კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

– თქვენ ფიქრობთ, რომ ფანტომი დღესაც არსებობს?

– დარწმუნებული ვარ, – მტკიცედ თქვა გენერალმა, – მართალია, რუზგენ ჩოჩიანი ძალიან გამოცდილი და ვერაგი ნაძირალაა, მაგრამ მყარი ზურგის გარეშე, ის ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდა. მას ამისთვის, უბრალოდ, ინტელექტი არ ეყოფოდა. მის უკან ვიღაც მთავარი დგას და სწორედ ის მართავს ყველაფერს, ანუ – ფანტომი. ამიტომ, ჩემო ვაჟა, სწორედაც რომ, ფანტომი ცოცხალია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევი, რომ გაითვალისწინო და კარგად გაითავისო, თუ ვისთან გვაქვს საქმე. გვარს ნუ ახსენებ, მაგრამ ეს ყველაფერი გივი ჯაფარიძესაც უთხარი, რომ მოსალოდნელი საფრთხეები იცოდეს და მხოლოდ რუზგენ ჩოჩიანზე ნუ იქნება კონცენტრირებული.

– აუცილებლად ვეტყვი, ბატონო მერაბ, – თქვა ზვიადაურმა, – დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– გისმენ, ვაჟა.

– ბატონო მერაბ, ვიცი, რომ ირგვლივ უერთგულესი, წლების განმავლობაში შემოწმებული ადამიანები გყავთ შემოკრებილი, მაგრამ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, ნურავის გაუმჟღავნებთ გივი ჯაფარიძის ვინაობას. რა იცით, რა ხდება. შემთხვევითობა არც ერთ საქმეში არაა გამორიცხული და ამიტომ გიბედავთ ამის თქმას.

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ვაჟა. საწყენი აქ არაფერია და მეც სწორედ მასე ვმუშაობ ყოველთვის. კოტე სოხაძე რომ კოტე სოხაძეა, ჩემი მოადგილე და უახლოესი მეგობარი, ჩემი კოტეს ნათლია, დღემდე იმანაც კი არ იცის, რომ ფანტომი ნესტორ პესკასელი მეგონა. ეს არც მაშინდელი მინისტრისთვის გამიმხელია. შენც იმიტომ გითხარი, რომ ასეთ სარისკო საქმეს კურირებ და ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო. მშვიდად იყავი, გივი ჯაფარიძეზე არავის არაფერს ვეტყვი.

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო და ბოდიში, რომ ასე გავკადნიერდი, – თქვა ზვიადაურმა და დაამატა, – ხვალ სოჩაში გადავფრინდები და მორფინას დავამუშავებ. შემდეგ მოსკოვში ჩავალ. ჯერ ლიადოვთან შევათანხმებ ყველაფერს და ბოლოს გივის დაველაპარაკები.

– შევთანხმდით. მე კი ორ-სამ დღეში ჩვენი დახურული ფონდიდან ორ მილიონ ნაღდ ფულს გამოვიტან და სეიფში მექნება. როდესაც დაგჭირდება, მოხვალ და საჭირო თანხას წაიღებ. მე მგონი, ამოვწურეთ საკითხი, ხომ?

– დიახ. კითხვები არ მაქვს. თქვენ?

– მე ერთი კითხვა მაქვს შენთან.

– გისმენთ, ბატონო მერაბ.

– ცოლი როდის მოგყავს, – გაეღიმა გამრეკელს, ზვიადაურმა კი ღიმილითვე მიუგო:

– როგორც კი ამ ოპერაციას წარმატებით დავასრულებთ, ორ კვირაში ცოლსაც მოვიყვან და სათამადოდ მოემზადეთ.

– მპირდები?

– დიახ, გპირდებით.

– ნახვამდის. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მინისტრმა ხელი ჩამოართვა ვაჟა ზვიადაურს და კაბინეტიდან გაისტუმრა.

სოჭში ჩასული ვაჟა ზვიადაური სასტუმრო „მოსკვაში“ დაბინავდა. ცოტა დაისვენა და კოოპერატივ „ჩორნოე მორეში“ გაემართა, სადაც ზაურ ხრიკული, იგივე „მორფინა” მუშაობდა.

– მორფინ, შეიძლება? – ირონიით იკითხა ზვიადაურმა და ხრიკულის კაბინეტის კარი მოიხურა.

პოდპოლკოვნიკის დანახვაზე ხრიკული წამით შეცბა. შემდეგ ჩაეცინა და მიუგო:

– გეშლებათ, მოქალაქევ. მე ზაურ მალხაზოვიჩი ვარ და გთხოვთ, ტაქტი დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი დაცვის თანამშრომლებს გამოვიძახებ და აქედან გაგიყვანენ.

– მორფინ, დაცვა რად გინდა, პრეზიდენტი ხარ? – ზვიადაური სავარძელში ჩაეშვა, ფეხები კი პირდაპირ მაგიდაზე შემოუწყო, თან გააბოლა.

– მორფინა ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომ დაცვა გამოეძახებინა. პოდპოლკოვნიკმა კი უთხრა:

– ორი ყავა მოგვიტანონ, თან ვიდეომაგნიტოფონიც მოაყოლონ. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი უნდა გიჩვენო.

– ორი ყავა მოგვიტანე, – უთხრა მორფინამ მდივანს და ზვიადაურს ფერწასულმა ჰკითხა:

– რა ფილმი?

– მძაფრსიუჟეტიანი. ხომ გითხარი, უკვე. „პრისტავკაც“ მოატანინე, – გაეცინა ზვიადაურს და მაგიდიდან ფეხები ჩამოიღო, რადგან მდივანმა ყავა შემოიტანა.

– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ, ზაურ მალხაზოვიჩ? – იკითხა ტანწერწეტა მდივანმა.

– არა. თავისუფალი ხარ, – გაისტუმრა მორფინამ მდივანი და დაუპატიჟებელ სტუმარს მიუბრუნდა:

– „პრისტავკა“ აქ მაქვს. რა გინდა, კაპიტანო?

– პოდპოლკოვნიკო, მორფინ. სანამ შენ „ბარიგობისთვის“ ზონას ხეხავდი, ორი ჩინით დავწინაურდი. რა მინდა და პორნოფილმი უნდა გიჩვენო – ვარსკვლავ მორფინასა და ერთი ქერათმიანი სექსბომბას მონაწილეობით.

„ქერათმიანი სექს-ბომბას“ ხსენებაზე მორფინა ცარცისფერი გახდა, მაგრამ მაინც უყურა ორსაათიანი ჩანაწერის დასაწყისს. შემდეგ ვიდეომაგნიტოფონი გამორთო და პოდპოლკოვნიკს უთხრა:

– რა გინდა, რისთვის მოხვედი?

– აი, ეს უკვე საქმიანი ლაპარაკია. ერთ საქმეში უნდა დაგვეხმარო და პირობას გაძლევ,  ამ კასეტას გაჩუქებ. შენ კი სამუდამოდ შეგეშვები.

– რა საქმეში?

– ჰეროინი უნდა იყიდო, ვითომდა ევროპაში გასატანად.

– სად მაქვს ჰეროინის ფული. თანაც, მე ამ საქმეს უკვე დიდი ხანია, შევეშვი და სუფთა ბიზნესი მაქვს.

– ბინძური ფულით სუფთა ბიზნესს ვერ აწარმოებ. ჰეროინის ფულს კი ჩვენ მოგცემთ.

– არ მაწყობს, – კატეგორიულად უთხრა მორფინამ.

ვაჟა ზვიადაური სავარძლიდან წამოდგა და სანამ კარისკენ გაემართებოდა, მორფინას უთხრა:

– არ გაწყობთ და ნუ გაწყობთ, ზაურ მალხაზოვიჩ. კასეტის ასლს საჩუქრად გიტოვებთ. ორიგინალს კი ამ საღამოსვე მიიღებს ადრესატი და შეგიძლიათ, წინასწარ შეუკვეთოთ კუბო ან კოიკა უახლოეს საქათმეში. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ქერათმიანის ქმარი.

კუბოსა და საქათმის პერსპექტივამ მორფინას კანკალი დააწყებინა და ენის ბორძიკით ჰკითხა ზვიადაურს:

– რა უნდა გავაკეთო?

– ნაძირლები დაგვაჭერინო. მართალია, შემდეგ შენ უკვე ვეღარ შეძლებ საჯაროდ გამოჩენას ხალხში, მაგრამ ჩვენ დაგიცავთ. ახალ პასპორტს მოგცემთ და თუ თანახმა იქნები, გარეგნობასაც კი შეგიცვლით. ფული გაქვს და ახალი ცხოვრების დაწყება არ გაგიჭირდება.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო?

– კონკრეტულად ის, რასაც ადრე „ჩალიჩობდი“, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებში. ერთ ნაძირალას ჰეროინის შემოტანა უნდა და „ოპტომ“ გასაღება. გვაქვს ინფორმაცია, რომ ის შენთან აპირებს დაკონტაქტებას. ჰოდა, როცა დაგეკონტაქტება, ეტყვი, რომ ევროპაში გასატანი არხი გაქვს და ფულს „პოსლეზე“ გადაუხდი. თუ დაგეთანხმა, ხომ კარგი. თუ არა და, ორ-სამ დღეში შეპირდი გადახდას.

– გასაგებია. როდის მომაკითხავენ?

– ჯერ არა. მაგრამ წინასწარ მოემზადე. გაიხსენე ძველი უნარ-ჩვევები და სამუშაოდ განეწყვე.

– მაინც, როდისთვის უნდა ველოდო?

– ექვს-რვა თვეში, – მიუგო ზვიადაურმა, – მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, მუდმივი თვალთვალის ქვეშ ხარ და თავის დაძრომა არ გაბედო. უცხოეთშიც რომ შეძლო გაქცევა, იქაც მოგძებნიან. გასაგებია?

– გასაგებია.

– წავედი ახლა. ეგ კასეტა კი გაანადგურე. შემთხვევით ვინმემ არ უყუროს და თავი არ დაიღუპო, – უთხრა ზვიადაურმა ხრიკულს და გამოუმშვიდობებლად წამოვიდა მისგან. იმავე საღამოს ვაჟა ზვიადაური მოსკოვში ჩაფრინდა და ჯერ ლიადოვს დაურეკა კონსპირაციულ ტელეფონზე და დაშიფრულად ელაპარაკა, შემდეგ კი კონსპირაციულ ბინაში შეხვდა და მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ უამბო.

– არ უნდა გამეშვი თბილისში და არ უნდა შევლეოდი შენისთანა თანამშრომელს. მშვენივრად დაგიგეგმავს ყველაფერი, – უთხრა ლიადოვმა ზვიადაურს და ჰკითხა, – გივის ელაპარაკე?

– ჯერ არა. ისიც კი არ ვიცი, სადაა ახლა ის.

– ოფიციალურად „სროკზეა“. ისე კი აქაა, მოსკოვში, – ლიადოვმა საათს დახედა და თქვა, – პირველის ნახევარი სრულდება. გივი და თეა ახლა დიდ თეატრში არიან, სოტკილავას კონცერტზე და შეგიძლია, მათ სახლთან დახვდე.

– ჩემი ნათლულიც თან ჰყავთ?

– არა, რას ამბობ?! სამი წლის ბავშვს ამ დროს სძინავს, – გაეცინა ლიადოვს, – ჯაბა ჩვენთანაა. ჩემმა ცოლმა გამოიყვანა ბაღიდან. უფრო სწორად წამოიყვანა. სვეტა ბაღის გამგეა და ჯაბა მისი აღსაზრდელი.

– კარგი. გავიქეცი. გივის დაველაპარაკები.

– შევთანხმდით. როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გავაკეთოთ. სამ დღეში გივის „კრესტებში“ გავამწესებთ და ოპერაციაც დაიწყება. თუ დაგჭირდი, ძალაშია ძველი პაროლი და დამიკავშირდი. აბა, შენ იცი. წარმატებას გისურვებ, –  უთხრა ლიადოვმა ზვიადაურს და დაყოლა, – ჰო, მართლა, თეას უთხარი, რომ ჩემს ცოლს მისი ნახვა უნდა. ბაღის მერე, ხვალ საღამოს სახლში ესტუმრება და ჯაბასაც მიიყვანს.

– კარგი, ვეტყვი. ნახვამდის, – ზვიადაური პირველი წამოვიდა კონსპირაციული ბინიდან და გივი ჯაფარიძის სახლისკენ გაემართა.

ვაჟა ზვიადაური ტაქსით მივიდა ჯაფარიძეებთან და ოციოდე წუთი ელოდა ცოლ-ქმარს. ჯერ სახლში შესვლა აცადა. შემდეგ კარზე დააკაკუნა და დაელოდა. კარი თეამ გააღო და ზვიადაური რომ დაინახა, გადაეხვია, ბინაში შეიპატიჟა.

– ხესთან იმალებოდი და სახლში შემოსვლა გვაცადე ხომ? – უთხრა გივი ჯაფარიძემ მეგობარს და გადაეხვია.

– შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი. არწივის თვალი გაქვს, – მიუგო ზვიადაურმა.

– უფრო ბუსი, – გაეცინა ჯაფარიძეს და მეუღლეს გასძახა:

– შენებურად დატრიალდი. კონიაკს დავლევთ. ვაჟა მეტს არაფერს სვამს.

– როგორ ხარ, გივი? – ჰკითხა ვაჟამ მეგობარს, – თითქმის ერთი წელია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ.

– ძველებურად. შენ როგორ ხარ? რა ხდება ჩვენს სამშობლოში?

– რა უნდა ხდებოდეს, ძველებურადაა ყველაფერი. ლიადოვს შევხვდი.

– ლიადოვს ტყუილად არ შეხვდებოდი და არც აქ მოხვიდოდი ასე სასწრაფოდ. აღარ იტყვი, რა ხდება? – გაუღიმა გივი ჯაფარიძემ ვაჟა ზვიადაურს.

ზვიადაურმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო ჯაფარიძეს და ბოლოს უთხრა:

– ერთი სიტვით, ნარკოტიკებზე უნდა წამოვიკიდოთ და ამგვარად დავუსვათ წერტილი ამ ნაძირლების ბოგინს.

– როგორც ყოველთვის, ეს ოპერაციაც ძალიან ოსტატურად დაგიგეგმავს და სამმაგი დაზღვევაც ძალიან მომწონს. ვერაფერს იტყვი, პოლკოვნიკი ნიაზ მუხამედოვი, „კნუტი“ და ზორბეგ შილბანი რომ გაგიწევენ რეკომენდაციას, იქ ეშმაკიც კი შეცდება. ვფიქრობ, მაგ ჩოჩიანის გაცურება არ გაგვიჭირდება. მაგრამ, ერთი შენიშვნა მაქვს.

– რა შენიშვნა? – გაუკვირდა ზვიადაურს, რადგან თერთმეტწლიანი ერთობლივი მუშაობის განმავლობაში ჯაფარიძისგან პირველად ესმოდა ასეთი რამ.

– რა და, ოპერაციის ფინალის ნაწილი უნდა შევცვალოთ.

– კონკრეტულად რა?

– რა და, ბანდის აყრის დროს ყველამ უნდა ნახოს, თუ როგორ მომკლავენ და ასე დასრულდება ჩემი კრიმინალური ცხოვრება. მეყო ციხე-ციხე ხეტიალი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, როგორც კი ეს ოპერაცია დასრულდება, ახალი ცხოვრება დავიწყო. შენი ნათლული იზრდება და მეტი ყურადღება სჭირდება ჩემგან. თანაც, არც თეაა განებივრებული ჩემთან ყოფნით. ყველაფერი რომ დასრულდება, კოსმეტიკურ რემონტს გავიკეთებ. ახალ პასპორტს ავიღებ და ახალ სამუშაოს ვიშოვი.

– ესე იგი, მილიციიდან მიდიხარ?

– სულაც არა. გენერალ-მაიორმა მითხრა, უმუშევარს არ დაგტოვებ და ჩვენს აპარატში გამოგიძებნით რამესო.

– ესე იგი, პავლე ლიადოვმა იცის, რასაც აპირებ?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ერთად მივედით ამ აზრამდე. უფრო სწორად, ლიადოვის იდეა იყო ეს.

– რაღაცას არ მეუბნები ბოლომდე. ჩემთან არ ითქმის?

– კარგი ახლა, ნუ დაიქოქე. როგორ არ ითქმის. გეტყვი.

– აბა, გისმენ, – თქვა განაწყენებულმა ზვიადაურმა. ჯაფარიძემ კი ხუმრობით წკიპურტი მიარტყა ცხვირზე მეგობარს და უთხრა.

– „როჟა“ გაასწორე, ბიჭო და მომისმინე.

– გავასწორე და გისმენ.

– მოკლედ, ძმაო, სანამ შენ აქ გველოდებოდი მე და თეას, ლიადოვი დიდ თეატრში დამადგა. დარბაზიდან გამომიყვანა. ყველაფერი მიამბო და მირჩია, ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი მეთქვა.

– უყურე ამ მელას. კი მაგრამ, რატომ?

– გენერალს მიაჩნია, რომ ახალი მეთოდებით მუშაობაა საჭირო და მე და ჩემნაირები ცენტრალურ აპარატში უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ საერთო საქმეს, ვიდრე ოპერატიულ სამუშაოზე. მისი აზრით, „პრისტუპნი მირში“ ფასეულობები იცვლება და ასპარეზზე ახალგაზრდა, დაუნდობელი ხალხი გამოდის. ის დარწმუნებულია, რომ დიდი დარტყმის ქვეშ ვდგავარ და ამიტომ მირჩია, ამ ოპერაციაზე უარი მეთქვა. მისი აზრით, ახალ ბანდებში ახალი, ახალგაზრდა თანამშრომლები უნდა ჩაინერგონ. ჩვენ, ძველებმა კი, კაბინეტებში გავაგრძელოთ მუშაობა. პრინციპში, მართალიცაა ლიადოვი. საქართველოში მაგ მხრივ ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ იქაც მალე დაიწყება ომები. რუსეთში კი ბესპრეძელი უკვე ძალებს იკრებს და ავტორიტეტებს პანტა-პუნტით ხოცავენ ეს ახალგამომცხვარი ნაბიჭვრები. მეც ხომ ავტორიტეტი ვარ და სწორედ ამისი ეშინია გენერალს. ავტორიტეტები იქით იყოს და უკვე ქურდებსაც გადასწვდნენ. ხომ ხვდები, რას ვამბობ?

– ლიადოვი მართალია. მაგრამ, აქ ერთი თავისებურებაა. ჩვენს ოპერაციას სწორედ შენნაირი კაცი სჭირდება. ძველი, გამოცდილი კრიმინალური ავტორიტეტი.

– სწორედ ამის გამო არ ვამბობ უარს და თანახმა ვარ, – გაეცინა ჯაფარიძეს, – მაგრამ ერთი პირობით.

– რა პირობით?

– ლიადოვთან არ წამოგცდეს, რომ ყველაფერი „ჩაგიკაკლე“. ხომ იცი, როგორ უყვარხარ და რომ შეიტყოს, გაიგე, შენს ზურგსუკან რომ მოქმედებდა, იუხერხულებს.

– ეგ მელა, ეგა... – თავი გააქნია ზვიადაურმა, – შევთანხმდით. ლიადოვს არაფერს ვაგრძნობინებ.

– ჰო და, ძალიან კარგი. ახლა მოვრჩეთ „ბაზარს“ და სუფრას მივუსხდეთ. შენთვის ფრანგული კონიაკი მაქვს და ამ დღისთვის ვინახავდი, – უთხრა ჯაფარიძემ ზვიადაურს და მასთან ერთად სამზარეულოსკენ გაემართა...

***

პოდპოლკოვნიკი ვაჟა ზვიადაური ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. აეროპორტიდან პირდაპირ სამსახურში მივიდა და მინისტრს ეახლა.

– მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, დაბრუნდი. რა ხდება, როგორაა საქმე? – ჰკითხა მერაბ გამრეკელმა პოდპოლკოვნიკს. ხელი ჩამოართვა და სკამზე მიუთითა.

– ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ოპერაცია დაიწყო და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება, – მიუგო ზვიადაურმა.

– კონკრეტულად მომახსენე.

– ჯერ სოჩაში ვიყავი და მორფინა დავამუშავე. მზადაა და კონტაქტს ელოდება. შემდეგ გენერალ-მაიორ პავლე ლიადოვს შევხვდი, ბოლოს კი – ჯაფარიძეს, – უთხრა ზვიადაურმა მინისტრს. ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს დაამატა, – თუ ჩვენი მოსკოველი კოლეგა არ აზვიადებს და პროგნოზში არ ცდება, სულ მალე ძალიან გაუარესდება მდგომარეობა და მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.

– არ ცდება. პავლე ლიადოვი ძალიან ჭკვიანი კაცია. რაღაც-რაღაცეები მეც გავიგე. მაგრამ, ჩვენ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ. მუდმივი მზადყოფნა კი ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. კონკრეტულ საკითხს დავუბრუნდეთ. სადაა ახლა გივი ჯაფარიძე?

– კრესტებში, ამხანაგო გენერალო. ამდენი ხანი იმიტომ დამაგვიანდა, რომ ოპერაციის საწყისი ეტაპი პირადად გავაკონტროლე. გივი ჯაფარიძე მოსკოვიდან ციმბირის სტროგაჩებში გადაისროლეს და ეტაპით რომ ლენინგრადში გამოუშვეს, იქ დავხვდი. გეგმის მიხედვით, ის, სამი დღე კრესტების ადინოჩკაში გააჩერეს. კნუტმა რომ მისი ეტაპირების ამბავი შეიტყო, იჩალიჩა და თავის კამერაში ამოსწია. ახლა ერთად სხედან. უკვე იბაზრეს და როგორც ვვარაუდობდი, კნუტმა მას ზორბეგ შილბანთან დაპაძელნიკება შესთავაზა. მეტიც, კნუტმა სვიდანიაზე გამოიძახა შილბანი და კრესტებშივე გააცნო გივი. ერთი სიტყვით, პროცესი კარგად აეწყო და სანამ არ დავრწმუნდი წარმატებულ დასაწყისში, თბილისში გამომგზავრება ვერ გავბედე.

– სწორად მოიქეცი. ჯაფარიძეს როდის უმთავრდება სროკი?

– ზუსტად ოთხ თვესა და სამ კვირაში.

მინისტრმა ცეცხლგამძლე სეიფისკენ მიანიშნა ზვიადაურს და უთხრა:

– ორი მილიონი მანეთი უკვე გამოვიტანე და იქ მაქვს შენახული. თუ თანხა დაგჭირდება, მითხარი და მოგცემ.

– ჯერ არ მგონია. ალბათ, ხუთ-ექვს თვეში, როცა გივი გამოვა „კრესტებიდან“ და აჩალიჩდება.

– ციხეში არ სჭირდება ფული?

– ციხეში სხვები აფინანსებენ, – გაეცინა ზვიადაურს, – შავი სამყაროს ობშჩიაკზეა გივი მიერთებული და იქიდან იკვებება.

– არა, რა, ვერ ვდგავართ საჭირო სიმაღლეზე, თორემ შავი სამყარო ასე ძლიერი ვერ იქნებოდა, – სინანულით გააქნია თავი გენერალმა.

– რას გულისხმობ, ბატონო მერაბ?

– თუნდაც ობშჩიაკს. ერთი უბედურება ისაა, რომ ისინი, ბოროტმოქმედები, დანაშაულს სჩადიან და მათ ჩვენ ასე თუ ისე ვუმკლავდებით. მაგრამ, არანაკლები ჭირია ეს მათი ობშჩიაკი. არც მეტი, არც ნაკლები, მათ საკუთარი ბანკი აქვთ. უზარმაზარ თანხებს ატრიალებენ და ეს მათი ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია. ამიტომ საჭიროა, რომ მათ ეს წყარო გადაეკეტოთ და ჩათვალე, ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებულია. მარტო ციხეებში შმონი და ობშჩიაკების ჩამორთმევა ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის.

– სხვა, რა უნდა გავაკეთოთ?

– კანონი უნდა გამკაცრდეს.

– რას გვთავაზობთ, ამხანაგო გენერალო?

– რას და, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება, რომ ბოროტმოქმედებისთვის ფულის შეგროვება და გადაცემა, ან გადაცემის მცდელობა, მკაცრად დაისჯება, ბევრი ვეღარ გაბედავს ამის გაკეთებას... და, კიდევ სხვა ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. მაგრამ, ეგ იქით იყოს, ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ. შენ ის მითხარი, გივი ჯაფარიძის ცოლ-შვილი თუ არის საიმედოდ დაცული და უსაფრთხოების რა გარანტიები გააჩნიათ. შენი მეგობარი კი არის გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მუშაკი, მაგრამ ჩვენს საქმეში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. დავუშვათ და გაიშიფრა. გამორიცხული არაა, ვინმემ შურისძიება მოინდომოს მის ცოლ-შვილზე და რა ზომებია ამის საწინააღმდეგოდ მიღებული?

– გივის გაშიფვრა გამორიცხულია, – თავდაჯერებულად თქვა ზვიადაურმა და გამრეკელს გაუღიმა, – დარდი ნუ გაქვთ, ბატონო მერაბ. ეს არ მოხდება.

– კი, ბატონო. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ასეთი ვარიანტიც უნდა ვივარაუდოთ.

– დავუშვათ, გივი გაიშიფრა, რომ ის მილიციელია. უფრო შორს ვერავინ წავა. ლიადოვის, ჩემსა და თქვენ გარდა, თუ არ ჩავთვლით თეას, არავინ იცის, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს და ასეთ რამეს ვერც ვერავინ შეიტყობს, ოფიციალურადაც რომ მოინდომოს. თეა არსად მუშაობს და საბუთებში არ უწერია, ვგულისხმობ სამსახურის საბუთებს, რომ ქმარი ჰყავს. ჯაბა, მართალია, დადის ბაღში, მაგრამ იმ ბაღის გამგე ლიადოვის ცოლია და ის აკონტროლებს ბავშვს და საბუთებიც „გასუფთავებული“ აქვს.

– გამოდის, რომ გივის შესახებ ლიადოვის ცოლმაც იცის?

ზვიადაურს გაეღიმა და გამრეკელს მიუგო:

– ცოლები არ ითვლება, ამხანაგო გენერალო. ადრეც ხომ გითხარით, რომ ცოლ-ქმარს ერთ მთლიანად მივიჩნევ და ამიტომ.

– ხუმრობა ცუდი არაა და ზოგჯერ მუშაობებშიც გვეხმარება, – თქვა გენერალმა. ჩაფიქრდა და განაგრძო, – რას იტყვი, ვაჟა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, ოპერაციის დასრულებამდე ჯაფარიძის ცოლ-შვილი მოსკოვს გამოვარიდოთ და თუნდაც სადმე, მყუდრო სოფელში გავამწესოთ დროებით?

– ბოდიშს გიხდით, ბატონო მერაბ, მაგრამ ასე დაჟინებით რატომ გსურთ ეს, გული ცუდს გიგრძნობთ?

– დაზღვევის მიზნით. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.

– არ იზამს ამას თეა. თანაც, გივიმ რომ შეიტყოს, შეიძლება, ანერვიულდეს. მე მგონი, არ ღირს.

– კარგი, ბატონო, არ ღირს, ნუ ღირს. შენ უფრო ჩახედული ხარ ამ საქმეში. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი დაზღვევა ზედმეტი არ იქნებოდა. თავის დროზე ერთი ასეთი შეცდომა მომივიდა და დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის.

– რა შეცდომა, ამხანაგო გენერალო?

– ჩემს მამობილს, ასთამურ შამბას ვგულისხმობ. გული მიგრძნობდა, რომ ხიფათი ელოდა. ვუთხარი კიდეც – ფრთხილად იყავით-მეთქი, მაგრამ ის მაინც მოკლეს. თანაც, ასე საზარლად. არადა, მე ან გულბათ მარგიანი მის გვერდით რომ ვყოფილიყავით, ძია ასთამური დღესაც იცოცხლებდა.

– ბატონო მერაბ, თქვენი მამობილის მკვლელები ხომ ქალი და კაცი იყვნენ?

– კი, ბატონო.

– მანამდე, კი ისინი ჯერ თქვენ დაგესხნენ თავს არა?

– კაცი დამესხა თავს და მე მკლავში დავჭერი ჩემს სადარბაზოში. მოგვიანებით, ექსპერტიზამ ამოაგდო მისი სისხლის კვალი და ასე გაიშიფრა.

– ჩოჩიანების ბანდის წევრები იყვნენ ხომ, ამხანაგო გენერალო? მე ამას საქმის შესწავლისას მივხვდი.

– მეც ასე მგონია დღემდე, – დაუდასტურა ზვიადაურს გამრეკელმა, – თუმცა, ამისი დამტკიცება ვერ მოხერხდა. რუზგენ ჩოჩიანი რომ დავაპატიმრეთ, მან ეს კატეგორიულად უარყო.

– თუ არ მეშლება, კაცი ანზორ შიშლიანი იყო, ქალი კი – ზაირა გაგრიანი.

– არ გეშლება, – მიუგო გამრეკელმა და ის დღე გაახსენდა, სამზარეულოში რომ ცარცივით გაფითრებულ მართას თავზე წამოადგა. გენერალი კვლავ მოგონებებში ჩაეფლო და თვალწინ დაუდგა, თუ როგორ მიიდო ტუჩზე საჩვენებელი თითი მართამ და სიძეს უთხრა:

– ჩუმად, მერაბ, თამარმა არ გაიგოს ასთამურის ამბავი და რამე არ დაემართოს. რამე უნდა მოვიფიქროთ და თბილისში გავიტყუოთ...

გენერლის მეხსიერებაში კალეიდოსკოპური სისწრაფით გაიარა წლების წინ მომხდარი ამბების საშინელმა კადრებმა და რომ გამოერკვა, ზვიადაურს უთხრა:

– ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ, ვაჟა. შემთხვევითობა არც ერთ საქმეში არაა გამორიცხული, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გამოვრიცხოთ. გახსოვდეს, სასწორზე ყოვლად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე არ უნდა დავდოთ და ასეთი რამ, თუნდაც მთელი შავი სამყაროს განადგურების ფასადაც კი, არ ღირს.

– დარდი ნუ გაქვთ, ამხანაგო გენერალო. ყველაფერი კარგად იქნება. გივი უბადლო შემსრულებელია და არ გაიშიფრება. ერთადერთი საშიშროება ინფორმაციის გაჟონვაა, მაგრამ რისკი აქაც ნულია. ჯაფარიძის შესახებ ისეთმა ხალხმა ვიცით, ვისგანაც ეს ამბავი არ გავა.

– კარგი. თავისუფალი ხარ. შეგიძლია, წახვიდე. ხოლო თუ რამე ახალი გამოჩნდა, ან სასწრაფოდ დაგჭირდი, ნებისმიერ დროს დამიკავშირდი.

– გასაგებია, ბატონო მერაბ. ნახვამდის, – ვაჟა ზვიადაური მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა. თან, გუნებაში უკვირდა, რამ შეაშფოთა გენერალი და გივი ჯაფარიძის გაშიფვრის რატომ ეშინოდა. ზვიადაურს გაეცინა და გაიფიქრა: „გენერალი გივის არ იცნობს და ამიტომ ნერვიულობს. დავასრულებთ ამ ოპერაციას, გივის გენერალს გავაცნობთ და სამივე გულიანად გავიცინებთ ამ ყველაფერზე“.

***

სანამ გივი ჯაფარიძე ლენინგრადის „კრესტებში“ იჯდა და ციხიდან გამოსასვლელად ემზადებოდა, ვაჟა ზვიადაურმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა და საშიში ბოროტმოქმედები გაანეიტრალა. მიუხედავად იმისა, რომ პოდპოლკოვნიკს უამრავი საქმე ჰქონდა და მუშაობაში დღე-ღამეს ასწორებდა, გივი ჯაფარიძე წამითაც არ ავიწყდებოდა. მისგან რეგულარულად იღებდა ინფორმაციებს. დროგამოშვებით, ზვიადაური ლენინგრადშიც ჩადიოდა და „კრეტსებში“ ფარულად ხვდებოდა ჯაფარიძეს. პოდპოლკოვნიკს, მორფინაც მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდა და რამდენჯერმე სოჭშიც კი ჩააკითხა მას.

გივი ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლამდე ოთხი დღით ადრე, ზვიადაური ლენინგრადში გაემგზავრა, რომ გათავისუფლებულ მეგობარს ფარულად შეხვედროდა და ერთად შეეფასებინათ ოპერაციის პირველი ეტაპის შედეგები. მანამდე კი სოჭში გაიარა, მორფინას ეწვია და უთხრა:

– როგორ ხარ, მორფინ? ჩვენი დახმარება ხომ არ გადაიფიქრე?

– თქვენ ჩემს მტერს გადაეკიდეთ. ბარემ კი არ მინდა, მაგრამ, რას ვიზამ. საკუთარი ტყავი ძვირად მიღირს. თანაც, კარგი ცხოვრება მოდის და მინდა, დავტკბე, გავიხარო.

– დატკბი, დატკბი, – ირონიით მიუგო ზვიადაურმა, – მაგრამ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ჩვენს გაცურებას თუ მოინდომებ, იცოდე, მაგ სიტკბოს სიმწარედ გადაგიქცევ.

– კარგი რა, უფროსო. ისევ იმ პლასტინკას ატრიალებ? ხომ გითხარი საკუთარი ტყავი ძვირად მიღირს-მეთქი. გიჟი ვარ, თავი გავიფუჭო?

– ესე იგი, მზად ხარ?

– რა თქმა უნდა.

– ჰო და უფრო მოემზადე. ინფორმაცია გვაქვს, რომ სულ მალე მოგაკითხავენ და არ დაიბნე.

– მე და დაბნევა? გეკადრება, უფროსო?! ვიღაც ნაბიჭვარი ლოხები კი არა და, ბობოლა ძაღლები გამიცურებია, – მიუგო მორფინამ ზვიადაურს და ენაზე იკბინა, – ბოდიში, უფროსო, მილიციელები უნდა მეთქვა.

– მორფინ, შენი  განწყობა არ მომწონს, – უთხრა ხრიკულს ზვიადაურმა.

– ბოდიში ხომ მოვიხადე, უფროსო, წამომცდა.

– მაგას არ ვგულისხმობ.

– აბა, რას?

– რას და ნაბიჭვარ ლოხებს რომ უწოდებ იმ ხალხს.

– რატომ უფროსო, მერე რა?!

– რა და, მასეთი განწყობით შეიძლება, დაიწვა და მთელი საქმე ჩაშალო. შენ გამო რომ ოპერაცია ჩაიშალოს, იცოდე, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, საკუთარ გაჩენას დაწყევლი. გასაგებია?

– გასაგებია, უფროსო.

– ჰო და, თუ გასაგებია, მთელი ძალები მოიკრიბე და მათთან შესახვედრად მოემზადე. არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ ძალიან მალე მოგაკითხავენ.

– კარგი, უფროსო, არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება და ჩემს როლს ხუთიანზე შევასრულებ, –  დააიმედა მორფინამ ზვიადაური. პოდპოლკოვნიკი კი სოჭიდან ლენინგრადში გაემართა გივი ჯაფარიძესთან შესახვედრად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3