თვალები „უნიტაზიდან“
ანუ, შპიონი ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს
ისე ხდება, რომ ამ ბოლო დროს რუსული ელმედია აქტიურად აშუქებს აქეთ – „ევრაზისტების“ (ვინმე არჩილ ჭყოიძის თამადობით) აზრებს, იქით –„თავისუფალი ზონის“ რუსულენოვან ვერსიას, შიგადაშიგ კი აქვე, ჩვენთან, კომუნისტები აწყობენ მანიფესტაციებს (არ დაგიმალავთ და, პირადად მე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ასეთები დინოზავრებივით გადაშენდნენ, მაგრამ, როგორც ათიოდე დღის წინათ ბათუმში გამართული მანიფესტაცია მოწმობს, ვაი რომ, თურმე, მწარედ შევმცდარვარ).
მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებს რუსულ მედიას და არც ის მგონია, მაინცდამაინც, ზემონახსენებთა იმედზე იყოს მიზნების მისაღწევად, თუმცა ვიცით, რომ გასულ კვირას რფ-ის სახელმწიფო „დუმელმა“ კიდევ ერთი „ბრძნული“ მოსაზრება გაახმოვანა.
კერძოდ, ვლ. ჟირინოვსკის თანაპარტიელმა „დუმის“ სამთავრობო საათზე რფ-ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გაუმხილა, რომ, მისი აზრით, რუსი სტუდენტები, რომლებიც უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ, არც მეტი, არც ნაკლები, შპიონები არიან. საქმე ეხება პროგრამა „გლობალურ განათლებას“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აფინანსებს რუსი სტუდენტების უცხოეთში სწავლას, გადახდილ თანხას კი სტუდენტები შემდეგ სამშობლოში დასაქმებისას ანაზღაურებენ რამდენიმე წლის განმავლობაში.
„დუმის“ დეპუტატმა ბრძანა: „ისინი ხომ მზა უცხოელი შპიონები არიან. ისინი აქ იმუშავებენ, შემდეგ წავლენ და ყველაფერს მოუყვებიან და ამის საფუძველზე დაგვიწესებენ ახალ სანქციებს.“
უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რფ-ის განათლების სამინისტრო, თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რომ, თუ თავისი ფრთის ქვეშ მოგვაყუჩა, შპიონაჟის ბრალდებით გასამართლება თვით დედა-წულსაც კი არ აგვცდება (თუ, რა თქმა უნდა, დახვრეტას გადავურჩით).
P. S. ანუ უნიტაზიდან საბჭოთა მზვერავი ჭკვიანი თვალებით იმზირებოდა…