როგორ თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ 3 მილიონ მარკაზე უარი
1919 წელს ბერლინში, უნივერსიტეტში ლექციების დროს კონსტანტინე გამსახურდიამ გაიცნო მოხუცი კაცი. რადგან მოხუცი აუდიტორიაში იჯდა, ახალგაზრდა გამსახურდიას ის ახალი პროფესორი ეგონა. იმ დროს გამსახურდია დოქტორანტი იყო უკვე.
აღმოჩნდა, რომ მოხუციც დოქტორანტი ყოფილა. უსწავლელ მამას ერთხელ შვილები გახუმრებიან, ვერასოდეს შეძლებ დირექტორი გახდეო. მისი შვილები ქარხნების დირექტორები იყვნენ. შვილებისათვის თავისი შესაძლებლობის დამტკიცების მიზნით, მოხუცმა გადაწყვიტა, ბერლინის უნივერსიტეტში ესწავლა. როცა გამსახურდია გაიცნო, ის უკვე დოქტორანტი გახლდათ.
მოხუცი გერმანელი ებრაელი აღმოჩნდა, გვარად ვასერმანი. ვასერმანებს ჩვიდმეტამდე ტყავის ქარხანა ჰქონდათ ბერლინში და ბერლინს გარეთ.
მოხუც ებრაელს, ალბათ, მოეწონა თავისი შვილების ტოლი და კიდევ უფრო უმცროსი ახალგაზრდა. შაბათობით, მოხუცი დოქტორანტი მეგობარი მანქანას უგზავნიდა ახალგაზრდა დოქტორანტ გამსახურდიას და თავის მდიდრულ ვილაში ეპატიჟებოდა. კონსტანტინე ხათრს ვერ უტეხდა მზრუნველ მოხუცს და ესტუმრებოდა ხოლმე. ვასერმანის მეუღლე – ალეფტინა სპეციალურად, ქართველი სტუმრის პატივსაცემად, თავისი ხელით აცხობდა ნამცხვარს და სთავაზობდა მეუღლის უმცროს ამხანაგს.
ვასერმანი მეგობრულად ზრუნავდა გამსახურდიაზე, ხანდახან კრედიტსაც სთავაზობდა, თუმცა კონსტანტინე არ ართმევდა. იმხანად, ის ხელფასად საკმაოდ მაღალ თანხას - 1 500 მარკას იღებდა თვეში და კიდევაც ეხმარებოდა ბერლინში ჩასულ ახალბედა ქართველ სტუდენტებს.
გავიდა დრო, გერმანიაში დაიწყო ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი. ეგრეთ წოდებული კაპიტალის გაქცევა გერმანიიდან.
დიდი თუ პატარა კაპიტალისა და ქონების მფლობელები ცდილობდნენ, გერმანიიდან ანაბრები შვეიცარიაში გაეტანათ. ცუდი დღე გაუთენდა გერმანულ ბანკებს.
ერთ საღამოს, ვახშმის მერე, ვასერმანმა თავის ვილაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას უთხრა: „მე კარგად ვიცი, თქვენ როგორც საელჩოს ატაშეს, დიპლომატიური პასპორტი გაქვთ და გერმანიის საზღვრებზე ისე გადახვალთ, ვერავინ გაბედავს თქვენი „ბაგაჟის“ გაჩხრეკას. მე ხვალვე გადმოგცემთ თქვენ ჩვიდმეტ მილიონ მარკას. აქედან სამი თქვენი იყოს, ხოლო დანარჩენი შვეიცარიის რომელიმე ბანკში შეიტანეთ ჩემს სახელზე“.
სამი მილიონი მარკა იმ დროისათვის ძალიან დიდი ფული იყო. ამ დროისთვის მარკა საკმაოდ სტაბილური ვალუტა გახლდათ, კარგი მსყიდველობითი უნარით. ასეთი დიდი ფულით ადამიანს შეეძლო, მაშინდელ ევროპაში ფუფუნებაში ეცხოვრა. შეიტანდა ბანკში და პროცენტებით მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებოდა. ან ოქროდ აქცევდა ანდა რაიმე საქმიანობას წამოიწყებდა. მსოფლიო ომში მარცხმა გამოიწვია გერმანიის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რაც მთავარია, დაიწყო პანიკა. არა მარტო გერმანელი ებრაელები, არამედ გერმანელი კაპიტალისტებიც კი, ცდილობდნენ თავიანთი ანაბრებისა და ფულის გადარჩენას ამგვარი მეთოდებით.
ასეთ მაცდურ და საქმიან წინადადებაზე – 3 მილიონი მარკის შეთავაზებაზე, ებრაელ კაპიტალისტს, ახალგაზრდა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გაუღიმა და ასე უპასუხა:
„სამწუხაროდ, გულახდილად უნდა გითხრათ, ჰერ ვასერმან, ასეთ საქმეში მე ვერ გამოგადგებით. ერთიც ვნახოთ, გერმანიის კონტრდაზვერვამ დაარღვიოს საერთაშორისო კანონი და ასეთი რამ, როგორც მოგეხსენებათ, არა ერთხელ მომხდარა. ეს რომ მოხდეს და ყოველივე გამოაშკარავდეს, ჩემს ქვეყანას და მე საქვეყნოდ თავი მოგვეჭრება“.
მოხუცი კაპიტალისტი კარგა ხანს დუმდა. ეტყობა, ეწყინა ამდენ ფულს რომ ვერ გადაარჩენდა. ალბათ, უფრო საქმიანი თუ პრაგმატული ეგონა ქართველი, ან უარს არ ელოდა, თანაც, ასეთი დიდი თანხის სანაცვლოდ. ასეა თუ ისე, გამსახურდიას უთხრა: „ბატონო გამსახურდია, ნუ გეწყინებათ. გულწრფელად გეტყვით: თქვენგან საქმის კაცი არასოდეს გამოვა. თქვენ, ალბათ, გამოუსწორებელ რომანტიკოსად დარჩებით, ხოლო რომანტიკოსების ხვედრი თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. დიდი პოეტი შილერი და დიდი მუსიკოსი შოპენი რომანტიკოსები იყვნენ და მიტომაც შიმშილით ამოძვრათ სული“.
მეოცე საუკუნის დიდმა რომანტიკოსმა ასე მიმართა კაპიტალისტს: „თუ ჩემგან საქმიანი კაცი არ გამოვა, ამას არ ვიდარდებ. მე დიახაც რომანტიკოსი გახლავართ და ასეთად დავრჩები, ალბათ, სიკვდილამდის”.