რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საკვები პროდუქტის შეძენისას და რატომ არ არის პროდუქტზე მითითებული ვადა მისი ვარგისიანობის გარანტია
ოფიციალური ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ მხოლოდ სექტემბრიდან მოყოლებული რამდენიმე ობიექტი დახურა და დააჯარიმა. კერძოდ, 4 სექტემბერს მცხეთასა და ბათუმში, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის გამო, სურსათის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. 15 სექტემბერს ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტში საეჭვო შეფერილობის ღვინის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა (მოქალაქის დახმარებით, რომელსაც „ქინძმარაულის“ შეფერილობა საეჭვო ეჩვენა) და შემოსავლების სამსახურს გადასცა. 17 სექტემბერს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სახინკლე „თაღლაურას“ შეუჩერეს საწარმოო პროცესი (სხვა დარღვევებთან ერთად, სახინკლეში ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მფლობელი – შპს „თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი“ 1 000 ლარითაც დაჯარიმდა. 18 სექტემბერს კი იგივე ობიექტი განმეორებით დააჯარიმეს – ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო). 24 სექტემბერს ქობულეთში მდებარე შპს „ჯუდეს“ აგრარულ ბაზარს შეუჩერეს საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს კიდეც (მიზეზები – დეზინფიცირების საშუალებების არქონა, კოროზირებული ხორცსაკეპი მანქანა და ხორცის საკიდი კაუჭები, ხორცი – ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე). 8 ოქტომბერს მარნეულში მდებარე საქაბაბეს, ასპინძაში მდებარე სურსათის მაღაზიასა და თელავის „რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოსაც“ იგივე ბედი ეწია. 9 ოქტომბერს სააგენტომ მოქალაქეებს მიმართა, ვინც იმ დღეებში შპს „მადის“ მიერ წარმოებული პელმენი, ხინკალი, ქაბაბი და სხვა ხორცპროდუქტები შეიძინა, ვინაიდან დადგინდა ამ პროდუქციაში პათოგენური მიკროორგანიზმის არსებობა. აღნიშნული წარმოების პროდუქცია ქსელიდანაც ამოღეს და გაანადგურეს. 23 ოქტომბერს იმერეთში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, საწარმოო დააჯარიმეს, ხორცი გაანადგურეს. 4 ნოემბერს კი გურჯაანის რაიონში შპს „ვიტოს” აგრარულ ბაზარსა და ზესტაფონის ერთ-ერთ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. 29 ოქტომბერს იგივე ბედი ეწია ბათუმში მდებარე ერთ-ერთ საშაურმესა და წყალტუბოში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს.
ამის მიუხედავადაც, ჩვენი სასურსათო ბაზარი მაინც დაუცველია, რადგან დიდწილად ისევ მწარმოებელთა და რეალიზატორთა კეთილსინდისიერების იმედზეა, სურსათის უვნებლობის სააგენტოს კი რესურსი არ ეყოფა ყველა ობიექტის შესამოწმებლად. რამდენად ხერხდება მომხმარებლის დაცვა საშიში საკვები პროდუქტებისგან, – თემას „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი ანზორ ხატიაშვილი განგვიმარტავს.
– როგორია სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენად დაცული თუ დაუცველია მომხმარებელი სურსათისგან?
– ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც. როგორც მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტო პასუხისმგებელია ბაზარზე არსებული პროდუქტის კონტროლზე. კონტროლი კი იმასაც ნიშნავს, მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს, რომელი პროდუქტი მოიხმაროს და რომელი – არა. დასახელდეს საწარმოები, რომლებიც უხარისხო პროდუქტს აწარმოებენ. ადრე სურსათის უვნებლობის სააგენტო მხოლოდ სტატისტიკის განსაჯაროებით შემოიფარგლებოდა ხოლმე, ახლა კი მათ საიტზე პერმანენტულ რეჟიმში განათავსებენ ინფორმაციას კონტროლის შედეგად აღმოჩენილ მავნე საკვებზე, ინსპექტირების შედეგებზე, თუ რომელი კომპანიის პროდუქტი აღმოჩნდა დაბინძურებული. ამ კუთხით, მისასალმებელია სააგენტოს აქტიურობა, რადგან მომხმარებელი ინფორმირებულია, რომელ მწარმოებელს ენდოს და რომელს – არა. ასევე, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე მინდა, გავამახვილო ყურადღება: ეტიკეტირებასთან დაკავშირებით ბოლო დროს შევიდა ცვლილება კანონში და ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, არის თუ არა პროდუქტი გენმოდიციფირებული. აქამდე რეალიზატორს ვალდებულება ჰქონდა, რომ ვადაგასული საქონელი ამოეღო ქსელიდან, მაგრამ კანონმდებლობაში არ იყო გათვალისწინებული არანაირი სანქცია, ახლა კი ვადაგასული საქონლით ვაჭრობის შემთხვევაში, მცირე ბიზნესოპერატორი ექვემდებარება დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა დანარჩენი კი – 500 ლარით.
– ეს არ ვიცოდი, აწი ამ უფლებასაც აქტიურად გამოვიყენებ.
– ეს ნორმა უკვე მოქმედებს. ასევე, ჯარიმებია ეტიკეტირების წესის დარღვევაზეც. თუმცა, ჩემი აზრით, ჯარიმა, 500 ლარი, მაინც მცირეა. მეორე მხრივ, „სხვაში“ იგულისხმება დიდი ბიზნესი და უსამართლობა მგონია, ჯარიმის ასე განაწილება: მცირე ბიზნესოპერატორისთვის 200 ლარი დიდი თანხაა, მაგრამ დიდი ბიზნესოპერატორისთვის 500 ლარი უმნიშვნელო თანხა შეიძლება, იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში კი, პროდუქტი ექვემდებარება ამოღებას. მართალია, კანონმდებლობით, იმპორტირებული პროდუქციის ეტიკეტზე წარწერა უნდა იყოს ქართულ ენაზე, მაგრამ გვხვდება პროდუქცია, რომელსაც არ ახლავს ინფორმაცია ქართულ ენაზე.
მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტზეც დაწესდა კონტროლი და შემოსავლების სამსახური ახორციელებს იმპორტირებული საქონლის მონიტორინგს და გასცემს სერტიფიკატს საქონლის განბაჟებისას.
– რის მიხედვით გასცემენ სერტიფიკატს, იმ საბუთებს ენდობიან, რომლებსაც წარმოადგენს იმპორტიორი?
– დიახ, გათვალისწინებულია სამართლებრივი ნორმებით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა ახლდეს საქონელს და ისინი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში არსებულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი ან უნდა გააბრუნონ ქვეყანაში, საიდანაც შემოიტანეს, ან შემომტან პირს დაავალონ მისი გადამუშავება, თუ ეს შესაძლებელია, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ჩვენთან არსებულ ნორმებთან. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საიტზეც ხშირად ნახავთ ინფორმაციას, რომ ამა თუ იმ ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და ის უკან გააბრუნეს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ, ამ კუთხით, შემოსავლების სამსახურიც მუშაობს. ასევე, მანამდე არსებული ვითარების ხარვეზი იყო ის, რომ მთავრობა განსაზღვრავდა არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალს. ძირითადად, ესენი იყო აფრიკისა და აზრიის ღარიბი, განვითარებადი ქვეყნები და იქიდან იმპორტირებულ საქონელზე აუცილებელი იყო, რომ მწარმოებელს ჰქონოდა იმპორტირების შესაბამისი ნებართვა. ასევე, თუ ეს საქონელი ექვემდებარებოდა ვეტერინარულ ან ფიტოსანიტარულ კონტროლს, სააგენტოს უფლება ჰქონდა, არაკეთილსაიმედო ქვეყნებში მიევლინა თავისი თანამშრომელი, რომ მას ადგილზე ენახა, რა მდგომარეობა იყო საწარმოში. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ამ თანამშრომელს არ ჰქონდა არანაირი აღჭურვილობა და, ამდენად, ადგილზე ვერაფერს შეამოწმებდა.
– ფაქტობრივად, სეირნობდა, ესე იგი.
– მას მხოლოდ ვიზუალურად ჰქონდა პროდუქტის დათვალიერების საშუალება, მიკროდაბინძურებას ვერ შეამოწმებდა. არადა, ხშირად დაბინძურებული პროდუქტი ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურება. ასევე, ბოლო დრო საუბარი იყო გენმოდიფიცირებული თესლით მოყვანილი პროდუქციის იზოლირებაზე ბუნებრივი პროდუქციისგან. გენმოდიფიცირებული პროდუქტი უნდა იყოს მოყვანილი დახურულ სივრცეში და არ უნდა შეერიოს ბუნებრივ ჯიშებს.
– იმას ამბობთ, რომ ყანები უნდა იყოს გამიჯნული?
– დიახ. გენმოდიფიცირებული თესლით მოყვანილი პროდუქტი უნდა იყოს დახურულ სივრცეში, მაგრამ ეს ნორმა უნდა ამოქმედდეს 2015 წლიდან. მიუხედავად ამისა, არის პრობლემებიც, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მოქმედება შეზღუდულია ღია ბაზრობებსა და გარე ვაჭრობის შემთხვევაში.
– ასევე, ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, სურსათის მაღაზიებში ღამით თიშავენ თუ არა მაცივრებს.
– დიახ, პრობლემაა როგორც გამყიდველების, ისე მომხმარებლების გათვითცნობიერებულობის დონე. როდესაც შევიძენთ მაღაზიაში პროდუქტს და აღმოჩნდება, რომ გაფუჭებულია, იქ უკვირთ და პრეტენზია უჩნდებათ, ვადა არ აქვს გასულიო. არადა, ამ დროს დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები და ბევრს არ ესმის, რომ შენახვის პირობების დაცვა მნიშვნელოვანია. ბევრი მაღაზია მინახავს, რომლებშიც არანაირი კონდიცირება არ ხდება და პროდუქციის დიდი ნაწილი მაცივრების გარეთ დევს. შესაბამისად, რა ვადაც უნდა იყოს დაცული, შენახვის პირობების დაუცველობა აფუჭებს პროდუქტს. ეს უფრო პატარა მაღაზიებს ეხება, დიდ სუპერმარკეტებს – ნაკლებად.
– თუმცა დიდ სუპერმარკეტებში მინახავს პროდუქცია ვადაგასულიც და ერთ-ორ დღეში რომ გასდის ვადა.
– რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, პრობლემურია მომხმარებლის გათვითცნობიერების დონეც.
– და ძალიან სწყინს სურსათის მაღაზიების პერსონალს, როდესაც ვადას ეძებ.
– თან, პროდუქტის შენახვის პირობები შესაძლოა, დაირღვეს არა მხოლოდ რეალიზაციის, არამედ დისტრიბუციის ან წარმოების ეტაპზე. ამდენად, ყველა უნდა შეეჩვიოს ეტიკეტზე დახედვას პროდუქტის ყიდვამდე. ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ეტიკეტს ან მხოლოდ მაშინ კითხულობს, როდესაც პროდუქტს სახლში მიიტანს.
– ისიც პრობლემაა, რომ ქართულენოვანი ეტიკეტი ძალიან წვრილი შრიფტითაა დაწერილი.
– გეთანხმებით, ჯობია, გაიზარდოს შრიფტის ზომა, მაგალითად, ისევე, როგორც სიგარეტის კოლოფებზეა: წარწერა, „მოწევა კლავს“, უნდა ფარავდეს და კოლოფის 30 პროცენტს შეადგენს და, როგორც ვიცი, მის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ. მსგავსი პრინციპი უნდა იყოს ქართულენოვან ეტიკეტთან მიმართებაშიც.
– გაყინული ხორცის თემაა ძალიან საინტერესო. გემოთი არ ჰგავს, როგორც წესი, იმას, რისი ხორციცაა და ზომაშიც ცოტა უცნაურია.
– როგორც გითხარით, შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საბაჟოზე შემოსულ საქონელს, შესაბამისად, გაყინული ხორციც კონტროლდება.
– ანუ მოჰყვება საბუთი, რომელსაც უნდა დავუჯეროთ.
– თუ პროდუქტმა გადმოლახა საქართველოს საბაჟო, მიიჩნევა, რომ ის ვარგისია საკვებად, თუმცა თუ შემდეგ აქ დაირღვა შენახვის პირობები და ამის გამო დაბინძურდა, ეს ჩვენი პრობლემაა და არა იმპორტირებული საქონლის.
– მეორე პრობლემა ის არის, რომ ეგრეთ წოდებული ბარკლები ღირს საკმაოდ იაფი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასში ასახულია ტრანსპორტირების ხარჯი, ყველანაირი გადასახადი და შემომტან-რეალიზატორის მოგებაც, გამოდის, რომ ადგილზე ის ძალიან იაფი ღირს.
– ეს ცოტა საეჭვოა, გეთანხმებით. გამიგია, რომ თითქოს ამ ფრინველებს სპეციალური საშუალებებით ზრდიან და ამიტომ რამდენიმე დღეში იზრდებაო. შესაძლოა, მართლაც ასეთი ტექნოლოგიით მზადდება ეს პროდუქტი. წესით, ეს ინფორმაციაც უნდა იყოს მითითებულ დოკუმენტაციაში საბაჟოზე შემოსვლისას მწარმოებლის მიერ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არ არის.