კრეატიულად მებრძოლები
„გარეთ მხდალი, შინ მამაცი“
სანამ სრულიად „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპაციას ფრიად კრეატიულად, სახელდობრ, წარწერებიანი მაისურებით ებრძვის („არა ანექსიას!“), რაც იმასაც ნიშნავს, რომ, თუკი აქამომდე ოკუპანტთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებად ჯამ-ჭურჭელს მოიაზრებდნენ, აწ იგი გაცილებით ჰუმანური საშუალებით – ქსოვილით ჩაანაცვლეს (აი, მესმის კაცთმოყვარეობა?!).
ოკუპაციასთან უკომპრომისო, ანუ მაისურებით მებრძოლებმა ერთობლივი ფოტოც კი გადაიღეს, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ შთამომავლობას სამარადჟამოდ დარჩეს ფიცხელ ბრძოლაში ჩაბმული წინაპრების დოკუმენტური მტკიცება (და მერე რა, რომ შთამომავლობა ნივთმტკიცებად მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ რუკას მიიღებს?!) –
როგორც უნდა იყოს, იმას გარდა, რომ მაისურებით ანექსიას თვით ზღაპრებშიც ვერ ამარცხებენ, თუ გავიხსენებთ, რომ ყოფილი ხელისუფლება ოკუპაციის წინააღმდეგ გალაშქრების იშტაზე რფ-ის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამ მოიყვანა (რაც, დამეთანხმებით, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების ლოგიკური გაგრძელებაა) და იმასაც დავამატებთ, რომ 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ აწ მაისურიანი ოპოზციიონერები, მაშინ კი შარვალ-კოსტუმიანი ხელისუფალნი, აცხადებდნენ, რომ არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების შემდეგ, სავსებით ბუნებრივია, რომ, ამ ლოგიკით, ზემოხსენებული ინტეგრაციის შეთანხმება (რფ-სა და აფხაზეთს შორის) ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო გვაახლოებს , რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ გასაპროტესტებელი არაფერია?!