ჭეშმარიტი სარწმუნოება
არიანელი ეპისკოპოსის დაბრმავება
წმიდა გრიგოლი დიოლოღოსი: ერთი სასწაულის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მხოლოდ სამი დღის წინ შევიტყვე ჩემი მონასტრის ბერის, ბონიფანტესგან. იგი ოთხი წლის წინ ლონგობარდებთან იმყოფებოდა (ლონგობარდები – ძველი გერმანული ტომი). ერთხელ ქალაქ სპოლეტოში არიანელი (არიოზის ერესის მიმდევარი) ეპისკოპოსი მოვიდა და რადგან ტაძარი არ ჰქონდა, ქალაქის ეპისკოპოსს სთხოვა, ეკლესია დაეთმო თავისი ერეტიკული მსახურების შესასრულებლად. ეპისკოპოსმა მტკიცე უარი განუცხადა, არიანელი კი დაემუქრა, რომ მეორე დღესვე ძალადობით დაიკავებდა იქვე ახლოს მდებარე წმიდა პავლე მოციქულის სახელობის ტაძარს. ეს ამბავი ეკლესიის მნათემ გაიგო. ის მაშინვე ტაძრისკენ გაეშურა, ჩაკეტა იგი და კარს კლიტე დაადო. საღამოს ყველა კანდელი ჩააქრო, თავად კი შიგნით დაიმალა. გამთენიისას მოვიდა არიანელი ეპისკოპოსი, უკან ხალხის ბრბო მოჰყვებოდა; განზრახული ჰქონდათ ეკლესიის კარი შეემტვრიათ, მაგრამ უეცრად ღვთაებრივი ძალით ყველა კარი შეირყა, კლიტეები შორს გაიტყორცნენ და ძლიერი ხმაურით ყველა საეკლესიო კარი და ურდული გაიხსნა; ზემოდან გარდამოვიდა ნათელი და ყველა ჩამქრალი კანდელი თავისით აინთო. არიანელი, რომელიც იმ განზრახვით მოვიდა, რომ ძალადობით დაუფლებოდა ტაძარს, ზეციური სინათლით დაბრმავდა და თავის საცხოვრებელში მხოლოდ სხვების დახმარებით შეძლო დაბრუნება. ამ ამბავმა იმ ქვეყანაში მყოფი ლონგობარდები დააშინა და მას შემდეგ უვე ვეღარავინ ბედავდა მართლმადიდებლურ ტაძარში შესვლას.
ამგვარად, როდესაც წმიდა პავლეს ტაძარში არიანელი ეპისკოპოსის გამო კანდელები ჩაქრა, სასწაულმა მწვალებელი მღვდელმთავარი დააბრმავა, ხოლო ეკლესია კვლავ გაანათა.