ვინ ეძებს მამასა და ძმას რუსეთიდან საქართველოში და როგორ დაიკარგა კავშირი მათ შორის
რუსუდან სიხარულიძე ეძებს დაახლოებით 57-59 წლის (ზუსტი ასაკი უცნობია) შოთა სიხარულიძეს და ირაკლი სიხარულიძეს.
ისტორია: ვეძებ მამასა და ძმას (მამა – შოთა სიხარულიძე, ძმა – ირაკლი სიხარულიძე). ბოლოს ისინი საქართველოში, ქალაქ ბათუმში და ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაგანახლებაში ცხოვრობდნენ. უკვე წლებია, უკვე რაც მათთან კავშირი აღარ მაქვს. ძალიან მინდა მათი პოვნა და მათთან შეხვედრა. თავად მე დედასთან ერთად რუსეთში, ტვერსკის მხარეში ვცხოვრობ. დამოუკიდებლად მამა და ძმა ვერ ვიპოვე. ჩემ მიერ გაგზავნილი წერილები ადრესატამდე ვერ აღწევს. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი ნათესავები.
– რუსუდან, გვიამბე შენი ისტორია, როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი?
– ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამაჩემი თავის სამშობლოში, საქართველოში (კერძოდ, ბათუმში) დარჩა, დედაჩემი კი ჩემთან ერთად რუსეთში, თავის სამშობლოში დაბრუნდა. სკოლის არდადეგებზე ჩავდიოდი ხოლმე მამასთან, იქ ვისვენებდი. დაახლოებით 80-იან წლებში მოხდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და მას შემდეგ არც მამა და არც ძმა არ მინახავს. მას მერე წლებია გასული და, დღე არ ყოფილა, რომ მამაზე და ძმაზე არ მეფიქრა. ძალიან განვიცდი და მინდა მათი პოვნა. მამაჩემი მეორედ დაქორწინდა, შეეძინა ბიჭი (ჩემი ნახევარძმა) ირაკლი. მინდა, ირაკლი და მამა ვიპოვო. უამრავჯერ გავგზავნე წერილი ჩემთვის ცნობილ ბოლო მისამართზე, მაგრამ, უკან გვიბრუნდებოდა. იმედი მაქვს, რომ, იქნებ, ფოტოზე მაინც იცნოს ვინმემ მამაჩემი და გამოგვეხმაურონ. ძალიან მიჭირს გაურკვევლობაში ცხოვრება.
– ამდენი ხნის განმავლობაში მამას არ უცდია თქვენთან დაკავშირება?
– იმ მისამართზე, რომელიც მამასთვისაა ცნობილი, ჩვენ აღარ ვცხოვრობთ. შეიძლება, ისიც ცდილობდა ჩვენს მოძებნას, მაგრამ, ვერც მან მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ მამაც მეძებს და, იმედი მაქვს, ჩემს ძმასაც გაუხარდება, თუკი ჩვენ შორის დაკარგული კავშირი აღდგება. ყველაფერი, რაც მე მამაზე და ძმაზე ვიცი, არის ის, რომ მამა ბოლოს ქალაქ ბათუმში ცხოვრობდა, ჩემი ძმა კი – ჩოხატაურის რაიონში. არ ვარ დარწმუნებული, რომ სოფლის სახელწოდება სწორად მახსოვს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, შუაგანახლება ჰქვია.
– როგორ ფიქრობ, ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, შეხვდებით თუ არა ერთმანეთს და თუ მოახერხებ საქართველოში ჩამოსვლას?
– ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება მომავალში და როგორ მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, მაგრამ, მათი პოვნის შემთხვევაში, აუცილებლად ვეცდები მათთან შეხვედრას. მათზე ახლო ნათესავი მე არავინ მყავს დედის გარდა. დედაჩემი კი ძალიან განიცდის, რომ ჩვენ ერთმანეთი იმ კონფლიქტის შემდეგ დავკარგეთ და, მამისა და ძმის მოძებნაში გვერდში მიდგას და მგულშემატკივრობს.
– არცერთხელ არ გიცდია, ჩამოსულიყავი და მამა აქ მოგეძებნა?
– ჩემთვის ეს ძალიან რთული იქნებოდა, რადგან, მისი მისამართიც კი არ მახსოვს ნორმალურად, თან, ქართული ენაც არ ვიცი სათანადოდ. ამიტომ, გადავწყვიტე, დახმარებისთვის „ჟდი მენიას“ სამძებრო სამსახურისთვის მიმემართა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემები ისევ საქართველოში ცხოვრობენ და მათ მოძებნაში თქვენ და თქვენი მკითხველი დამეხმარებით.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.