ვისი სირეგვენე აგიჟებდა ლადო ასათიანს და რას სთხოვდა ის აბასთუმნიდან ცოლს
„ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა!
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა…”
დღეს მინდა, ძალიან ახლოდან გაგაცნოთ ამ და კიდევ სხვა ბევრი ლამაზი სტრიქონის ავტორი, ლადო ასათიანი – ადამიანი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. მეუღლისადმი და მეგობრისადმი მიწერილი მისი პირადი წერილებით გაიგებთ, თუ რა დიდი სულის ადამიანი იყო ის, რა სტკიოდა, რა უხაროდა, რაზე ოცნებობდა, როგორ წერდა ლექსებს... რამდენიმე მათგანი შევკრიბე და მისი ცხოვრების დღიურებში გადმოვეცი.
მეუღლეს, ანიკო ვაჩნაძეს
ანიკო, ძვირფასო! როსტოვიდან ლისკში ჩავედით. გზაში ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა ლისკში ვარ (ღამის 5 საათია) და ვორონეჟისაკენ მივდივართ. ნეტავ რად მივდივარ, ვიცოდე მაინც, ან, რა მომელის?!
შენ, ალბათ, კარგად ხარ, დადიხარ თბილისის ცის ქვეშ არხეინად…
სურათები თუ გამოიტანე? იყავი კარგად და კარგად. მომიკითხე ნიკა და სხვ.
გკოცნის შენი ლადო ასათიანი.
6.11.1939.
ლისკი.
***
ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე. როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი და, ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო. რას ჰქვია, პასუხს მომწერ… ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და, მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ, უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ, ასეთი რამეები არ არის საჭირო.
ახლა ერთ რამეს გეტყვი: ამ თვის ბოლოს შვებულება აიღე… იქნებ, ჩემი წიგნის დარჩენილი ჰონორარის აღება მოახერხო, შენც ხომ მიიღებ ფულს და ჩამოდი. აქ, საჭმელი, ხომ იცი, იშოვება… თუ ფეხმძიმობა ძალიან არ შეგაწუხებს და თუ სუსტად არ იქნები, აგვისტო აქ რომ გავატაროთ, არაფერი გიჭირს, მეც შენთან ერთად უზომოდ გავიხარებ… ასე თუ მოხერხდება, ეს გავაკეთოთ, ძალიან გთხოვ, შენთვისაც კარგი იქნება. მერე აქედან ერთად წავიდეთ. სხვაგან წასვლაზე კი ვერ დაგეთანხმები, შენზე გაბრაზებული ვარ. დღეს შენს წერილს ველი, თუ მივიღე, შეგირიგდები. ასე. გკოცნის შენი ლადო ასათიანი.
12.7.1940.
აბასთუმანი.
***
ანიკუშა, გენაცვალე! მივიღე შენი გამოგზავნილი „თაობა,” წერილებითურთ. მივიღე ყურძნის წვენი. რად გინდოდა ამდენი ყურძნის წვენი, ა? რას ხარჯავდი ამდენ ფულს, გქონდეს მაინც?! ეჰ, ჩემო ანიკო, არავითარი საჭირო არ იყო ამდენი „ხლაფორთი”, რა საჭიროა, თუ ღმერთი გწამს, ა? უშენოდ ამ ერთი თვის მეტს ვერ გავჩერდები. ანიკო, გენაცვალე! გამიგე და მომწერე, – რადიანი თუ არის თბილისში, გაზეთში გიორგი ნატროშვილია თუ ის. მომწერე ეს მალე. ნახე ჟაკი და ჰკითხე თავისი მისამართი და მომწერე, ქუჩა ვიცი, მაგრამ ნომერი არ მახსოვს, კოტე მესხის… არ ვიცი.
ო, ჭირიმე, კაპიკი ფული არა მაქვს უკვე და სამი თუმანი ვალიც მაქვს.
ერთი კიდევ: „თაობაში” გამიგე, ¹ 6-ში ლექსი თუ იბეჭდება ჩემი, ანდა, საჯაიამ თუ მიუტანა ნიკას ლექსი, ორი ლექსი აქვთ მანდ ჩემი. მოიწერე ამაზეც. ნიკა აგიაშვილს რა მოუვიდა, რომ არაფერს მწერს? პრეზიდიუმი თუ იყო? ასე, ჩემო გოგო, შენ რომ ამდენი რაღაცეები გამომიგზავნე, მე რა გამოგიგზავნო? ალია შოვშია, ხომ?
ასე ჩემო ანიკო! როგორც მე გეუბნები, ისე მოიქეცი, ნუ გეშინია, ჯერ არ მოვკვდები. გკოცნის შენი ლადოია.
საჩქაროდ მომწერე წერილი. მომიკითხე ხალხი და დედაშენი.
შენი ლადო ასათიანი
24.VII.1940.
აბასთუმანი.
***
ანიკო, გენაცვალე! მივიღე ფული და გავაგრძელე კიდეც ვადა 1-მდე. ძალიან კარგად ვარ, ოღონდ შენი ამბავი მაწუხებს. შეწუხებული იქნები, მაგრამ ყველაფერს დაგავიწყებ, რაც გაჭირვება გინახავს.
ლექსები თუ მიიღე, თუ მიიტანე, როგორაა საქმე? ხომ იცი, როგორც ვწერდი, ისე, „ჩვენს თაობაში”. იმ ერთი ლექსის გარდა, რომელიც მაგათი ანგარიშით ¹ 7-ში უნდა დაიბეჭდოს, კიდევ აქვთ ერთი ლექსი „ასათიანური” და, თუ არ დაბეჭდავენ, გამოართვი.
ბიჭები ხომ არ ჩამოსულან თბილისში? ალბათ, 1-სათვის ჩამოვლენ. ალიოშა ხომ არ ჩამოსულა? ლექსები არ დამიბნიო, გიგზავნი ცნობას, მაგრამ, რად გინდა?
გკოცნის შენი ლადო ასათიანი
14.8.1940.
აბასთუმანი.
***
ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია, ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათს და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეუძლებელია. ასე მირჩია ყველამ – ექიმებმაც და სხვებმაც. მერე, მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?!
აქ ზამთარში მხოლოდ ისეთი ოჯახები არიან, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ზამთარში აქ ამდენი ხალხი კი არ არის, ერთი დუქანია და მეტი არაფერი. მერე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახურზე აქ ერთი ამბავია, ერთი ადგილის გათავისუფლებას ოცი კაცი შეჰყურებს… როგორც ხედავ, მე აქ ზამთარში ასე ვერ დავრჩები. თუ შენ შეგიძლია, მოაწყო ეს ყველაფერი – ოთახიც იშოვნო, შეშაც, სამსახურიც, ფულიც და სურსათიც, დიდი სიამოვნებით, მაგრამ… ვერც შენ და ვერც მე ამას ვერ შევძლებთ. თბილისში უნდა დავბრუნდე, უნდა ვიმუშაო სადმე და რეჟიმით უნდა ვიცხოვრო. ასე კი არ კვდება ხალხი, ექიმობს და ცოცხლობს. ნამეტან ახსნა-განმარტებებს და მსჯელობებს თავი დაანებე, მე შენზე უფრო მინდა ყველაფერი. უკვე აღარ შემიძლია წერა, ისე მომეშალა ნერვები. თბილისში დავბრუნდები, დავწყნარდები და, სადაც დაწყნარებულად ვიქნები, იქ უკეთესია ჩემთვის და ჩემი ავადმყოფობისათვის. რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. ამიტომ, თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას. მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო. მერე, ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე? ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელიც დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს!
შენი ლადო
1940. აბასთუმანი.
***
ანიკო! მივიღე შენი წერილი. მე არა მიშავს. დღეს დავითვალე და უკვე 10 ახალი ლექსი აღმომაჩნდა… კაცო, რა ეშმაკი მოუვიდა „ერთცახე” წიგნს, მაგან გამიჩინა მე ჭლექი, უკვე თვენახევარი გავიდა და კიდევ არაა. დღეს ვარ კარგად, ფოსტალიონმა მითხრა, დიდი წერილია შენიო. წიგნი მეგონა, მივედი და, შენი და რეზოს წერილები იყო.
მოიწერე დაწვრილებით, ბავშვი როგორაა. წიგნი თუ იქნა, გამომიგზავნე.
შენი ლადო ასათიანი
10.3.1941.
აბასთუმანი.
***
ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს… „მნათობისათვის”. უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რაიმე შეიცვლება, თუნდაც ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი, არც სადაოა რამე. აგვისტოს ნომერში რომ დაბეჭდონ, კარგი იქნება. ისევ გიმეორებ: თუ ასე დაიბეჭდება, თორემ, არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები, რომ სხვანაირად რამე მოხდეს, ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ, მანქანაზე რომ გადააბეჭდინებენ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ, შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს. კიდევ გიმეორებ, თუ ასე არ დაიბეჭდება, არ მინდა, კარგად დაიმახსოვრე. სხვას არავის მისცე, სიმონი ჯობია, ან – კარლო. საგზურისას რას შვრები, უკვე მითავდება ვადა. როგორც გწერდი, ერთი თვის იშოვნე კიდევ, მეტი არ მინდა, მალე, თორემ, აქ ახლა ერთი ამბავია. წერილები და ცნობა თუ მიიღე? საგზური თუ მოხერხდეს, გზის ფული გამომიგზავნე და, ან ქუთაისში წავალ და ან მანდ ჩამოვალ. ასე, გენაცვალე, საჩქაროდ გააკეთე ეს, ანიკო. ლექსებს არაფერი ჩხიკინი არ დაუწყო, არ გადამრიო, შვილივით გაბარებ, იცოდე!..
გკოცნის მრავალს შენი ლადო ასათიანი.
***
ჩემო ანიკო! გამოგიგზავნე ქეთო დადიანის ხელით „მანი კრუპა” და წერილი, ალბათ, მიიღებდი. ამ წერილს ისე ვწერ საჩქაროდ, ბორჯომში ჩააგდებს კაცი. მე არა მიშავს, ვარ ისე, ნელთბილადო, რომ იტყვიან… ეს ხველება ვერ მოვიშორე.
ანიკო, ასე, ამ თვის დამლევისათვის, თუ მოახერხო, ცოტა ფული გამომიგზავნე გზის ფულად და გზაში რომ მეყოს; შეიძლება, სულ მალე დამჭირდეს წამოსვლა. ხომ იცი, ეს რას ნიშნავს?! შეიძლება, სხვანაირად დატრიალდეს საქმე. ისე კი არ მინდა ფული. იქნებ, წამოსვლაც იქნეს საჭირო სულ მალე, ეს იცოდე.
მე კი არ მინდა, ძალიან კარგად ვარ ამ სიცხეში აქ და ამიტომ ვთხოვ განგებას, ცოტა ხანს, სანამ ეს სიცხეები გათავდებოდეს, ნუ გამომაგდებს აქედან, თანაც, გაძლიერებულ კვებაზე ვარ გადაყვანილი. ანიკო, შენ გენაცვალე, იქნებ ახლა სასაცილოც იყოს წიგნების გაგზავნ-გამოგზავნა, მაგრამ, ერთი წიგნი მჭირდება, ძალიან მჭირდება, ერთ რაღაცას ვწერ და, ის თუ არ მექნა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს წიგნი არის ჩემი მაგიდის უჯრაში, რომელში – არ ვიცი, ერთ-ერთში იქნება, პირველად ზევითა უჯრაში ნახე – მარცხნივ რომ ზევითა უჯრაა. წიგნს სათაური არა აქვს, კანი შემოხეული აქვს, პატარა, თხელი, თეთრი წიგნია, თავზე აწერია, მგონი, „ქართველები უძველეს დროში”, თუ „ქართველების უძველესი ადგილმდებარეობა”. აი, ეს წიგნი გამომიგზავნე ვინმეს ხელით, თუ ქალი ხარ. თუ დავრჩი აქ, ძალიან მჭირდება. გიგზავნი წიგნის ზომას (ქაღალდს), რომ უფრო კარგად მიაგნო. მანდ მედო სულ მაგიდაზე პატარა, თხელი, თეთრი წიგნი. ასე, აბა, შენ იცი, თუ გამიკეთებ ამას.
მანანა როგორ არის? ავად იყოო, იწერებოდი…
კარგად დაუკვირდი, სხვა არ გამომიგზვნო. თუ ზევით უჯრაში არაა, მერე მარჯვენა ქვეითაში ნახე. იყავი კარგად. წერილი მომწერე, აკოცე მანანას.
* * *
რევაზ მარგიანს
ძმაო რეზო!
მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ. სხვა?! საღამოებს მართავთ და მართავთ. ალიოშა მწერს, რეზო საღამოსთვის ემზადება, დატვირთულიაო. ჯაბუშანურის საღამო… ახლა შენგელიას საღამოც იქნება თურმე, მაგრამ ლექსებს თვითონ რომ ვერ წაიკითხავს?! თუმცა მერე რა, ჟაკი წაიკითხავს, ალბათ…
მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. უკვე მომწყინდა, იდიოტობაა ირგვლივ. ჩემთან ერთად ისვენებს პროკოფი რატიანი. იცი, ალბათ, ვინცაა. ავად არის ისიც. კარგი ბიჭია, ოღონდ, ლაპარაკი უყვარს ისეთების, ჩვენ რომ ვიცით… შენზე თქვა: მდაა, მარგიანი! ია ეგო ზნაიუ, ნიჩეგო სებე, ნიჭიერი, იმედისმომცემი ახალგაზრდაა, დახმარება სჭირდებაო… – ვიხრჩობი სიცილით…
რაც შეეხება „ვინმე” კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი… მაგისი ასე და ისე! მაგისი გასაბითურებელი თუ ვარ, მაგასაც ნახავს მაგ უთავო, მაგი! ბიჭო, მე, კაცი, რომელიც ლექსისთვის ვარ დაბადებული, რომელსაც ნახევარჯერ არ მძინავს, რომელსაც სტრიქონი არ დამიწერია ყალბი, ერთი ცუდი საქმე არ ჩამიდენია, მაგან უნდა გამაბითუროს, მაგ სულელმა?! როდის წერდენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა?! ან, თუ გინდა, სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან, მე ისე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ?! თუ ამას ჩვენს მწერლობაში ერთი ჭკვიანი კაცი იტყვის, მე ხელს ვიღებ ყველაფერზე. მაგრამ მაგ სულელმა არ იცის, რომ ფიროსმანზე თითო-ოროლა სტრიქონი თუ ვინმეს აქვს აქა-იქ, თორემ, მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური. მე ფიროსმანის „პრიმიტივი” მესმის როგორც მაღალი ხელოვნება. ყოველი დიდი კულტურული პოეტი ასე რომ აკეთებდეს (ეს ტერმინი ფიროსმანს არ უდგება, მაგრამ არაფერია!) ლექსებს, როგორც ფიროსმანი თავის სურათებს, რაღა გვიჭირდა მაშინ! ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსებისათვის. კაცს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი – ხატავს, მორჩა და გათავდა. რამდენი „კულტურული” მხატვარი ინატრებდა მის სურათებს! ვიმეორებ, ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვარი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი, ნიჭი ქმნის კულტურას. რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა, როცა კულტურული პოეტიც ხარ, ნიჭიერიც და, ფიროსმანის სურათების გვარად უბრალო და ცოცხალ ლექსებს ქმნი. აი, ეს არის, რეზო, ჩემი ნატვრა! განა სიყვარულზე რომ წერდნენ, ჩვენ აღარ უნდა ვწეროთ იმავე სიყვარულზე?! მეც ვწერ და, სხვანაირად რომ ვწერ, ამის გამოცნობა ჭკვიანს არ გაუჭირდება და სულელებისათვის მე არ ვწერ… ეს უნდა ყველამ იცოდეს… მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსების თემა მუდამ საქართველოა… იჭია-ბიჭია, ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის. აი, ასეთი თანამედროვე პოეტი ვარ და ასეთი თანამედროვეობა მწამს მე, მორჩა და გათავდა! ვინც ეს არ იცის, ის სულელია, ეს ბევრმა არ იცის, არ იცის ოთხმოცდაათმა პროცენტმა მაინც. ნიკა აგიაშვილმა კარგად იცოდა ეს, მაგრამ მაგას, მგონი, გაუშრა სახელოვანი ქაიხოსრო აგიაშვილის სისხლი! მაგას ესმოდა კაცის და მაგანაც უგვერდა ახლა?!
ასეა, რეზო, არც შეიძლება, სხვაგვარად იყოს, ასეა და ასე იქნება სიკვდილამდე, ეს ვარ მე! ეს, რასაკვირველია, შენ კარგად იცი, მაგრამ მაინც გწერ, რომ გული ვიჯერო. მომკლა, ბიჭო, ამდენმა სირეგვნემ!.. გკოცნის
შენი ლადო ასათიანი.