ინტიმური საუბრები
ჩემს დებს ვერაფრით ვეხმარები
ვართ სამი და. ისეთი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა. ერთმანეთის შვილებს საკუთრებში ვერ ვარჩევდით და სამივემ ერთად გავზარდეთ ბავშვები. მამა რომ გარდაიცვალა, რიგრიგობით ვრჩებოდით დედასთან თვეობით ან ჩვენთან მიგვყავდა. ერთხელაც არ მომხდარა ჩვენ შორის არანაირი უსიამოვნება, მეგობრებიც კი საერთო გვყავდა და, ისედაც, ერთ წრეში ვტრიალებდით.
ერთ დღეს კი ისე მოხდა, რომ ჩემი უფროსი დის, ანას ქმარს, სოსოს, რაღაც თანხა დასჭირდა და მეორე დამ, ინგამ ასესხა: თან, ისე მოხდა, რომ იმ დროს ინგას ქმარი, კოკა, თბილისში არ იყო, ინგა ვერ დაუკავშირდა, ისე მისცა ფული სოსოს (საკმაოდ მსხვილი თანხა). კოკა რომ დაბრუნდა, ინგამ უთხრა, ფული სოსოს ვასესხე და ორ კვირაში დაგვიბრუნებსო. მაგრამ ვერც ორ კვირაში და ვერც ორ თვეში ვერ დააბრუნა, არადა, თურმე, ის ფული კოკასი არც იყო. ამიტომ, იძულებული გახდა, მივიდა თავის ქვისლთან და აუხსნა მდგომარეობა, იმან კი საკმაოდ უხეშად უპასუხა: რა ვქნა, მაქვს და არ გაძლევ? როცა რამე გამომიჩნდება, აუცილებლად დაგიბრუნებ, მაგრამ, კონკრეტულად როდის, არ ვიციო. ამის გამო კაცებს შორის კარგა სერიოზული შელაპარაკება მოხდა. მე და ჩემს ქმარს არც ფული გვქონდა და არც რამე ნივთი (რომ გაგვეყიდა ან დაგვეგირავებინა) და ვერანაირად ვერ დავეხმარეთ. მაშინ ანამ თავის დაქალს გამოართვა ოქროს ნივთები, დააგირავა და ნაწილი ვალი იმით დაუბრუნა კოკას, მაგრამ, ახლა იმ სამკაულის პროცენტები ვეღარ გადაიხადა და იმ გოგოსაც ყველაფერი დაუკარგა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა. მოკლედ, ის დაქალიც დაკარგა, იმისი ნივთებიც და საკუთარი დაც, რომ აღარაფერი ვთქვა სიძეზე. შესაბამისად, ბავშვებიც საკმაოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც კატასტროფულად განვიცდი დღემდე, მაგრამ ვერაფერს ვშველი. ის კი არა, შარში ვარ გახვეული: ანა ბრაზობს, რატომ მაქვს ურთიერთობა ინგასთან; ინგა კი იმაზე მებუტება, ანამ ასეთ დღეში ჩამაგდო და რატომ ელაპარაკებიო. მოკლედ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ცხადია, ვერც ერთს ვერ დავკარგავ, მაგრამ, რომ ვერც ვარიგებ?!
ისე კი, ანას ქმარს ვამტყუნებ ძალიან: როცა უახლოეს ადამიანს ამხელა თანხას ართმევ და ვეღარ უბრუნებ, მაშინ, ნება უნდა იბოძო და, ან მანქანა გაყიდო, ან მიწის ოთხი ნაკვეთიდან ერთ-ერთი. ის კი არცერთს არ იმეტებს და გაიძახის, ეგ რა ნათესაობაა, თუ ყველაფერი გამაყიდვინაო. ამ ყველაფრის გარდა, ინგას ძალიან სერიოზული უსიამოვნება აქვს თავის ქმართან და ის კაციც არ არის მტყუანი – ცოლს იმაზე ეჩხუბება ყოველდღე, უჩემოდ როგორ მიეცი ამხალა თანხა თუნდაც დას, ხომ იცოდი, რომ ჩემი ფული არ იყოო. მოკლედ, ვატყობ, რომ ინგას მალე დაენგრევა ოჯახი, ანას და სოსოს კი აქეთ აქვთ დიდი გული და, მგონი, სულაც არ ანაღვლებთ, რაც ჩაიდინეს.
არაფერი მაქვს გასაყიდი, თორემ, მე მივცემდი იმ თანხას, ოღონდ კი რამე საშინელება არ მოხდეს, მაგრამ, მთელი უბედურება ისაა, რომ ვერაფერს ვშველი და, თან, ორივესთან მიფუჭდება ურთიერთობა. რომ ვმუშაობდე მაინც, კრედიტს გამოვიტანდი, მაგრამ, ეს ვარიანტიც გამორიცხულია. ჩემს ქმარს კი უკვე გამოტანილი აქვს კრედიტი, იმასაც ძლივს ფარავს და, ნამდვილად ვერ ვეტყვი, ახალი კრედიტი აიღე-მეთქი.
აი, ასეთ ორ ცეცხლს შორის ვარ ჩავარდნილი და, არ ვიცი, როგორ ვუშველო ჩემს დებს.
მარინა, 38 წლის.
მშობლები ცუდ მაგალითს მაძლევენ
20 წლის ვარ, საკმაოდ ბევრი და სერიოზული თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ჩემი მშობლების შემხედვარე, ალბათ, არასდროს გავთხოვდები; ყოველ შემთხვევაში, 30-35 წლამდე ნამდვილად არ ვიფიქრებ გათხოვებაზე. ქართველი კაცები ჯერ ისედაც არ არიან მზად ოჯახის შესაქმნელად და საპატრონოდ, მით უმეტეს – პატარა ასაკში.
დედაჩემი და მამაჩემი რომ შეუღლდნენ, ორივე 27 წლის იყო. თითქოს არც ისე პატარები იყვნენ და, თან, მართლა ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, სულ გაშორება-შერიგებაში არიან. ოფიციალურად კი არ ეყრებიან ერთმანეთს, მამაჩემი დარბის წინ და უკან, ლაწირაკი ბიჭივით დასდევს ქალებს და მერე ისევ ჩვენთან ბრუნდება; დედა კი გადმოყრის ცრემლებს; დაემუქრება, მეტს აღარ გაპატიებ და, კიდევ თუ წახვალ, სახლში აღარ შემოგიშვებო, მაგრამ, მაინც უშვებს. მგონი, მინიმუმ ათჯერ მაინც აპატია და შეურიგდა. უკვე მოზრდილი ვიყავი, დედას რომ ვუსაყვედურე – ასე რატომ ამცირებინებ თავს, ერთხელაც, ადექი და გაშორდი-მეთქი, მაგრამ, პასუხად ისეთი რამ მითხრა, ლამის თვალები გადმომცვივდა გაოცებისგან: რომ იცოდე, რამდენი ქალი შენატრის ჩემს ბედს. მამაშენი ვისთანაც არ უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც მე მიბრუნდება, რადგან, ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ მე ვუყვარვარ, იმათთან კი ერთობაო. ისე გავბრაზდი, აღარ დავინდე და პირდაპირ ვუთხარი – შენი ვის უნდა შურდეს, ნახევარჯერ ვიღაც ბოზებთან არის შენი ქმარი. შენთან მაქსიმუმ ერთ თვეს თუ გაჩერდება, სხვებთან კი ლამის ნახევარი წელიწადი რჩება, თანაც, რაში გჭირდება ვიღაც ოხრებთან ნაკოტრიალები და მათთან ზიარი ქმარი-მეთქი. დედაჩემმა კი, იმის ნაცვლად, იმაზე დაფიქრებულიყო, რაც ვუთხარი, ლამის გამარტყა, ისე გამიბრაზდა; მერე კი მიყვირა, როგორ ბედავ საკუთარ მამაზე ასე ლაპარაკს. შენ ჯერ პატარა ხარ და არ იცი, როგორ უნდა შეუწყო ხელი ქმარს, რომ სამუდამოდ არ გაგექცესო.
მაპატიეთ, მაგრამ, ეგეთი „მიდი-მოდი“ ქმრის დედაც ვატირე. ან, როგორ არ ეზიზღება დედაჩემს ათას ქალთან ნამყოფ ქმართან მიკარებაც კი, ვერ წარმომიდგენია.
არ ვიცი, ათი და ოცი წლის შემდეგ როგორ შემეცვლება აზრი ამ საკითხზე, მაგრამ, მე მგონი, სიბერემდე ამ ჭკუაზე ვიქნები. ლამის 50 წლის კაცი თხუთმეტი წლის ბიჭივით რომ დაცუნდრუკობს, ის მართლა არ უნდა შემოუშვა სახლში.
ია, 20 წლის.
ვეძებ რაინდს!
არ ვიცი, რა ვუყო ჩემს ხასიათს. ვაღიარებ, რომ არანორმალურივით ვიქცევი ბიჭებთან მიმართებაში, მაგრამ, რა ვქნა, თავს ვერ ვერევი და სწორედ ამიტომაა, რომ 32 წლის ასაკში მინდვრის თაგვივით მარტო ვარ დარჩენილი (შეყვარებულს ვგულისხმობ).
თავის ქებად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, მართლა ისეთი გარეგნობა მაქვს, ბავშვობიდან ვიქცევდი ბიჭების ყურადღებას და ახლაც არაერთი თაყვანისმცემელი მყავს. მე კი არც ერთი არ მომწონს. არ გეგონოთ, რომ გარეგნობას ან სიმდიდრეს ვგულისხმობ – ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ამხელა ქალი ვარ და, სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ვეძებ ბუნებით რაინდ მამაკაცს, რომელმაც ქალის პატივისცემაც იცის, სიტყვა-პასუხი და საქციელიც დახვეწილი აქვს, ოღონდ, არ გეგონოთ, რომ „დედიკოს ბიჭები“ მომწონს.
ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაში ბებიაჩემს ვადანაშაულებ – იმან გამზარდა ასეთი არაამქვეყნიური. თვითონ თავადის ქალი იყო, სხვანაირ საზოგადოებაში გაიზარდა და მეც ისე მზრდიდა, თითქოს სასახლის კარისთვის მამზადებდა. მაგრამ, თეთრი ყვავივით გამოვჩნდი ყველგან.
ძალიან ბევრი ბიჭი დამიწუნებია იმის გამო, რომ სუფრასთან ჯდომა და დანა-ჩანგლის ხმარება არ იცოდა; ან, ხმაურით სვამდა ყავას და ხალხში საღეჭ რეზინს აღლაჭუნებდა. ისეთებიც მომიშორებია თავიდან, საუბრისას მარტივ წინადადებასაც რომ ვერ ამბობდნენ გამართულად და ისეთებიც, ქალის თანდასწრებით უპრობლემოდ რომ ყვებიან უწმაწურ ანეკდოტებს. მოკლედ, გვიან მივხვდი, რომ ჩემი მოსაწონი კაცი, როგორც ჩანს, არ დადის საქართვლოში და, ან მარტო უნდა დავრჩე მთელი ცხოვრება, ან კაცების ხეპრეობას უნდა შევეგუო, ანდა სადმე, სხვა ქვეყანაში ვეძებო ჩემი ოცნების მამაკაცი. ცხადია, თუ, ასეთი ქვეყანა არსებობს დედამიწაზე.
ანა, 32 წლის.