როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჩადუნაშვილი
ჩადუნაშვილისა და ჩადუნელის გვარებთან დაკავშირებით მკვლევარი ილია მაისურაძე წერდა: „სავარაუდოა, ეს გვარი მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. სადუნა მცენარეა, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ჩადუნაშვილის ეტიმოლოგიის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ჩადუნა საკუთარი სახელი უნდა იყოს.”
1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.
1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.
საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.
სულთანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულთანი, რომელიც წარმოიშვა არაბულ ქვეყნებში და მეფის ტიტულის აღმნიშვნელია.
1569 წლის ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს, მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის მიუცია, მოიხსენიება ღანუკელი სულთანა.
ბასილა, გიორგი და კაცია სულთანიშვილები მოიხსენიებიან 1743 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელსაც იასე საგინაშვილი აძლევს თავის ძმისწულს, როსტომ ბეჟანიშვილს.
საქართველოში 633 სულთანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, ონში – 98, რუსთავში – 62. არიან სხვაგანაც.
სტეფანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სტეფანე. სტეფანე ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს გვირგვინს. ეს სახელი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოზ, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში, მეექვსე საუკუნეში. ამ სახელიდან წარმოქმნილია გვარები: სტეფანაშვილი, სტეფანიშვილი, სტეფანია, სტეფნაძე და ტეფნაძე.
1873 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოში, იასე და ალექსანდრე სოლოღოვების, იგივე სოლოღაშვილების მამულში მოიხსენიებიან ივანე და მისი ვაჟი – იოსებ სტეფანაშვილები.
საქართველოში 137 სტეფანაშვილი ცხოვრობს.
ვიბლიანი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვიბლიან.
„ბატონი ვიბლიანები ამოწყვიტეს ლენჯერელებმა. ვიბლიანები ცხოვრობდნენ ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნში, სადაც მათი სახლ-კარი ახლაც არის. ისინი ძალიან მდიდარი მოსახლეები იყვნენ. ეს ვიბლიანები ლენჯერის ბატონები ყოფილან და მთელი სოფელი დაბეგრილი ჰყავდათ. ისინი ბეგარად ხალხს ხან რას სთხოვდნენ და ხან – რას. იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მათ უკითხავად გზაზეც კი ვერავინ გაივლიდა. ამიტომ, მათ გამო სოფელი ძალიან შეწუხებული იყო.” ეს ტექსტი გვხვდება სვანური დიალექტის ქრესტომათიაში.
გადმოცემის თანახმად, ერთხელ ვინმე ჯაფარიძემ ვიბლიანების უკითხავად, გზაზე გაიარა. როცა ეს ვიბლიანმა შეიტყო, ჯაფარიძეს დაეწია, ჯორიდან გადმოაგდო და ტყვია დაახალა.
ლენჯერელებს მალე მოსწყინდათ მათი ბატონობა, ვიბლიანების ღალატი ჩაიფიქრეს და ამოწყვიტეს. ეს გადმოცემით იციან სვანეთში.
საქართველოში 937 ვიბლიანი ცხოვრობს. მესტიაში – 386, თბილისში – 188, დმანისში – 177. არიან სხვაგანაც.
ხრიკაძე
ესაა სიტყვა ხრიკიდან ნაწარმოები გვარი.
ხრიკი ნიშნავს ხერხს რამის მისაღწევად, ასევე, შესაკრავ კავს, დუგმას. ხრიკას კუთხურად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელსაც ეძახიან.
ვარაუდით, ხრიკაძეთა წინაპრები ორშიმოს ხელოსნები იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით გაუგვარდათ სიტყვა – ხრიკა. აღმოსავლეთ მთიანეთში ხშირად გვხვდება სახელი ხრიკა.
ხრიკაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ჩანან თეთრი წყაროს რაიონში.
საქართველოში 283 ხრიკაძე ცხოვრობს. ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.
ალელიშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ალელი, რომელიც საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვაა.
გადმოცემის მიხედვით, ალელიშვილების ადრინდელი გვარი ნოზაძე ყოფილა. ისინი სოფელ ალიდან მესხეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს არდელანის უწოდებენ, ამის გამო, სავარაუდოა, რომ ისინი სოფელ არალიდან არიან, ადიგენის რაიონიდან. ალელიშვილი მოიხსენიება 1713-1838 წლებში, ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილიშვილის, დავითის მიერ ბეჟანა ნაზარაშვილის სახელზე გაცემული ყმის, სახლ-კარისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 111, გარდაბანში – 63, ახალქალაქში – 28. არიან სხვაგანაც.
ხოჯაბეგიშვილი-ხოჯაბეგოვი
გვარი შედგენილ-ნაწარმოებია ორმაგი ძირით, სიტყვებით: ხოჯა და ბეგი. უცხოურობის (არაქართველობის) ელფერს სძენს ისიც, რომ სუფიქსად გამოყენებულია არა შვილი და ძე, არამედ, რუსული ფორმანტი – ოვი.
ქართული გვარების ოვი-თა და იევ-ით გაწყობის პრაქტიკა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. მეფე ერეკლე მეორის დროს, აქედან წაღებული ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია რუსულად ასეთნაირად გადაასხვაფერეს და შეცვალეს: აბაშიძე – აბაშიცე, აბაშიზე; ბაგრატიონ-დავითაშვილი – ბაგრატიონ-დავიდოვი; თუშიშვილი გახადეს დუშიევი; ხიდირბეგიშვილი (იგივე ამილახვარი) გახდა ხიდირბეგოვი ან ხიდირბეკოვი; შალბელიქიშვილი გახდა შალბელიკოვი; ასევე დაემართა ქართულ გვარს – ხოჯაბეგიშვილს.
ფუძით ხოჯა გვაქვს გვარები: ხოჯავა, (მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი); ხოჯი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ხოჯაშვილი, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი, ხოჯივანიშვილი (გადმოცემით, ამ უკანასკნელის გვარეულობის წინაპარი ყოფილა მასწავლებელი, სახელად ივანე. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს მას „ხოჯა ივანას“ ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად).
ხოჯაბეგოვი მცირერიცხოვანი გვარია. ისინი წმინდა წყლის ქართველები არიან და არაფერი აქვთ საერთო სხვა ეროვნების ხალხთან.
საქართველოში სულ 20 ხოჯაბეგაშვილი, იგივე ხოჯაბეგოვი ცხოვრობს.
ღარიბაშვილი
ქანისხეობელი ღარიბაშვილები მთიულეთიდან ყოფილან. მათი დედაგვარია ნარიმანიძე. ასევე, ნარიმანიძეები სახლობდნენ ცხრაძმის ხეობის სოფელ ჩიტიანებში.
სოფელ ანატაში ცხოვრობდა ღარიბაშვილების 30 კომლი.
„ახატნელი ღარიბაშვილები ვართ გადმოხვეწილი ქისტის სამხამის შთამომავალნი. 150 წელი იქნება, რაც ჩვენი წინაპარი ახატანში მოსახლეობდა. აქ გვაქვს სალოცავი „სამება ოქროსკარაი”.
საქართველოში 1 844 ღარიბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 595, გურჯაანში – 416, დუშეთში – 239. არიან სხვაგანაც.
გოგინაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. მისი კნინობითი ფორმაა გოგინა.
1704 წელს პაპუა გოგინაშვილი მოიხსენიება პაპუნა გოსტაბაშვილის ყმის ნასყიდობის წიგნში.
1781 წელს კოდაში მოიხსენიება დავით ბარათაშვილის ყმა – ივანე გოგინაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი გოგიშვილი.
საქართველოში 2 608 გოგინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 744, გურჯაანში – 444, გორში – 399. არიან სხვაგანაც.
ფადარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფადარა.
1781 წელს კოდაში ბევრელი ლაზარე და ფადარა გადასულან. ლაზარედან წარმოშობილა გვარი ლაზარიაშვილი, ხოლო ფადარადან კი – ფადარაშვილი.
ამავე გზითაა გაჩენილი გვარები: ოსიყმაშვილი, პოჩიკაშვილი, ოპენეზაშვილი, სარქისაშვილი, აბატაშვილი, მატიაშვილი, დალაქიშვილი, რევაზიშვილი, ყვავილაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში 138 ფადარაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 103, თბილისში – 29, ბოლნისში – 4. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით