რაში „გაუცრუა“ მეუღლეს იმედები ოთო ნემსაძემ და რაში არ აპირებს „ბრავოს“ გამო ის ლალი მოროშკინასთვის იმედების გაცრუებას
ალბათ სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ოთო ნემსაძე „ბრავოს“ ერთ-ერთი საუკეთესო და ძლიერი მონაწილეა. მისმა შესრულებამ, ემოციურობამ და საოცარმა ხმამ, არ შეიძლება, ვინმე გულგრილი დატოვოს. ასე რომ, ფინალში ოთო ნემსაძეს მთელი გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებას, ამისთვის კი მის ნომერზე უნდა დავრეკოთ.
ოთო ნემსაძე: მიხარია, რომ „ბრავო“ ქართული პროექტია. ჩემთვის, „ჯეოსტართან“ შედარებით, „ბრავო“ უფრო მაღალი საფეხურია. მასში უკვე შემდგარი მომღერლები იღებენ მონაწილეობას. თან, მინდა, ჩემს თავს რაღაცეები დავუმტკიცო.
– რა გაქვს საკუთარი თავისთვის დასამტკიცებელი?
– ბევრი რაღაც. მე ხომ ყოველდღე ვიზრდები... რომ შემიძლია, იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გამიკეთებია. არა მხოლოდ სიმღერის მხრივ, ყველაფერში. თან, მინდა, უფრო მეტი ახალი რაღაც ვაკეთო. „ბრავოს“ იქით ვერ ვიხედები. თუმცა, თავში ძალიან ბევრი იდეა მაქვს. მინდა, ჩემი პოპ-როკჯგუფის გაკეთება. მერე აქტიურად ვიმუშავებთ ახალ სიმღერებზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ბრავოს“ შემდეგ მომეცება საშუალება და დრო, ამ საქმეს მივხედო.
– უკვე გყავს კანდიდატურები შერჩეული?
– რამდენიმე ძალიან კარგი და კეთილი ადამიანი მყავს შერჩეული. და ძალიან უნდა უყვარდეთ პოპ-როკმუსიკა, ანუ, როკ-მუსიკა. ხერხს არ დავიჭერ ხელში და არაფერს გავხერხავ „დრუჟბით“, მაგრამ, ძალიან მინდა, კულტურული პოპ-როკმუსიკა ვაკეთო ცხოვრების ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, მომეცემა ამის საშუალება. ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს. არ მცალია, რომ ორ-სამ რაღაცაზე ერთად ვიფიქრო. სამი კურდღლის დაჭერის ამბავია. მირჩევნია, სამი სუსტი კურდღლის დაჭერას, ერთი და ჯანმრთელი დავიჭირო.
– თათა, ოთომ თქვა, მთლიანად „ბრავოზე” ვარ გადართული, ჩემთვის მხოლოდ „ბრავო“ არსებობსო და ხომ არ მოგაკლო ყურადღება?
თათა კუპრავა: ჩემთვისაც მხოლოდ „ბრავო“ არსებობს. მეც სულ ამაზე ვარ გადართული.
ოთო: ცხოვრებაში იმას, თუ ვინ ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, ბედნიერი ვარ არა იმიტომ, რომ მომღერალი ვარ და ბევრი ადამიანი მიცნობს, იმიტომ რომ, ბევრს ვუყვარვარ და მადლობა მათ ამისთვის. ვფიქრობ, რომ არასდროს გაგიცრუებთ იმედებს და არასდროს ვიქნები ცუდი ბიჭი.
– თათას ხომ არ უცრუებ იმედებს?
თათა: თავიდან ვარსკვლავებს მიკრეფდა ციდან და ახლა ნაგვის გატანაზე გვაქვს ჩხუბი. სახლში თავხედია, ყველაფერს მიმოფანტავს ხოლმე. სადაც იხდის, იქ ყრის. მერე მე უნდა ავალაგო.
ოთო: არც ეს აკლებს.
თათა: მე თუ ვურევ, იმას ვალაგებ და შენ?
ოთო: ჰოდა, დაალაგებ ცხოვრების ბოლომდე.
– ვიღაცეებისთვის თანაცხოვრების პირველ ეტაპებს გარკვეული სირთულეები უკავშირდება.
თათა: საერთოდ არ ვართ სტრესში, „ფან ჰაუზი“ გვაქვს – ხან ვინ არის ჩვენთან, ხან ვინ. ვალდებულებებიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მერე ვნახოთ. ახლა, ძაღლი რომ გვყავს, არ ვიცი, ვინ გაასეირნებს ხოლმე.
ოთო: მე შენ გაჩუქე და მიხედე, ხომ გინდოდა?
თათა: მე ისე, „დვარნიაშკა“ მინდოდა, ყველაზე ერთგულები არიან. მაგრამ ეს მაჩუქა, ძალიან საყვარელია. არ ვიცოდი, თუ იყიდა. ჩემთვის მეძინა, უცებ შემომიძვრა ლეკვი და გამაღვიძა.
– თქვენი პირველი შვილობილია, ოჯახის ახალი წევრი.
ოთო: კი, ჩვენი ოჯახის პირველი წევრია. აუცილებლად ჩემს გვარზე დავწერ, პასპორტს ავუღებ. ვეტერინარმა ნახა დღეს და გვითხრა: კარგი გოგოაო. ჯეკ რასელ ტერიერია, კარგი ძაღლია. გასეირნებაზე არ გვექნება არც ერთს პრობლემა. ორივეს ძალიან გვიყვარს ცხოველები, ძაღლები. თათა თუ არა, მე გავასეირნებ, დიდი სიამოვნებით.
– თათა, რაც ოთოს ცოლი ხარ, პირველად გამოდის კონკურსზე. შენც მუდმივად მის გვერდით ხარ თუ ღელავ ან ნერვიულობ?
თათა: არ ვარ მღელვარე ადამიანი. ოთომ ერთი, რაც იცის – ეს სიმღერაა და ზუსტად ვიცი, რომ კარგად გააკეთებს.
ოთო: მეტი არაფერი ვიცი?
თათა: იცის, რასაც აკეთებს და რატომ უნდა ვინერვიულო – ვაიმე, ახლა რას იზამს, ამ ნოტს გაარტყამს თუ არა... ან, ჩემი ქმარია და იცოდეთ...
ოთო: სამაგიეროდ, მე ვღელავ. იმაზე არა, გავვარდები თუ არა, ან ჩემი კონკურენტი რას იზამს. ჩემთვის მთავარია, ჩემი საქმე გავაკეთო, თან, იმის მაქსიმუმით, რაც შემიძლია. შესაბამისად, აღარ ვფიქრობ იმაზე: დავრჩები თუ არა კონკურსში. თუმცა, ძალიან მინდა, მოვიგო პროექტი. თითქმის ყველა კონცერტის წინ ისე ვარ, რომ მგონია, მთელი ხმა არ მაქვს. რეალურად, ეს ნერვული სპაზმებია. სცენაზე რომ გავდივარ, ყველაფერი კარგად არის – ხმაც მოდის და ჯანებიც. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო მათ, ვინც ჩემს გვერდით დადგნენ და ბოლომდე გამომყვნენ. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ზვიად ბოლქვაძეს, ზურა მოსიავას, ამირან დიასამიძეს და „ბრავო“ ბენდს.
– „ბრავოში“ კიდევ უფრო გაზრდილი და სხვანაირი ხარ – უფრო მეტი ემოციით, ენერგეტიკით სავსე, რაც არც ადრე გაკლდა.
– ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი, თუმცა, შეიძლება, არა სატელევიზიო პროექტებში, ჩემს კონცერტებზე. მოიცადეთ, კიდევ უფრო სხვანაირ ოთოსაც ნახავთ.
– შენც რამე სკანდალს ხომ არ გვიმზადებ?
– მე არ ვარ სკანდალისტი. დღემდე პოპულარული ვარ, აქტიური და დიდი იმედი მაქვს, ეს დიდხანს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური არასდროს ვყოფილვარ – მსგავსი არაფერი მომიფიქრებია: გამეხადა, ან ჩამეცვა. ასეთი რაღაცეები მაღიზიანებს კიდეც. გარკვეულწილად, მსგავსი მოთხოვნა ყოფილა, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვამბობ. ჩემგან მსგავი რამ არავის გაუგია და დიდი იმედი მაქვს, არც გაიგებენ, თუ შემთხვევით არ მომივა სადმე.
– რომ დაოჯახდი, ამან ხომ არ შეამცირა შენი თაყვანისმცემლების რიცხვი, ან თათას ხომ არ ერჩიან რამეს, როგორც ამას სხვები ამბობენ ხოლმე.
– ერთ განცხადებას გავაკეთებ: ღმერთმა დაგიფაროთ, ვინმემ რამე ცუდი მისწეროთ თათას. პირჯვარი გადაისახეთ, სიმონ, თორემ ბუა გამოგეცხადებათ.
თათა: უაზრო რაღაცეებს ოთოსაც წერენ, მაგრამ, რამე ისეთი არ მოუწერიათ ჩემთვის.
ოთო: ამას წინათ, ვიღაცამ გამლანძღა. მე ასეთი ადამიანები გულით მეცოდებიან და ჭკუას ვასწავლი ხოლმე: ცხოვრებაში ასეთი რაღაცეები არ გამოგადგება-მეთქი. სანამ თვითონ არ დამბლოკა, თავი არ დავანებე. ბოლო დროს წერენ: ამ ბიჭმა ოთარ რამიშვილის შედევრებს რა უქნაო. ცუდი არაფერი მიქნია. ჯანსაღ კრიკიტას ყოველთვის ვიღებ. მაგრამ, იმ ალბომში, რომელშიც ზვიად ბოლქვაძე უკრავს, ისე მივიტანეთ ბატონი ოთარის სიმღერები ახალ თაობამდე, რომ გენიოსად დარჩენილიყო ეს ადამიანი. ამიტომაც, ბოდიში და შენიშვნას ვერ მივიღებ.
– შენმა ლობისტმაც მშვენიერი შოუ შემოგვთავაზა.
– ქალბატონი ლალი ძალიან ნიჭიერი და განათლებულია. გამიხარდა, რომ ის არის „ბრავოში“ ჩემი ლობისტი. ეს არის ადამიანი – მოსიარულე შოუ. თან, არც ვიცოდი, რას გააკეთებდა, რეპეტიციაზე ვნახე. კულტურული შოუ გააკეთა – ჩარლი ჩაპლინი ჩანგლით ძალიან კარგი იყო. მადლობა, რაც ჩემთვის გააკეთა და მინდა, რომ დავუფასო.
– ახლადაქორწინებულებს გჭირდებათ ერთი ბინა. მოგებას გისურვებ!
– ყველამ იცის, რომ მოწუწუნე ელემენტი არ ვარ და არც ახლა ვწუწუნებ. თუმცა, ძალიან გამიხარდება, თუ სახლი მექნება. ამით ბევრი პრობლემა გადამეჭრება, თუმცა, თუ ვერ მოვიგებ, არც არაფერი ჩამომენგრევა. ასე რომ, ყველას ვუსურვებ წარმატებას პროექტში, განსაკუთრებით საკუთარ თავს.