როგორ ეხმიანება კესარია აბრამიძე საბი ბერიანის მკვლელობას
11 ნოემბერს, შუაღამისას, პეკინის ქუჩაზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 23 წლის ცნობილი ტრანსსექსუალი ბექა ბერიანი, იგივე საბი. მკვლელმა, სავარაუდოდ, ის ჯერ დანით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დასაფარავად, ბინას ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ცეცხლმოკიდებული ბინის კარი დაკეტა და მიიმალა. ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მეორე დღესვე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 26 წლის ლევან კ., რომელმაც დანაშაული აღიარა. ამ ეტაპზე მკვლელობის ოფიციალურ მოტივად სახელდება ნასესხები თანხა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა ბექა ბერიანი, თუმცა, ორგანიზაცია „იდენტობა“ სხვა ვერსიასაც განიხილავს, კონკრეტულად კი, იმავე ღამით გარდაცვლილის მეგობრის, აგრეთვე ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას მოკვლის მცდელობას, თუმცა, ამ უკანასკნელმა თავის დაცვა მოახერხა და მეზობლების დახმარებით უცნობი მამაკაცი ბინიდან გააგდო.
ბიანკა შიგუროვა: „თავდამსხმელს ხელში ელექტროშოკი ეჭირა, ხელებით მახრჩობდა და მეუბნებოდა, ხმა არ ამოიღო, უნდა მოგკლაო. მე ვუთხარი, რომ სახლში კამერები მქონდა დაყენებული, პასუხად კი მივიღე, რომ ის პოლიციელია და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველა ცნობილი ტრანსგენდერი მოკლას“.
ასევე, მეზობელმა მოისმინა, თუ როგორ დარეკა მამაკაცმა ტელეფონზე და უცნობს ბიანკას ბინის მისამართზე მისვლა სთხოვა. მეზობლის მონაყოლის გამო, ტრანსგენდერი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა.
აღნიშნულ ფაქტს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა.
დუტა სხირტლაძე: „იცით, ვის მინდა, ვაგინო?! მთელი გულით... აი იმ ხალხს, რუსთავში ლეკვის ჩაქოლვაზე ერთი ამბავი რომ ატეხეს და, მოკლულ ტრანსგენდერზე რომ ამბობენ, ღირსიაო. თქვენი ავადმყოფი ტვინები მოვტ...ნ მე!!! ვინ დაგზარდათ და სად?!”, – წერს დუტა.
მეგობრების თქმით, ბექა (საბი) ბერიანი ფულს აგროვებდა, რომ დედისთვის გრანდიოზული საჩუქარი გაეკეთებინა, თუმცა, ის მის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს.
ბექა ბერიანის დედა: „ვიცოდი, ამ დღეებში უნდა ჩამოსულიყო და მოუთმენლად ველოდი. ბექა ჩემი ერთადერთი შვილი იყო. მასთან არასდროს ვსაუბრობდი მის ორიენტაციაზე, რადგან, მე ის ისეთი მიყვარდა, როგორიც იყო, დანარჩენს კი გულში ვიმარხავდი. ახლა ჩემს ტკივილს მასთან ერთად ვმარხავ.”
პეკინზე მდებარე კაფე „ნიკალაში“ თითქმის ყოველდღე მიწევდა ჭამა ან ინტერვიუს ჩაწერა. შესაბამისად, მომსახურე პერსონალსაც კარგად ვიცნობდი. ერთ მშვენიერ დღეს კი, დახლთან უნიფორმაში გამოწყობილი ახალი ბარმენი დამხვდა, რომლის სქესის გარჩევა გამიჭირდა. სამაგიეროდ, არ გამჭირვებია ურთიერთობაში შესვლა. ის საკმაოდ კომუნიკაბელური, მხიარული და ენერგიული ბიჭი იყო, რომელიც 30 წამში, წვენის დასხმამდე, ასწრებდა მისი პიროვნების საინტერესოდ წარმოჩენას, რის გამოც ინტერვიუ შევთავაზე. თუმცა, მითხრა, ამისთვის ჯერ მზად არ ვარო. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბექა ატირებული დამხვდა ბართან და მითხრა, მზად ვარ, ინტერვიუ მოგცეო. მეორე დღეს, 2010 წლის 21 ივლისს, დაიბეჭდა ბექა ბერიანის საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ. მაშინ პირველად გაიცნო საზოგადოებამ ბიჭი, რომელიც ქალობაზე ოცნებობდა, რასაც მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინტერვიუს გამო. ამის შემდეგ, კაფეს ხელმძღვანელობას შევხვდი და ავუხსენი, რომ ორინეტაციის გამო, თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება დააზარალებდა კომპანიის რეპუტაციას და ხელმძღვანელობამ ის სამსახურში დააბრუნა. თუმცა, დაბრუნებაზე უარი თავად ბექამ განაცხადა, რადგან ფიქრობდა, რომ ისეთ პირობებს შეუქმნიდნენ, მაინც აიძულებდნენ, საკუთარი ნებით დაეტოვებინა სამუშაო. პერიოდულად, ბექას ვეკონტაქტებოდით. გვაინტერესებდა, იშოვა თუ არა მან ახალი სამსახური. თუმცა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ის უმუშევრად დარჩა. ერთი პერიოდი, ნანობდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და ინტერვიუ მომცა და მაშინ მკითხა: სწორად მოიქცა თუ არა?! შესაძლოა, მის გარდაცვალებაში მეც მიმიძღვის ბრალი, რადგან, ვინ იცის, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება დღეს, რომ არა მისი პირველი ინტერვიუ ჩემთან. თუმცა, მაშინ მე მას ავუხსენი მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები და რამდენჯერმე ვკითხე, ნამდვილად იყო თუ არა მზად ამ ყველაფრისთვის. მოგვიანებით კი, მის კითხვაზე სწორად მოიქცა თუ არა – ვუპასუხე, რომ თუ ამას მხოლოდ სამსახურის დაკარგვის გამო ნანობდა, არ ენერვიულა, რადგან ადრე თუ გვიან, სამსახურს იშოვიდა, სამაგიეროდ, ამ ნაბიჯით მან საკუთარი თავი იპოვა.
გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ამონარიდს:
– ბექა, როდის აღმოაჩინე შენში ქალი?
– ასაკს ვერ გეტყვი, რადგან, ასეთად დავიბადე. მაგრამ, სადღაც, 13 წლამდე ვერ ათვითცნობიერებ, რა გინდა და ვინ ხარ. კი გრძნობ, რომ გამორჩეული ხარ ყველასგან, მაგრამ, რატომ, ამას ვერ იგებ. მერე უკვე ყალიბდები, უფრო მძაფრდება ქალურობისკენ მიდრეკილება და ნელ-ნელა ხვდები, რაც ხდება შენს თავს.
– ბექა, შენ არ მალავ შენს ორიენტაციას და ოჯახში რას გეუბნებიან?
– დასამალი რა არის? შენ რატომ არ მალავ ქალები რომ გიზიდავს? ასევეა, ჩემთვისაც ეს მომენტი. სახლში ამაზე არასოდეს მისაუბრია და, შესაბამისად, არ ვიცი, რას ფიქრობს დედა ამის შესახებ. თუმცა, მისთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ დედაა და თვალებს ხუჭავს. სხვათა შორის, ამის გამო, არც არასდროს უსაყვედურია ჩემთვის და არც გამიგია, ეწუწუნოს – რატომ არის მაინცდამაინც ჩემი შვილი ასეთიო.
– გინდა, რომ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილმა იარო ქუჩაში?
– ძალიან მინდა. ჩემს თავს გეიდ არ მივიჩნევ. მე უფრო ტრანსსექსუალი ვარ, ვიდრე გეი. ხელს ის მიშლის, რომ ტრანსსექსუალისთვის, თუნდაც, სამსახურის მოძებნა, ძალიან ძნელი კი არა, წარმოუდგენელია. ამიტომ, თავს იმის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემ, კაბა ჩავიცვა და სახლში დავჯდე ფეხი-ფეხზე გადადებული. მე არსებობა, ჩემი ჯიბის ფული მჭირდება. ეს, შეიძლება, გავაკეთო, თუ სპონსორი მეყოლება, რომელსაც არ მობეზრდება ჩემთან ურთიერთობა და ყველანაირ კომფორტს შემიქმნის იმისთვის, ნამდვილ ქალად ვიგრძნო თავი.
– ჯერ პატარა ხარ და, ალბათ, სწორი გზისკენ მიმთითებელი რომ გყავდეს, მოძღვარი აიყვანო, შეიძლება, ჩვეულებრივ კაცურ ცხოვრებას დაუბრუნდე.
– არ ვიცი, შეიძლება, მართალი ხარ, მაგრამ, მთავარი მონდომებაა. მე კი ძალიან აშვებული მაქვს – რაც ვარ, მომწონს. ასეთი ვარ და ალბათ, უფრო არ მსურს, სხვანაირი ვიყო, თორემ, რა პრობლემაა. ესეც ღვთის ნებაა ან უფრო, სასჯელი. ანუ, წინაპრის ცოდვა ჩემზე გადმოვიდა, რომელსაც ვერ, ან არ შევებრძოლები. ერთი მხრივ, ისიც არის, რომ სკოლებში არ ისწავლებოდა რელიგია, ღმერთის სიყვარულს არ გვინერგავდნენ და ეკლესიისკენ არ გვითითებდნენ. ახლა კი ასწავლიან, მაგრამ, როგორც ვიცი, ძალიან ზერელედ. გარდა ამისა, განსხვავებული ორიენტაცია ტაბუდადებული თემა იყო. არადა, მე ვიცნობ ბევრ 50-60 წლის ადამიანს, რომლებმაც ახლა აღმოაჩინეს საკუთარი თავი – რომ თურმე, სხვა რაღაც სდომებიათ ცხოვრებაში. ეს ხომ საშინელებაა, დაბერდე და მერე მიხვდე, ვინ ხარ და რა გინდა.
მიუხედავად იმისა, რომ კესარია აბრამიძეს და საბი ბერიანს მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონდათ, ის პირველი ტრანსსექსუალი იყო, ვინც საბის გარდაცვალების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ტოლერანტულობისკენ მოუწოდა.
– უპირველესად, მინდა, თანავუგრძნო ბექას დედას და ვუთხრა, რომ გამაგრდეს. მეორე კი, ყველა დედას მივმართავ და ვთხოვ, შვილები მეტი სიყვარულითა და ჰუმანურობით გაზარდონ. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ „ლგბტ” ადამიანები ყველაზე უშიშარი და უვნებელი ხალხია. ჩვენ არ წარმოვადგენთ საფრთხეს საზოგადოებისთვის, პირიქით, ჩვენ ყველაზე ჰუმანური და არააგრესიული ნაწილი ვართ ამ საზოგადოების.
არაერთი ჰომოფობი პარტნიორი მყოლია, რომლებიც ქალობაზე ოცნებობენ და მიუხედავად ამისა, მაინც გეებს აგინებენ და მზად არიან მათ დასახოცად. იმას კი ვერ ხვდებიან, ასეთ შემთხვევაში, მკვლელობა ჯერ თვითმკვლელობით უნდა დაიწყონ.