უნიკალური გამოფენა – “ქართველები პირველ მსოფლიო ომში„
15 ნოემბერს საქართველოს მუსიკის, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წლისთავს.
გამოფენის სახელწოდებაა „ქართველები პირველ მსოფლიო ომში“. მასზე წარმოდგენილია უნიკალური ფოტომასალა, წერილები, პროპაგანდისტული პლაკატები, ხმლები და სხვა ნივთები, რომლებიც უკავშირდება პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქართველებს. მათ შორის არის გენერალ კვინიკაძის, გენერალ მაზნიაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გელოვანების ფოტოები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წიგნი-ბროშურა „ქართველები პირველ მსოფლიო ომში“, რომელშიც შესულია სხვადასხვა საინტერესო ისტორია და, ასევე, წიგნი, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველთა ფოტოებია დაბეჭდილი.
გამოფენას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მაღალჩინოსნები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
ღონისძიება გაიმართა მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ გელოვანის და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოფენის ინიციატორი იყო მუსიკის, კინოს, თეატრისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.
მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის უშანგი რუხაძის განცხადებით, „გამოფენის მიზანია, რომ დავიწყებას არ მიეცნენ ქართველები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ მსოფლიო ომში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მასში; მომავალმა თაობებმაც კარგად იცოდნენ მათ შესახებ. გამოფენა ერთ თვემდე გასტანს და ამით წლევანდელი გამოფენები დასრულდება, მომავალი წლიდან კი კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი გამოფენა იგეგმება“.