არამედ, ზოგადად, პროექტის ყველა მონაწილის – უფრო მრავალფეროვანი გახდა ყოველი დღე; მეტი მოტივაციაა იმისა, რომ ფორმაში იყო; მეტი ინტერესი რაღაცის კეთების... მოკლედ, საოცარი პროექტია. გარდა ამისა, ძალიან კარგი გარემოა და საერთოდ ვერ აღვიქვამთ ერთმანეთს კონკურენტებად, არადა, კონკურსის პრინციპი კონკურენციაა.
– ანუ, ეგრეთ წოდებულ „პადნოშკებს“ არ უდებთ ერთმანეთს?
– არა ნამდვილად. ძალიან ღირსეული კონკურსანტები არიან და „პადნოშკებზე“ ლაპარაკიც კი ზედმეტია. მე მესმის, რომ ასეთ პროექტებში ხშირია დაძაბულობა, კონფლიქტი, ინტრიგა და ასე შემდეგ, მაგრამ, ჩვენთან ეს არ ხდება, პირიქით, ერთმანეთს რჩევებსაც კი ვაძლევთ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად დარჩება ეს პროექტი და გული დამწყდება, როცა დასრულდება.
– ინტერვიუს დასასრულს, შენ მიერ გამწარებული კიდევ ერთი ჩვენი ფოტოგრაფი მინდა გაგახსენო, რომელმაც რამდენიმე დღე გდია და ვერ დაგიჭირა. საბედნიეროდ, ახლა გიორგი ცაავა გვაწვდის ყველა მონაწილის ფოტოს, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას, რომ აღარ გვიწევს თითოეული მონაწილის დევნა ფოტოების გადასაღებად.
– გიორგი უნიჭიერესი ფოტოგრაფია და მიხარია, რომ ჩვენთან თანამშრომლობს.