კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვთ თუ არა სასულიერო პირებს საპატრიარქოდან დანიშნული ხელფასები და ვის შეუძლია ეკლესიაში შესული თანხების განკარგვა

დღეს სასულიერო პირების შემოსავლები ხშირად ხდება დიდი ინტერესისა და სერიოზული განხილვის თემა და ამ საკითხის შესახებ წარმოდგენებიც ზოგჯერ არასწორია. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– მართლმადიდებლობა ის რელიგიაა, რომელიც 2000 წელია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ეკლესია და მისი აღმსარებლობა „პრივილეგირებულ“ ადგილს იკავებს, მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლობა, როგორც ასეთი, სახელმწიფო რელიგია არ არის. რომ იყოს სახელმწიფო რელიგია, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა და უწყებებს აფინანსებს სახელმწიფო, ბუნებრივია, დააფინანსებდა ელესიასაც, ვგულისხმობ მთლიანობაში. თუმცა, არსებობს კეთილი ნება, როდესაც სახელმწიფო საპატრიარქოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს გამოუყოფს ბიუჯეტიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია სასულიერო სასწავლებლებისთვის, სემინიარია-აკადემიისთვის, იგივე უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებიც საპატრიარქოს ეგიდით აწარმობენ სწავლა-განათლებას; მათი თანამშრომლებისთვის, მასწავლებლებისთვის; ასევე, იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც საპატრიარქოდან მჭიდრო თანამშრომლობაში არიან სახელმწიფო აპარატთან. გარდა ამისა, ეს თანხა მოიცავს საპატრიარქოს ვიზიტებს უცხოეთში, განკუთვნილია შიდა მოწყობისა და ბევრი საჭირო საკითხისთვის. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ უნდა გავმიჯნოთ საპატრიარქოს დაფინანსება და ეკლესიის დაფინანსება, რადგან, ეკლესია და საპატრიარქო ერთი და იგივე არ არის. ცხადია, საპატრიარქოს შიდა სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი, წმიდა სინოდი, ანუ მღვდელმთავრების საბჭო, გამოხატავს ეკლესიის არსს ამა თუ იმ შემთხვევასთან ან პრობლემასთან დაკავშირებით ერისა და ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ, საპატრიარქო სხვა  არის და ეკლესია – სხვა. რა თქმა უნდა, არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ მიეკუთვნებიან საპატრიარქოს შიდა სტრუქტურას, იქ არ მოღვაწეობენ, არ ხელმძღვანელობენ სხვადასხვა დეპარტამენტს, კომისიებს და არ იღებენ ანაზღაურებას ხელფასის სახით. შესაბამისად, ასეთ სასულიერო პირებს არანაირი ოფიციალური შემოსავალი არ გააჩნიათ, მათ შორის, არც საპატრიარქოდან. თუმცა, ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ საპატრიარქო ყველა მღვდელს უხდის ხელფასს, მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი ოფიციალური ანაზღაურება, ხელფასი, არ არსებობს მღვდლისთვის. მღვდელი თავიდან ბოლომდე საკუთარ მღვდელმსახურებაზე, ანუ, შესაწირზეა  დამოკიდებული. არის ერთი მომენტი, რომელიც უნდა გამოვყოთ ამ შემთხვევაში – ნებისმიერი ეპარქიის ადგილობრივი მღვდელმთავრის კეთილი ნება, რომელიც ინდივიდუალურ და არა სისტემატურ სახეს ატარებს; ანუ, მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში მომსახურე არა მღვდელს, არამედ დიაკონს, რომელსაც სხვა შემოსავლის მიღების ანლტერნატივა არ გააჩნია, ყოველთვიურად უხდის გარკვეულ თანხას. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი განჩინება მიღებული სინოდის კრებაზე: რადგან ეპარქიებში ჭირს, რადგან ხალხს არ გააჩნია ნორმალური შემოსავალი, მღვდელმთავრებმა უნდა დაურიგონ გარკვეული თანხა დიაკვნებს და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, გაჭირვებულ მღვდლებსაც, რომლებსაც დიდი ოჯახები აქვთ. თუმცა, ეს განჩინება არ შესრულებულა. შეიძლება, რომელიმე მღვდელმთავარი ამას ასრულებს, მაგრამ,  მასობრივი სახე არ მიუღია. 

– ვინ განკარგვს ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში არსებულ შემოსავლებს? 

– ნებისმიერ ეპარქიაში რამდენიმე ტაძარია, ზოგან – ბევრი, ზოგან – ცოტა. ყველა ტაძარი გარკვეულ შემოსავალს იღებს მთელი წლის განმავლობაში თავისი მსახურებიდან, სანთლიდან იქნება თუ სხვა რამიდან. საბოლოოდ, ტაძრებიდან მიღებულ შემოსავალს, მთლიანად დაგროვილ შესაწირს ეპარქიის ეკონომოსი, ანუ საქმეთა გამგე აცნობს ეპარქიის მღვდელმთავარს. შესაბამისად, მის გახარჯვას ტაძრებისა და ეპარქიების საჭიროებისთვის უკვე მღვდელმთავარი განაგებს. გამომდინარე იქიდან, რა შემოსავალი გააჩნია ეპარქიას, მღვდელმთავარი რაღაც თანხას აძლევს დიაკვანს ან მღვდელმსახურს. ეს ხდება ძირითადად პატარა ეპარქიებში, სადაც მეტი საშუალებაა სრული კონტროლისთვის; ანუ, შემოსავლები კონტროლდება ეკონომოსის მიერ, რომელიც საბოლოოდ მღვდელმთავარს აცნობებს იმასთან ერთად, თუ რა არის ეპარქიაში გასაკეთებელი. მაგრამ, როცა საქმე ეხება მცხეთა-თბილისის ეპარქიას, რომელიც ძალიან დიდია და აქ უამრავი ტაძარია, ერთი ეკონომოსი ამას ვერ განკარგავს. ასევე, არა მხოლოდ დიდ, არამედ პატარა ტაძრებშიც ეკონომოსი ვერ იქნება. თუმცა, მე, როგორც ტაძრის წინამძღვარს, შემიძლია, დავნიშნო მრევლიდან ეკონომოსი, რომელიც საშემოსავლო საკითხებს განკარგავს; ოღონდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომოსმა ეს ფული და შესაწირი როგორც უნდა, ისე განკარგოს. მან იცის თავისი უფლებები – შაბათ-კვირას არის მსახურება და რა არის ამისთვის საჭირო: რამდენი სეფისკვერი ან საბარძიმე ღვინოა მოსატანი და ასე შემდეგ. მან იცის, რამდენია საჭირო და ელემენტარულ საკითხებს აგვარებს, ამისთვის მას აღარ სჭირდება შეთანხმება წინამძღვართან. რაც ეხება შემოსავლების მთლიანად განკარგვას, შესაწირს ყუთებიდან, სანთლის ფულიდან შემოსულს, ანუ, მთლიან თანხას, განკარგავს წინამძღვარი და არა ეკონომოსი, რომელიც მისი დამხმარეა. აქ საუბარია ისეთ ტაძრებზე, სადაც შემოსავალია იმ გაგებით, რომ დიდი ტაძარია, ძველია და ხალხიც მეტი შედის. რაც შეეხება პატარა ტაძრებს, სადაც ცოტა ხალხი შედის, ათი კაცი დგას წირვა-ლოცვაზე, იქ, ბუნებრივია, ეკონომოსი არც იქნება – ისეთი მიზერული თანხა შემოდის თვიდან – თვემდე, რომ საჭიროც არ არის. ანუ, მთლიან თანხას წინამძღვარი განკარგავს საჭიროებისამებრ.

– რას უნდა მოახმაროს წინამძღვარმა შემოსული თანხა, შესაწირი? 

– თუ ტაძარში არის გარკვეული რაოდენობის შემოსავალი, წინამძღვარი გადაწყვეტს, რა არის საჭირო ეკლესიისთვის, რა დგას დღის წესრიგში. დროთა განმავლობაში ინვენტარი ცვდება, შესაბამისად, საჭიროა მათი შეძენა და, თუ ამის ფინანსური საშუალება არსებობს შემოწირულობიდან, რა თქმა უნდა, წინამძღვარი ყიდულობს ინვენტარს, ისევე, როგორც მსახურებისთვის საჭირო ნივთებს. მესანთლეს, რომელიც ყოველდღე ემსახურება ტაძარს, ალაგებს, გარკვეულ საქმიანობას ეწევა, ბუნებრივია, სჭირდება ხელფასი არსებობისთვის, რაც ძალიან მწირია – ზოგჯერ თვეში 30-40 ლარი. მგალობლებსაც სჭირდებათ თანხა, მსახურებისთვის საჭირო ნივთების შეძენა; ასევე, თავად სასულიერო პირს, რომელსაც ოჯახი ჰყავს სარჩენი, ხშირად, ბევრი შვილით. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაწირზეა დამოკიდებული, რაც ზოგჯერ პატარა ტაძარში, შეიძლება, თვეში 20 ლარი იყოს ან ცოტა მეტი – ეს არავინ იცის. კიდევ ვიმეორებ: ეს ადამიანების მიერ გაღებულ შესაწირზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრეისკურანტის ტრადიციას თუ არ გამოვიყენებთ. 

– რაც ხშირია ბევრ ტაძარში, სადაც კონკრეტულად გეუბნებიან, რა ღირს  ესა თუ ის მსახურება. 

– ხშირად ფასი ტაძრიდან გამომდინარეობს, ანუ,  უხეშად რომ ვთქვათ, მისი „პრესტიჟულობიდან“ და სიძველიდან. ზოგან შეიძლება, ჯვრისწერა 100 ლარი ღირდეს, ზოგან – 150 და ზოგან – 300 ლარიც, ზოგან კი – არაფერი. რა თქმა უნდა, ასეთი პრეისკურანტების დადგენა არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ასეთი რამ არ შეიძლება. შესაძლოა, ადამიანი მოვიდეს ეკლესიაში და 20 ლარი შესწიროს, რადგან არ აქვს მეტი, ამ დროს კი, რომელიმე საიდუმლო 100 ლარი ღირს, რის შესახებაც არაფერი წერია სახარებაში, ანუ, რატომ ღირს მაინცდამაინც 100 ლარი და არა უფრო მეტი ან ნაკლები. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მეც უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და ისიც. ბევრმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, შეიძლება, ჩემი საუბარი გააკრიტიკოს: გვიმსახურია, მაგრამ, მაინც არ აგდებენ შესაწირს და რითი ვიცხოვროთო. მეც მქონია ბევრჯერ შემთხვევა, როდესაც ორი ან სამი მსახურება შემისრულებია, მაგრამ არანაირი შესაწირი არ გაუღიათ, მადლობა გადაუხდიათ და წასულან.  მაგრამ, ერთი თუ არ გაიღებს შესაწირს, მეორე და მესამე ხომ მაინც გაიღებს. თუმცა, როდესაც ადამიანი მუშაობს და უყვარს თავისი საქმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმის სიყვარულის გამო ხელფასზე თქვას უარი თვის ბოლოს. ერში, სამწუხაროდ, ასეთი ბუნდოვანი მიდგომაა: მღვდელმა ფული არ უნდა აიღოს, არ სჭირდება, მის შვილებს არაფერი სჭირდებათ. მე, როგორც მღვდელი, ვემიჯნები, რომ დაწესებული თანხები მოვითხოვო რამე მსახურებაში, მაგრამ, მრევლმაც უნდა გაიღოს შესაწირი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. სასულიერო პირმა არ უნდა მოითხოვოს თანხა, მაგრამ, მლოცველმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ სასულიერო პირი მას ემსახურება, მასაც სჭირდება არსებობა და, ამიტომ, თვითონაც უნდა გაიღოს რაღაც. 

– რისი კეთება შეუძლია სასულიერო პირს დამატებით იმისთვის, რომ გარკვეული შემოსავალი ჰქონდეს ოჯახის შესანახად? 

– გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრ სასულიერო პირსაც და ტაძრებსაც უჭირთ, რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა ასეთი კურთხევა გააჟღერა: ვისაც ძალიან გიჭირთ, შეგიძლიათ, საქმე წამოიწყოთ – ისეთი საქმე, რომელიც მღვდლის ფუნქციასთან და საქმიანობასთან წინააღმდეგობაში არ მოვა. 

 

скачать dle 11.3