კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

კოტემ ისედაც ცუდად იცოდა ინგლისური და დიანასთან სიახლოვემ სულ დააბნია. მისი სხეულისგან წამოსული სითბო მაგიურად მოქმედებდა კაცზე და ამუნჯებდა. ნატრობდა, დიდხანს გაგრძელებულიყო მოულოდნელად თავს დატეხილი უჩვეულო ბედნიერება. დეა თითქოს ვერ ხვდებოდა ამას, ხალისიანად იცინოდა და დროდადრო სახეში აშტერდებოდა. კოტეს ჰაერი არ ეყო, პირი გააღო და ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი...

– რატომ გამოგვექეცით? მოგწყინდათ ჩვენთან? პრინციპში, ცოტა მოწყენილობა კი იყო იქ... მეც წამოვედი.

კოტემ ამოიოხრა და სათქმელს ძლივს მოუყარა თავი:

– ხელი აღარ შეგიშალეთ... ბოდიში უნდა მოგიხადოთ ჩემი ინგლისურის გამო, – ძლივს თქვა და ისევ ამოიოხრა. 

დეამ გადაიკისკისა:

– არა უშავს, მაინც გავაგებინებთ ერთმანეთს... მიყვარს ჩემზე უფროს მამაკაცებთან საუბარი, მით უფრო, სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებთან.

– კონკრეტულად რა გაინტერესებთ?

– ყველაფერი... ალექსანდრეს თქვენ შესახებ არაფერი უთქვამს. ძალიან ხომ არ გავთამამდი? ხომ არ გაწუხებთ ჩემი შეკითხვებით?

– არა, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა ასეთ ლამაზ გოგონასთან ერთად სეირნობა. ალბათ, რამდენ ბიჭს შურს ახლა ჩემი... თქვენ დიდი ხანია, სანდროსთან, ჩემს შვილთან მეგობრობთ? – პასუხის მოლოდინში კოტემ ნაბიჯი შეანელა.

დეამ თვალები მოჭუტა და ტუჩთან ახლოს, მარჯვენა ლოყა ჩაეჩვრიტა საყვარლად...

– არც ისე. ალექსანდრე კარგი ბიჭია, ტომასიც, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მე ჩემზე უფროსი მამაკაცები მომწონს.

კოტე ვერ მიხვდა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა გოგოს ამ სიტყვებში. რა თქმა უნდა, ისეთი ოპტიმისტიც არ იყო, პირდაპირი მნიშვნელობით გაეგო ნათქვამი.

– ესე იგი, თქვენ ბიზნესმენი ხართ... 

– დიახ, ვცდილობ.

– მოგწონთ, რასაც აკეთებთ?

 კოტემ გაიღიმა. მაინც დაძაბული იყო. ყველა კუნთი დაეჭიმა და სტკიოდა. 

– ვერ ვიტყვი, რომ უკეთესს არ ვისურვებდი საკუთარი თავისთვის, მაგრამ ფული საჭიროა.

დეამ გაიცინა:

– მახსოვს, ერთხელ მამაჩემმაც ზუსტად ასე თქვა, ძალიან დაღლილი რომ მოვიდა ოპერაციიდან.

– მამა ექიმია?

– დიახ, კარდიოლოგი. გულზე აკეთებს ოპერაციებს, – უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, გოგომ მკერდზე მიიდო გაშლილი ხელისგული. ლამაზი თითები ჰქონდა, ნატიფი და გრძელი. ლაკი არ ესვა და ფრჩხილებზე, ჩვილი ბავშვის თითებივით, ღია ვარდისფერი გადაჰკრავდა. კოტე მიხვდა, რითაც გადარია დიანამ – ეს მისი ბუნებრიობა და თითქმის პირველყოფილი, ხელუხლებელი სილამაზე იყო.

– არ მეგონა, – აღმოხდა უნებლიეთ ის, რაც იმ წამს გაიფიქრა.

– მაპატიეთ, მე მითხარით რამე? კარგად ვერ გავიგონე.

– არ მეგონა, ასეთი გოგოები თუ კიდევ იყვნენ ევროპაში.

– მაინც, როგორი? ან, ევროპელი გოგონები რანაირები გეგონათ? მითხარით, მითხარით, მაინტერესებს თქვენი აზრი.

– როგორ გითხრათ... ყოველ შემთხვევაში, თქვენსავით უბრალოები და ბუნებრივები არა; უფრო ცხვირში საყურით და რაღაც ამდაგვარი...

– ჰა, ჰა, ჰა!.. ძალიან სასაცილოა.

– ვიცი, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ფანტაზიაში ცოტა მოვიკოჭლებ.

– კარგად ვერ გავიგე, რა თქვით, მაგრამ, მგონი, რაღაც ასაკს დააბრალეთ. რა სისულელეა. ადამიანი, მით უფრო, მამაკაცი, რაც მეტი წლის არის, მით უფრო საინტერესოა.

– მართლა ასე ფიქრობთ?

– დიახ, რა თქმა უნდა. არ არის ასე?

– ძნელია, დაგეთანხმოთ ან არ დაგეთანხმოთ... – კოტემ გაუბედავად შეახო ხელი თითებზე, გოგოს მის მკლავზე რომ ედო და ოდნავ მოეფერა.

– სულ გაგყინვიათ თითები... შეგცივდათ?

– არა. მე შეჩვეული ვარ სიცივეს. აი, თქვენთან კი, მგონი, სულ ცხელა.

– სად, საქართველოში? არა, ასეც არ არის საქმე... თოვლიც მოდის და ყინავს კიდეც. თუმცა, ირლანდიასთან შედარებით თბილი ამინდებია და მზე უფრო ხშირად გვაქვს.

– მე ლონდონში ვცხოვრობ, – თქვა დეამ ღიმილით, – თუმცა, ლონდონშიც არ გვანებივრებს მზე ხშირად.

– ლონდონში ცხოვრობთ? – კოტესთვის უცებ ყველაფერი ნათელი გახდა, – ახლა ყველაფერი გასაგებია ჩემთვის.

– რა არის გასაგები? ვერ მივხვდი...

– ჩემი შვილი, სანდრო, თქვენ გამო ხომ არ აპირებს ლონდონში გადმოსვლას? ახლაც იმან მოგაგზავნათ ჩემთან, რომ დამიყოლიოთ? – კოტეს გულში წამით ანთებული იმედის ნაპერწკალი ერთბაშად ჩაქრა და ტუჩზეც კი იკბინა, იმედგაცრუებით გამოწვეული ტკივილი რომ დაეძლია.

დიანა ერთბაშად გაჩერდა, კაცს მკლავზე ხელი უშვა და წყენით ჩაილაპარაკა:

– თურმე ეჭვიანი ყოფილხართ, ბატონო... არ ვიცი, თქვენი შვილი რას აპირებს, მაგრამ, მე მის გადაწყვეტილებებთან კავშირი არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი, რას ფიქრობს და რა უნდა... კარგად იყავით, დაგემშვიდობებით...

კოტემ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაარჩია დიანას ნათქვამში, მაგრამ, იმას კი მიხვდა, რომ გოგო ძალიან იყო ნაწყენი და შეურაცხყოფილი.

– არ წახვიდეთ... შეიძლება, რაღაც შემეშალა... – დაიწყო ბორძიკით და ქართულ და ინგლისურ სიტყვებს ერთმანეთში ურევდა, – მე არც მიფიქრია თქვენი წყენინება... მართლა ძალიან ვწუხვარ... მოდი, კაფეში შევიდეთ, ყავაზე და ნამცხვარზე დაგპატიჟებთ..

– არ მინდა, – თქვა დეამ. სახეზე ისევ ეტყობოდა გაბრაზება.

 – ძალიან გთხოვთ. მეც არ ვიცი, ეს რატომ ვთქვი... მაპატიეთ, რა... 

– არა, ახლა მართლა უნდა დაგემშვიდობოთ... ხვალ, თუ სურვილი გექნებათ, ამ ადგილას შევხვდეთ. შეხედეთ, დაიხსომებთ ამ კაფეს?

კოტემ დაბნეული მზერით მოათვალიერა ქუჩა და კუთხეში პატარა კაფეც შენიშნა.

– ოთხი საათისთვის კაფეში ვიქნები... – დეა შებრუნდა და გაოგნებული, ნირწამხდარი კაცი თავის ფიქრებთან მარტო დატოვა...

სანდრომ გვიან შენიშნა, რომ ტუალეტში გასული დიანა უკან აღარ დაბრუნდა. აწრიალდა... რამდენიმე წუთი მოუსვენრად ცქმუტავადა, მერე ნერვებმა უმტყუნა და ტომასთან მხიარულ საუბარში გართულ ლინას მკლავზე მოჰკიდა ხელი:

– სად წავიდა?

– ვინ? – გაიოცა ლინამ, – ვისზე მეკითხები, მამაშენზე?

– არა, მამაჩემი რა შუაშია. დიანა... მგონი, სადღაც წავიდა... შენთვის არაფერი უთქვამს?

– არა! – მხრები აიჩეჩა ლინამ, – რამე ხომ არ აწყენინე?

– მე? რა უნდა მეწყენინებინა? მშვენიერ გუნებაზე იყო, ვლაპარაკობდით... უცებ, ცოტა ხნით უნდა გავიდეო და აღარ მობრუნდა... ტუალეტში ხომ არ გავიდა? არ შეგიძლია, ნახო?

– ანუ, ტყუალეტში გავიდე და მოვძებნო? – ლინამ გაოცებით შეხედა ბიჭს, – სანდრო, ასე რატომ ნერვიულობ? დიანა უკვე დიდი გოგოა, არ დაიკარგება.

– რა მოხდება, რომ ნახო? – მუდარით მოებრიცა სახე ბიჭს და საქმეში ტომასი ჩაერია.

– რა პრობლემაა, მე გავალ და ვნახავ, – ტომასი წამოდგა და საპირფარეშოებისკენ გაემართა.

– არ ვიცი, რატომ შფოთავ ასე, მით უმეტეს, თუ არ გიჩხუბიათ... ალექსანდრე, შენ გეკითხები.

– მეც არ ვიცი. ავფორიაქდი და იმიტომ. სად უნდა წასულიყო მარტო? ღამეა უკვე...

– ვაიმე, ალექსანდრე... შენ შეყვარებული ხარ და, თანაც როგორ! – ხელი ხელს შემოჰკრა ლინამ.

– ჰო, შეყვარებული ვარ და არ ვმალავ. რა აზრი აქვს? მიყვარს, ძალიან მიყვარს და, როცა ვერ ვხედავ, ცუდად ვხდები. აი, ახლაც ცუდად ვარ... – წამოენთო ბიჭი, – ტომას, რა ქენი?

– იქ არ არის, ყოველ შემთხვევაში, თუ კაბინაში არ არის ჩაკეტილი.

– სად უნდა წასულიყო? – სანდრო მოიღუშა და თავზე იტაცა ხელები.

– დავურეკოთ, – უცებ გაახსენდა ლინას, – როგორ არ მომაფიქრდა. ახლავე გავიგებთ, სად არის ჩვენი დეიკო...

მობილური სადღაც სულ ახლოს აწკრიალდა, იმდენად ახლოს, რომ ლინამ თავის ტელეფონს დახედა, შემთხვევით ტომასის ნომერი ხომ არ ავკრიფეო.

– ჩანთა და ტელეფონი აქ დაუტოვებია... წარმოუდგენელია... რატომ უნდა მოქცეულიყო ასე? ახლა უკვე მეც ავღელდი, – თქვა ლინამ და ბიჭებს გადახედა.

სანდრო წამოხტა:

– მორჩა, მის საძებნელად მივდივარ!

– მოიცა, – შეაჩერა ტომასმა, – სად მიდიხარ? ვერ ვხვდები, რისთვის ატეხე ეს ამბავი. გოგომ არც ჩანთა წაიღო და არც მობილური, ესე იგი, სადღაც ახლოს არის და სანერვიულო არაფერია. შენ რომ მოსაძებნად წახვიდე, ჯერ ერთი, არ იცი, სად მოძებნო და, მეორეც, დიანა ძალიან გაგიბრაზდება.

– ჰო, გაბრაზდება, – ტომასს მხარი აუბა ლინამაც, – დავმშვიდდეთ, დაველოდოთ და მოვა...

***

... თიკო ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მიაშტერდა. შეშაზე ავარდნილი ალი ანათებდა ტყავებით მოფენილ ოთახს... სასიამოვნოდ თბილოდა, მაგრამ, თიკომ მაინც შეისწორა შიშველ სხეულზე მიფარებული ხალათი...

– არ შეგცივდეს შენ... შიშველ მხარზე მიეფერა კაცი და აკოცა, – რა თქმა უნდა, მე შენი მშვენიერი სხეულის ცქერა მირჩევნია, მაგრამ, ისიც არ მინდა, რომ ავად გახდე.

– ბუხარი... ცეცხლი... ტყავები... თავი სიზმარში მგონია, –  აჩურჩულდა ქალი, – ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა.

– ხომ არ ნანობ? – შეცბა კაცი. სიგარეტს გადასწვდა და მოუკიდა.

– არა, ეს არ მიგულისხმია... უბრალოდ, საკუთარი თავის მიკვირს.

– ანუ, ხომ არ იჩქარე? თიკო, მე მესმის შენი... არც არაფერს გკითხავ. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა და არასოდეს დავინტერესდები, რა იყო გუშინ.

– თუ, ვინ იყო გუშინ? – დაუზუსტა ქალმა, – იყო ერთი... თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარდა ან მასზე გათხოვება მქონდა გადაწყვეტილი... ხომ ხედავ, როგორი გულახდილი ვარ...

– ვხედავ და კიდევ უფრო მეტად მომწონხარ ასეთი გულახდილობისთვის. არაჩვეულებრივი ქალი ხარ, შენთან ყველგან ბედნიერი ვიქნები.

– მართლა არაფერი გინდა იცოდე ჩემზე?

– რაც მინდა და მჭირდება, უკვე ვიცი, გარდა ერთისა – ცოლად გამომყვები?

თიკო  წამოჯდა და მკერდი ხელით დაიფარა.

– ახლავე უნდა გიპასუხო?

კაცს სახე დაუსევდიანდა:

– ეს უარს ხომ არ ნიშნავს?

– არა, პირიქით... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვიფიქრო. ძალიან ბევრი ემოცია მივიღე ერთბაშად და ცოტა დაბნეული ვარ. მინდა, საკუთარ თავშიც დავრწმუნდე და შენშიც.

კაცმა ორივე ხელი მოხვია და მაგრად ჩაიხუტა.

– მე დავიცდი. არასდროს ვყოფილვარ ასეთი დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში. შენ ის ქალი ხარ, რომელთან ერთადაც მინდა გავატარო დარჩენილი ცხოვრება... შვილებს გამიჩენ და უბედნიერეს კაცად მაქცევ... თიკო, შენ ეს შეგიძლია!.. შენი ყოველი დანახვა სიხარულით მავსებს. ჩემი ნება რომ იყოს, აღარსად გაგიშვებდი აქედან.

– ბეჟან, დრო უნდა მომცე. მართლა არ შემიძლია, ახლავე მივიღო გადაწყვეტილება. მომხდარისგან ჯერ ისევ შოკში ვარ...

– მესმის, საყვარელო, მაგრამ, დილამდე მაინც დარჩი.. არ დამტოვო ამ ცარიელ და ცივ სახლში, რომელიც შენ გაათბე და მშობლიური გახადე ჩემთვის.

– ძალიან კარგი სახლია. ცოტა ცარიელი ნამდვილად არის, მაგრამ, ამას ეშველება.

– ჰო, შენ უნდა გვიშველო. სახლსაც და მეც... სად იყავი აქამდე? ეტყობა, მთელი ცხოვრება მარტო შენ გელოდებოდი...

თიკო კაცს მიაშტერდა:

– ასე რომ მელაპარაკები, უცნაური განცდა მაქვს, უფრო სწორად, უჩვეულო – ვერ წარმოვიდგინე თავი შენი ცოლის როლში.

– ჰო, ვხვდები, რთულია. შენ თავისუფალი ქალი ხარ და შენი ცხოვრება გაქვს. ალბათ, ბევრსაც მოსწონხარ – დარწმუნებული ვარ ამაში. გპირდები, თუკი, რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვები შენთვის რამის გარანტი იქნება, არ ვიქნები სტანდარტული ქმარი და მართლა ვიზრუნებ იმაზე, რომ ბედნიერი იყო...

თიკომ შეკრული შუბლი გახსნა და ტუჩის კუთხეები ღიმილმა გაუპო.

კაცმა აღფრთოვანებული მზერა ვეღარ მოაშორა:

– ძალიან ლამაზი ხარ.

– მართლა?

– ჰო. თვალს ვეღარ გაცილებ... ვერ გრძნობ, როგორ შემცვალე? რაც გაგიცანი, აღარავინ მინდა, შენ მეტი. მეგობრებსაც აღარ ვნახულობ. თუ ჩემ გვერდით არ ხარ, მინდა, შენზე ვიფიქრო და წარმოგიდგინო... თუ ცოლობაზე არ დამთანხმდები, ვიტყვი, რომ აზრი არ ჰქონია ჩემს ცხოვრებას... დარჩები დღეს?

– დავრჩები... – ხმადაბლა ჩაილაპარაკა თიკომ და შუბლით მხარზე მიეყრდნო.

– ჩემო საყვარელო, შენ ხარ ჩემი ბედნიერება... – ბეჟანი უკვე მთვრალი იყო ქალის სხეულისა და თმის სურნელით... გადარეულივით ჰკოცნიდა და ეფერებოდა მის მკლავებში განაბულ თიკოს...

***

სანდრომ საათზე დაიხედა და წამოხტა:

– მეტი ლოდინი აღარ შემიძლია... თქვენ იყავით აქ, მე გავალ და ახლომახლო ქუჩებს მოვივლი.

– არ გინდა, მოვიდა, – კარისკენ მიახედა ლინამ და მეგობარს მიეგება:

– დიანა, სად იყავი?

– არსად, – უთხრა დეამ და დაჯდა, – კოქტეილი შეუკვეთეთ, რა, ჩემთვის!

– რას ნიშნავს, არსად? ძალიან გვანერვიულე, – გაბრაზდა ტომასი, – სანდრო ხომ, უკვე შენს საძებრად აპირებდა წამოსვლას.

– რატომ? – გულგრილად იკითხა დეამ.

– არ გითხარი, ვინერვიულეთ-მეთქი? – ახლა ლინაც გააღიზიანა მისმა მშვიდმა ტონმა, – მობილურიც კი არ წაგიღია, რომ დაგვერეკა და ამბავი გვეკითხა.

– არ წარმოადგენდა აუცილებლობას, მხოლოდ გავისეირნე.

– მეც გამოგყვებოდი, რატომ არ მითხარი? – ჰკითხა სანდრომ.

– მარტო მინდოდა ყოფნა, – მკაცრად თქვა დიანამ და სანდროს ისე შეხედა, ნირწამხდარ ბიჭს ღიმილი უშნო გრიმასასავით შერჩა სახეზე...

 

скачать dle 11.3