ფიცი-მტკიცი
უსაშველოები
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენს ქვეყანაში ფრიად აქტიურად მიდიოდა სჯა-ბაასი, ბოლოს და ბოლოს, საით გვიჭირავს კურსი და ვართ თუ არა დასავლური მიმართულების ერთგულები (ცოდვა გამხელილი ჯობს და, ძირითადად, იმ მოტივით, აქაოდა, დასავლეთმა გული არ აიყაროს ჩვენზეო და, ნაკლებად იმის გამო, რომ დასავლური ცხოვრების წესი მოგვწონს და გვხიბლავს – თავისი უფლებრივი მდგომარეობითა და სოციალური დაცულობით).
კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოცალკევებამ ეს სჯა-ბაასი კიდევ უფრო გაამწვავა (თუმცა, საბოლოოდ, რამდენიც გავიდა, თითქმის იმდენივე დარჩა) და ჩვენმა პოლიტელიტამ ლამის ხატზე დაიფიცა, რომ არათუ კუბოს კარამდე, სამყაროს აღსასრულამდე უერთგულებს დასავლურ კურსს!
ამიტომაც, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ პარლამენტში გამოსვლისას თვით პრეზიდენტმაც გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება, პათოსით, ვემსგავსოთ და თავი მოვაწონოთ ევროპასო (იმის შიშით, ვაითუ, მშრალზე არ დაგვტოვოსო?!).
მაგრამ, სანამ ჩვენ ფიცი-მტკიცში ვართ და, თვით იმის შიშში, ვაითუ, თავზე დაგვახიონ ასოცირების შეთანხმება, თუ ლაზათიანად არ მოვიქცევით (გულ-ფულისკანკალით ვუცქერთ თვით ევროსაბჭოს დადგენილებებსაც კი, რამე ფარცაკი არ ჩაგვიწერონ), იმას გარდა, რომ საბაჟო კავშირში დავანებულ სომხეთსა და ყველანაირი კავშირების მიღმა გასულ აზერბაიჯანს გაშლილი გულით ეპატიჟებიან ასოცირებისკენ, ევროპარლამენტმა 529 ხმით მხარი დაუჭირა მოლდოვასა და ევროკაშვირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: და მაინც, რამ გაგვაჩინა ასეთი უსაშველოები?! –