ინტერნეტბიზნესის ლეგენდა – სერგეი ბრინი
ამერიკელი ბიზნესმენის, მეცნიერის, „გუგლის“ შემქმნელისა და თანადამაარსებლის, სერგეი ბრინის ისტორია იმის დასტურია, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა შემოქმედებით ძიებაზე, სამეცნიერო ნიჭზე, ალღოზე, გამბედაობასა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებზე გადის.
სერგეი დაიბადა 1973 წელს, მოსკოვში, ებრაელთა ოჯახში. მისი ბაბუაც და მამაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატები იყვნენ და ენერგეტიკის ინსტიტუტში ასწავლიდნენ. სერგეი 6 წლის იყო, როდესაც ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამა მერილენდის უნივერსიტეტში მოეწყო პედაგოგად, დედამ კი NASA-ში დაიწყო მუშაობა. ამერიკაში სერგეი იმ სკოლაში დადიოდა, სადაც სწავლება მონტესორის სისტემით მიმდინარეობდა. ახლა მას მიაჩნია, რომ სწორედ ეს დაეხმარა წარმატების მიღწევაში. სერგეიმ ვადაზე ადრე აიღო მერილენდის უნივერსიტეტის დიპლომი, სპეციალობით – მათემატიკა და კომპიუტერული სისტემები. ის ამერიკის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის სტიპენდიანტი იყო. 1993 წელს ბრინი სტენფორდის უნივერსიტეტში მოეწყო და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტთან, ლარი პეიჯთან ერთად, დაამუშავა თემა: „მასშტაბური ჰიპერტექსტური ინტერნეტსაძიებო სისტემის ანატომია“, რითაც, ფაქტობრივად, ჩაეყარა კიდეც საფუძველი Google-ს, რომელზეც, ბრინის აზრით, დამოკიდებულია ადამიანთა თვითგანათლება, კარიერა და ჯანმრთელობაც კი.
1997 წელს დარეგისტრირდა დომენი Google.com, მალე კი პროექტმა უნივერსიტეტის კედლები დატოვა და განვითარებისთვის მოიკრიბა ინვესტიციები. დასახელება Google წარმოიშვა სიტყვიდან – Googo (10-ის მეასე ხარისხი). მეგობრებმა მას Googol დაარქვეს, მაგრამ, ინვესტორებმა, რომლებსაც ბრინმა და პეიჯმა იდეა წარუდგინეს, მათთვის მისაცემი ფულის ჩეკში შეცდომით Google ჩაწერეს.
Google-ის პირველი ინვესტიცია 1 მილიონ დოლარს უდრიდა. პირველი ოფისი ავტოფარეხი იყო, სადაც 4 თანამშრომელი მუშაობდა, თუმცა, ის უკვე მაშინ შევიდა 100 საუკეთესო საიტის ჩამონათვალში. 2000 წელს Google მსოფლიოში ყველაზე დიდი საძიებო სერვერი გახდა, 2003 წელს კი – საძიებო სფეროს ლიდერი. 2004 წელს მისი შემქმნელები მილიარდერთა სიაში შევიდნენ. 2007 წელს Google.inc-მა შეიძინა საიტი YouTube. იმავე წელს ყურადღება გამახვილდა ახალ ბაზარზე, სპეციალურ პროექტებზე, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის კომპიუტერიზაციას ეხებოდა. 2008 წელს Google.inc 100 მილიარდ დოლარად შეფასდა.
სერგეი ბრინი არ ჰგავს ბევრ სხვა თანამედროვე მილიარდერს. მისი კორპორაციული დევიზია: „არ შექმნა ბოროტება“. მას სურს, რომ იყოს მაღალზნეობრივი და მსოფლიოს ნამდვილი ცვლილებები მოუტანოს. მიუხედავად მისი ქონებისა (16,3 მილიარდი), სერგეი მოკრძალებულად ცხოვრობს, სამაგიეროდ, ეწევა ქველმოქმედებას: 2011 წელს „ვიკიპედიას“ 500 ათასი დოლარი აჩუქა და, გეგმავს, რომ 20 წლის განმავლობაში 20 მილიარდს გასცემს.
ცნობილია ბიზნესმენის მკვეთრი გამონათქვამები: ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი – ნიგერიაა თოვლზე, თუმცა, მოგვიანებით, ეს სიტყვები უკან წაიღო; 2012 წელს კი სოციალური ქსელი Facebook და კომპანია Apple თავისუფალი ინტერნეტის მტრებად გამოაცხადა.
სერგეი 2007 წელს დაქორწინდა ანა ვოიჟიტსკიზე. წყვილს ჰყავს ქალ-ვაჟი. როგორც ამბობენ, სერგეის უყვარს სან-ფრანცისკოში რუსულ საჩაიე „კატიში“ შესვლა და სტუმრებს ურჩევს, ბორშჩი, ბლინები და პილმენები მიირთვან.