კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნევროლოგიური დაავადებების დროს C ვიტამინი აუცილებელია

რა კავშირშია ზურგის ტკივილი დეპრესიასთან

ოსტეოქონდროზი იმ ადამიანებს აწუხებს, ვინც ბევრს მოძრაობს, ან, პირიქით, დიდხანს ზის. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები, ძირითადად, იმ მამაკაცებს აღენიშნებათ, ვინც ფიზიკურად მძიმე სამუშაოს ასრულებს. მისი განვითარების რისკის ქვეშ არიან, ასევე, ორსული ქალებიც. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც, ამიტომ, თუ თქვენს წინაპარს ჰქონდა ოსტეოქონდროზი, ხერხემალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

არსებობს ადამიანების განსაკუთრებული კატეგორია, რომელსაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ასეთთა რიცხვს განეკუთვნებიან: მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები – მთელი დღის განმავლობაში წვრილ, მაღალ ქუსლზე დგომა საშიშია, რადგან, ამ დროს მთელი დატვირთვა გადადის ტერფის წინა ნაწილზე, რაც განივი მყესების გადაძაბვასა და გამკვრივებას იწვევს.

ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნევრასთენიკ ქალბატონებს – როგორც კი ოდნავ ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ტკივილი ზურგის არეში. ზოგადად კი, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით – კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ისაა, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა, ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება და ადამიანს ეწყება თავის ტკივილი და თავბრუხვევა, შედეგად კი ვითარდება დეპრესია და შიშები. კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, ხოლო ეს უკანასკნელი ძალიან საშიში დაავადებაა.

გახსოვდეთ, რომ ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა ადვილია და მცირე დროს მოითხოვს, მკურნალობა კი გაცილებით დიდ დროში იწელება. ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე ტვირთი მოხრილმა. თუ ეს მაინც უნდა გააკეთოთ, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. ასეთ დროს ძირითადი დატვირთვა ფეხის კუნთებზე მოდის. თუ მძიმე ტვირთის ტარება გიწევთ, ხშირად გადაიტანეთ ის ხელიდან ხელში. ასეთ დროს არ შეიძლება ტანის მკვეთრი მოძრაობა.

თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლისა და კუდუსუნის კუნთები – ამგვარად შეამცირებთ ხერხემლის დატვირთვას – ან, მიეყრდენით კედელს. საერთოდ კი, ჯობია, ხშირად დაჯდეთ სკამზე და საზურგეს მიეყრდნოთ. ჯდომისას ფეხები იატაკს უნდა ეყრდნობოდეს.

იძინეთ მაგარ საწოლზე, რომელზეც თხელი ლეიბია დაგებული. ერიდეთ დაცემას და ხერხემლის დარტყმას.

არ გაცივდეთ, რადგან, ზოგჯერ კუნთები გადაციებაზე რეფლექსური სპაზმით რეაგირებს. მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.

მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები – ჭარბი წონა ისევე აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.

დილით, საწოლიდან ადგომისთანავე, ხელებით დაეკიდეთ ძელს – ეს განტვირთავს ზურგის კუნთებს.

ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის ყველაზე კარგია ცურვა – ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად; ასევე, მთლიანად ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.

გაუფრთხილდით ხერხემალს, რადგან, ის თქვენი მთავარი საყრდენია და ამით დიდხანს შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

 

თუ ყოველდღიურად ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, შემცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი

ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, ასევე, A პროვიტამინს, B1 ვიტამინს, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძსა და თუთიას. 

ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის, ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. 

ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს. დადგენილია, რომ ვიტამინები, იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს და მას ყვითელ ფერს ანიჭებს, სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობასა და სხვადასხვა ინფექციისაგან დაცვას; ასევე, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. 

გარდა ამისა, ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს. კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენურ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი მათ წარმოქმნას აფერხებს. 

თუ ყოველდღიურად ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, შემცირდება თრომბის წარმოქმნის რისკიც. 

ჯანმრთელი ადამიანისთვის უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის წვენის ინტენსიური სმა და, საერთოდ, ციტრუსების მიღება, ალერგიულ რეაქციებს იწვევს. 

საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში, ოღონდ, წვენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან ვიტამინების ნაწილი სწრაფად იშლება; სამხარზე კი მთლიანი ფორთოხალი მიირთვით, რადგან ქერქში არსებული პექტინები აკონტროლებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. 

თუ გსურთ, ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ, კვირაში ერთი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადეთ და საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ფორთოხალი მიირთვით. მასში მცირე კალორიებია, სამაგიეროდ, ბევრი უჯრედისია, რაც შიმშილის გრძნობას გარკვეული დროით თრგუნავს. 

ახლა სწორედ ფორთოხლის სეზონია, ამიტომ, გაითვალისწინეთ ამ ციტრუსის სასიკეთო თვისებები და გამოიყენეთ ის ორგანიზმის დასაცავად მთელი სეზონის განმავლობაში. 

 

ბრინჯი გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს მოგიგვარებთ, სოია კი სიმსივნისგან  დაგიცავთ

ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც, ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ. ხოლო, ვიტამინი E, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო. ამას გარდა, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს: რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს მას მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს, ასევე, ეთერზეთებს, რის გამოც მალე ფუჭდება. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.

რაც შეეხება სოიას, მას ხშირად განიხილავენ როგორც ხორცეულის შემცვლელ პროდუქტს. ამ მცენარეს უნიკალური თვისებები აქვს. ბევრი სხვა მცენარეული პროდუქტისგან განსხვავებით, სოია ადამიანის ორგანიზმს უზრუნველყოფს არა უჯრედისით, არამედ, სრულფასოვანი ცილით. სოიისგან ამზადებენ რძის პროდუქტების შემცვლელებსაც, მაგალითად, სოიის რძეს, იოგურტს, ხაჭოსა და ყველს. მასში შემავალი ცილა ყველა მცენარეულ ცილასთან შედარებით უფრო სრულფასოვანია, თანაც, ის სოიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცში. ცილის გარდა, სოია საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, რომელიც აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ებრძვის სიმსივნის განვითარებას. ასევე, შეიცავს ჰორმონის მაგვარ ნივთიერებას – ფიტოესტროგენებს, რაც არც ხორცშია და არც თევზში. ამიტომ, აუცილებლად მიირთვით სოია (ოღონდ, ცხადია, არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული); მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით, მაგრამ, აუცილებლად შეიტანეთ ის თქვენს რაციონში.

 

ნიახურის წვენით ადვილად გაუმკლავდებით ავიტამინოზს 

ნიახურის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ ნატრიუმს. იმის გამო, რომ ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს (რაც კალციუმის ხსნადობას უზრუნველყოფს), ის ყველაზე სასარგებლო წვენია მათთვის, ვინც ფართოდ მოიხმარს კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს. ნებისმიერი საკვები, რომელიც კონცენტრირებულ შაქარს შეიცავს, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, ნაყინი და ასე შემდეგ, მიეკუთვნება კონცენტრირებული ნახშირწყლების კლასს. ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ორგანიზმს და იწვევს ბევრ დაავადებას.

კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ, ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური და ორგანული. როცა იხარშება კალციუმის შემცველი ნებისმიერი საჭმელი, ის ავტომატურად არაორგანულში გადადის, უხსნადი ხდება,  ვერ კვებავს უჯრედებს და ადამიანის ორგანიზმი მას ვერ ითვისებს. ასეთი საკვები ახშობს ორგანიზმს და ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, გულის კორონარული დარღვევები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, ქვების დაგროვება ნაღვლის ბუშტში და ასე შემდეგ. ასევე, ორგანიზმში იზრდება გადაუმუშავებელი კალციუმის რაოდენობა, რაც მეტად არასასურველია. სწორედ ასეთ დროსაა აუცილებელი ორგანული ნატრიუმი, რომელიც ათავისუფლებს ორგანიზმს ამ დანალექებისგან. ნატრიუმი, ასევე, დიდ მონაწილეობას იღებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, მაგალითად, სისხლისა და ლიმფის გათხელებაში.

ნიახურის წვენის მიღება არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას.

ორგანული ნატრიუმის უკმარისობა იწვევს ბრონქულ და ფილტვების დაავადებებს, ნაადრევ სიბერეს, განსაკუთრებით – ქალებში.

ნიახურის წვენით ავიტამინოზის მკურნალობისას საოცარი შედეგებია მიღებული. ნიახური მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები კი გამოწვეულია, ძირითადად, ორგანიზმში არაორგანული მინერალური ელემენტებისა და დამამშვიდებელი პრეპარატების ნარჩენების დაგროვებით. ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნარევი კარგი საშუალებაა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

 

ნევროლოგიური დაავადებების დროს C ვიტამინი აუცილებელია

ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ თავის ტვინის რომელიმე სენით დაავადებული ადამიანი სამკურნალო პრეპარატებთან ერთად C ვიტამინსაც მიიღებს, მკურნალობის ეფექტი მეტი იქნება, რადგან, C ვიტამინი თავის ტვინში პრეპარატების შეღწევას აიოლებს.  კერძოდ, ასკორბინის მჟავის დამატება პრეპარატებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაში ეხმარება, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი ტვინში ნივთიერებების შეღწევა გაძნელებულია.

ექიმების მოსაზრებით, C ვიტამინის ამ თვისების გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს შიდსის, ასევე, სხვა ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ კი, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობას.

скачать dle 11.3