რა ხრიკი გამოიყენეს პროდიუსერებმა მონაწილეების შერჩევისას პროექტ „ერთი ერთში” და არის თუ არა აქტიურად ჩართული ბერა ახალი სეზონისთვის სამზადისში
19 ნოემბრიდან GDS-ის ეთერში მუსიკალური შოუს – „ერთი ერთში“ – მესამე სეზონი იწყება. ახალი სეზონის მონაწილეები არიან ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სახეები: სალომე ბაკურაძე, ნუკა კვალიაშვილი, გოგა მესხი, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ლიზა ყენია, ნინი წიკლაური და ზურა ჯავახია. სწორედ ეს ადამიანები იზრუნებენ თითოეული თქვენგანის ოჯახში მეგობრული გარემოს, სიხარულისა და სიხალისის შემოსატანად. ასე რომ, 19 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 10 საათზე დაელოდეთ შოუს „ერთი ერთში“, მანამდე კი გადაცემის პროდიუსერების – გვანცა კილასონიასა და ელენე კოლელიშვილისგან შეიტყვეთ, თუ როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი, რა ხდება მის კულუარებში და რით იქნება გამორჩეული წლევანდელი სეზონი წინა სეზონებისგან.
ელენე: 19 ნოემბერს მესამე სეზონის პირველ ლაივკონცერტს ნახავს მაყურებელი.
გვანცა: ამ პროექტს გარკვეული დრო სჭირდება მოსამზადებლად, სპონტანურად არ კეთდება. არის რაღაც წესები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი და გიწევს გრაფიკის მიყოლა იმისთვის, რომ კარგი შედეგი დაიდოს. პირველ ყოვლისა, მონაწილეები ირჩევა, რომლებზეც მერე გრიმიორებმა უნდა მოახერხონ შესაბამისი სამუშაოს ჩატარება, როგორც ჩვენ ვეძახით – „ყალიბის აღება.”
– მონაწილეების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი გარეგნობაც ხომ არ არის? ანუ, რამდენად მოირგებს ის ამა თუ იმ სახეს?
ელენე: მთავარია, არტისტული იყოს – მღეროდეს, ცეკვავდეს. შეიძლება, მონაწილე ბოლომდე არ იყოს ვოკალურად გამართული, მაგრამ, სამსახიობო ოსტატობა ჰქონდეს ძალიან კარგი. მოკლედ, უნდა იყოს ცნობილი და პოპულარული – მთავარი კრიტერიუმი სწორედ ესაა.
– წლევანდელ შემადგენლობაზე რას იტყვით?
გვანცა: წელს ყველაზე ახალგაზრდა და მეგობრული გუნდი გვყავს. ამ მომღერლებმა მრავალი ვოკალური შოუ გამოიარეს ერთად და, შესაბამისად, ძალიან კარგი მეგობრები არიან რეალურ ცხოვრებაში. ეს ერთგვარი პროდიუსერული ხრიკია – ერთმანეთს დაუპირისპირო მეგობრები და, ამასთან ერთად, შეინარჩუნო მეგობრული დამოკიდებულება. ვიცით, რომ ერთმანეთს ძალიან გულშემატკივრობენ.
ელენე: ეს რვა ადამიანი იმ სიხალისეს, სიყვარულსა და ოჯახურ გარემოს შექმნის, რომელიც ამ პროექტის მთავარი მიზანია. ეს პროექტი არ არის ადგილი, სადაც დამწყები მომღერლები ადგილის დამკვიდრებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. აქ უკვე ცნობილი და მაყურებლისთვის საყვარელი ადამიანები მონაწილეობენ და მათი მთავარი ამოცანა – ნებისმიერი კატეგორიის მაყურებელსათვის კარგი განწყობის ჩუქებაა.
გვანცა: დღევანდელ ბაზარზე „ერთი ერთშის“ კონკურენტს ვერ ვხედავ. „ერთი ერთში” უნიკალური პროექტია, რომელიც აერთიანებს ყველა სხვა პროექტს, რაც კი გადის ქართულ სატელევიზიო სივრცეში და, კიდევ, უმატებს იმას, რაც სხვაგან არ არის. აქ არის ვოკალი, ცეკვა, ნიჭი და არტისტიზმი და, პლუს, ვიზუალური გარდასახვა, რომელიც არცერთ სხვა შოუში არ არის.
ელენე: არის სხვადასხვა შოუ, რომლებიც დიდ მაყურებელზეა გათვლილი. ნებისმიერი მათგანი რომ ავიღოთ: „ბრავო“, „ბიჭიერი“ თუ „ცეკვავენ ვარსკვლავები” – ერთი მიმართულებით არის განვითარებული; აქ კი ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული და დამატებულია გარდასახვა, რომლის მსგავსიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ჯერ არ მინახავს. ასეთი გრიმი და გარდასახვის ელემენტები, ალბათ, მხოლოდ ფილმებში თუ გვაქვს ნანახი – ეს არის ამ შოუს ყველაზე დიდი პლუსი. განმასხვავებელი კიდევ ის არის, რომ ამ შოუში არ გვყავს აუტსაიდერი და არცერთი მონაწილე არ ტოვებს პროექტს. წამყვანები ისევ კახა კინწურაშვილი და რუსკა მაყაშვილი იქნებიან.
– ამ პროექტში უმნიშვნელოვანესი ფიგურები – გრიმიორებიც იგივე ადამიანები არიან?
– გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში ფიზიკურად ვერ მოვიძიეთ შესაბამისი რესურსი, მივმართეთ სხვა ქვეყანას, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია და პროფესიონალიზმის დონეც მაღალია. პირველივე სეზონზე ასე მოვიქეცით, არა იმიტომ, რომ აქ არავინ არის, უბრალოდ, ფიზიკურად არავის ეცალა. გრიმიორები, რომლებიც ჩამოვიყვანეთ ბულგარეთიდან – ანა ანდრეევა და იანა სტოიანოვა, ელა ვოივარდსთან და სოფო მაჭავარიანთან ერთად მუშაობენ; პლუს, ქორეოგრაფი ზაკ რისი, რომელსაც უმუშავია ძალიან ბევრ მეგაშოუზე, თავისი მოცეკვავეების ჯგუფით ჩამოვიყვანეთ და, ასევე, ვოკალის პედაგოგი. პირველ სეზონზე გვყავდა ეფრემ შანელი, მეორეზე – კი სისი სამი, რომელიც ასევე ცნობილი წამყვანი, ვოკალის პედაგოგი და მაღალი დონის პროფესიონალია. დრამის პედაგოგი დუტა სხირტლაძეა, რომელიც წინა სეზონში ერთ-ერთი მონაწილე იყო.
– წინა სეზონებზე ბერაც აქტიურად იყო ჩართული პროექტში, ამჯერად რა ხდება ამ მხრივ?
– ბერა, ზოგადად, ჩართულია ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში და, შესაბამისად, ამ პროექტშიც. მართალია, ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ, კონტაქტი, რა თქმა უნდა, გვაქვს და გვექნება – აზრებს გავუვცლით ერთმანეთს.
გვანცა: თუ იმას გულისხმობთ, იქნება თუ არა ბერა სტუდიაში დამსწრედ, როგორც ეს იყო პირველ სეზონზე, გეტყვით, რომ ფიზიკურად ვერ იქნება, რადგან, ის შტატებშია.
– ჟიურის შემადგენლობა როგორი იქნება?
ელენე: მხოლოდ ერთი წევრის ვინაობას გეტყვით ზუსტად – ესაა ზაკ რისი. დანარჩენები საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი.
– ასეთი მასშტაბების შოუში მონაწილეობა დიდი პასუხიმსგებლობაა. მონაწილეების დათანხმება თუ გიჭირთ ხოლმე?
გვანცა: ეს რომ იყოს მხოლოდ ვოკალური შოუ, ალბათ, უფრო მარტივი იქნებოდა მონაწილეების დათანხმება, მაგრამ, როდესაც ადამიანს სთხოვ, რომ სხვა პიროვნებად გარდაისახოს და, სამი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, დაივიწყოს საკუთარი სახელი და გვარი და კვირაში ერთხელ მოირგოს სხვადასხვა სახე. აქ მხოლოდ ვოკალი აღარ არის საკმარისი, საჭიროა არტისტიზმი და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორი. მქონია შემთხვევები, როდესაც უარი მიმიღია და ყველაზე ხშირად სწორედ ამ მიზეზის გამო: „ეს ჩემი შოუ არ არის, მე ვიმღერებ, მაგრამ, ვერ ვიცეკვებ“; ან: „ხომ იცი, არტისტიზმში ცოტას მოვიკოჭლებ“. ზოგჯერ შეშინებიათ კიდეც იმ პასუხისმგებლობის, რასაც ჰქვია გარდასახვა და, კიდევ ერთი ნიუანსია – ესაა პირდაპირი ეთერი და ცოცხალი შესრულება. ვინც რისკავს, მოდის აქ და გამოიჩენს თავს, პროექტის დასრულების შემდეგ ქართულ შოუ-ბიზნესში სულ სხვა ფერს მიიღებს მისი ვარსკვლავი; ზოგზე კი, პირიქით, მაყურებელმა შეიძლება თქვას – აი, ამან ვერ გაამართლაო. ამიტომ, ერთგვარად სარისკო შოუა, თუმცა, რისკი გამართლებულია.
– უარის შემთხვევაში, როგორ ახერხებთ მათ დათანხმებას?
– გინდათ, რომ პროდიუსერული საიდუმლო გაგიმხილოთ? (იცინის) პრინციპში, არ არის ძნელი. პირადად ჩემთან, უფრო მეტი რაოდენობა არის მთხოვნელების, ანუ, რომლებსაც უნდათ მონაწილეობის მიღება და უფრო ნაკლებია ის, ვინც მეუბნება, რომ ვერა. უარი ერთეულებმა მითხრეს. მეტწილად კი არის განაწყენებულთა დიდი არმია, რომლებიც ვერ მოხვდნენ შოუში. როგორც კი მთავრდება შოუ, ჩემთან იწყება განუწყვეტელი ზარები და მომდის მესიჯები მომდევნო სეზონში აყვანის მსურველებისგან.
– მთავარი სირთულე რა არის ხოლმე მონაწილეებისთვის?
– აქ კონკრეტული მონაწილის წარმატება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, მთელი გუნდის კარგად მუშაობაა საჭირო.
ელენე: ყველაზე რთული არის ხოლმე რეჟიმთან შეგუება. მონაწილეებს ცალ-ცალკე უწევთ ვოკალისტთან, ქორეოგრაფთან, დრამის და სხვა პედაგოგებთან მუშაობა; საათობით გრიმიორთან ჯდომა, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს; ზოგს პროთეზის ტარება უწევს, ზოგს სიმსუქნეებს აცმევენ, ძალიან დიდი რაოდენობით სილიკონებს, თმას აწებებენ. ლაივშოუდან ლაივშოუმდე, ამ ადამიანებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.
– რომელიმე კონკურსანტისგან იმედგაცრუებული თუ დარჩენილხართ?
გვანცა: კი, ასეთი შემთხვევა პირველ სეზონშიც გვქონია და მეორეშიც. თუმცა, ძირითადად მართლდება ხოლმე მოლოდინი.