რომელ პერიოდში უნდა ვაკონტროლოთ ფინანსები და სურვილები განსაკუთრებით და რაზე მეტყველებს მოზღვავებული ენერგია
დღეს ჩვენ გვერდით უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ირინა ამბობს, ეს არასწორი პოზიციაა, რადგან, სასოწარკვეთით საქმე არ კეთდება. მისივე თქმით, ძველი, გამოცდილი მეთოდების გათვალისწინებით, შესაძლოა, რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამისთვის კარგად უნდა დააკვირდეთ, რა მოქმედებს თქვენზე უარყოფითად, რას მოაქვს წარმატება და, მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატების კოდი გაააქტიუროთ და ოპტიმიზმი დაიბრუნოთ.
ირინა: უიღბლობასა და ცუდ განწყობას ადვილად დააღწევთ თავს, თუ ამას გულით მოინდომებთ; ასევე, საკუთარი ძალებითვე შეძლებთ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას, თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ. სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერ განტვირთვას, ძალების მობილიზებასა და სიმშვიდეს პოულობენ. თუმცა, ბევრს, ზღურბლს გადააბიჯებს თუ არა, მაშინვე თავს ახსენებს უიღბლობა და პრობლემები. სახლი თანამედროვე ადამიანისთვის არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ, წინასწარმეტყველური მინიშნების საშუალებაცაა. ყოველმა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს ბინა, რომ თავი კომფორტულად და ენერგეტიკულად დაცულად იგრძნოს.
– გამიგია, რომ, თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და შესაბამისადაც რეაგირებს.
– დიახ, სწორია, ამიტომ, ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვეთ და შინ ხალისითა და ღიმილით შეაბიჯეთ. ასაკოვანი ხალხისგან გამიგია წესები, რომლებსაც უკვე საუკუნეებია, ტრადიციულად იცავს ბევრი ოჯახი და, დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათ უბედურებასა და უიღბლობას ააცილებს თავიდან. ეს ცრურწმენები კი არა, ეზოთერიკული წესებია, რომელთა გათვალისწინებითაც თავს ვიცავთ. მაგალითად, ფული რომ არ გამოგელიოთ ჯიბეში, ნუ ჩაიყოფთ შარვლის უკანა ჯიბეებში ხელებს და ასე ნურც ივლით. არ დადგათ ცარიელი ბოთლი მაგიდაზე; გვიან, მზის ჩასვლის შემდეგ, სახლი არ გამოგავოთ.
– როგორც მივხვდი, სამყაროში თითოეულ ქცევას თავისი შედეგი მოაქვს. სწორია?
– რასაკვირველია. აქვე, მინდა გითხრათ ისიც, რომ კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება, შემდეგ კი აუცილებლად მოდის კარმული აღმასვლის პერიოდი და სიტუაციაც გამოსწორდება. ეს პერიოდები ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება. კარმული დაღმასვლის პერიოდში კი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ საკუთარი თავის მიმართ, მეტად უნდა აკონტროლოთ ფინანსები და სურვილებიც კი. როცა მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. სწორედ ამიტომ გითხარით, რომ ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილით უნდა გაიაროთ ეს პერიოდი.
– ასევე, გამიგია, რომ არსებობს რჩევები ეზოთერიკაში, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და საქმეს ამ მხრივ უიოლებს. იქნებ, დაგვარიგოთ, როგორ მოვიქცეთ?
– ყველა ოთახში არსებობს ადგილები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, ასეთი ადგილია შემოსასვლელი კარი. მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, სულ მოწესრიგებული უნდა გქონდეთ, გაწმენდილი და სუფთა. არ უნდა დადოთ შესასვლელში ჭუჭყიანი ნივთები, უნდა გააფორმოთ ნათელი ნახატებით და ყვავილებით. ეს ადამიანს სახლში შესვლისთანავე სასიცოცხლო ენერგიით ავსებს, წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის და, აქტიური მოქმედების შედეგად, კარგ შემოსავალსაც უქადის. ასეთი განწყობით კი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრას და ნეგატიური ენერგიის განეიტრალებას ადვილად შეძლებთ. ბევრი ჩვენგანი დიდი სიყვარულით უფრთხილდება და ინახავს ზოგიერთ ნივთს და, ზოგჯერ, გაუცნობიერებლად, მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც გვიჩნდება. მაგალითად, ერთ დღეს, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ, ტანსაცმელს ან სამკაულს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ერთგვარი თილისმური ძალა აქვს – ავი თვალისგანაც გვიცავს და წარმატების მიღწევასაც გვიადვილებს. სხვათა შორის, ფინანსური პრობლემაც შეგვიძლია თავად გადავჭრათ, თუ კარგად დავაკვირდებით საკუთარ სამოსს, სამკაულებსა და აქსესუარებს, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ.
– ესე იგი, ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, შესაძლოა, ჩვენი ერთგვარი თილისმა და დამცავია?
– დიახ, მას თილისმური ძალა აქვს და ეს ბევრმა არ იცის. დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმელში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად; გიმართლებთ თუ არა იმ დღეებში, როცა ამ ფერის სამოსი გაცვიათ და თავად მიხვდებით, რომ ის თქვენი დამცველია და ერთგვარი მაგიური გავლენაც აქვს.
– პირად საუბარში აღნიშნეთ, ეზოთერიკაში არსებობს წესები, რომლებიც საცხოვრებელში ფინანსების მოზიდვასა და ბედნიერების კოდის გაძლიერებას უწყობს ხელსო. ალბათ, ეს ბევრს დააინტერესებს.
– ის გამიკვირდება, თუ ეს ვინმეს არ დააინტერესებს (იცინის), თორემ, ინტერესი რომ გაუჩნდებათ, ეს ბუნებრივია. მოკლედ, გასწავლით ერთ მარტივ წესს, რომელსაც საცხოვრებელში ფინანსებისა და ბედნიერების მოზიდვა შეუძლია: აიღეთ ღრმა თეფში, დადგით ოთახის კუთხეში, ჩაყარეთ მასში ერთი მუჭა ბრინჯი, შაქარი, ხორბალი და ბლის პატარა, დამტვრეული ტოტები. ყოველი თვის პირველი კვირის ორშაბათს კი ჩაყარეთ მასში ხურდა ფული. თუ ასე მოიქცევით, ბარაქა არ მოგაკლდებათ. როცა თეფში აივსება ხურდა ფულით, შაბათს ან კვირა დღეს, ეს ხურდა მათხოვრებს დაურიგეთ. ერთი ხურდა ფული კი თეფშში ჩატოვეთ და ისევ დაიწყეთ დაგროვება, რომ კვლავ შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროთ. ეს ქველმოქმედება ბედნიერებასა და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ; ხორბალი – დოვლათისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ, ბრინჯი – სიმდიდრის, შაქარი – სიტკბოს, ბლის ტოტები კი – ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის გამანეიტრალებლად მოიაზრება. როცა მათში ხურდა ფულს დააგროვებთ, ის თქვენზე ასევე ტკბილად, დოვლათიანად, ნაყოფიერად და პოზიტიურად იმოქმედებს და თქვენი ფინანსური და პირადი საქმეები უკეთ წავა.