მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ოჯახში შემონახული გვაქვს საეკლესიო ნივთი. გვაქვს თუ არა მისი სახლში დატოვების უფლება, თუ, ეკლესიაში უნდა მივიტანოთ?
პასუხი: საეკლესიო ნივთის, მით უმეტეს, თუ ის სიწმინდეა, ოჯახში გაჩერება არ შეიძლება. ზოგიერთ საეკლესიო ნივთზე შეხების უფლება ყველა საეკლესიო პირსაც კი არ აქვს, მით უმეტეს – საეროს. ასე რომ, თუ სახლში გაქვთ საეკლესიო ნივთი, დაუყოვნებლივ დაუბრუნეთ ეკლესიას, რათა თავისი წმინდა დანიშნულება შეასრულოს.
კითხვა: უპირველესად რით უნდა დაიწყოს ქრისტიანული ცხოვრება ადამიანმა?
პასუხი: ქრისტიანული ცხოვრება უპირველესად უნდა დაიწყოთ სინანულით: უნდა მოინანიოთ ცოდვები გულწრფელად და დადოთ აღთქმა, რომ აღარ შესცოდავთ; ასევე, უნდა ილოცოთ და ღმერთს სთხოვოთ მოთმინება და შემწეობა, რათა განმტკიცდეთ რწმენაში.
კითხვა: რატომ ხდება, რომ ხშირად კეთილი საქმე ფერხდება?
პასუხი: იმიტომ, რომ ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს ბოროტთან ბრძოლა. რაც უფრო მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის მტერი კაცს, რომ ჩაშალოს მისი კეთილი საქმე.
კითხვა: რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?
პასუხი: ცოდვა უფლის მადლს გვაშორებს. თუ ცოდვას არ მოვინანიებთ, ის საკუთარი ტვირთის სიმძიმით იწვევს სხვა ცოდვას და ადამიანი ცოდვათა მორევში ეფლობა.