რა ნიუანსებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ავტომობილის დაზიანებამდე
განვაგრძობთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომლის მოგვარებაც თავადვე შეგვიძლია.
მევლუდ მელაძე: გამოუცდელობის გამო ჩვენს ქუჩებში ძალიან ხშირია საბურავის დაშვება. ამას იმწამსვე ვერ ვაფიქსირებთ და ასეთ მდგომარეობაში გარკვეულ მანძილსაც გავდივართ. ეს გრძელდება მანამ, სანამ ვიღაც არ მიგვანიშნებს, რომ საბურავმა დაიშვა. ამით კი საბურავს ძალიან ვაზიანებთ. ყოველთვის, როცა დილით ავტომობილით გასვლას აპირებთ, ურიგო არ იქნება, თუ მას გარშემო შემოუვლით და ნახავთ, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს, ან სადმე ხომ არ არის დაწეული. ძალიან კარგი იქნება, თუ დროდადრო მაინც შეივლით ვულკანიზაციაში და მწარმოებლის მიერ მითითებული ნორმების მიხედვით, საბურავების წნევას გაზომავთ და დაამატებინებთ. ეს ნორმები ან ბენზინის სახურავის შიდა მხარესაა მითითებული, ან უფრო ხშირად, რომელიმე კარის კუთხეში მიწებებულ სტიკერზე. როგორ მივხვდეთ, რომ საბურავი იშვებს? თუ პრობლემა წინა საბურავშია, მაშინ ავტომობილი ერთ მხარეს მოხვევისკენ ხდება მიდრეკილი. ანუ, იმისთვის, რომ სწორ ხაზზე იაროთ, საჭისთვის ძალდატანება გიწევთ – იქით, რომელი მხარეც უფრო სუსტია. თუ უკანა საბურავია დაზიანებული, ამას ამოიცნობთ ასე: უკანა, მარჯვენა საბურავის დაზიანების შემთხვევაში, მარჯვნივ მოხვევისას, ავტომობილი ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს უნდა მოცურდეს. ავტომობილის უკანა მხარე გაწელილს ჰგავს. მაგრამ, ეს მოცურება არ არის.
– დაცინვის მიზნით, ქალებს ძალიან ხშირად ეკითხებიან, როგორ იცვლება საბურავიო. ეს ყველაზე კარგი თემაა მამაკაცებისთვის. მაგრამ, ბევრი მათგანი მინახავს, თავადაც რომ არ იცის, როგორ იცვლება საბურავი. მოდი, ქალებსაც და მამაკაცებსაც გვასწავლე, როგორ ხდება ეს.
– დაშვებული საბურავით შორს ვერ წახვალთ. ეს ფრთის ქვეშ განთავსებულ ელექტროგაყვანილობასაც დააზიანებს და ავტომობილის გარეგნულ იერსახესაც – საღებავი აძვრება. სხვადასხვა ავტომობილს სათადარიგო საბურავი სხვადასხვა ადგილას აქვს. ძირითადად, ეს არის საბარგულის ქეჩის ქვეშ, სადაც საბურავი ერთი დიდი მომჭერით არის დამაგრებული. არის ისეთი ავტომობილები, მაგალითად, „პეჟო“, „რენო“ და სხვები, რომელთა საბურავი საბარგულის გარეთა მხრიდანაა დამაგრებული და საბარგულის შიგნიდან, ღერძიდან მომჭერით იხსნება. მანქანაშივეა განთავსებული სპეციალური ქანჩები, ანუ „კლუჩები“ და „დანგრატი”. ქანჩის საშუალებით უნდა მოხსნათ საბურავი, ხოლო „დანგრატით” მანქანა მიწის ზედაპირიდან ჰაერში ასწიოთ. სხვადასხვა მანქანას სხვადასხვა ადგილას ედგმება „დანგრატი”. ყველგან მას ვერ შეაცურებთ, რადგან ძარის ზედაპირს დააზიანებს და შეღუნავს. თუ კარგად დააკვირდებით მანქანებს, ეს ადგილი ძალიან კარგად ეტყობა, პლასტმასის პატარა ნაჭრითაა დაფარული და იზოლირებულია. ამ პლასტმასს მოხსნით და „დანგრატს” იქ ჩადგამთ. სანამ ავტომობილს ასწევთ, მასზე დამაგრებული „ბოლტები” ოდნავ უნდა მოუშვათ, რადგან უკვე ჰაერში აწეული საბურავი დაბზრიალდება. ქალბატონებს ვურჩევ, თუ ძალიან გაუჭირდათ მისი მოშვება, ფეხი ან ქვა მაგრად დაარტყან. ამით „ბოლტები“ არ დაზიანდება. მანქანის აწევამდე, აუცილებლად უნდა ჩააგდოთ ის პირველ სიჩქარეში, ამოწიოს ხელის მუხრუჭი და ქვები დაადოთ იმ საბურავის უკანა ჯვარედინ მხარეს, რომელსაც ცვლით. ამის შემდეგ აუცილებლად, უახლოეს ვულკანიზაციაში მიხვალთ, რათა გადაამოწმოთ, სწორად არის თუ არა გაკეთებული ყველაფერი. საერთოდ, ჩემი რჩევა იქნება, თქვენს ავტომობილზე გაფუჭებული და ისევ აღდგენილი საბურავი დააყენოთ, ვიდრე სათადარიგო დატოვოთ. უცხოური ავტომობილების უმეტესობას სათადარიგო საბურავი ბევრად ვიწრო აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი, რადგან ნაკლები ადგილი დაიკავოს და ავტომობილიც ძალიან არ დაამძიმოს.
საბურავებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი რამ უნდა დავამატო. თუ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილი გყავთ, მას ხშირად ექმნება ყუმბარების პრობლემა. ავტომობილს რომ ყუმბარები დაუზიანდა, ამის გაგება ძალიან იოლია. მოხვევის დროს ისმის ტკაცუნის ხმა. სწორედ ის ყუმბარაა დაზიანებული, რომელ მხარესაც მოხვევისას ტკაცუნი ისმის.