კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულის თვითმხილველი გახდა ვასილ პირველი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის პანაშვიდზე სვეტიცხოველში და ვინ იყვნენ ღმერთისთვის შეწირული, „უცნაური ადამიანები“

„სამშობლოსა და მისი სიწმიდეების დამცველი პირნათლად ასრულებს ქრისტეს მცნებებს... სწორედ ასეთი სიყვარულით ანთებულმა მამულიშვილებმა მოგვიყვანეს აქამომდე. სული გაგვითბეს, ნამუსი შეგვინახეს და დაგვაფიქრეს: რანი ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივემართებით. სათუთად შემოგვინახეს და გადმოგვცეს იმ დიდი პასუხისმგებლობის ჯვარი, რომელიც ქრისტიანებმა ღირსეულად უნდა ვატაროთ ქვეყნისა და უფლის წინაშე“, – ასე იწყება რეჟისორ ხათუნა კეთილაძის ფილმი „გადარჩენის საიდუმლო“, რომელიც ახლახან მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე „წმიდა ანდრიას ჯვრით“ დაჯილდოვდა და რომელიც მნახველს ემოციების გარეშე არ ტოვებს.

 

ხათუნა კეთილაძე: თავიდან ერთი ფილმის გადაღება იგეგმებოდა, მაგრამ ისეთი მასალები მოვიკვლიეთ და გავეცანით, ვთქვით: მოდი, ეს იყოს დასაწყისი. რაც მთავარია, ყველაფერი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. როდესაც სვანეთის ეპარქიის ცხოვრებას მიმოვიხილავდით, სადაც  დიდი შრომის შედეგად აღდგა წირვა-ლოცვა, ადამიანები სასულიერო პირების მიმართ ნდობით განიმსჭვალნენ. დაუთმეს მათ ყველაზე დიდი განძი, რომელსაც თაობების განმავლობაში ინახავდნენ. ამ ყველაფრის ფონზე გამოიკვეთა უაღრესად საინტერესო პიროვნება – ეგნატე გაბლიანი, რომლის ისტორიამაც გამაოგნა. ამ ადამიანმა ბევრი რამ გაუკეთა სვანეთს, არაერთ სვან სასულიერო პირს შეუნარჩუნა სიცოცხლე, თან, ისე მოხერხებულად, ისეთი ფორმით, რომ ეს მათთვისაც მისაღები ყოფილიყო. ჩუმად აღრიცხა განძი, ბოლშევიკების დაუნდობელი რეჟიმის პირობებშიც სიცოცხლის ფასად მალავდა სვანეთში შეფარებულ საგანძურს. მოახერხა, იმ დროს ეკლესიაში გაეხსნა მუზეუმი, რაც, საბოლოო ჯამში, არ აპატიეს და 1937 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ დახვრიტა. 

ციური გაბლიანი (ეგნატე გაბლიანის შთამომავალი): დიდი ხნის განმავლობაში ეს თემა ჩვენს ოჯახში ტაბუდადებული იყო. უფროსები გვიკრძალვდნენ მასზე საუბარს. ეგნატე გაბლიანი მუდმივად მარხულობდა, იცავდა წესებს. მარხვის დროს ლოგინშიც არ წვებოდა, სკამზე ათენებდა ღამეს. დიდ რწმენას გვინერგავდა თავისი საქციელით. 

ხათუნა კეთილაძე: იმ დროს არაბუნებრივად ჩანდა ის ადამიანი ვინც, ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხვას ინახავდა. ამიტომ მათ „უცნაურ ადამიანებს“ ეძახდნენ. ამ „უცნაურმა ადამიანებმა“ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს სვანეთისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. ერთ-ერთი ასეთი იყო ვასილ პირველი – ქრისტესთვის თავდადებული, სვანეთზე შეყვარებული პიროვნება. ის ასკეტურად ცხოვრობდა, მარხულობდა, ლოცულობდა. მან რესტავრაცია გაუკეთა იფარში მდებარე წმიდა გიორგის ტაძარს, ასევე კალაში წმიდა კვირიკეს და წმიდა ივლიტას ტაძარს. სვანეთში მის აშენებულ სახლში ბევრი საიდუმლოა დამარხული. არავინ იცის, რა ხდება, ვერავინ ბედავს ხელის მოკიდებას. იდუმალებით მოცული სახლია. მცველი იყო ეს ადამიანი, ეკლესიისა და თავისი კუთხის. ის არაერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, დახვრეტას. გადასახლებაშიც საშინელ პირობებში ცხოვრობდა, მასზე ყველანაირი ექსპერიმენტი ჩაატარეს, მაგრამ ვერ გატეხეს. 

ნაზიბროლა პირველი (ვასილ პირველის ქალიშვილი): მამამ ყველაფერი შესწირა ეროვნულ მოძრაობას, მათ შორის ოჯახიც და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სიცოცხლე. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ღმერთს იყო მინდობილი. ის 1918 წლის 26 მაისს ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა. პაპაჩემი, კონსტანტინე პირველი იყო ცნობილი მახვში. ბებია – ნატა ავალიანი, იმ ოჯახიდან იყო, რომელმაც ოდიშის ოთხთავი შემოინახა. პაპას უფროსი ძმა – გიორგი-ბუბა პირველი კი, იმპერატორის ნათლული გახლდათ. ქაშუეთის ეკლესია რომ გარემონტდა, თბილისში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ოჯახთან ერთად. მან ორი ადამიანი მონათლა, ერთი იყო ბუბა-გიორგი პირველი. იმპერატორმა თავის ნათლულს უბოძა მთელი კავკასიის ეგერობა. არტურ ლაისტმა კი ბუბა-გიორგის აჩუქა თავისი დაწერილი გრამატიკის წიგნი, რომელსაც ქართულად ეწერა: „შენი არტურ ლაისტი“. მამას პირველი ცოლი ქურდიანების ქალი იყო, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი – თენგიზ პირველი, ჩემი ძმა. მან 21 წლის ასაკში ციხეში ჩამოიხრჩო თავი. ფაქტობრივად, ფილმ „მონანიების“ სიუჟეტი ჩვენს ოჯახზეა. მამა იყო 1944 წლის აჯანყების მეთაური, რომელსაც სათავეში გრიგოლ რობაქიძე ედგა. მაგრამ, ეს აჯანყება გაიყიდა ქართველის მიერ და მამა იძულებული გახდა, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყო. მოგვიანებით, მამა დაბრუნდა თბილისში და 4 წლის განმავლობაში იმალებოდა ერთი სახლის სახურავზე. ამის მერე მან გადაწყვიტა ქობულეთში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც დედაჩემიც გაიცნო და შექმნეს ოჯახი. ჩემი ძმაც ჩამოიყვანა. დედა მიყვებოდა: მე იმ დროს 4 თვის ვყოფილვარ. მამა სახლში მოსულა შესვენებაზე. როგორც კი პირველი ლუკმა მიიტანა პირთან, თურმე, ისე ვიკივლე, შეშინებულმა მამამ პირჯვარი გადაიწერა და თქვა: რაღაც უბედურება გვჭირსო. თქვა და შემოვარდა „ენკავედე“, მამას ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს. არავინ იცოდა, რა მოხდა, რის გამო წაიყვანეს. მიწამ ჩაყლაპა – ვერავინ გაიგო, რა ბედი ეწია. ღამის 11 საათზე მოვიდა უშიშროების ოპერრწმუნებული, გიორგი ჯაშიაშვილი. დედას უთხრა: ნინა, შენი ქმარი პოლიტიკურზე დაიჭირეს, არ არის გასაკვირი, დახვრიტონ. სასწრაფოდ გადამალე ისეთი ნივთები, რაც შენთვის ძვირფასია. წადი ფოსტაში, გააგზავნე ტელეგრამა ვოროშილოვთან. შემდეგ, ღამე, 1 საათზე ეტაპი გამოივლის ბათუმიდან, ქობულეთში დახვდი და იქნებ რამე ინფორმაცია მიიღო ვასოზეო. მეორე დღეს მოვარდნენ სახლში, ყველაფერი წაიღეს, რაც გვქონდა და რის გატანაც შეძლეს იმ ერთ საათში. გავიდა წლები, არაფერი ვიცოდით მამაზე. ერთადერთი, ის გავიგეთ, რომ ცოცხალია. როგორც შემდეგ მის დღიურებში ამოვიკითხეთ, მამა, თურმე, თბილისში დასახვრეტ კამერაში შეიყვანეს და დააბეს. თავზე წყლის წვეთები ეწვეთებოდა, ვეღარ გაუძლო და გული წაუვიდა. მოულოდნელად, გამოეცხადა თეთრებში ჩაცმული თეთრწვერიანი კაცი, რომელმაც უთხრა: ვასო, შენ გაახელ თვალს, სინათლე იქნება კარში და გახვალ აქედან. როდესაც თვალები გაახილა, კარში სინათლე შემოდიოდა და იქ იდგა ასეთი პიროვნება, ვალიკო სიმონიშვილი, რომელიც მამას იცნობდა. კომუნისტებს ასეთი წესი ჰქონდათ: თუ დასახვრეტ ადამიანს სიცხე ჰქონდა, იმ დღეს არ ხვრეტდნენ. ვალიკოს მამაზე უთქვამს: სიცხე აქვსო  და ასე სასწაულებრივად გადარჩა იმ დღეს დახვრეტას. მეორე დღეს დედას ტელეგრამაც მივიდა ვოროშილოვამდე. მამა წაიყვანეს და სოხუმში გაასამართლეს. გადაასახლეს, თუ სად, ეს მხოლოდ 1954 წელს გავიგეთ, როდესაც მამასგან პირველი წერილი მოვიდა. გვწერდა, რომ იმყოფებოდა ვორკუტაში, გადასახლებაში, სადაც საშინელ პირობებში ცხოვრობდა. ურანზე ამუშავებდნენ დახვრეტას გადარჩენილ ხალხს. მაგრამ, მამა ვერაფრით გატეხეს. ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც ლენინგრადის პოლიტპატიმართა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკეთებდნენ გასაგიჟებელ წამლებს, აბებს აძლევდნენ, მაგრამ მამას მუდმივად მფარველობდა ღმერთი. გამოჩნდა ექიმი, ტანია კოვალოვა, რომელსაც მამა მოეწონა და იმ წამლების მაგივრად „ნოვოკაინს“ უკეთებდა. ბოლოს ამ ქალმა დაწერა დასკვნა: გაგიჟდა, არაფერი ეშველებაო. თუმცა, საიდუმლოდ დედას გამოუგზავნა წერილი: თქვენი მეუღლე კარგად არის, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამ მისამართზე აღარ გამოგზავნოთ წერილიო. 1956 წლის გაზაფხულზე მამა მახინჯაურის ფსიქიატრიულში გადმოაგზავნეს. იმ დროს მეექვსე წელში ვიყავი. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება ის შეგრძნება, ემოცია, რაც მამასთან შეხვედრისას დამეუფლა. წავედით მამას სანახავად ფსიქიატრიულში. როგორც კი შევედით შენობაში, კიბის თავზე, გისოსებს მოაწყდნენ  ავადმყოფები. შოკში ჩავვარდი, ტირილი-კივილი ავტეხე. ამ დროს მამა გვერდზე ოთხიდან გამოვიდა. შვილოო, – დამიძახა, ამიყვანა ხელში, ჩამიხუტა და მითხრა: კარგად დაიმახსოვრე, უნდოდათ, მამაშენი ასეთი გაეხადათ, მაგრამ ვერ შეძლესო. ამის მერე მამა სახლში მალე დაბრუნდა. იმ დროს ჩემი ძმა გზას აცდა, ციხეში მოხვდა, სადაც  თავი მოიკლა. რა თქმა უნდა, ამან მამაზე ძალიან იმოქმედა. მან გადაწყვიტა, მთელი დარჩენილი ცხოვრება სვანეთისთვის, ღმერთისთვის დაეთმო. მამა მორწმუნე, მოზიარე ადამიანი იყო. მუდმივად დადიოდა სვეტიცხოველში. მარხვაში ააგო სვანეთში საოცარი სასახლე – ფიქლისგან დამზადებული უზარმაზარი კედლებით, კირქვით ნაშენები. ასკეტურად ცხოვრობდა განმარტოებით, ოჯახზეც უარი თქვა. სალოცავი ოთახი მოიწყო, სადაც არსაიდან შუქი არ შედიოდა, გარდა პატარა ჭუჭრუტანისა. მამას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს ეფრემ მეორესთან. გარდაცვალებამდე პატრიარქმა მის ოჯახს უსახსოვრა პირადი ნივთები: პიანინო „როინიში“, ვენეციური სარკე და იტალიაში დაბეჭდილი ბიბლია. მამა თავის დღიურებში ასეთ რამეს წერდა: როდესაც ეფრემ მეორის პანაშვიდზე ვიყავით სვეტიცხოველში, მოულოდნელად ჩამოეშვა სხივი და პატრიარქი ზეცაში აიყვანა... როცა მამაჩემი გადასახლებიდან დაბრუნდა და სვანეთში სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, სახლის ქვეშ ცხრა ქვევრი აღმოაჩინა და თამარის სამეფო განძიც იპოვა. ჩვენ გვაქვს დიდი, სამეფო საწოლი – ჯვრებით შემკული, ჩუქურთმებით, რგოლებით, რომელიც ქანაობდა. მამამ ნაპოვნი განძი აღწერა, ეკლესიაში დამალა და ეკლესიას ნიშანი მისცა: „ვისაც ჭკუა აქვს, თავშია“. მამას აშენებული სახლი სამონასტრო კოპლექსს ჰგავს, ოღონდ კლასიკურია, თაღოვანი, რკინის ალაყაფით, ჭით. მამას ეზოში საკალმახე ჰქონდა მოწყობილი. ჭამდე გვირაბი გათხარა, სადაც საჭრაქეები დაამაგრა. დღეს ვაპირებ, სახლის გარკვეული ნაწილი მონასტერს გადავცე...

ხათუნა კეთილაძე: იმ დროს, როცა საერთოდ არ ვფიქრობდი ფილმის გადაღებაზე, ერთმა სასულიერო პირმა მითხრა: შენ ასეთ და ასეთ ფილმს გადაიღებო. ეს ჩემთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო, ვიკითხე: რატომ მე? ამისთვის დრო დამჭირდება. დრო გაქვსო. ისეთი ისტორიებია, თან იმდენად თავმდაბალ ადამიანებზე, რომ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მე უნდა ვიყო სულიერად მზად... ასეთთა შორის არის წმიდა სპირიდონ კეთილაძეც. ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ეკლესია აღადგინა, ათონის მთაზე მოღვაწეობდა. მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მისი სულიერი შვილები იყვნენ. დიდი სულიერი კვალი დატოვა ამ ადამიანმა – მისი ცხოვრებაც რთული და მოწამეობრივი იყო. დიდხანს ვეძებდი მის შთამომავლებს და ბოლოს გავოგნდი, როცა აღმოჩნდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, თურმე, მისი სახით დიდ ბაბუას ვეძებდი. ჩვენ გარშემო ბევრი სასწაული ხდება. მახსოვს, ერთხელ მამა ვიტალის საფლავთან ვიჯექი და ვთხოვე: მამა ვიტალი, არაფერი მინდა, არაფერს გთხოვ, უბრალოდ, მსურს, ვიღაც მომეფეროს, დამამშვიდოს-მეთქი. გავიფიქრე და მომენტალურად გამოექანა ჩემკენ სასიამოვნო გარეგნობის რუსულენოვანი ქალბატონი: ჩემო ლამაზო, ჩემო ოქრო, როგორ ხარ? – მომეფერა, ჯიბეში კანფეტები ჩამიყარა, სენაკში შემიყვანა, მაჭამა. შოკირებული ვიყავი: ასე მალე შეისმინა მამა ვიტალიმ ჩემი თხოვნა. მას მერე მე ის ქალი აღარ მინახავს...

 

скачать dle 11.3