ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მყავს რუსული სპანიელი. მაინტერესებს, როგორ და როდის უნდა შევაჩვიოთ წყალში შესვლას?
პასუხი: აღნიშნული ჯიში განეკუთვნება მაძებარ ძაღლებს, კერძოდ, სპანიელების ჯგუფს, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს წყალი, ამიტომ, მათთვის წყალში შესვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ძაღლი სანადიროდ გინდათ, დასაგეშად რომ გაიყვანთ, მაშინვე უნდა შეუშვათ წყალში. ამიტომ, ძირითადად, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
კითხვა: ძალიან მომწონს ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლები და მინდა შევიძინო. მაინტერესებს, რა ღირსებით გამოირჩევა ჩაუ-ჩაუ? იქნებ, რამდენიმე სიტყვით მითხრათ.
პასუხი: ამბობენ, რომ ეს პირველადი ჯიშია. როგორც ამტკიცებდნენ, ის ლაიკასთან ნაჯვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ლურჯი ენა ამ სქემაში არ ჯდება. მოგვიანებით დადგინდა, რომ ჩაუ-ჩაუ დამოუკიდებელი ჯიშის ძაღლია. ის არც ისე მაღალია – საშუალოდ 43-51 სანტიმეტრი. ის ჰარმონიულად განიერი, ჩადგმული ძაღლია, კისერზე კარგი „ფაფარით”. აქვს შედარებით მოკლე ცხვირი. „სტოპი” კარგად აქვს გამოკვეთილი, მაგრამ, იმის გამო, რომ თვალზედა ყვრიმალები კარგად აქვს განვითარებული, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „სტოპი” უფრო ღრმა და მაღალია. ძაღლს ჰარმონიული აგებულება უნდა ჰქონდეს. მართალია, დიდი თავი აქვს, მაგრამ, კორპუსზე ის უნდა იყოს „მიდგმული,” რომ ბალანსს არ არღვევდეს. ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ უკანა ფეხების კიდურების კუთხეები გასწორებული უნდა იყოს და არა მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, ის ტეხილი მოძრაობებით მიაბიჯებს, რაც შოუ-რინგზე ფასდება ხოლმე. ის, რაც სხვა ძაღლებისთვის და, საერთოდ, კინოლოგიური ნორმაა, აქ ცოტა გვერდზეა გადაწეული.
კითხვა: მაინტერესებს რა ითვლება ტაქსას ჯიშის ძაღლებში ყველაზე რთულ დაავადებად?
პასუხი: ტაქსას ჯიშის ძაღლებში, ყველაზე რთულ დაავადებად ხერხემლის დაავადება ითვლება. ტაქსას სელექციაში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა. მას რომ მაღალი ფეხები ჰქონოდა სირბილის დროს დარტყმა თანდათან ხერხემალს გაავარჯიშებდა და უფრო შეიკვრებოდა, მაგრამ მოკლე ფეხების გამო ამის საშუალება არ აქვს, უფრო პატარა ნაბიჯებით დადის და, ამიტომ, ზურგის კუნთებიც სათანადოდ არ უვითარდება. სელექციონერების ამოცანაა, ძლიერზურგიანი ტაქსები გაამრავლონ, რათა დისკების ამოვარდნა არ დაემართოთ.