სპორტი – სილამაზე, მხნეობა და ჯანმრთელობა
ახალი წელი ახლოვდება. შესაბამისად, შეგვეცვლება კერძების ასორტიმენტი და, ზოგადად, ცხოვრების რეჟიმიც. ამიტომ, წინასწარ უნდა დაიჭიროთ თადარიგი და ახლავე დაიწყეთ გარეგნობაზე ზრუნვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მარტო დიეტა არ იქნება საკმარისი. აუცილებელია, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სპორტის ერთ-ერთი სახეობა, ან, სულაც, რამდენიმე სახეობის „ასორტი“ შეადგინოთ. მაგალითად: დილით – ძუნძული (ან გამამხნევებელი ვარჯიში აივანზე); საღამოს – ველოსიპედით სეირნობა; კვირაში ორჯერ – საცურაო აუზი ან წყლის პროცედურები სახლის პირობებში. ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია, ოღონდ, უსათუოდ უნდა დაიცვათ „ოქროს წესი“ – არც ერთი ვარჯიში არ გამოტოვოთ დაზარების, მოუცლელობის ან სხვა საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის გამო.
თუ დიეტის დაცვა გიჭირთ, მაინც აუცილებლად გჭირდებათ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორება და, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად გაახალგაზრდავება, სპეციალისტის დახმარებით, შეადგინეთ ვარჯიშების ექსპრეს-კომპლექტი. გაითვალისწინეთ და შეასრულეთ გამოცდილი კოსმეტოლოგის რჩევები და მიირთვით დიეტოქს-კოქტეილები, რომლებსაც ასევე გამოცდილი დიეტოლოგი დაგინიშნავთ. მაგრამ, კიდევ შეგახსენებთ, რომ სასურველი შედეგის მიღების თავი და თავი, უპირველეს ყოვლისა, ინტენსიური ვარჯიშია და, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა სახის ვარჯიშებს შეარჩევთ.
სხვათა შორის, გამოკითხული ქალბატონების 34-მა პროცენტმა აღიარა, რომ დიეტისა და კანის კოსმეტიკურ მოვლაზე მეტად, სპორტმა დაუბრუნა მათ ახალგაზრდობა – შინაგანადაც და ვიზუალურადაც.
თუ ვარჯიშების პარალელურად, კონკრეტული დიეტის დაცვის არც დრო და არც საშუალება არ გაქვთ, ან, უბრალოდ, გეზარებათ, სამსახურში ატაროთ რამდენიმე კონტეინერი სალათებითა და სხვა დიეტური საკვებით, შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში, გამოძებნოთ მარტივი და სასარგებლო ალტერნატივა:
1) დაივიწყეთ ცომეული, ტკბილეული და სხვა სასუსნავები;
2) უარი თქვით 19 საათის შემდეგ ნებისმიერი საკვების მიღებაზე;
3) დაივიწყეთ გაზიანი სასმელები და მზა წვენები. შეცვალეთ ისინი გაზგასული მინერალური და ჩვეულებრივი სასმელი წყლით (რომელშიც, შეგიძლიათ, შეურიოთ ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი), სახელდახელოდ მოხარშული უშაქრო კომპოტით ან ახალგამოწურული ხილის წვენით (გააზავეთ 1/3 წყალში).
თუ ამ მარტივი წესების დაცვა არ დაგეზარებათ, იმათზე გაცილებით უკეთეს ფორმაში შეხვდებით ახალ წელს, ვინც ჩვენს რუბრიკას არ კითხულობს.