ქრისტიანული სასწაულები
... „მე შენი უფლის დედა ვარ“...
ძლიერი იყო წმიდა ათანასე მოღვაწეობაში და მტკიცე მოთმინებაში, მაგრამ შიმშილმა მაინც დაძლია, შეირყა მისი სულის სიმტკიცე და წმიდა მამამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ლავრა, და სადმე სხვა ადგილზე წასულიყო. დილით, წმიდა ათანასე თავისი კვერთხით, სევდიანად მიუყვებოდა კარისკენ მიმავალ გზას, მისი სული კი შფოთვას მოეცვა. ორი საათის სიარულის შემდეგ, იგრძნო, რომ ძალა ელეოდა და სწორედ მაშინ, როცა გადაწყვიტა, ცოტა ხნით ჩამომჯდარიყო და დაესვენა, დაინახა, რომ მისკენ მოდიოდა ვიღაც ქალი, რომელსაც ცისფერი ჰაეროვანი მოსასხამი ებურა. შემცბარმა წმიდანმა, რომელიც საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, პირჯვარი გადაიწერა: „საიდან უნდა გაჩენილიყო აქ ქალი? – დაეკითხა ბერი საკუთარ თავს – როდესაც აქ შეუძლებელია ქალის შემოსვლა?” (ათონის მთაზე ქალის შესვლა აკრძალულია). ამ ხილვით გაოცებული წმიდა ათანასე ქალის შესახვედრად გაეშურა. ერთმანეთს რომ დაუპირისპირდნენ, ქალმა თავმდაბლურად ჰკითხა წმიდა მამას: „საით მიდიხარ, ბერო?“ წმიდა ათანასემ თავით ფეხებამდე შეათვალიერა ქალი, ჩახედა თვალებში და უნებლიე მოწიწების გრძნობამ აიძულა, თვალები დაეხარა. სამოსის მოკრძალებულობა, წყნარი, ქალწულებრივი გამოხედვა, გულში ჩამწვდომი ხმა – ყველაფერი ცხადყოფდა მასში, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გამვლელი ქალი. „ვინ ხარ შენ? აქ როგორ შემოხვედი?“ – ჰკითხა ბერმა უცნობ ქალს; „ან რაში გჭირდება იმის ცოდნა, თუ სად მივდივარ? ხედავ, აქაური ვარ, მეტი რაღა გაინტერესებს?“ „შენ თუ ბერი ხარ, – უპასუხა უცნობმა, – მაშინ პასუხიც სხვაგვარად უნდა გამცე, არა ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა – გულღია, მიმნდობი და თავმდაბალი უნდა იყო. მე მსურს, ვიცოდე, სად მიდიხარ. ვიცი შენი მწუხარება და ყველაფერი, რაც გჭირს. შემიძლია, დაგეხმარო, მაგრამ მანამდე, მსურს ვიცოდე, სად მიდიხარ?“ საიდუმლოებით მოცული უცნობი ქალის სიტყვებით გაოცებულმა წმიდა ათანასემ უამბო მას თავისი უბედურების შესახებ. უცნობმა ქალმა კი ასე უპასუხა: „შეესაბამება კი ეს საქციელი მოსაგრეობის სულისკვეთებას? დაბრუნდი, ყველაფერი უხვად გეწყალობება, მხოლოდ არ მიატოვო შენი განმარტოებული სამყოფელი, რომელიც განითქმება და უპირველესი იქნება აქ აღმოცენებულ სავანეთა შორის.” „და მაინც, ვინ ხარ შენ?“ – ჰკითხა ათანასემ. – „იგი, ვის სახელსაც მიუძღვენი შენი სავანე, ვისაც ავედრებ მის ბედს და შენს საკუთარ ხსნას. მე შენი უფლის დედა ვარ“, – უპასუხა უცნობმა ქალმა. წმიდა ათანასემ უნდობლად და ეჭვით შეხედა მას, შემდეგ უთხრა: „მეშინია დაჯერების, რადგან მტერიც ხანდახან მართლის ანგელოზის სახით გვევლინება. რით დამარწმუნებ შენი სიტყვების კანონიერებაში?“ – „ხედავ ამ ქვას? – უპასუხა უცნობმა ქალმა, – დაჰკარი კვერთხი და მაშინ მიხვდები, ვინ გელაპარაკება. ამასთან, იცოდე, რომ მე სამუდამოდ დავრჩები შენი ლავრის ეკონომოსად.” ათანასემ დაარტყა კვერთხი ქვას, რომელიც თითქოს ელვამ გააპო, ნაპრალიდან კი მაშინვე გამოჩქეფა ხმაურიანი წყლის ნაკადმა და დაეშვა ბორცვის ფერდობზე ზღვისკენ.
ასეთი სასწაულით გაოგნებული წმიდა ათანასე შემობრუნდა, რომ მუხლებზე დაცემულიყო ღვთაებრივი უცნობის ფეხებთან, მაგრამ ის უკვე იქ აღარ იყო, ელვასავით მიფარებოდა ბერის გაოცებულ მზერას.
ღვთისმშობლის ხატის – „შენ ხარ ვენახის“ აღსრულებული სასწაული
მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები მივდიოდით მანქანით. ავტომობილს მუხრუჭმა უმტყუნა. სიჩქარის შენელება და მანქანის გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ქუჩა საკმაოდ ვიწრო იყო და ჩახერგილი ორივე მიმართულებით მიმავალი მანქანებით. ერთდროულად რამდენიმე მანქანა უნდა შეჯახებოდა ერთმანეთს და შედეგიც უმძიმესი იქნებოდა. თითქმის სასოწარკვეთილებმა შევყვირეთ და შემწეობა ვთხოვეთ ღმრთისმშობლის ხატს – „შენ ხარ ვენახი“ (ეს ხატი უკურთხებელი, უბეში ედო ჩემს შვილს). არანაირი გამოსავალი არ ჩანდა... არც ადამიანის გონებას, არც მოხერხებას არ შეეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. ჩვენ არ ვიცით, როგორ გავიარეთ ერთმანეთს მიჯრილ მანქანებს შორის და აღმოვჩნდით უსაფრთხო ადგილას. დიდხანს ვისხედით მანქანაში მომხდარი სასწაულით გაოგნებულები და ხმას ვერ ვიღებდით, მხოლოდ შეშინებული ბავშვის ტირილმა გამოგვაფხიზლა.
დიდება უფალს.