„პრ.“-ის დიპლომატიური ვნებანი
ღრმა ინტეგრაციისთვის მზადყოფნაში
მართალია, თავი გასჭირვებიათ, თანაც, ისე, რომ რფ-მ, აფხაზეთისგან განსხვავებით, არც კი შესთავაზა ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაზეც გული ისე დასწყდათ, რომ თავად შეუდგნენ დოკუმენტზე მუშაობას, ზედაც – დაგვპირდნენ, რომ ოსურ-სეპარატისტული ვერსია აფხაზური სეპარატისტებისთვის შეთავაზებულზე გაცილებით ღრმად ინტეგრაციული იქნებოდა.
ჰოდა, რაკი კანიდან ძვრებიან, გასულ კვირას, როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით „იუჟნაია ოსეტიას“ „პრ.“ თიბილოვმა განაცხადა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკებთან“ დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებენ!
სახელდობრ, ამ კონკრეტულმა „პრ.“-მა ბრძანა შემდეგი: „იუჟნაია ოსეტიას“ ხალხმა იგივე გზა გაიარა, რაც დონბასის მოსახლეობამ. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ ომის საშინელებები და არ შეგვეძლო, მხარი არ დაგვეჭირა ადამიანებისთვის, რომლებმაც მოგვმართეს აღიარების თხოვნით (არ შეეძლო და, მოკალი, თუ გინდა?!).“
მეტიც, „რესპუბლიკის საგარეო უწყებას დაევალა, ეჭიროთ ხელი პულსზე (ვითომ კვდება ვინმე?!) და დაამყარონ დიპლომატიური და სხვა ურთიერთობები (მაინც როგორი?!) ამ სახელმწიფოებთან.“
ისიც სათქმელია, რომ ჩვენებურმა „პრ.“-მა (თიბილოვი მყავს მხედველობაში) ლუგანსკელი და დონეცკელი კოლეგები (სეპარატიზმის თვალსაზრისით) 2014 წლის ივნისში აღიარა, ახლა კი უკვე დიპურთიერთობითაც შედუღაბდებიან. ხოლო, თუ აქვე ზემონახსენებ „სხვა ურთიერთობებს“ გავიხსენებთ, საინტერესოა, რა ჯიში გამოვა, თუკი ჩვენებურ სეპარატისტს დონეცკურზე დავამყნობთ?!