რატომ არ შეიძლება ცივ სეზონზე მკაცრი დიეტის დაცვა და რას შველის დღეში სამი ჭიქა ალკოჰოლი
სტატისტიკურად, შემოდგომაზე მწვავე რესპირატორული დაავადებების რისკი საკმაოდ მაღალია. დღეს ბევრი შეშინებულია, მომრავლბული საშიში ვურუსული ინფექციების გამო და ვერ ხვდებიან, როგორ განასხვავონ მისი სიმპტომები ჩვეულებრივი გაციებისა და გრიპისგან. თუ სპეციალისტებს მოვუსმენთ, არანაკლებ საშიშია ჩვეულებრივი გრიპისა და სურდოს გართულებები. შეიძლება, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს, თუ ამ გართულებას ადამიანის ორგანიზმში სხვა დაავადებების გამწვავებაც მოჰყვა. ასე რომ, ახლა ის სეზონია, როცა უმრავლესობა, ამინდის ცვალებადობის გამო, ხშირად ცივდება. ამ დროს კი სეზონური ვირუსებისა და უბრალო გაციების გარჩევა, ძალიან რთულია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს უფროსი, მედიცინის დოქტორი, ბატონი შოთა ცანავა ამბობს, ამ დროს, ხალხური მედიცინით სახლის პირობებში მკურნალობა, საკმაოდ საშიშია. თუმცა, დაზღვევის მიზნით, შეგვიძლია წინაპართა ნაცადი მეთოდები გამოვიყენოთ და ამით დავიცვათ თავი.
– ბატონო შოთა, ამ პერიოდში, საგრძნობლად დიდი რისკია, რომ ადამიანი მწვავე რესპირატორული დაავადებით დასნებოვნდეს. მაინც, როგორ გავარჩიოთ უბრალო გაციება და გრიპი მწვავე და საშიში რესპირატორული დაავადებისგან?
– მართალია, ახლა შედარებით დიდია გაციებისა და სურდოს შემთხვევები. უბრალო სურდოს, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადების გარჩევა კი ძალიან რთულია, რადგან, კლინიკური გამოვლინებით, მათი უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გრიპი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადება და მისი გამწვავება ძალიან საშიშია, თუ, რასაკვირველია, დაავადებული ადამიანი დროულად არ მიმართავს სათანადო ზომებს. გეტყვით, რომ გრიპს იწვევს გრიპის ვირუსები, რომელთა სხვადასხვა ვარიანტი არსებობს ბუნებაში. ზოგადად, ამინდის ცვალებადობა, თავისთავად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ამ დროს, ორგანიზმის რეაქცია, ამ სეზონურ ცვალებადობაზე, განსხვავებულია. ზოგი მეტად ცივდება, ემართება სურდო, ტემპერატურის მატება, ზოგს – ნაკლებად. ეს ინდივიდუალურია, თუმცა, ნებისმიერ სიმპტომს დღეს ვირუსს აბრალებენ. ეს არასწორია. ზეპირად დასმული დიაგნოზი და თვითმკურნალობა, დამიჯერეთ, ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ექიმთან ვიზიტის დროს კი თქვენ ზუსტად გაარკვევთ, რომელი სიმპტომი, რა ეტიოლოგისაა, ანუ არის თუ არა ის ვირუსული, თუ უბრალოდ გაციებაა. თუმცა, დაკვირვებული ადამიანი, მეტ-ნაკლებად მიხვდება, რა სჭირს მის ორგანიზმს. აქვე, კიდევ ვამბობ, ექიმთან მისვლა, თქვენს კულტურად უნდა იქცეს. თუ აღინიშნება თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე და ასე შემდეგ, ადამიანი ფიქრობს, რომ გრიპი აქვს. ამ დროს აუცილებელია, ექიმმა ფილტვები გასინჯოს, რომ დაავადება არ გამწვავდეს და ანთებაში არ გადაიზარდოს. ამ პერიოდში რესპირატორული დაავადებების გამომწვევები აქტიურდებიან. ზოგადად, ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები მწვავე კატეგორიას მიეკუთვნება და რთულია, ის გაარჩიოთ უბრალო გაციებისგან, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ასე რომ, ერთი შეხედვით იმის თქმა, რომ ადამიანი ვირუსული დაავადებითაა ინფიცირებული, შეუძლებელია. სეზონური ინფექციები ლეტალურ შედეგებს არ იწვევს, თუმცა თუ ყურადღებას არ მიაქცევთ და გართულდა, მაშინ სავსებით შესაძლებელია, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ამის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც წესი, მილიონობით ადამიანს გადააქვს გრიპი ცივ სეზონზე და არ კვდება, მაგრამ თუ გართულდა, სიკვდილიანობის რისკიც იმატებს. ამ სეზონის ყველაზე საშიში კი, ენტეროვირუსული ინფექციებია, რომელიც აზიანებს როგორც საჭმლის მომნელებელ, ასევე, სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა და თითქმის ყველა სასიცოცხლო სისტემას ადამიანის ორგანიზმში.
– რა გამოვლინება ახასიათებს ამ სეზონურ ინფექციას?
– გააჩნია, ადამიანს რომელი ორგანო აქვს სუსტი და სად არის ლოკალიზებული ეს ვირუსი. თუმცა, კიდევ ვამბობ, ნებისმიერი სიმპტომის დროს – ცხვირიდან გამონადენია ეს, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე თუ სახსრების ტკივილი, უპირველესად, აუცილებლად, გაასინჯეთ ფილტვები, რათა გამორიცხოთ ფილტვების ანთებით გამოწვეული პრობლება. ამ დროს, ბებიის მიერ ყელის ტკივილის დასაამებლად მომზადებული ცხელი, თაფლიანი ჩაი ან ჟოლოს მურაბა, ვერ გიშველით.
– გამიგია, რომ გაციების პროფილაქტიკისთვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საკვებში უფორ მეტად უნდა ჩავრთოთ წიწაკა, ნიორი და ლიმონი, რათა ბაქტერიები და ვირუსები „დავაფრთხოთ”. ეს სწორია?
– წიწაკის, ნივრისა და ლიმონის ვირუსებს არა, მაგრამ ბაქტერიებს „ეშინიათ”. ნიორს ბაქტერიოციდული თვისება ნამდვილად ახასიათებს, ანუ კლავს ბაქტერიას. ამიტომ, თუ ბაქტერიული ხასიათისაა დაავადება – მას შველის, მაგრამ გრიპის ვირუსს ვერ ებრძვის. თუმცა, პროფილაქტიკისა და რესპირატორული ინფექციების გამომწვევების საწინააღმდეგოდ, ნამდვილად, ეფექტური და ბრწყინვალე საშუალებაა. გართულებულ ფორმაში გადაზრდილ გრიპს ის ვერ ებრძვის, დაავადების რისკს კი, ნამდვილად ამცირებს. იგივეს ვიტყვი, წიწაკით შეკმაზულ კერძებსა და ლიმონიან ჩაიზე.
– ბატონო შოთა, ბებია-ბაბუებისგან ისიც გამიგია, რომ არაყი კარგი საშუალებაა გაციების და გრიპის დროს. თუ დღეში, ერთ ჭიქას გადავკრავთ, მაშინ ამ დაავადებებისგან დაზღვეული ვიქნებითო, ასეა?
– ბაქტერია თუ ორგანიზმშია მოდებული, რამდენი ჭიქა არაყი უნდა დალიოთ, რომ მას მოერიოს? (იცინის) ერთი ჭიქა არაყი ან სამი პატარა ჭიქა ღვინო, ნებისმიერ სეზონზე მარგებელია ორგანიზმისთვის. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი – განსაკუთრებით. ცივ სეზონზე, შუა დღეზე, სადილობისას ერთი ჭიქა ალკოჰოლი ნამდვილად ეფექტურია. ზომიერად მარილიანიც უნდა ჭამოს ადამიანმა, წიწაკა-ნივრით შეკაზმული საკვებიც და ცოტა ალკოჰოლიც. ეს ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგია. თუ ადამიანი მკაცრ დიეტაზეა, აწვდის ორგანიზმს საჭირო მინერალებს და ვიტამინებს, რამდენი არაყიც არ უნდა დალიოს და ლიმონი ჭამოს, ამით თავს გაციების, გრიპისა და ვირუსებისგან ვერ დაიცავს. ამიტომ, მკაცრი დიეტა დაივიწყეთ.
– ცივ სეზონზე როგორ შევარჩიოთ სწორად საკვები, რომ გაციებას, სურდოსა და გრიპს თავი ავარიდოთ, შევებრძოლოთ სეზონურ დაავადებას, ვირუსებს და გავიძლიეროთ იმუნიტეტი?
– ნივრიანი, ხახვიანი საკვები მიირთვით. ხშირად ჭამეთ ხილი და ბოსტნეული, თერმულად სწორად დამუშავებული საკვები, დიდი რაოდენობით სითხე, მათ შორის, გაზგასული მინერალური წყალი და ჩაი. თუ მაინც იგრძენით რესპირატორული დაავადების სიმპტომები, გართულების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად დაეკითხეთ რჩევა ექიმს. ხშირად ფიქრობენ, უბრალოდ გავცივდი და რა მინდა ექიმთან, დავლევ წამალს, ჩავთბები და გამივლისო. ეს თავის უპატივცემულობა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებაა.